პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ინტერპრეტაციის სასარგებლოდ

სოფლებში ისე ღამდება, არაფრით გამოგეპარება. ისე მთავრდება დღე და იწყება ღამე – მკვეთრი ხაზგასმით. ქალაქში ცოტა სხვანაირადაა საქმე. სოფელში გათენებითაც ეგრე თენდება. დილას გრძნობ. თვალშესახებად.
წერა დავიწყე. მიხვდებოდით – ეს მცირე ესე სიუზენ ზონტაგის ცნობილი ტექსტის სათაურის გამოხმაურებაა. სათაურის და არა ტექსტის – ამხელა პრეტენზია როდი გვაქვს.

არც მანიფესტია, არ შეგონება. ვერც იქნება – სათაური უკრძალავს, სხვა თუ არაფერი.
ჰოდა, მასწავლებლებო, ისე მიჰყევით პროგრამას, რომ მისგან გაქცევის საშუალება გქონდეთ.

რომ შეიძლება, რომელიმე მოსწავლემ შუშანიკიც გააკრიტიკოს (დამცველი არ მოაკლდება და ესეც კარგია) და ამისთვის ანათემას არ გადასცენ, და თუ გადასცეს, სირცხვილია, 15 წლის ბავშვი ქრისტეს და გენიტალიებს ერთად ახსენებდეს ვიდეომიმართვაში “განსხვავებული” თანატოლების მიმართ.

რომ “ვეფხისტყაოსანი” მარტო მეგობრობაზე არ არის და არც მარტო სიყვარულზეა – იქ ყველაფერია ადამიანური, მათ შორის – შურიც, სიძულვილიც, და ეს ტექსტს არაფერს აკლებს, მხოლოდ მატებს. ისევე, როგორც თავად პოემას დამართეს ყველაფერი ადამიანური… თამამად უთხარით მოსწავლეებს, რომ საქართველოს ეკლესიაში იყო ხალხი, ვინც დევნიდა ამ ტექსტს და ისეთიც მოიპოვებოდა, ვინც იცავდა (სხვაგვარად ჩვენამდე ძნელად მოაღწევდა – გლეხმა არ იცოდა წერა-კითხვა). ასე განსაჯეთ, ისიც კი შეგიძლიათ უთხრათ: არის მეცნიერი, რომელიც ფიქრობს, შესაძლოა, ასმათს და ტარიელს სხვა ურთიერთობაც ჰქონოდათო და ისიც ასწავლეთ, რომ შეუძლიათ, ეს და სხვა მოსაზრებები სიცილადაც არ ეყოთ.

რომ დავით გურამიშვილს მარტო “სწავლა მოსწავლეთა” და “ქართლის ჭირი” არ დაუწერია – “ქაცვია მწყემსიც” დაწერა. “ქაცვია მწყემსის” სცენები ნუ შეგაშინებთ. უთხარით, რომ ამის შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს და რომ მათ არჩევანის უფლება აქვთ, თორემ მერე არჩევანის უნარსაც დაკარგავენ.

რომ ვაჟას “არწივი” არ არის მაინცდამაინც სამშობლოზე – დაუშვან, რომ თვითონ ვაჟაზეა, ადამიანზე, ადამიანზე დაწერილი ლექსი კი არაფრით ჩამოუვარდება სამშობლოზე დაწერილს. ასწავლეთ, რომ ვაჟას არ ეშინოდა, ჰყვარებოდა უცხო, სხვანაირი და რომ აღაზასაც შეიძლება ჰყვარებოდა უცხო, არაქისტი კაცი. რომ ეს ნორმალურია. ისევე როგორც უცხოს სიძულვილი და ძმის სიძულვილიც და ყველაფერი ნორმალურია, რაც ჩვენ, ადამიანებს გვეხება და მოგვდის. ნორმალურის ცოტა არანორმალური გაგებით, ცხადია. და ეგებ facebook-ზე ცოტა ფრთხილად მაინც შეაგინონ გოთური ჩაცმულობის თანაკლასელ გოგონას. სულ ოდნავ ფრთხილად.

რომ, ვინ იცის, ილია ლუარსაბ თათქარიძეში საკუთარ თავსაც აკრიტიკებდა; მისი “ბედნიერი ერი” იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს ამბავი მეცხრამეტე საუკუნეს ეხება – ეს მათი დროცაა და თვითონაც არიან ამ ერის ნაწილი; რომ ილია უფრო მეტი იყო და ახლა ჩვენკენ ზურგით დგას. იმიტომ კი არა, რომ მოგვაქცია – გაგვისწრო და იმიტომ.
რომ… რომ… რომ…
გურიაში ამინდი უცებ იცვლება. ამიტომაც მიყვარს გურია – ინტერპრეტაციის უნარს არ კარგავს ცა. ცა, რომელიც ახლა წვიმით იმუქრება. თუ არ გავედი, საქმე არ იცდის. საქმეზე მერე მოგახსენებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი