პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სად არის მეგობრის სახლი?

კლასში მხოლოდ ბიჭები სხედან – წამიერად დანაღვლიანებული სახეებით, სხვაგან გაქცეული ფიქრებით. ეს გაკვეთილი, დღის ეს ნაწილი როგორღაც უნდა გაიყვანონ, სანამ ისევ ცხოვრების მდინარეში ჩადგებიან, სიცივეს ნაჩვევი ტერფებით. შრომობენ, უფროსების დავალებებს – ხშირად შეუფერებლად მძიმესაც – უსიტყვოდ ასრულებენ. მერე ზურგი სტკივათ, მერე გაფანტული ყურადღების მოკრება უჭირთ.

მასწავლებელი მკაცრი და სამართლიანი უნდა იყოს, რომ თავგზააბნეულები იქით მიახედოს, სადაც მზის შუქი, ოქროსფრად მბრწყინავი მტვერია.

აბას ქიაროსთამის ფილმი – „სად არის მეგობრის სახლი?“ (1987) ბავშვებზე, ბავშვობაზე გადაღებული ფილმებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. ირანელი რეჟისორის უბრალო ამბავი, პოეტური სახეებით მოთხრობილი, სიზმრის თხელ ფარდაში გახვეული, მძაფრად ზემოქმედებს დიდსა თუ პატარაზე, ძებნით დაღლილსა თუ გზის დასაწყისში წუთით შეჩერებულზე.

და ვინ იქნება, ვისაც არასდროს უძებნია?

სკოლიდან დაბრუნებული რვა წლის აჰმედი აღმოაჩენს, რომ კლასელის, მოჰამად რეზას რვეული შინ გამოჰყოლია. არადა, მასწავლებელმა მკაცრად გააფრთხილა მოჰამად რეზა, თუ დავალებას რვეულში ისევ არ ჩაწერ, გაგრიცხავთო. რა უნდა ქნას? როგორ უნდა იხსნას მეგობარი?

ირანი იქნება თუ სხვა ქვეყანა, რვა წლის ბიჭს ყურადღებით არავინ მოუსმენს. თვალთმაქცობას დაიწყებენ – ვითომ უსმენენ, ვითომ გასაჭირის გულთან მიტანაც შეუძლიათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც რაღაც საწყენად ჩვეულებრივს ეტყვიან: წადი, გაკვეთილები ისწავლე და მერე ითამაშე; ხვალ ხომ ნახავ შენს მეგობარს – რვეულიც მაშინ დაუბრუნე…

არა, არა, ახლავე უნდა დაუსხლტეს გულგრილი უფროსების ხელებს. როგორი გრძელიც უნდა აღმოჩნდეს მეზობელ სოფლამდე, მოჰამად რეზას სახლამდე გასავლელი გზა, გარდაუვალი განსაცდელისგან უნდა იხსნას, რვეული უნდა დაუბრუნოს. ყველა ფიქრი ამ ამოცანის გარშემო იყრის თავს. მოახერხებს? მოასწრებს?

თითქოს ესაა მთელი ფილმიც – სირბილი, შეკითხვები, კარდაკარ ძებნა, ნაბიჯის შენელება, ნაბიჯის აჩქარება, სიჯიუტე.

დიდი სიჯიუტე.

როგორ იქცევიან ადამიანები, როცა გამუდმებით უარს იღებენ? ადრე თუ გვიან ჩანაფიქრის აღსრულების შეუძლებლობას ეგუებიან – რაღაცაში ბედისწერას დაადანაშაულებენ, რაღაცას სხვა თვალით შეხედავენ – იქნებ დიდად გულდასაწყვეტიც არაფერიაო. ერთგვარი კმაყოფილება იმ აზრსაც ახლავს, რომ მცდელობისას თავი არ დაზოგე, შესაძლებლის ზღვარსაც კი გასცდი…

მაგრამ აჰმედი ბავშვია და წამითაც არ შეუძლია დაშვება, რომ მეგობრის სახლს ვერ მიაგნებს, ვერ გადაარჩენს, დასახმარებლად გაწვდილი ხელი ჰაერში გაშეშებული დარჩება. უფრო მნიშვნელოვანი არაფერია მის ცხოვრებაში – მხოლოდ ამ უცხო სახლებს შორის ხეტიალი, თოკზე გაფენილი სარეცხის თვალიერება, სოფლის ხმებისთვის ყურის მიდგება – იქნებ რაღაც გამოსადეგიც გაიგონოს?

მერე რა, რომ კიდევ ერთმა უცნობმა გააქნია თავი, არა, მოჰამად რეზა აქ არ ცხოვრობსო.

ასეთ მეგობრობას ვერსად ისწავლი. სკოლა თუ მასწავლებელი, მშობელი თუ ნათესავი ამისთვის არ არიან. თვითონ უნდა მიაგნო მთავარ წესს, წესებს, რომლებიც ბნელ ღამეშიც იბრწყინებენ, სწორ გამოსავალს დაგანახებენ.

მაინც როგორ დამთავრდება ამ გულამოვარდნილი ბიჭის ამბავი-მეთქი? – საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ბედნიერი დასასრულის ირანულ ვერსიად კი ხან რა წარმომიდგებოდა და ხან – რა. იმასაც ვფიქრობდი, იშვიათი სილამაზით გამორჩეული ფილმი ისეთი მარცხით როგორ უნდა დამთავრდეს, მხოლოდ უღონოდ ჩამოშვებული ხელები, ტკივილიანი თვალები დაგამახსოვრდეს-მეთქი.

დასასრულზე არაფერს ვიტყვი.

ღამე და ქარი, ავი ძაღლი და ბოროტად მოცახცახე ჩრდილი ნურც თქვენ შეგაშინებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი