შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ქვებით ჩამსხვრეული ფანჯრები

მეორე მსოფლიო ომის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა რადიოს საშუალებით პროპაგანდის წარმოებას. გერმანელებთან ერთად იმდროინდელი მედიის მთავარი ელექტრონული სახეობის გამოყენება აქტიურად დაიწყეს ბრიტანელებმაც. ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის (BBC) ერთ-ერთ დოკუმენტში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ლონდონის საინფორმაციო პოლიტიკის ოფიციალური მიზნები. ჩერჩილის აპარატში სურდათ, კუნძულიდან მთელ ევროპაში გავრცელებული რადიოგადაცემების დახმარებით დაერწმუნებინათ ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მოკავშირეთა გამარჯვებასა და ჰიტლერის გარდაუვალ მარცხში. ხმოვანი გზავნილების ამოცანა იყო ადგილობრივთა მომხრობა, მათი სინდისის გამოღვიძება, წინააღმდეგობის მოძრაობებში მსმენელთა პასიური ან აქტიური მონაწილეობის წახალისება.

BBC-ს ევროპული რედაქციის მუშაობას უმალვე გამოეხმაურა იოზეფ გებელსის უწყება. გერმანიაში სასტიკად აიკრძალა უცხოური მედიისთვის თვალყურის დევნება და საზღვარგარეთიდან მიღებული ცნობების გავრცელება. „მესამე რაიხის“ მიერ კონტროლირებად რეგიონებში ფაშისტთა საწინააღმდეგო გაზეთის წაკითხვის ან ბრიტანული რადიოს მოსმენის გამო შესაძლოა დაეჭირეთ ან დაეხვრიტეთ.

მიუხედავად ზეწოლისა და შევიწროებისა, მიუხედავად სასიკვდილო საფრთხისა, მილიონობით ადამიანი მაინც მოუთმენლად ელოდებოდა იმედისმომცემ ახალ ამბებსა და გამამხნევებელ მოწოდებებს თავისუფალი სამყაროდან.

ინგლისური რადიოს ფრანგულენოვანმა განყოფილებამ მალევე იპოვა უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელიც პარიზსა თუ მარსელში, ბრეტანსა თუ ტულუზაში მცხოვრებ ხალხს დაუმორჩილებლობის მნიშვნელობას მგზნებარედ აუხსნიდა. ფრანგებს თავიანთი რადიომიმღებებიდან ყოველკვირა ესმოდათ მასებისთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან გამოცდილი, ბრძოლისთვის მზად მყოფი გენერლის – შარლ დე გოლის ხმა: „ღირსება და სამშობლო! საფრანგეთი აუცილებლად გათავისუფლდება ნაცისტთა ბორკილებისაგან!“

ბრიტანელებმა გარკვეული ხნით ობლად დატოვეს გერმანულენოვანი აუდიტორია. მათ უჭირდათ უნივერსალური მნიშვნელობის მოღვაწის დაყოლიება, რომელიც შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, სკანდინავიასა და ბენელუქსის რეგიონში მცხოვრებ ხალხს ანტინაცისტურ სიტყვას გაუზიარებდა. თუმცა, დასავლეთში უკვე შერჩეული ჰყავდათ უდიდესი მოაზროვნე, რომელსაც მომავლის რწმენა უნდა გაეღვივებინა ტყვეობაში აღმოჩენილ ადამიანებს შორის.

1933 წელს გერმანიიდან გადახვეწა აიძულეს თომას მანს. 1937 წელს ბონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ მშობლიური ქვეყნის მთავრობამ ოფიციალურად დაიწყო ნობელიანტი მწერლის დევნა. 1938 წელს ლიუბეკელი გენიოსი აშშ-ში გადასახლდა და ამერიკის მოქალაქეობაც მიიღო. მწერალი ლუდვიგ მარკუზე იხსენებს: „ამერიკულ დევნილობაში თომას მანს დაეკისრა როლი, რომელიც მას თავად არასდროს უძებნია. ის ყველა გერმანელი ემიგრანტის, განსაკუთრებით კი ჩვენი მწერლებისა და ინტელექტუალების კაიზერად იქცა. მისგან მოველოდით ყველაფერს, მას ვემადლიერებოდით ყველაფრისთვის, მას ვაკისრებდით პასუხისმგებლობას ყველაფერზე. თომას მანს მიემართებოდა მთელი ემიგრაციის თავდადება და გულმოდგინე მხარდაჭერა, მის წინააღმდეგ იყო მიმართული მტრის ყველა აჯანყება“.

მწერლისა ეიმედებოდათ, რადგან მას მთელი მსოფლიო იცნობდა და პატივს სცემდა, ყველა აღიარებდა მის ნიჭსა და შესაძლებლობებს, მაგრამ მთავარი გახლდათ ის, რომ თომას მანი ღიად და უშიშრად იბრძოდა დიქტატურის წინააღმდეგ.

BBC-ს მესვეურებმა დასავლეთის პოლიტიკური კლასის უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა დახმარებით დაითანხმეს მანების ოჯახის ყველაზე ცნობილი წევრი, პერიოდულად თანამემამულეთათვის საგანგებო მიმართვები ჩაეწერა. 1940-1945 წლებში თომას მანმა გერმანულენოვანი მსმენელისთვის 55 გზავნილი მოამზადა. თითოეული მათგანი ხუთი ან რვა წუთი გრძელდებოდა. მიმართვები ლოს ანჯელესში იწერებოდა, ფირფიტა თვითმფრინავით ნიუ-იორკში იგზავნებოდა, იქიდან კი ტელეფონით გადაიცემოდა ლონდონში. სატელეფონო ჩანაწერს ბრიტანელები, მიუხედავად ჩახშობის მცდელობისა, მთელ ევროპაში ავრცელებდნენ.

ჩანაწერების მომზადების პროცესში მანმა თავის ერთ კოლეგას მისწერა: „დოქტორ ფაუსტუსზე“ ვმუშაობ, მუსიკოსის მოდერნულ ამბავზე, ძალიან განსაკუთრებულ ამბავზე, რომელსაც გერმანული მწუხარება, დარდი ახლავს თან. რომანს მარჯვენა ხელით ვწერ, მარცხენით კი დაუღალავად ვესვრი ქვებს ჰიტლერის ფანჯრებს. ოღონდ ერთმა ხელმა იცის, რას აკეთებს მეორე“.

რატომ ამსხვრევდა თომას მანის მიერ ნასროლი ქვები ჰიტლერის ფანჯრებს? რა საკითხებზე სვამდა აქცენტს კლასიკოსი?

1938 წლის თებერვალში New York Times-ის კორესპონდენტმა „ბუდენბროკების“ ავტორს ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს ემიგრაციაში. მწერალმა უპასუხა: „ცხადია, სამშობლოსგან შორს ყოფნა ძნელი ასატანია, მაგრამ მდგომარეობას მიმსუბუქებს იმის გაცნობიერება, რომ მოწამლული, მოშხამული გერმანული ატმოსფეროდან შორს ყოფნა დანაკარგი არ არის. სადაც მე ვარ, გერმანიაც იქ არის. მე თან დამაქვს გერმანული კულტურა, მაქვს კავშირი გარე სამყაროსთან და თავს დაცემულად არ მივიჩნევ“. თომას მანის ამ სიტყვებში ზედაპირულმა ადამიანებმა გენიოსის ქედმაღლობა დაინახეს. არადა, მას მხოლოდ იმის თქმა უნდოდა, რომ გერმანია ტერიტორიული მოცემულობა არ არის, გერმანია, უპირველეს ყოვლისა, არის კულტურა, მისი ჰუმანისტური შინაარსი და დანიშნულება, და თუ რაინისა და ელბის, დუნაისა და ისარის სანაპიროებზე ვერ ხერხდება მოყვასის მიმართ სიყვარულის გამზიარებელი ღირებულებების აღსრულება, მაშინ ისინი არსებობას კი არ წყვეტენ, არამედ სხვაგან განაგრძობენ სიცოცხლეს. თომას მანს უნდოდა ეთქვა, რომ ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის გარდა არსებობს სხვა გერმანიაც, ჩაგვრისა თუ ტანჯვის წინააღმდეგ მებრძოლი და კულტურული გერმანია, რომელიც უარს ამბობს სისხლიან დიქტატორთან ალიანსზე. მისი ეს თეზისი არაერთი რადიომიმართვის მთავარი თემაა.

მწერლის მიმართვების მეორე თეზისი „მესამე რაიხის“ გარდაუვალი მარცხის საკითხს უკავშირდებოდა. გერმანული ლიტერატურის უდიდესი წარმომადგენელი თანამემამულეებს არწმუნებდა, რომ ბოროტება, რაც უნდა დიდი ყოფილიყო ის და რაც უნდა დიდხანს გაგრძელებულიყო, ბოლოს მაინც აუცილებლად დამარცხდებოდა. „ჯადოსნური მთის“ ავტორი ამტკიცებდა, რომ მთელი მსოფლიოს გესტაპოს სარდაფად გადაქცევა შეუძლებელი იქნებოდა. თომას მანი ყურადღებას ამახვილებდა ამერიკელებისა და ინგლისელების ურყევ კავშირზე, ახსენებდა სხვა მოკავშირეებსა და მათ წარმატებებს ჰიტლერის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. მწერალი არც ანტიჰიტლერული კოალიციის წარუმატებლობათა ხსენებას ერიდებოდა, რადგან უნდოდა, ადგილობრივებს გავრცელებული ცნობების მიმართ ნდობა ჰქონოდათ. ხალხს ნაცისტური და ბრიტანული მედია ერთმანეთისგან მსმენელის პატივისცემის ნიშნით უნდა განერჩია.

დევნილობაში მყოფი გერმანელი დაუნდობლად ესხმოდა თავს ნაციონალ-სოციალისტთა ლიდერს და მას არანორმალურ, პარანოიულ პიროვნებად აცხადებდა. იგი თანამოქალაქეებს მოუწოდებდა, ჰიტლერში ამოეცნოთ ბოროტმოქმედი და „სისხლიანი კომედიანტი“, რომელიც ქვეყნად სიძულვილს, შიშს, განადგურებას თესავდა და მომავალს ართმევდა გერმანიას. რაც მთავარია, დემოკრატიული ემიგრაციის კაიზერს სისხლიანი „ფიურერის“ ანტიპოდის შესახებაც შეეძლო საუბარი. თომას მანს უყვარდა ფრანკლინ დელანო რუზველტი, პატივს სცემდა მას და დემოკრატიული მიზნებისთვის მასების დარაზმვის შესანიშნავი მაგალითის გამო ემადლიერებოდა. რადიოს მიკროფონთან მჯდარი მწერალი ხშირად უხსნიდა აუდიტორიის წევრებს, რატომ იყო რუზველტი ნამდვილი სახალხო ლიდერი და რა შეეძლო მას ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმის დასამარცხებლად.

მთავარი თომას მანმა სულ ბოლოს თქვა, ომის დამთავრების შემდეგ: „რა მწარეა, როდესაც მსოფლიო შენი ქვეყნის დამარცხებას, განადგურებას, განსაკუთრებულ დამცირებას ზეიმობს. მიუხედავად ამისა, მე მაინც ვიტყვი, რომ დადგა დიდებული წუთი: გერმანია დაუბრუნდა ადამიანურ სამყაროს!“ მხოლოდ დიდ მწერალს შეეძლო, დათრგუნული, მიწასთან გასწორებული ქვეყნისთვის ნუგეშის მარცვალი მიეცა.

მოაზროვნის სიტყვები გავლენას ახდენდა წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებზე. ვილი ბრანდტი და და-ძმა შოლები, პროტესტანტული თუ კომუნისტური ოპოზიციის ლიდერები თავიანთ წერილებში, პამფლეტებში, სააგიტაციო მასალებში ინტენსიურად იყენებდნენ ერის სინდისად ქცეული შემოქმედის მოწოდებებს და მათი საშუალებით ცდილობდნენ „ხაკისფერი ბურუსით“ გონებადაბინდული ადამიანების გამოფხიზლებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი