პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

Love Is

ამას + ის = სიყვარულს. ეს იყო კლასიკური ფორმულა, რომლის კედლებზე წერაში ელემენტარული მათემატიკის გაკვეთილები ყველას დაგვეხმარა, ამ საგანში სრულიად უუნაროებსაც კი, მაგალითად, ისეთებს, როგორიც მე ვარ. სხვა საქმეა, რომ ზოგჯერ პასუხი მცდარი აღმოჩნდებოდა ხოლმე და კედელზეღა რჩებოდა მყარად. მერე დრო – ყველაზე ულმობელი და, მე თუ მკითხავთ, უსამართლო მასწავლებელი – მოდგებოდა და შლიდა. ახალი მოსწავლეებისთვის.

სკოლაში კიდევ ეგრეა – კლასში ყველას ერთი გოგო უყვარს, თუნდაც სხვაც ბევრი იყოს ლამაზი. თქვენც მშვენივრად იცით ეს ამბავი – უამრავ სხვა ჭირსა თუ სიკეთესთან ერთად, ადამიანები ამკვიატებლებიც ვართ. ნუ მოვყვებით ახლა ამის თაობაზე ფსიქოანალიტიკურ წიაღსვლებს, შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, უკან მივიხედოთ და ჩვენი ტკბილ-მწარე სიყვარულები გავიხსენოთ, ზოგჯერ – სულაც გაუთქმელი და შემდეგ ომობანას თამაშებში მოხდილი, როცა მეზობლის ბავშვს ისე გამეტებით ვესროდით სათამაშო ავტომატის ვირტუალურ ტყვიებს, თითქოს ყველაფერში ის ყოფილიყოს დამნაშავე, ყვირილით: „მოგკალი, მკვდარი ხარ!” – და პასუხად გვესმოდა: „ამცდა, აგერ ჩამიარა”. ომობანა ცალკე საგაა, მაგრამ ამაზე – სხვა დროს.

„ნაკლეიკებით” თამაში ხომ გახსოვთ? ხელებგადატყავებულები ვბრუნდებოდით შინ „ტურბოების” და „ფინალ 94-ის” კოლექციონერები. რაც მეტი გვქონდა, იმით ვაწონებდით თავს ჩვენი სიყვარულის საერთო ობიექტს. კიდევ – ჩხუბით. ან თურქეთიდან ჩამოტანილი ბოტასებით. ან თბილისიდან ჩამოტანილი „სნიკერსით”. ზოგი – იმითაც, რომ მამამისმა ვიდეო იყიდა, სახლში გადმოყვანილი შუქი ჰქონდა და წუხელ „დვაინოი უდარს” უყურა, ან უაზრო, ხმამაღალი ლაპარაკით. სწავლით თავის მოწონება მე არ გამიგონია. იქნებ სადმე ხდებოდა კიდეც, ჩემს სკოლაში – არა.

ბაღში, მახსოვს, შეყვარებულს ფეხსაცმელებს ვაცმევდი წასვლის წინ და სანამ მშობლები არ მოაკითხავდნენ, ველოდით მე და ჩემს წასაყვანად მოსული მამაჩემი. აი, სკოლაში, პირიქით, დესტრუქციული სიყვარული იყო წინა ფლანგზე – ჩანთის არევა, წიგნების დაჩხაპნა, თმის აწეწვა… მოკლედ, თქვენთვის კარგად ნაცნობი და უცნაურ-საცნაური ყველა საქმე.

ეს „სიყვარულის ახსნა” ხომ საერთოდ მაგიური სიტყვაშეთანხმებაა. როგორც ფეხბურთელი ვეღარ დადგება ჩემგან, ისე მეგონა, რომ სიტყვა „მიყვარხარს” ვერ წარმოვთქვამდი. ნამეტანი რთული ამბავი იყო, ნამეტანი. სადღაც მეშვიდე კლასში გავიგე, რომ ვიღაც გოგოს იქით „აუხსნია სიყვარული” ბიჭისთვის და დიდად გავოცდი. მანამდე ეს გარდაუვლად ცალმხრივი საქმე მეგონა. თან ამ ახსნას რაღაც ფორმულა ჰქონდა, კლასიკური სიტყვების კომბინაცია, რომელიც ქიმიის გაკვეთილივით უნდა დაგეზეპირებინა.

მაშინდელი facebook-ი მეგობრობის დღიური იყო, იქ ეწერა მთელი CV და „რილეიშენშიპები” და სხვაც ყველაფერი ჩვენ შესახებ. სიტყვა „სიმპათია” პირველად იმ რვეულებიდან მახსოვს. „თქვენი სიმპათია”, – ეწერა კითხვაში. და მერე – ჩამჭრელი: „ანტიპათია?”

და ლეგენდარული საღეჭი რეზინი პატარა გოგოთი და ბიჭით, ჩემს პატარა ქალაქში ძნელად რომ იშოვებოდა, ძვირი ღირდა და უცნაური გემო ჰქონდა. აი, სწორედ სიყვარულივით. აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის დავღეჭე. როდის დავღეჭე და გადმოვაგდე. არა, ვთქვათ ეს ერთი შეხედვით უხეში სიტყვა – გადმოვაფურთხე. მასთან ერთად ჩემი ბავშობის სიყვარულებიც დაცვივდა სადღაც…
კევმა ფეხსაცმელზე მიწებება იცის. ვეღარ მოიშორებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი