სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

მხატვრული ტექსტები ერთმანეთის ახსნისა და კონტექსტების გაგების სამსახურში

ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ ფინალის უკეთ გააზრებისათვის

 

ქართული ლიტერატურის სწავლებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კონტექსტის გაგება, არა მხოლოდ ისტორიული სურათის აღგენა, არამედ იმდროინდელი ადამიანების ფსიქო-ემოციური წყობის, სოციალური როლების, გადარჩენისა და არსებობის გზების, მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანური გამოცდილებების ცოდნა და გათვალისწინება. ამ ცოდნის გარეშე ხანდახან რთულია ამა თუ იმ პერსონაჟის საქციელის ახსნა. დიდია ალბათობა იმისა, რომ მოზარდები ტექსტის ინტერპრეტირებისას შესაძლო სინამდვილიდან ძალიან შორს წავიდნენ.

ხანდახან ამ კონტექსტის ამოსახსნელად, ამა თუ იმ ნაწარმოების გასაგებად, შესაძლოა სხვა ავტორის ტექსტები მოვიშველიოთ და ისე შევეცადოთ, მივიყვანოთ მოზარდები სწორ დასკვნამდე.

ვაჟა-ფშაველა და ალექსანდრე ყაზბეგი თავიანთ ნაწარმოებებში ხშირად დაახლოებით ერთნაირ საზოგადოებას აღწერენ, რადგან მთა, საქართველოს მთიანი კუთხეები, რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მოშორებულნი იყვნენ ცენტრს, მეფის მმართველობასა და მონარქიულ დიქტატურას. ამიტომ ისინი ძირითადად თვითორგანიზებულ ჯგუფებს ქმნიდნენ, სადაც, გარდა მორალისა, ადამიანებს ერთმანეთის შიში აკავებდათ. დაცინვის, გარიყვის თავიდან ასაცილებლად თემის თითოეული წევრი მზად იყო, ეთამაშა ყველასგან მიღებული მკაცრი კანონების მიხედვით, რადგან, მეორე მხრივ, ეს წესები, ეს კანონები, მათი, როგორც საზოგადოების, გადარჩენის ერთადერთი გზა გახლდათ.

მაგალითად მინდა შემოგთავაზოთ ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“. კერძოდ, მისი ყველაზე მძიმე ბედის პერსონაჟი, წიწოლა, რომლის დანაშაულიც ცამდეა ასული. მას ომში ყოფნისას შეეშინდება მტრის, შეეშინდება სიკვდილის და ლაჩრულად დატოვებს ბრძოლის ველს:

„წიწოლამ ლაფით გაგვთხიფა,

გაგვექცა სირბილიანი!

ნეტარ სად დაიმალება

სიცოცხლით სიკვდილიანი?

ფშავში როგორღა მოალის

დიაცი ჩიქილიანი?

არ ვარგა მაგათი გვარი,

უჯიშო, სიცილიანი!

ხალხში როგორღა გამოვა?

ხატში როგორღა მოდგება?

უკლოს, უკეთურს, ბეჩავსა

სად დაეკარგა გონება?!

რად არ ირჩივა სიკვდილი

და თათრებისა მონება?

ვინღა გაივლევს ახლოსა,

ჩააქვავებენ დედანი.

მიწამ შაჭამოს ცოცხალი

ე მაგისთანა მხედარი!

ომშიით გამოქცეულსა

მეხი დაეცეს მედგარი!“.

თავისთავად ჩნდება ლოგიკური მოლოდინი, რომ თუკი ადამიანი ომიდან სიკვდილს გაექცა, სადღაც უნდა წასულიყო, სადაც ცხოვრებას შეძლებდა, მაგრამ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სიკვდილს გამოქცეულმა კაცმა თავი მოიკლა:

„მუხაზე ჩამოკიდული

კაცი სჩანს სამკლავიანი.

თავი დაურჩვავ მხედარსა,

თუ იყო გულჯავრიანი?

იორი ყურსაც არ უგდებს,

ნელად აქანებს ტალღებსა,

არ ედარდება, დაობლდენ,

მამა აღარ ჰყავ ბალღებსა.

თემისგან უარყოფილსა

გადაუგდებენ ძაღლებსა“.

რა ძალა აიძულებს წიწოლას, რომ თავი ჩამოიხრჩოს?

სინანული საკუთარი საქციელის გამო, თუ სიკვდილზე უფრო დიდი შიში თავისიანებთან დაბრუნებისა, რომლებიც შეარცხვენენ, მის სახელს გაქელავენ, მის ოჯახობასაც მასხრად აიგდებენ, შეიძლება ნორმალური ქალიც კი არ მიათხოვონ მის საგვარეულოს და რამდენიმე თაობამ იაროს თავლაფდასხმულმა. ძალიან მძიმეა ის სინამდვილე, რომელსაც თემი წიწოლას ჰპირდება. მაშინ დაისმის კითხვა – თუკი სიცოცხლე უნდოდა, რატომ არ მირბის იგი სადმე სხვაგან? რატომ არ იბრძვის მისი გახანგრძლივებისათვის? ასევე ძალზედ საგულისხმოა, აქვს თუ არა ძველ ადამიანს წასასვლელი, თუ ის მხოლოდ საკუთარ თემში, საკუთარ მიწაზე არსებობს?

ვაჟა ამ კითხვას „ალუდა ქეთელაურში“ პასუხობს („ვის რა წყალ-ჭალა გვისტუმრებს, სად რა-რა დავილევითა, უბინო, უსახლკარონი სხვაგანაც დავიწყევითა“). სოფელს, თემს მოწყვეტილი ადამიანი ყველგან დაწყევლილია. ამდენად, თანამედროვე ადამიანის გამოცდილება ქონების დაგროვებასთან, ოჯახის დატოვებასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავდება იმ სინამდვილისაგან, რომელსაც ვაჟა-ფშაველასა თუ ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში ვხვდებით.

კლასში განხილვისას შეიძლება მოისმინოთ ვერსია, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანი, იომოს თუ არ იომოს, რომ ყველას ვერ მოვთხოვთ სამხედრო გმირობას და ა. შ.

პასუხად შეგვიძლია შევახსენოთ, რომ ერთის ინტერესები, ინდივიდის მნიშვნელობა, ჯერ კიდევ სახარებაშია წარმოჩენილი, იგავში, სადაც მწყემსმა კეთილმა უნდა დატოვოს 99 ცხვარი და წავიდეს იმ ერთის საძებნელად, რომელიც დაიკარგა, მაგრამ ასევე უზარმაზარია ერთის, ინდივიდის პასუხისმგებლობა ყველასადმი, როდესაც თითოეული ჯარისკაცის თავგანწირვაზეა დამოკიდებული მთელი ქვეყნის ბედი.

თუკი მოსწავლეებს ვაჟა-ფშაველას ეს მეორეხარისხოვანი, მაგრამ ძალზედ მრავლისმთქმელი პერსონაჟის ფუნქცია გააზრებული აქვთ, ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ ტრაგიკული ფინალის გასაგებად მეტ ინსტრუმენტს ფლობენ. მათ ნათლად შეუძლიათ წარმოიდგინონ, რა მოელის ონისეს ცოცხლად დარჩენის შემთხვევაში.

საერთოდ, ანტიდაბადება, მამის მიერ შვილის მკვლელობა, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სიუჟეტია და როდესაც მოზარდებს ამას ვაკითხებთ, რაც შეიძლება მეტად უნდა ვაგრძნობინოთ კონტექსტი, რომელიც გასაგებს გახდის ხევისბერის ქმედების ერთ-ერთ მოტივს.

რა მოელის ცოცხლად დარჩენილ ონისეს, ამაზე პასუხს „ბახტრიონის წიწოლა იძლევა. იქნებ ხევისბერის გულში სხვა გრძნობებთან ერთად ესეც იელვებს – შვილის ტანჯვისგან, შერცხვენისგან, სუიციდისგან დახსნის სურვილი. იქნებ მხოლოდ თემის ინტერესებისთვის, თემის მომავლისთვის არ სჩადის მამა შვილის მკვლელობას? თუმცა ხევისბერი გოჩას საქციელის უმთავრეს მიზეზად მაინც ის რჩება, რომ „მმართველი მამა თავისი ხალხისა“ სწორედ თავისი ხალხის საკეთილდღეო საქციელს სჩადის. წესი არ შეიძლება დაირღვეს, წესის დარღვევა მთლიანად ჩამოშლის ხევის სამართალს, ხოლო სხვანაირად გადარჩენა მათ არ შეუძლიათ. მათ ყველაზე მეტად ცვლილება აშინებთ, რადგან ხალხის სამართლის ცვლილება გაცილებით უფრო რთული, ძნელი და მძიმე პროცესია, ვიდრე – სახელმწიფოსი. სახელმწიფო ერთ კანონს მეორეთი ადვილად ანაცვლებს, სახელმწიფოს პრეცედენტიც შეუძლია დაუშვას და მერე თავისი ძალის გამოყენებით ისევ ჩვეულად განაგრძოს არსებობა. სახალხო სამართალი კი გამონაკლისს ვერ იტანს. ერთი გამონაკლისი, ერთი გადახვევა წესისაგან, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისთვის. ეს შიში „ალუდა ქეთელაურშიც“ ჩანს:

„ფერი დაედო ბერდიას,

ფერი სხვა რიგის შიშისა“.

ალუდას ჰუმანიზმი თემისათვის ჯერ ძალიან შორი სინამდვილეა, ჯერ თემს მხოლოდ თავისი სისასტიკით შეუძლია გადარჩენა. ამიტომ ხატში „ურჯულოსთვის“ საკლავის დაკვლის მოთხოვნა ის საშიშროებაა, რომელმაც შეიძლება ისევე ჩამოშალოს სამართალი, როგორც „ხევისბერ გოჩაში“ ონისეს მსუბუქად დასჯამ.

„ხევისბერი გოჩას“ უკეთ გააზრებისათვის, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, კიდევ ერთი, თითქოს მარტივი და უწყინარი ქართული ზღაპარიც გამოგვადგება – „მელია და მწყერჩიტა“. აქ პატარა ჩიტი მელიას მუქარას, რომ ცულს მოიტანს და ხეს მოჭრის, უშინდება და ბარტყებს უყრის. საბოლოოდ მოვა მონადირე და მელიას მოკლავს, მაგრამ სანამ მონადირის მოსვლის დრო დადგება, სამშობლოს, ანუ ხის გადასარჩენად მწყერჩიტამ ყველაზე ძვირფასი, შვილების სიცოცხლე უნდა გაიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აღარასდროს აღარსად იქნება ბუდე და აღარ დაიჩეკებიან ბარტყები. მწყერჩიტა, როგორც ხევისბერი გოჩა მომავლისთვის იბრძვიან, მომავალს სწირავენ თავიანთ პირმშოებს.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი