ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

პრაქტიკულ საქმიანობაში ასახული უწყვეტი განათლება

გერმანელი მწერლის, მიხაელ ენდეს, რომანი „დაუსრულებელი ამბავი“ ოთხი წლის წინ წიგნის ფესტივალზე აღმოვაჩინე და ჩემი რაჭველი მოსწავლეებისთვის ვიყიდე.

11 წლის ბასტიანს დედა გარდაცვლილი ჰყავს, ცოლის დაკარგვით გამოწვეული დარდის გამო მამას მისთვის არ სცალია. ბიჭს ბევრი პრობლემა აქვს: თანატოლები ჩაგრავენ, ჭარბი წონის გამო დასცინიან, სწავლაშიც ხელმოცარულია. ბასტიანი სკოლას ციხეს ადარებს. ამ სიმარტოვესა და გაუცხოებას კითხვით ებრძვის. „დაუსრულებელი ამბავი“ არის რეალობასა და ფანტაზიას შორის მიმოსვლა. ბასტიანს ამ მოგზაურობისას წონასწორობის შენარჩუნებას მაღაზიიდან გატაცებული წიგნი ასწავლის.

„დაუსრულებელი ამბის“ მიხედვით დავამზადე დიორამა და ლიტერატურულ კაფეში წარვადგინე. შემდეგ ჩემი მოსწავლე, 12 წლის მარიამი, დაინტერესდა, „დაუსრულებელი ამბის“ შესახებ სლაიდშოუ ააგო და მომდევნო ლიტერატურულ კაფეში თანატოლებს გააცნო. ფენტეზის ჟანრის რომანი სხვებმაც წაიკითხეს. ორი წლის შემდეგ წიგნის გერმანული გამოცემა შტუტგარტის ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე. სასიამოვნოდ გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ წიგნი ქართულ გამომცემლობას ზუსტად გერმანული გამოცემის მიხედვით უთარგმნია და გამოუცია, რადგან წიგნს აზრს სწორედ მისი განსხვავებული დიზაინი სძენს. „დაუსრულებელ ამბავს“ სურათი გადავუღე და წიგნიერების დონის ასამაღლებელი ვიქტორინისთვის მომზადებულ სლაიდშოუში ჩავსვი. საზაფხულო სკოლაში კი რაჭველ მოსწავლეებს ვაჩვენე. მიზნად დავისახე ლიტერატურის ძალის წარმოჩენა და კითხვის მულტიკულტურული მნიშვნელობის გააზრება – მაღალმთიანი სოფლის პატარა სკოლის მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ წაკითხული წიგნი როგორი მნიშვნელოვანია მწერლის სამშობლოში. ყოველივე ამას კი წიგნიერების რაობის გააზრებამდე მივყავართ, კერძოდ, კითხვა და ლიტერატურა სხვა ქვეყნის კულტურული სამყაროს გასაცნობად საუკეთესო საშუალება რომ არის. ეს ამბავი იმით გაგრძელდა, რომ ჩემმა თბილისელმა მოსწავლემ მიხაელ ენდეს „დაუსრულებელი ამბის“ რაჭულ-შტუტგარტული ისტორიის მოსმენის შემდეგ გერმანიაში იმოგზაურა და სკოლაში წიგნის გერმანული გამოცემით დაგვიბრუნდა. ვიცი, რომ მიხაელ ენდეს ლურჯ და წითელმელნიანი რომანი კიდევ ბევრ ამბავში გაგვხვევს.

~

(წიგნის მიხედვით დამზადებული დიორამა / „დაუსრულებელი ამბავი“ – ქართული გამოცემა)

(„დაუსრულებელი ამბავი“, გერმანული გამოცემა / შტუტგარტის ახალი ბიბლიოთეკა)

 

“Please, sir, I want some more!” – ამ ფრაზას ჩარლზ დიკენსის ოლივერ ტვისტი ამბობს და მთავარი კონფლიქტიც აქედან იწყება, რომელიც პატარა ბიჭს გაბედულ თავგადასავალში ჩააბამს. წიგნი ხუთი წლის წინ სიმბოლურად ვიყიდე ჩემი პირველი ხელფასით. მაშინ ქალაქ ონში იყო გაზეთების ჯიხური, სადაც თბილისიდან ყოველკვირეულად წიგნებიც ჩამოდიოდა. შემოდგომის ერთ მზიან ხუთშაბათს კატიწვერას დათოვლილი მყინვარი მოახლოებულ ზამთარს გვამცნობდა. მასწავლებლები სკოლის წითელი ავტობუსით ონიდან უწერისკენ მივრახრახებდით. მე საგულდაგულოდ ჩამებღუჯა სქელტანიანი „ოლივერ ტვისტი“. მაშინ რას წარმოვიდგენდი, როგორ თავგადასავალს დაატრიალებდა ეს წიგნი ჩვენს ცხოვრებაში.

მალევე პირველი ლიტერატურული კაფე გავმართეთ. წიგნის წარდგენის ფორმად პოსტერი შევარჩიეთ. ჩემი არჩევანი „ოლივერ ტვისტი“ იყო. პოსტერზეც ოლივერი დავხატე და მცირე ინფორმაციულ ტექსტთან ერთად ფრაზაც “-Please, sir, I want some more!” დავწერე. წიგნმა მოგზაურობა დაიწყო და ხელიდან ხელში გადადიოდა. პირველი ხელფასით ნაყიდი წიგნი ორი წლის შემდეგ დამიბრუნდა. მოგზაურობის კვალიც მოიყოლა: ბავშვების სიყვარული და კითხვისას განცდილი ემოციები. თითქოს ოლივერ ტვისტთან ერთად ჩვენც ცხოვრების დინების საწინააღმდეგოდ დავიწყეთ სვლა: ვებრძოდით შიშებსა და სირთულეებს, ვიღრმავებდით ცოდნას, ვსწავლობდით ერთმანეთისგან და ოლივერის მსგავსად თანდათან გაბედულები ვხდებოდით.

ორი წლის შემდეგ მოულოდნელად ლონდონიდან სოფელში სტუმარი გვეწვია. ქალბატონი ლელა ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში მათემატიკას ასწავლის. მედიათეკის ოთახში სიმბოლურ საჩუქრებს რომ გვანახებდა, მოულოდნელად ბავშვები აყიჟინდნენ. საყოველთაო სიხარული ჩარლზ დიკენსის მოთხრობების კრებულმა გამოიწვია, რომლის ყდაზე სწორედ ის ეპიზოდი იყო გაცოცხლებული, როცა მეგობრების წაქეზებით შეგულიანებული ოლივერი ზედამხედველს ხის ჯამით მიადგება და ულუფის დამატებას სთხოვს. რაჭველი გოგო-ბიჭები კი ლონდონიდან ჩვენთვის ჩამოფრენილ, ნაქერალას უღელტეხილგადმოვლილ წიგნის ილუსტრაციას დაჰყურებდნენ და Please, sir, I want some more-ს ამბობდნენ.

ორი წლის მერე სწავლა მაგისტრატურაში გავაგრძელე. ანგლო-ამერიკული რომანის ლექციაზე ჩარლზ დიკენსის შესახებ სულგანაბული ვისმენდი. უეცრად ლექტორმა ჩვენთვის საკრალურად ქცეული ფრაზა რომ ახსენა, ემოციების გამოხატვისგან თავი ვერ შევიკავე. მე და ჩემს მოსწავლეებს ახალწამოწყებული გვქონდა პროექტი სახელად „მიმოწერილი მთა და ქალაქი“, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს პირად წერილებს ვწერდით და ფოსტით ვუგზავნიდით. წერილებში წიგნებზე, სწავლაზე, ლექციებზე, ქალაქურ ცხოვრებაზე ვამახვილებდი ყურადღებას. ჩარლზ დიკენსის, ოლივერ ტვისტისა და ჩემი ლექტორის შესახებ საგანგებოდ მივწერე ბავშვებს. მიზანი ახლაც იგივე იყო: კითხვით წამოწყებული თავგადასავლების მნიშვნელოვნება, ჩვენი ინდივიდუალური ამბებით ცხოვრების გამრავალფეროვნება, ლიტერატურით სხვადასხვა სოციუმში თვითდამკვიდრება.

      

უწყვეტი განათლების შედეგად პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი კიდევ ბევრი მაგალითი შემიძლია აღვწერო, თუმცა სიღრმისეული გააზრებისა და ანალიზისთვის აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მიმოხილვა.

მასწავლებლის ყოველდღიური რიტმი სწრაფი, მოუხელთებელი და ულმობელია, რაც მუდმივ შფოთვას იწვევს. შინაგან დაძაბულობას ხშირად მრავალი ფორმალური თუ არაფორმალური, დაგეგმილი თუ დაუგეგმავი საქმე, სამსახურეობრივი და პირადი ვალდებულებები ქმნის.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მართლაც გაუსაძლისი იქნებოდა, რომ არა ის კომფორტისა და სიამოვნების განცდა, რაც მუდმივ ძიებას, კვლევას, ჩვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებასა და უწყვეტ განათლებას მოაქვს.

უწყვეტი განათლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლას გულისხმობს. შეგვიძლია უწყვეტი განათლების სინონიმად სიტყვა მაძიებლობაც გამოვიყენოთ. განათლების სფერო მაძიებელს ახალბედა მასწავლებელს უწოდებს, რომელიც პროფესიაში დამკვიდრებამდე ამ სტატუსს ატარებს. თუმცა ჩემთვის მაძიებლობა უწყვეტი სტატუსია და მასწავლებლის საქმიანობა სწორედ მაძიებლობაზე დგას. მასწავლებლობა პიროვნული განვითარების, ემოციების მართვისა და ინტელექტის მუდმივი წრთობაა. რომ გავცეთ, უნდა მოვიპოვოთ. რომ ავივსოთ, უნდა ვიმოქმედოთ. შერლოკ ჰოლმსივით დედუქციურ მეთოდს მივყვებით თუ დეტალებიდან ავაგებთ ჩვენეულ სამყაროს, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გამადიდებელი შუშა მოვარგოთ თვალებს, პროფესიული ინტუიცია გავიმახვილოთ, შედეგად კი იდეები არასდროს გამოგველევა.

როგორც უკვე აღვნიშნე, უწყვეტი განათლება – მაძიებლობა – პრაქტიკულ საქმიანობას საინტერესოს ხდის და სწავლა-სწავლების პროცესს მუდმივ წრებრუნვად აქცევს. აქ აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა: რა მიზნით ვასწავლით? წარმატებული მომავლის შესაქმნელად თუ თვითშემეცნებისთვის, რომელიც თავისთავად ქმნის წარმატებულ მომავალს.

ჩემ მიერ დასმულ კითხვას ფრანგი მწერალი, მასწავლებლობის ოცდაათწლიანი გამოცდილების მქონე დანიელ პენაკი, რომანში „სკოლის სევდა“ ასე ეხმიანება:

„როცა ცხოვრება გვართმევს იმ როლს, რომელიც ასე კარგად მოვირგეთ და ვხდებით ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვართ, ჩვენ ხშირად არარაობას ვემსგავსებით – ჩვენ არავინ ვხდებით. ეს განცდა ისეთი მტკივნეული და ისეთი მძაფრია, რომ მზად ვართ, სიცოცხლეც მოვისწრაფოთ. აი, აქ ვლინდება ჩვენი აღზრდის ნაკლოვნება, მთავარი ბზარი და დეფექტი“.

აღზრდის მთავარი დეფექტი კი სიხარულს მოკლებული, მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის დაგროვებაზე ორიენტირებული სწავლებაა, რომელიც ბავშვებს სკოლას აძულებს. სწავლის დაკავშირება თვითშემეცნებასა და სიხარულთან მოსწავლე-მასწავლებლის ცხოვრებას სწორი მიმართულებით წარმართავს. კვლავ ისმის კითხვა: როგორ მოვახერხოთ მასწავლებლებმა რუტინულ ყოველდღიურობაში ამ კონკრეტული მიზნისთვის აქტივობების მორგება? აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ სწავლების პროცესში ცნობისმოყვარეობის როლზე, რომელიც მაძიებლობასთან დაგვაბრუნებს. ცნობისმოყვარეობა, ახლის აღმოჩენისა და სწავლის სურვილი, მასწავლებელს მუდმივ მაძიებლად აქცევს. ყოველივე ამას მასწავლებელი მოსწავლეებსაც უნდა გადასცემდეს.

ცნობისმოყვარეობის ფენომენის მეცნიერული კვლევა მეოცე საუკუნის 60-იან წლებში დაიწყეს. ის ყველა ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და კატებს (აქ ლუის კეროლის ელისი და მისი ფისო – დინა გაგახსენდებათ). ცნობისმოყვარეობის აღძვრას გარკვეული ძალისხმევა სჭირდება, თუმცა აქაც გარკვეული ზომიერების დაცვაა საჭირო. დიდი დოზით აღძრულმა ცნობისმოყვარეობამ შეიძლება არასწორი გზით განავითაროს მოზარდის ქმედება. მართალია, სასწავლო პროცესში მასწავლებელმა უნდა აღძრას ინტერესი, თუმცა თავადაც მიბმული უნდა იყოს ამ პროცესთან, რათა არ დაკარგოს კავშირი მოსწავლესთან.

ცნობისმოყვარეობის მოკლე განმარტება ამგვარია: ადამიანი ცნობისმოყვარედ ითვლება, როცა დაინტერესებას იჩენს სიახლეების მიმართ და როცა ენთუზიაზმს არ იშურებს თავისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.

ასე რომ, თვითშემეცნების გასაღვივებლად ცნობისმოყვარეობის აღძვრაა საჭირო, შემდეგ კი წამოწყებული კვლევა-ძიების გაძღოლის დრო დგება. კვლევა-ძიებაზე ორიენტირებული სწავლება კონსტრუქტივიზმს გაგვახსენებს, სწავლების იმგვარ მოდელს, როდესაც მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე აგებს ახალ ცოდნას.

სწორად წარმართული კონსტრუქტივისტული სწავლებისას სწავლა კმაყოფილებასა და სიხარულს უკავშირდება. ამ მოსაზრებას ამყარებს ამერიკელი ფსიქოლოგი, მიჰალი ჩიკსენმიჰალის დინების თეორია (Flow Theory), რომელიც წიგნში დინება: ბედნიერების ფსიქოლოგია“ დაწვრილებით აღწერა. მიჰალი ჩიკსენმიჰალის თეორიის მიხედვით:

 

  • სიამოვნებას უნდა იღებდე კეთებისგან;
  • ზუსტად უნდა იცოდე, რა გინდა და გქონდეს პროგრესისკენ მიმართული მიზნები;
  • შენს საქმიანობას უნდა ჰქონდეს მყისიერი უკუკავშირი (სხვა დააინტერესო, მოიზიდო, ჩართო);
  • გამოწვევა და მიზანი უნდა შეესაბამებოდეს შენს შესაძლებლობებს;
  • ძლიერ უნდა იყო ფოკუსირებული აწმყოზე.

 

ჩემი, როგორც ქართულის მასწავლებლის, თვითმიზანი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისთვის ზრუნვაა, რადგან სწავლა-სწავლების ეფექტიანობას სწორედ წიგნიერება განსაზღვრავს. საგულისხმოა ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც არგუმენტად უნდა დავიმოწმოთ.

2015 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის ჯგუფმა მათემატიკაში სახელმწიფო შეფასების ანგარიში მოამზადა. კვლევამ 166 სკოლის 4226 მოსწავლე მოიცვა. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რა შედეგები აქვთ ქართველ მოსწავლეებს საბაზო საფეხურის დასრულებისას, მე-9 კლასის ბოლოს. კვლევის შედეგად საინტერესო ფაქტი გამოვლინდა, კერძოდ, როგორ მოქმედებს წიგნიერება მათემატიკური უნარების განვითარებაზე. მასწავლებლების აზრით, დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლებას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც წერა-კითხვის კარგად სწავლებას. (სახელმწიფო შეფასება, მათემატიკა, 2015)

აღნიშნული კვლევა ამტკიცებს, როგორი მნიშვნელოვანია წიგნიერებაზე ზრუნვა და რომ სწორედ წიგნიერებაზე დგას სხვა დანარჩენი უნარის განვითარება.

რადგანაც სწორედ წიგნიერების განვითარებისკენ არის მიმართული ჩემ მიერ აღწერილი პრაქტიკული საქმიანობის კონკრეტული მაგალითები, სახელმწიფო შეფასების შედეგების გათვალისწინებით ვრწმუნდებით, როგორი სიღრმისეული როლი აქვს მასწავლებლის ზრუნვას უწყვეტი განათლებისთვის, თვითგანვითარებისთვის (წიგნიერების მიმართულებით) და პირადი მაგალითის პრაქტიკულ საქმიანობაში წარმოჩენას, რის შედეგადაც მოსწავლეებიც მაძიებლები ხდებიან.

დროთა განმავლობაში მასწავლებლის მაძიებლობა პირად მაგალითად იქცევა მოსწავლისთვის, უღვივდებათ ცნობისმოყვარეობა. შემდეგ ჩვენ მეგზურად მივყვებით კვლევა-ძიების გზაზე და წარვმართავთ ცოდნის აგების პროცესს. უწყვეტი განათლება ერთიან ჯაჭვად აერთიანებს თითოეულ რგოლს და სწავლა-სწავლებაც სიამოვნებას, სიხარულს უკავშირდება. ყოველივე ამის შედეგად კი მიჰალი ჩიკსენმიჰალის თეორიის ძირითად მახასიათებლებს ადვილად აღმოვაჩენთ როგორც ჩვენს, ისე ჩვენი მოსწავლეების ცხოვრებაში.

პ.ს. ორი წლის შემდეგ ჩემმა ათი წლის გოგონამ მამასთან ერთად შტუტგარტის ბიბლიოთეკა მოინახულა. გერმანიაში წასვლამდე მიხაელ ენდეს „დაუსრულებელი ამბავი“ წაიკითხა და ქართული გამოცემა თან გაიყოლა. ისე მოხდა, რომ წიგნი ბიბლიოთეკაში დაკარგა. ბევრი ძებნის მიუხედავად, ვერ იპოვეს. მას შემდეგ სულ ვფიქრობთ, ნეტავ, ვინ იპოვა ქართულ ენაზე დაბეჭდილი წითელყდიანი წიგნი ან სად მიუჩინა ადგილი?

ამ წიგნის ისტორია სათაურს ჰგავს – ამბები არ სრულდება მის ირგვლივ და ცნობისმოყვარეობაზე აგებულ ურთიერთობას ჰგავს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ინტერნეტჟურნალი mastavlebeli.ge. „უწყვეტი განათლება თვითრეალიზებისთვის” , ვერიკო ხელისუფალი, 2016 წელი, 27 აპრილი.

უწყვეტი განათლება თვითრეალიზებისთვის

 

კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, USAID G-PRIDE, 2015, თბილისი;

სახელმწიფო შეფასება, მათემატიკა – IX კლასი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. 2015. თბილისი;

პენაკი, დანიელ. 2015. „სკოლის სევდა“. თბილისი: „დიოგენე“;

Day, H.I. 1982, May. “Curiousity and The Interested Explorer”. York University. NSPI Journal.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი