ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კომპლექსური დავალება. წარმოიდგინე, რომ მეიგავე ხარ…

გააკეთებინე მოსწავლეს რაიმე, ნაცვლად იმისა, რომ ასწავლო და კეთების პროცესი ისეთი ბუნებისაა, რომ ითხოვს მოსწავლისგან აზროვნებას, რასაც შედეგად მოჰყვება სწავლა.

სწავლა არ არის ცხოვრებისთვის მზადება, სწავლა თავად ცხოვრებაა…(ჯონ დიუი)

 

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა კეთებით და გამოცდილებით სწავლების პრინციპს ემყარება და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომით ბავშვები პრაქტიკულად ასრულებენ მათთვის უკვე ძალიან საყვარელ კომპლექსურ დავალებებს.

,,მოამზადე ტელერეპორტაჟი’’, ,,შექმენი სტატია’’, ,,ჩაწერე ინტერვიუ’’, ,,შექმენი პოსტერი’’, ,,შექმენი საკლასო კონსტიტუცია’’, ,,მოირგე მანდატურის როლი’’ და ა.შ. ცხოვრებისეულ კონტექსტებთან დაკავშირებული შემოქმედებითი კომპლექსური დავალებები  საუკეთესო ასპარეზს წარმოადგენს მოზარდთა შინაგანი ძალების ზრდა-განვითარებისთვის.

,,მასწავლებელი მეგზურია,  ხოლო მოსწავლე – მოგზაური ცოდნის სამყაროში. ‘’

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ანბანის შემდგომი პერიოდის ქართული ენის გზამკვლევიდან, III – IV კლასის მოსწავლეებისთვის, გთავაზობთ კომპლექსური დავალების ნიმუშს, რომელიც  სარეკომენდაციო ხასიათისაა და შექმნილია ,,ახალი სკოლის მოდელის’’ ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ექსპერტების, ქ-ნი თამარ ჯაყელის, ქ-ნი თინათინ ცერაძისა და ექსპერტთა ჯგუფის მიერ.

დავალების განხორციელებას სჭირდება 5-6 დღე, შესაძლოა – მეტიც. მასწავლებელს  შეუძლია, საჭიროებისა და სურვილისამებრ შეცვალოს შეკითხვები,  რესურსები და აქტივობები.

 

სამიზნე ცნება -ტექსტი – იგავი

(შედეგები: I 2;  I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15)

  1. ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.
  2. ტექსტში პირდაპირ ან არაპირდაპირ მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია ტექსტის სიღრმისეულად, ახლებურად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.
  3. ტექსტის გასაგებად/შესაქმნელად მნიშვნელოვანია სტრატეგიების აღმოჩენა და გამრავალფეროვნება.

 

ტექსტი  შეიძლება იყოს: იგავი

  1. შინაარსი
  • იგავში მოთხრობილია გამოგონილი ამბავი.
  • იგავში მონაწილეობენ პერსონაჟები: ადამიანები, სულიერი და უსულო არსებები;

ხშირად პერსონაჟები არიან ცხოველები;

  • იგავი რაღაცას გვასწავლის, ჭკუას გვარიგებს, გვირჩევს.
  • იგავი ხშირად გამდიდრებულია სხვადასხვა დეტალით;
  • იგავში გამოიყენება დიალოგები.

 

  1. აგებულება-სტრუქტურა
  • იგავში გადმოცემულ ამბავს აქვს სამი ნაწილი (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული), რომლებიც აზრობრივად შეესაბამება ერთმანეთს;
  • იგავში ამბავი გადმოიცემა დროითი თანმიმდევრობის დაცვით;
  • იგავის ბოლოს შეიძლება იყოს შეგონება (დასკვნა) – ერთი-ორი წინადადება, რომლებშიც გადმოცემულია იგავის დედააზრი/მთავარი აზრი.
  • იგავს აქვს გამოკვეთილი სტრუქტურა.
  1. ენა
  • იგავში შეიძლება გამოყენებული იყოს იშვიათად ხმარებული, უჩვეულო თუ საინტერესო სიტყვები;
  • გამოიყენება სხვადასხვაგვარი წინადადებები, რომლებიც თანამიმდევრულად ებმის ერთმანეთს.
  • შეიძლება გამოყენებული იყოს დროითი მიმდევრობის გამომხატველი ენობრივი საშუალებები.

 

ქვეცნებები: შეგონება;  პერსონაჟი; კითხვის და წერის სტრატეგიები.

საკითხი: იგავ „ძუნწისა და ოქროს“ შეგონების საფუძველზე  ახალი იგავის დაწერა.

საკვანძო შეკითხვები:

  • როგორ/რა სტრატეგიების გამოყენებით შევქმნა ახალი იგავი ნაცნობი იგავის, „ძუნწისა და ოქროს“  შეგონების საფუძველზე?
  • რამდენად გამოვიყენო პერსონაჟი შეგონების წარმოსაჩენად?

 

კომპლექსური დავალების პირობა/შეფასების კრიტერიუმები

წარმოიდგინე, რომ მეიგავე ხარ  და იგავის, „ძუნწი და ოქროს“  შეგონების საფუძველზე დაწერე ახალი იგავი, რომლის მთავარი პერსონაჟი იქნება  ძუნწციყვი. გადაიკითხე ნამუშევარი მკითხველის თვალით, გაასწორე ხარვეზები და შექმენი საბოლოო ვერსია, შემდეგ გააფორმე ნახატებით ან სურათებით.

ნამუშევარში:

  • წარმოაჩინე პერსონაჟის, ძუნწი ციყვის ამბის დეტალები -სად და როგორ ცხოვრობს იგი, როგორი ურთიერთობა აქვს  მეზობლებთან;
  • წარმოაჩინე, რა მოხდა დასაწყისში, როგორ გაგრძელდა და რით დასრულდა ამბავი;
  • დაიცავი აზრობრივი შესაბამისობა იგავში გადმოცემულ ამბავსა და შეგონებას შორის;
  • დაიცავი აბზაცები, შეარჩიე სასვენი ნიშნები.

 

დავალების წარდგენის შემდეგ იმსჯელე:

  • რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი იგავია? (იგ. 1, 2, 3);
  • რამდენად იკვეთება შენს მინიშნებებში  პერსონაჟის  სიძუნწე?(იგ. 1, ტ2);
  • რომელი პერსონაჟი წარმოაჩენს ყველაზე უკეთ შეგონებას შენ იგავში?  რატომ ფიქრობ ასე? ( იგ. 1, 2, ტ.1);
  • რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის უკეთ გასაგებად (ტ.3)
  • რა სტრატეგიები გამოიყენე წერითი ნამუშევრის შედგენისას?  (ტ. 3).

 

შენიშვნა: შეფასების კრიტერიუმები ეფუძნება სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებს. (შესაბამისია შემოკლებული აღნიშვნები: -ტექსტი, იგ -იგავი)

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (აქტივობები, რესურსები)

 

ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების/დავალებების პირობის გაცნობა

 

 დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

  • რა არის სიძუნწე? როგორია ძუნწი ადამიანი? გახსენდებათ თუ არა ძუნწი ადამიანის მაგალითი?
  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
  • რის შესწავლა დაგჭირდებათ?
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

ეტაპი 2. დავალების  განხორციელება

 

 

შენიშვნა 1.  ნაბიჯები გაწერილია შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, თუმცა,

პირველ   ნაბიჯში,  ტექსტის სიღრმისეული აღქმისა და გაგებისთვის მოცემულია რამდენიმე ქვენაბიჯი.

 

შენიშვნა 2. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ცხოვრებისეულ სიტუაციაში თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება, უმნიშვნელოვანესია, თითოეული ნაბიჯის განხორციელებამდე  მასწავლებელმა ყურადღება გაამახვილოს სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებულ დეკლარატიულ, პროცედურულ, პირობისეულ შეკითხვებზე  (რომელსაც  აუცილებლად დაუსვამს მოსწავლეებს) და ამის შემდეგ დაგეგმოს აქტივობები და შეარჩიოს რესურსები.

 

ნაბიჯი 1. რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის უკეთ გასაგებად (ტ.3)

) რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის შინაარსის აღმოსაჩენად?

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები. ქვეცნება: კითხვის სტრატეგიები

  • რას გეუბნება  პირველადი მინიშნებები (მაგ., სათაური, ილუსტრაცია) შინაარსის  შესახებ? რით უკავშირდება ისინი შენს ცოდნას? (აქტ.1);
  • იგავის რა მინიშნებაზე დაყრდნობით შეგიძლია წინასწარი ვარაუდების გამოთქმა? (აქტ.2);
  • რამდენად გამართლდა შენი ვარაუდები?
  • რა ხერხი გამოიყენე კითხვებზე პასუხის გასაცემად (აქტ. 3)
  • პასუხი პირდაპირ მოიძიე ტექსტში ?
  • რა ნიშნავს სიძუნწე ? როგორია ძუნწი ადამიანი?
  • ვის შეუძლია სიძუნწის მაგალითი მოიყვანოს?
  • რომელი სტრატეგია დაგეხმარა ყველაზე მეტად იგავის შინაარსის აღმოჩენაში?

 

 

რესურსები და  აქტივობები:

 

რესურსი: ძუნწი და ოქრო

ტიპობრივი აქტივობების ბანკი  (დანართი სამიზნე ცნებისათვის „ტექსტი“ )

 

აქტივობა 1. წინასწარ ვარაუდების გამოთქმა;

აქტივობა 2. კითხვა პაუზებით.

აქტივობა 3. კითხვებზე პასუხი

აქტივობა 4.  ცალკეული პასუხის გასაცემად  გამოყენებული ხერხების ამოცნობა და არჩევანის დასაბუთება.

 

 ნაბიჯი 1. რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის უკეთ გასაგებად (ტ.3)

ბ) რა სტრატეგიები გამოიყენე უცნობი სიტყვების გასაგებად და ასათვისებლად?

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები. ქვეცნება: კითხვის სტრატეგიები

  • რა ხერხები შეიძლება გამოვიყენოთ უცნობი სიტყვების მნიშვნელობის ამოსაცნობად?  (კონტექსტზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა? ლექსიკონში მოძებნა?)
  • საიდან  მიხვდით ამ უცნობი სიტყვის/შესიტყვების მნიშვნელობას?
  • როგორ გესმით: „სკივრი გამოაცურა“, „დაფლა“? საიდან მიხვდი ამას?
  • სხვანაირად როგორ იტყოდით: „ფეხაკრეფით“? რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას ეს? მოიყვანეთ მაგალითები.
  • როგორ გესმით „მოთქმა-გოდებას მოჰყვა“? საიდან მიხვდი ამას? მოიფიქრე ერთ-ორწინადადებიანი ამბავი ამ სიტყვების გამოყენებით.
  • როგორ გესმით „საკუთარ თავს უთხრა“? სხვანაირად როგორ იტყოდი ამას?
  • როგორ გესმით „გონებაში აზრი მოუვიდა“? საიდან მიხვდი ამას? სხვანაირად როგორ იტყოდი ამას?

 

რესურსები და აქტივობები:

რესურსი 1. ძუნწი და ოქრო

ვიზუალური სქემები და გრაფიკული ორგანიზატორები

რესურსი 2. სიტყვის რუკა

 

სიტყვის განმარტება

 

 

 

ნახატი
სინონიმი, ანტონიმი

 

 

 

სიტყვა წინადადებაში

 

აქტივობა 1.  ახალი ლექსიკურ ერთეულების მნიშვნელობის დადგენა  ახალი სიტყვებით /შესიტყვებებით წინადადების ან ორ-სამწინადადებიანი ამბის მოფიქრება;

აქტივობა 2.  ლექსიკონის შედგენა სქემის გამოყენებით;

ნაბიჯი 1. რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის უკეთ გასაგებად (ტ.3)

გ)  რა სტრატეგიები გამოვიყენო კითხვაში გასაწაფად?

დ) რა სტრატეგიები გამოიყენე იგავის დედააზრის ამოსაცნობად?

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები. ქვეცნება: კითხვის სტრატეგიები

  • რატომ არის მნიშვნელოვანი სასვენი ნიშნების წინასწარ დანახვა?
  • როგორ დავიცვა პაუზები, როგორ ვმართო ინტონაცია?
  • როგორ გამოვხატო მთხრობელის, პერსონაჟის  გრძნობები, ემოციები?
  • როგორ მოვახდინო მსმენელზე შთაბეჭდილება?
  • რამდენად და როგორ მეხმარება სასვენი ნიშნები პაუზების დაცვაში, ინტონაციის შერჩევაში ?
  • როგორ გესმით იგავის ბოლოს მეზობლის მიერ ნათქვამი სიტყვები? ეთანხმებით თუ არა მის მოსაზრებას? (აქტ. 3)
  • რამდენად  უკავშირდება მეზობლის  სიტყვები იგავის დედააზრს/შეგონებას?  რატომ ფიქრობთ ასე?
  • რისი თქმა უნდოდა ამ იგავით ავტორს? რა არის ამ იგავის შეგონება? რატომ ფიქრობ ასე?
  • როგორ ჩამოვაყალიბოთ იგავის შეგონება?
  • ვის აქვს განსხვავებული ვარიანტი?
  • ამ ამბის გამომხატველი რაიმე ანდაზა ხომ არ გახსენდებათ?

 

რესურსები და აქტივობები:

 

რესურსი 1. ძუნწი და ოქრო.

აქტივობა 1.  ერთობლივი კითხვა ქოროში/გუნდურად, გაგრძელებებით კითხვა.

აქტივობა 2. შერჩეული პასაჟის გამომსახველობითად წაკითხვა.

აქტივობა 3. შეგონების ამოცნობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა,  ტექსტთან მიბრუნება მინიშნებაზე დასაკვირვებლად;

 

,,ძუნწი და ოქროს’’ შეგონების ფორმულირების მაგალითები:  ქონება, რომელსაც არ იყენებ, უსარგებლოა; ღირებულია მხოლოდ ის ქონება, რომელსაც მოიხმარ; ყოველთვის წაგებული იქნება ის, ვინც ქონებას მხოლოდ აგროვებს და არ ხარჯავს; ის, ვინც ქონებას მხოლოდ აგროვებს და არ ხარჯავს, ყველაფერს დაკარგავს/სარგებელს ვერ ნახავს.

 

ნაბიჯი 2. რატომ ფიქრობ, რომ შენი ნამუშევარი იგავია? (იგ. 1, 2, 3);

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები. ვეცნებები: შეგონება, კითხვის სტრატეგია

  • რატომ არის „ ლომი და თაგვი“ იგავი? რით ჰგავს ერთმანეთს ,,ძუნწი და ოქრო’’ და „ლომი და თაგვი“? რა საერთო აქვთ? რატომ ვამბობთ ორივეზე, იგავიაო? (რესურსი 1.)
  • რატომ არ არის იგავი „მეფე ერეკლე და ინგილო ქალი“? რატომ ვერ ვიტყვით მასზე, იგავიაო?
  • რატომ არის „ენით დაკოდილი“ იგავი? რით ჰგვანან ერთმანეთს „ძუნწი და ოქრო’’, „ენით დაკოდილი“, „ლომი და თაგვი“ ერთმანეთს?
  • რით ჰგავს ერთმანეთს იგავები, რით განსხვავდება ერთმანეთისგან? რა აქვს ყველა იგავს საერთო, რის გამოც მათზე ვამბობთ, იგავიაო?
  • როგორ უპასუხებდით შეკითხვას: რა არის იგავი? რა მახასიათებლები აქვს? (გვმოძღვრავს, რაღაცას შეგვაგონებს).
  • როგორ გვეხმარება იგავის მახასიათებლის ცოდნა იგავის გაგებაში.

 

რესურსები და აქტივობები:

რესურსი:  რამდენიმე უკვე ნასწავლი  იგავი (მაგ., „ლომი და თაგვი“, „ენით დაკოდილი“, „ძალა ერთობისა“), მკვეთრად განსხვავებული ჟანრის ნაწარმოები (მაგ., ისტორიული მოთხრობა „მეფე ერეკლე და ინგილო ქალი“).

რესურსი: ტიპობრივი აქტივობების ბანკი

აქტივობა.  საერთო  ნიშან-თვისებების პოვნა იგავებს შორის (კი და არა მაგალითების მეთოდის გამოყენებით)

 

ნაბიჯი 3. რამდენად იკვეთება შენს  მინიშნებებში  პერსონაჟის  სიძუნწე,

რომელი პერსონაჟი წარმოაჩენს ყველაზე უკეთ შეგონებას შენს იგავში?

რატომ ფიქრობ ასე? ( იგ. 1, 2, ტ.1);

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები. ქვეცნებები: პერსონაჟი, წერის სტრატეგიები

  • რა დეტალები,  რა მინიშნებები აქვს გამოყენებული   ავტორს პერსონაჟის  მახასიათებლების წარმოსაჩენად? (აქტ.1)
  • რით და როგორ წარმოაჩენს პერსონაჟი ტექსტის მთავარ სათქმელს?
  • რამდენად და როგორ ახასიათებს ძუნწს  მისი სიტყვები, აზრები, ემოციები, ქმედებები და დამოკიდებულებები?
  • ამბის დასაწყისში სად შეიძლება იყოს ციყვი? რას შეიძლება აკეთებდეს? (აქტ.2)
  • როდის, წელიწადის რომელ დროს შეიძლება ხდებოდეს ეს ამბავი?
  • ციყვის გარდა, რომელი პერსონაჟები შემოვიყვანოთ?
  • რა მოხდება? როგორ გაგრძელდება ამბავი?
  • როგორ ვაჩვენოთ მისი სიძუნწე?
  • როგორი ურთიერთობა შეიძლება იყოს  პერსონაჟებს შორის?
  • რით დასრულდება ამბავი?
  • როგორ ავაგო იგავი?
  • როგორ დავიცვა აზრობრივი შესაბამისობა იგავში გადმოცემულ ამბავსა და შეგონებას შორის;

 

რესურსები და აქტივობები:

რესურსი 1. მოსწავლის მიერ საყვარელი პერსონაჟის მიხედვით შერჩეული ნაცნობი ტექსტი.

რესურსი 2. პერსონაჟის სქემა

 

პერსონაჟი: ———-
მიზანია  
აკეთებს  
ფიქრობს  
რა შედეგი მიიღო  
 გრძნობს, განიცდის  
ამბობს  
როგორია პერსონაჟი? რით და როგორ წარმოაჩენს  ტექსტის მთავარ სათქმელს?

———————————————————————————–

——————————————————————————-

 

აქტივობა 1. საყვარელი პერსონაჟის დახასიათება სქემის გამოყენებით

აქტივობა 2. იდეების გენერირება

 

 

ნაბიჯი   4. რა სტრატეგიები გამოიყენე წერითი ნამუშევრის შედგენისას? (ტ. 3);

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები. ქვეცნებები: პერსონაჟი, წერის სტრატეგიები

 

  • რომელი სტრატეგიები გაგვიადვილებს წერითი ამოცანის გადაჭრას?
  • რით და როგორ გავაუმჯობესო ნამუშევარი?

 

რესურსები და აქტივობები:

 

რესურსი 1. მოსწავლეთა ნამუშევრები

რესურსი 2. კრიტერიუმების ბადის ნიმუში

 

გ = გასაუმჯობესებელია

კ = კარგია

აქვს თუ არა იგავს სამი ნაწილი? მე მასწავლებელი ან თანაკლასელი
აქვს თუ არა იგავს სათაური?    
რამდენად შეესაბამება იგავი შეგონებას?    
რამდენადაა გამოკვეთილი ციყვის ხასიათი?    
რამდენად სწორადაა აბზაცები გამოკვეთილი?    
რამდენად მართებულადაა გამოყენებული სასვენი ნიშნები?    
რა არის გასაუმჯობესებელი?

—————————————————————–

—————————————————————-

 

 

აქტივობა 1.  თხრობის ჩარჩოს  შევსება  ან გეგმის შედგენა

აქტივობა 3. იგავის პირველადი ვარიანტის შედგენა;

აქტივობა 5. ურთიერთ შეფასება კრიტერიუმების ბადის საფუძველზე;

აქტივობა 6. გაუმჯობესება;

აქტივობა 7. ბოლო ვარიანტის მომზადება და წარდგენა

 

დავალების  წარდგენის დროს და შემდეგ  დასასმელი მეტაკოგნიტური ხასიათის შეკითხვების ბანკი (საჭიროებისამებრ შეირჩევა)

  • რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი ნამდვილად იგავია?
  • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანამიმდევრობით;
  • რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში, რომ მსგავსი პრობლემა გადაჭრა; რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი  სტრატეგიები გამოგიყენებია?
  • რა ძლიერი და სუსტი მხარეები გაქვს დავალების კრიტერიუმებთან მიმართებით? რამ  შეგიწყო  წინსვლაში ხელი? რამ შეგაფერხა?
  •   შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად,  ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

 

გამოყენებული ლიტერატურა:

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, ანბანის შემდგომი პერიოდის ქართული ენისა და ლიტერატურის გზამკვლევი და კურიკულუმის ნიმუში. (შედგენილია განათლების სამინისტროს ექსპერტების, თამარ ჯაყელისა და  თინათინ ცერაძის მიერ)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი