პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ნიჭიერი მოსწავლეები და დიფერენეცირებული სწავლების მიდგომები

დიფერენცირებული სწავლება თანამედროვე სკოლის აქტუალური გამოწვევაა. ხშირად ის აღიქმება როგორც სწავლის უნარის პრობლემის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის საშუალება. მაგრამ საკლასო ოთახებში გვხვდებიან ნიჭიერი მოსწავლეებიც, რომლებსაც თუ მკვეთრად გამოხატული უნარები არ ეტყობათ, მეტწილად ვერც ამჩნევენ მასწავლებლები. შესაბამისად, არც მათი უნარების ხელშეწყობა ხდება და დროთა განმავლობაში მათაც ვეღარაფრით გამოვარჩევთ სხვებისაგან. უმეტესად ეს იმის გამოა, რომ მასწავლებლებს არ ჰყოფნით კომპეტენცია, სწორად შეაფასონ მოსწავლის შესაძლებლობები ან ვერ ხვდებიან, რა გააკეთონ, როცა ასეთი მოსწავლე აღმოჩნდება მათ წინაშე.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის მეტად მნიშვნელოვანია მათთვის საინტერესო შესასწავლი საკითხის შინაარსი. ამ დროს გამოვლენილი კრეატიულობა (ჰიპოთეზები, იდეები…) გამოხატავს მათ მზაობას პრობლემის გადასაჭრელად.

განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების კრეატიულობის მაჩვენებელია:

  • იდეების რაოდენობა;
  • მოქნილობა და მრავალფეროვანი წინადადებები;
  • ორიგინალურობა;
  • საკითხების დეტალიზება.

მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით მასწავლებელს შეუძლია განსაზღვროს, რამდენად აქვს საქმე „განსაკუთრებულობასთან“, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მისგან დიდ ყურადღებასა და დაკვირვებას მოითხოვს.

მაინც რა ნიშნით უნდა მივხვდეთ, რომ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე?

  1. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია მოსწავლის განსაკუთრებით მაღალი აკადემიური მოსწრება.
  2. მომდევნო ეტაპია დიაგნოსტირება – მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების დადგენა.
  3. მესამე ეტაპზე ფსიქოლოგი ერთვება და გამოყოფს, მოსწავლის ნიჭიერება ზოგადია (როგორია მისი საერთო, გონებრივი, ინტელექტუალური უნარები, რომლებიც ვლინდება მრავალმხრივად, მათ შორის – სწავლაშიც) თუ სპეციალური (ნიჭიერება ვლინდება ცალკეულ დისციპლინებში, მაგალითად, ენის შესწავლაში, მათემატიკაში და ა.შ. ესაა ნიჭიერება აკადემიური, მხატვრული და შემოქმედებითი მიმართულებით).

„ზოგად“ და „სპეციალურ“ ნიჭიერებას აქვს ასაკობრივი ასპექტიც. ადრეული ასაკის ბავშვებთან მათ უწოდებენ ხან „საზოგადო“, ხან „უნივერსალურ“ შესაძლებლობებს. ასაკთან ერთად ის ხდება უფრო მეტად „უნივერსალური“, „ზოგადი“ შესაძლებლობები კი ძირითადად სპეციფიკური ხასიათისაა და კონკრეტული საგნობრივი მიმართულებით „გადამისამართდება“. ამიტომ სანამ „გზები გაიყოფოდეს“, ფსიქოლოგების რჩევით, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეს აღვიქვამდეთ როგორც „უნივერსალური“ შესაძლებლობების მქონე ინდივიდს.

ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენისა და მათთან მუშაობის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო შედეგს იძლევა პროფილური დიფერენციაცია. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა სახის ტრენინგები, რომლებიც მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების გამოვლენასა და განვითარებას უწყობს ხელს. არის ისეთი სავარჯიშოებიც, რომლებიც გაკვეთილზე აქტიურად შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა და ამით გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი, ხელი შეუწყოს როგორც ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენას, ისე მთელი კლასის გააქტიურებასაც.

მთავარია, როგორც კი კითხვა გაგვიჩნდება, სწრაფად მოვახდინოთ დიაგნოსტირება. ამ მიზნით:

  1. ვთხოვოთ მოსწავლეს, შეავსოს ტესტი „სასკოლო მოტივაცია“, რომელიც მიმართულია ინდივიდის დომინანტი მოტივატორების წარმოჩენისკენ;
  2. კრეატიულობის დიაგნოსტიკისთვის ჩავრთოთ ტორენსის ტესტიც – „დაასრულე ნახატი“: https://en.wikipedia.org/wiki/Torrance_Tests_of_Creative_Thinking

განსაკუთრებულად შემოქმედებითი ბავშვების შემთხვევაში – https://psycabi.net/testy/577-test-kreativnosti-torrensa-diagnostika-tvorcheskogo-myshleniya)

  1. შევავსებინოთ რეივენის ინტელექტის ტესტი (არავერბალური მიმართულებით) ან ე.წ. რეივენის პროგრესული მატრიცები (https://www.123test.com/raven-s-progressive-matrices-test/).

 

მეორე საკითხია, როგორ მოვიქცეთ, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ მოსწავლე განსაკუთრებულად ნიჭიერია, როგორ შევუწყოთ ხელი.

არსებობს სავარჯიშოები, რომლებიდანაც, სასურველია, ერთი მაინც შევასრულებინოთ რეგულარულად ნიჭიერ მოსწავლეს, იდეალურ შემთხვევაში – ყოველდღიურად.

სავარჯიშო N1„და მაინც, მათ ბევრი აქვთ საერთო“: ავიღოთ ორი არსებითი სახელი, რომლებიც სხვადასხვა სფეროს უკავშირდება. გადავშალოთ ლექსიკონი და ნებისმიერი გვერდიდან ნებისმიერი სიტყვა ავირჩიოთ. მოსწავლემ ამ ორ სიტყვას შორის უნდა იპოვოს მსგავსება, მოიგონოს, შეთხზას რაიმე დაუჯერებელი ისტორია, სიუჟეტი, რომლითაც ისინი ერთმანეთს დაუკავშირდება.

მაგალითად: „რა საერთო შეიძლება ჰქონდეს „თვალს“ და „ონკანს?“

ნიჭიერი მოსწავლის სავარაუდო პასუხები:

  • ორივეში არის ასო-ბგერა „ა“.
  • თვალით შეგვიძლია დავინახოთ ონკანი, ხოლო ონკანით – მოვიბანოთ თვალი.
  • ორივედან მოდის წყალი.
  • ორივე შეიძლება დაზიანდეს.

ან: „თვალის მკურნალობა ძვირი ღირს, ხოლო ონკანის შემკეთებელს, გუშინ რომ გვესტუმრა, თვალი დაზიანებული ჰქონდა…“

სავარჯიშო N2 – „შეშლილი გენეტიკოსი“: საჭიროა ქაღალდი და ფანქარი. როგორ ხატავს მოსწავლე, არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ინტერესი. მან უნდა დახატოს ფანტასტიკური ცხოველი, რომელიც რაღაც ნიშნებით რეალურ ცხოველებს ჰგავს. ასეთი სამუშაოს დროს აუცილებლად გამოჩნდება, რამდენად მდიდარია მოსწავლის ფანტაზია.

სავარჯიშო N3 – „შეშლილი არქიტექტორი“: ვთხოვოთ მოსწავლეს სახლის დახატვა. მანამდე ავარჩევინოთ ნებისმიერი 10 სიტყვა. დავალება: „თქვენ ხართ არქიტექტორი, რომელიც თანახმაა, დიდი თანხა გადაიხადოს სახლის ესკიზში, რომელშიც უნდა ჩანდეს… (და შემდეგ მოსდევს ის 10 სიტყვა). მაგალითად,

  • „სინათლე“ – ანუ სახლი უნდა იყოს „ნათელი“;
  • „სპილო“ – სახლი უნდა იყოს მონოლითური და ჰქონდეს მოწესრიგებული წყალსადენი სისტემა;
  • „აისბერგი“ – სახლი უნდა იყოს ზაფხულში გრილი და ზამთარში თბილი და ა.შ.

სავარჯიშო N4 – „ათს მივუმატოთ ათი“: მოსწავლემ შეარჩიოს ნებისმიერი 10 არსებითი სახელი/ცნება, დახაზოს ორსვეტიანი ცხრილი და ერთ სვეტში ჩამოწეროს ცნების შესაბამისი 10 ზედსართავი სახელი/განსაზღვრება. მაგალითად, „ქუდი: დიდი; პატარა; ლურჯი; მწვანე; თბილი; მოდური; ლამაზი… და ა.შ.“, მეორე სვეტში კი – ის განსაზღვრებები, რომელებიც მას არ შეესაბამება. თუმცა ბოლომდე საპირისპირო ცნებების მოძებნა ადვილი არ არის.

სავარჯიშო N5 – „და ამას ეწოდება…“: სავარჯიშო შეიძლება დღის განმავლობაში რამდენჯერმე გავამეორებინოთ. დავალება: „როგორც კი რაიმე თქვენს ყურადღებას მიიპყრობს, წარმოიდგინეთ, რომ მას უცქერით როგორც სურათს. შემდეგ მოიფიქრეთ სახელწოდება – დაასათაურეთ სურათი“. მაგალითად, „ნაცნობი“ (წარმოიდგინეთ, როგორ ზის თქვენი ნაცნობი თავის სამუშაო მაგიდასთან), „ხედი ჩემი საკლასო ოთახის ფანჯრიდან“ (როდესაც ცუდ გუნებაზე ხარ) და სხვ.

არსებობს ისეთი სავარჯიშოებიც, რომლებიც ხელს უწყობს როგორც ნიჭიერი (აქტიური/პასიური) მოსწავლეების გამოვლენას, ისე მთელი კლასის გააქტიურებასაც. მასწავლებლის მოვალეობაა, ორგანიზება გაუწიოს მათ საქმიანობას. მაგალითად, შესაძლებელია ამ ტიპის სავარჯიშოების გამოყენება:

  • „დაინახე და დაიმახსოვრე“: ა) მოსწავლეები შეხედავენ საგანს და აღწერენ, რაც დაამახსოვრდათ; ბ) შემდეგ კიდევ ერთხელ შეათვალიერებენ და იპოვიან იმ თავისებურებებს, რომლებიც გამორჩათ და არ დაამახსოვრდათ; გ) ბოლოს, ჯერ ერთიანობაში ახასიათებენ და აღწერენ საგანს, მერე კი მის დეტალებზე გაამახვილებენ ყურადღებას. პარალელურად პასუხობენ მასწავლებლის კითხვას: „რას გაგონებს საგანი ამ ეტაპზე?“
  • „აბა, მიპოვე“ (ეს სავარჯიშო გრძელდება რამდენიმე წუთი და ყოველ „შეჩერებაზე“ პასუხის დრო ნელ-ნელა მცირდება):

ა) პირველი ნახევარი წუთის განმავლობაში მოსწავლეებმა უნდა იპოვონ საკლასო ოთახში ის ნივთები, რომლებიც კონკრეტულ ასო-ბგერაზე, მაგალითად, „კ“-ზე იწყება (ვთქვათ, „კომპიუტერი“);

ბ) შემდეგ შებრუნდნენ კედლისკენ, „ჩართონ“ ვიზუალური მეხსიერება, აღქმითი პროცესები და დაახასიათონ აღნიშნული საგანი;

გ) შემდეგ ხელახლა შეხედონ მოცემულ საგანს, ისევ შებრუნდნენ კედლისკენ და შეეცადონ, შეავსონ ინფორმაცია იმ დეტალებით, რომლებიც გამორჩათ.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ ნიჭიერების განვითარებას თავისი ეტაპები აქვს. თუ ხელს შევუწყობთ მოსწავლეს, წინ წავა. სხვა შემთხვევაში ისიც გახდება დანარჩენებისგან არაფრით გამორჩეული, გარდა ერთისა – ყოველთვის რაღაცით უკმაყოფილო იქნება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ნიჭიერ მოსწავლეებთან მუშაობისას დიფერენცირებული მიდგომების სათანადო გამოყენება, რაც მთელი კლასის ეფექტიან მუშაობასაც შეუწყობს ხელს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი