შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მოჩვენებითი ტოლერანტობის სიავე

ჩემი პედაგოგიური კარიერის ბოლო ექვსი წელი ბედმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მუშაობა მარგუნა. ვისაც ამ სკოლის შესახებ რამე სმენია, ალბათ არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ეს პატივია ჩემთვის. ეს სკოლა ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის სამსაუკუნოვანი ისტორიის ბურჯი და ფლაგმანია და იმედი მაქვს, არასდროს დაკარგავს ამ სახელს. ვისაც ამ კედლებში უსწავლია ან უსწავლებია, გიმნაზიელობა მათთვის სიამაყის საგანია.

ყველა სხვა ღირსებასთან ერთად, გიმნაზიას ერთი სპეციფიკური რამ განასხვავებს სხვა სკოლებისგან: ის რუსთაველის გამზირზეა და მის შემოგარენში მიმდინარეობს ქართული პოლიტიკური თეატრის ყველა წარმოდგენა. მთელი საქართველო შეჰყურებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, თუმცა სხვადასხვა მედიაფანჯრის – რადიოს, ტელევიზიის, ინტერნეტის საშუალებით, ამ სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს კი ფიზიკურად გვწვდება და გვეხება ყველაფერი, რაც მის ფანჯრებთან ტრიალებს.

სკოლის თანამშრომლებისგან მოისმენთ დაუჯერებელ ისტორიებს იმის შესახებ, რა გავლენას ახდენდა სასწავლო პროცესზე კარს მიღმა განვითარებული მოვლენები. ვინ მოთვლის, რამდენჯერ ჩაშლილა გაკვეთილები იმის გამო, რომ საპროტესტო აქციის დროს გამზირი გადაუკეტავთ, ვინ მოთვლის, რამდენი გაკვეთილი ჩაგვიტარებია სტვენისა და გამაყრუებელი ხმაურის ფონზე, როცა აქციის მონაწილეები პირდაპირ ჩვენს ფანჯრებთან აღმუვლებდნენ მიკროფონებსა თუ მეგაფონებს… საკმარისია, ბავშვებმა გაიგონ, რომ გარეთ რაღაც ხდება, მიაწყდებიან ფანჯრებს და ვიღას ახსოვს შენი გაკვეთილი?! ხშირად მიფიქრია: ნეტავ ამ აქციების აქტივისტებს თუ წარმოუდგენიათ, რა ხდება ამ დალოცვილი კედლების მიღმა, როცა ისინი ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, როცა პოლიცია წესრიგის დასამყარებლად ამაოდ იბრძვის ან როცა თავზე ხელაღებული მეამბოხე ათასნაირ ეპატაჟს მიმართავს მედიისა და ოფიციოზის ყურადღების მისაპყრობად?

5 ივლისს სასწავლო პროცესი დასრულებული იყო და ბავშვები სკოლაში არ ყოფილან, მაგრამ მასწავლებლებს სასწავლო წლის დასასრულის საქმეები გვქონდა მოსაგვარებელი და მშვიდად მუშაობას ვაპირებდით. დილას სკოლის ეზოში სამნი შევიკრიბეთ. წამებში ჩვენ თვალწინ იმ ავად სახსენებელი აქციის სახასიათო სიმულაკრებივით ისეთი მიკროსცენები გათამაშდა, საპროტესტო აქციებში გამობრძმედილმა უცებ გავაცნობიერე, რომ სწორედ აქ, სწორედ დღეს ასე მარტივად არ ჩაივლიდა ეს ამბები, რომ ჰაერი იყო ტყვიასავით მძიმე და სულის შემხუთველი, რომ აქ ტრიალებდა – უკაცრავად, მაგრამ სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ – ტვინგაცხელებული ადამიანების დიდი მასა, რომლისთვისაც უცხო იყო სიტყვა „ტოლერანტობა“ და ეს მასა მზად იყო, მიწასთან გაესწორებინა ყველა და ყველაფერი, რაც მის ნებას ეწინააღმდეგებოდა.

სკოლიდან დაახლოებით 5 საათზე გამოვედი. ამ დროს აქცია დუღდა და გადმოდუღდა. ტრანსპორტი არ მოძრაობდა. თავისუფლების მოედნისკენ გზა გადახერგილი იყო და გადავწყვიტე, მშრალი ხიდისკენ ჩავსულიყავი, რომ როგორმე ტაქსი გამეჩერებინა. ჩავიარე 9 აპრილის ბაღი, ლეონიძის სკვერი და რაც მე იქ ვნახე, მსგავსი არსად არაფერი მინახავს. გადაჭედილი იყო ხალხის მასებით უზარმაზარი სივრცეები, ნემსი არსად ჩავარდებოდა. აგრესია ცამდე აღწევდა. ისეთი დიალოგები და სატელეფონო საუბრები მესმოდა, გული მეგლიჯებოდა. ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა. თავზარდამცემი იყო აგრესიის ის დონე, რაც მე იქ ვიხილე და მოვისმინე. ვერ დავუშვი, რომ უმცირესობათა თვითგამოხატვის წინააღმდეგ აღდგა და გამოვიდა ამდენი ათასი ადამიანი და რომ ეს თემა ყოფილა ესოდენ პრიორიტეტული ჩვენი მშენებარე სახელმწიფოსთვის, რომელსაც პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით ამდენი გამოწვევა და საზრუნავი აქვს.

გულის გამგმირავი იყო ძალადობა ჟურნალისტებზე. სასულიერო პირების ესოდენ აქტიური მონაწილეობა ამ ვულკანის ლავაში ვერანაირად დავაკავშირე ქრისტიანულ ზნეობასთან. ლექსო ლაშქარავას ამბავი იყო გამანადგურებელი. ეს დღეები სულ მინდოდა, რამე დამეწერა ამ თემებზე საჯაროდ, სოციალურ ქსელში მეკამათა მეგობრებთან. ყურადღებით ვკითხულობდი ყველას თვალსაზრისს, მაგრამ არაფრის წერისა და გამოხატვის თავი არ მქონდა მომხდარით ფსიქოლოგიური მსხვრევისა და იმედგაცრუების გამო. ახლა, როცა ცოტათი განელდა ეს ცეცხლი, გადავწყვიტე, ჩემს საყვარელ ჟურნალში დამეწერა ყველაფერი ის, რასაც ჩემს მოსწავლეებს ვეტყოდი, რადგან ვიცი, რომ მილიონ კითხვას დამაყრიდნენ მიმდინარე მოვლენებზე.

რასაც ახლა ვიტყვი, ძალიან სარისკოა ჩემი მოქალაქეობრივი და პედაგოგიური იმიჯისთვის, მაგრამ სხვაგვარად არ ძალმიძს. რომ არ ვთქვა, უბრალოდ არ შემიძლია. ვიცი, რომ მეყოლება არა მხოლოდ ოპონენტები, არამედ ჩაქოლვის მსურველებიც. მორალისტების მრავალათასიანი არმია გაილაშქრებს გავეშებით იმის გამო, რომ მასწავლებელი ვარ და უამრავ მოზარდთან მიწევს თანამშრომლობა. მადლობა უფალს, დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემს მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩემი თანამოაზრე იქნება, რადგან გვისაუბრია უმცირესობათა უფლებებსა და მათდამი დამოკიდებულებაზე; ვიცი, რომ ახალი თაობის შეხედულებები მკვეთრად განსხვავდება იმ სულისკვეთებისგან, რომელიც 5 ივლისის აქციაზე ვნახე და რომელმაც თავზარი დამცა. ყველა მორალისტს მოვუწოდებ, სანამ ქვას აიღებდეს, დაფიქრდეს, იაზროვნოს, იკამათოს, ისწავლოს სხვისი ინტერესების გათვალისწინება, სხვისი თვალებით სამყაროს ხედვა…

ამჯერად, მოდი, ვისაუბროთ სექსუალურ უმცირესობებსა და მათდამი ჩვენს დამოკიდებულებაზე. ჩემი ოცდახუთწლიანი პედაგოგიური კარიერის განმავლობაში ორი მოსწავლე შემხვდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა. ერთი მალავდა თავის იდენტობას, ხოლო მეორე – არა და ამის გამო მუდამ ანათემაზე ჰყავდათ გადაცემული. ორივე საუკეთესო ადამიანი და ჩემი უსაყვარლესი პატარა მეგობარია. ორივე უნიჭიერესი და უმაღლესი ზნეობის პიროვნებაა. ორივეს სწყურია უსაფრთხო გარემოში, აგრესიისა და ბულინგის გარეშე ცხოვრება, რადგან ორივე საოცრად ჰარმონიული ნატურაა. მე ყოველთვის ვიყავი მათი ინტერესების დამცველი და ვიქნები კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვარ მათი მასწავლებელი. მათზე ფიქრმა შთამაგონა, სექსუალურ უმცირესობათა პრობლემებში გავრკვეულიყავი და რაც ამ წლების განმავლობაში გავიაზრე, მინდა, რაღაც პრინციპით დალაგებულად გადმოვცე:

  1. არატრადიციული სექსუალური ორინეტაცია არ არის დაავადება;
  2. არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია არ არის ამორალური;
  3. არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია არ ვრცელდება აგიტაცია-პროპაგანდით;
  4. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს უმძიმესი საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ უწევთ ცხოვრება;
  5. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს აქვთ უფლებები, რომელთა შეზღუდვა არავის ეპატიება;
  6. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, რადგან 21-ე საუკუნე პიროვნების თავისუფალი განვითარების ერაა და ეს ხალხი არ და ვერ შეეგუება მათდამი დამოკიდებულების იმგვარ სტანდარტებს, როგორსაც ვხვდებით ჩვენს საზოგადოებაში.

ასე რომ, ეს ბრძოლა არ დაწყებულა 5 ივლისს და ვერ დასრულდება უახლოეს მომავალში. მათ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლისკენ უბიძგებთ არა საკუთარი ნება, არამედ ჩვენი დამოკიდებულება, რადგან ისინი არიან მორალური და ფსიქოლოგიური ტერორის ყოველდღიური მსხვერპლნი. ჩვენ სისტემატურად ვიქნებით ამგვარი მდუღარე პროცესების წინაშე, სანამ მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურა არ გამოგვიმუშავდება.

ოპონენტები მეტყვიან: სექსუალური უმცირესობები იყვნენ ყოველთვის, მათ არავინ დევნიდა და არც ახლა დევნიან, ნუ გამოვლენ საჯაროდ და ფარულად რაც უნდათ, ის უქნიათო. ჩვენ, უმრავლესობის წარმომადგენლები, ჩვენს ორიენტაციაზე ხმამაღლა ხომ არ ვსაუბრობთო? აი, ეს რიტორიკაა ყველაზე დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი. თითქოს ჰომოსექსუალებმა მადლობა უნდა უთხრან ამ ადამიანებს, რომ სახლებში არ უვარდებიან და არ ხოცავენ. და ჰეტეროსექსუალები რატომ არ საუბრობენ ხმამაღლა? არა იმიტომ, რომ ადამიანის სექსუალურ იდენტობაზე საუბარი სირცხვილია, არამედ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უმრავლესობაში არიან და მათ არავინ ეხება, არავინ ამცირებს, არავინ დევნის, არავინ დასცინის.

რამდენიმე დღის წინ ტოლერანტობაზე ორიოდე სიტყვა ვთქვი სოციალურ ქსელში და ერთი ძალიან პატივსაცემი ადამიანი გამომეხმაურა, ტოლერანტობა ქართველებს ვინ უნდა გვასწავლოსო? თუ არ გვაქვს სასწავლი ტოლერანტობა ჩვენი ქრისტიანული კულტურის, „ვეფხისტყაოსნის“, ვაჟას ეპოსების, ისტორიული წარსულის მაგალითების მიხედვით, მაშინ რა იყო 5 ივლისის აქცია? ამდენი მოძალადე ერთად თავმოყრილი მე არასდროს მინახავს. რაც წარსულში იყო, იმას ხშირად დევალვაციას უქადის ჩვენი ფსევდოთანამედროვე აზროვნება. მეც მიმაჩნია, რომ ხშირად ჟურნალისტები გადადიან ყოველგვარ მორალურ ზღვარს და ჟურნალისტურ სტანდარტს, მაგრამ მათზე ძალადობა ნორმალურია? ნუთუ ვერ ვისწავლეთ, რომ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანზე ძალადობა თანაცხოვრების პრობლემას დაუძლეველს ხდის და გარშემო ყველაფერს ანგრევს? ნუთუ შეიძლება ლექსო ლაშქარავასადმი ჩადენილი დანაშაულის რამით გამართლება და კომპენსირება? დიახ, ჩვენ იმ ქალაქში ვცხოვრობთ, ევროპა-აზიის დერეფანში, სადაც აღმოსავლური სამყაროს საინტერესო სახე, კინტო, რომელიც, როგორც ავტორიტეტული მკვლევრები ამბობენ, გეი-კულტურიდან იყო აღმოცენებული, ქალაქმა მიიღო, თბილისის კოლორიტად და ლამის სიმბოლოდ იქცა ეს პერსონაჟი. მაგრამ რა ხდება ახლა? ადამიანები, რომელთაც პოლიტიკოსის უმაღლესი ამბიცია აქვთ, აცხადებენ, რომ მათი გადასაწყვეტია, შეძლებს თუ არა ვინმე თვითგამოხატვის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლების გამოყენებას. არ ვიცი, ვინ მიანიჭა ამ ადამიანებს მორალის მწყემსის სტატუსი…

სექსუალური უმცირესობები ცხოვრობენ უამრავი იმ უფლების გარეშე, რომლებიც არ ეზღუდებათ უმრავლესობის წარმომადგენლებს და ნაცვლად იმისა, რომ იყოს ჯანსაღი საზოგადოებრივი დისკუსია ამ უფლებების იმპლემენტაციაზე, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ცეცხლითა და მახვილით დასდევს მათ და ცხოვრების მთავარ საზრისად მიუჩნევია ამ ადამიანებისთვის თავისუფალი თვითგამოხატვის აკრძალვა. სულ ტყუილია ვაჟა-ფშაველას მიერ ჩატარებული ტოლერანტობის გენიალური გაკვეთილები, რომელთაც ჩვენ ალბათ ცალყბად ვკითხულობთ და ვერც ვიაზრებთ, ვერც ვუღრმავდებით.

არ ვიცი, ასატანია თუ არა ეს მუდმივი ცეცხლის ქარბორბალა, ეს დაუოკებელი სტიქიური უბედურება. გამაოგნებელი იყო 5 ივლისის მოძალადეთა ჩვენებები, როცა საქმე მათ პასუხისგებაზე მიდგა. რატომ წაიღეს ამ ადამიანებმა უკან იმ ავბედით დღეს გადმონთხეული აგრესიის ნიაღვრები?

მასწავლებელთა კოლექტივებში მუდამ გვჩვევია გულახდილი დებატები საჭირბოროტო საქვეყნო თემებზე. ვიცი, უამრავი ოპონენტი მეყოლება კოლეგებს შორის, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მორალური ცენზორის მენტალობა თანამედროვე აზროვნებასთან შეუთავსებელია. განსხვავებულის მიღება, აღიარება, თანამშრომლობა, პატივისცემა, თანასწორ გარემოში ცხოვრების უფლება უალტერნატივო ღირებულებებია. ქართული ლიტერატურის მასწავლებელი ვარ და როცა მოსწავლეებს ვაჟას გმირების ტოლერანტობაზე ვესაუბრები, უნდა ავუხსნა, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ალუდასა და ჯოყოლას თემებისგან განსხვავებულ მოცემულობაში, მაგრამ პრობლემა ისევ ისაა, რომ სხვისი არ გვესმის, სხვისი უფლებების აღიარება არ გვინდა, სხვისი სასიცოცხლო ინტერესები უცხოა ჩვენთვის.

ტოლერანტობაც, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ისწავლება უპირველესად ოჯახსა და სკოლაში, უპირველესად ლიტერატურული ტექსტების დახმარებით, მოსწავლე-მასწავლებლის გულწრფელი და გულახდილი დიალოგების, საკლასო დისკუსიების ფონზე. წყალს წაუღია მოჩვენებითი ტოლერანტობა! სიყალბე ყოველთვის მრუდე გზებით დადის. მოდით, ყოველგვარი აგრესიისა და ძალადობის გარეშე ვისაუბროთ უმცირესობების უფლებებსა და პრობლემებზე. მათ მხოლოდ ასე თუ გადავწყვეტთ, ან ვიქნებით მუდამ ისეთსავე ჯოჯოხეთში, როგორიც 5 ივლისის ორგანიზატორებმა დაატრიალეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე. არასდროს, არასდროს თბილისი ისეთი არატოლერანტული არ ყოფილა, როგორიც იყო 2021 წლის 5 ივლისს. ვისურვებდი, რომ ასეთი შემზარავი სცენები არარასოდეს მენახოს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი