შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

თემა – ურთიერთობები

  1. თემატური საკვანძო კითხვა – როგორ ვრეაგირებთ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე?

როგორ ვრეაგირებთ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე? რა შეიძლება მოჰყვეს ამას? რას გრძნობს ადამიანი, ვისაც აგდებულად მიმართეს, დასცინეს, რაც ნამდვილად შეურაცხმყოფელი იყო? როგორი უნდა იყოს რეაქცია? რა არის სწორი ან არასწორი? რომელი სიტყვებით გამოვხატავთ იმ ემოციურ მდგომარეობას, განწყობას, ფსიქო-ფიზიკურ მოცემულობას, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას შეიძლება მოჰყვეს?

მეცხრე კლასში სიტყვის ზემოქმედების ძალას ვიკვლევდით.

მაინტერესებდა, რას ფიქრობდნენ მოზარდები იმაზე, თუ რა ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს სიტყვამ, რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს სიტყვას, რას მოიმოქმედებდნენ ისინი სხვადასხვა სიტუაციაში – თუკი ვინმე სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებდა ან თუ ვინმე რაიმე ძალიან საწყენს ეტყოდა.

სამუშაო თავიდანვე ისე დავგეგმე, რომ რამდენიმე გაკვეთილი ამ თემისთვის ზედიზედ, თანმიმდევრულად დაგვეთმო. სახელმძღვანელო გვერდით გადავდეთ. მინდოდა, ამ კონკრეტულ პრობლემას ჩავღრმავებოდით და გვეკვლია საკუთარი განწყობა-დამოკიდებულებები, სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაცია, თემატური მხატვრული ტექსტები.

გამოწვევის ფაზა სიტყვის ძალასა და ზემოქმედებაზე მსჯელობას, საუბარს, მოსაზრებების ურთიერთგაცვლას დაეთმო.

რას ნიშნავს სიტყვის ძალა?

რა ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს სიტყვამ ადამიანზე?

რა დადებითი ან უარყოფითი შეიძლება მოჰყვეს ნათქვამს?

რა ახსენდებათ თავიანთი გამოცდილებიდან? – მოსწავლეები ინტერესით ჩაერთნენ ამ ნაწილში და ბევრი საინტერესო რამ გაიხსენეს. საბოლოოდ, ნაფიქრისა და მოსაზრებების მოწესრიგება წერილობით ვთხოვე და გაკვეთილი წერითი სამუშაოთი დავასრულეთ.

მეორე გაკვეთილზე რამდენიმე მოსწავლემ კლასს საკუთარი ნააზრევი გააცნო. ხშირად ვიმეორებ ხოლმე, რომ შესრულებული საწერი სამუშაოს ხმამაღლა წაკითხვა მნიშვნელოვანია, რადგან მოსმენითაც ვსწავლობთ.

საერთოდ, ჩემი დაკვირვებით, კითხვისას და მოსმენისას ისევე ვეუფლებით წერას, როგორც საკუთრივ წერითი სავარჯიშოების შესრულებისას. სადღაც ამოვიკითხე და აბსოლუტურად ვეთანხმები – წერა სუნთქვასავითაა. სუნთქვა ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას მოიცავს, წერა კი – კითხვას და საკუთრივ წერას. ჩასუნთქვა – კითხვა, ამოსუნთქვა – წერა.

ამის შემდეგ მოსწავლეებს გაკვეთილის გეგმა გავაცანი – იმ დღეს, გაკვეთილზევე უნდა მოგვესწრო ორი ტექსტის წაკითხვა, გაგება და მოკლედ გადმოცემა. ეს ტექსტები ჩვენი შემდგომი გაკვეთილების სამსჯელო მასალა იქნებოდა.

მოსწავლეებს დავურიგე სამუშაო ფურცლები. მათ ორი ტექსტის – იგავისა და იგავ-არაკის წაკითხვა ევალებოდათ. პირველ ეტაპზე ლექსიკურად დავამუშავეთ „იგავი მოხუც სამურაიზე“ (ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ჩემს სტატიაში „იგავი და იგავ-არაკი“) და სულხან-საბას იგავ-არაკი – „ენით დაკოდილი“. მოსწავლეებს უნდა მოენიშნათ ის მონაკვეთები, სიტყვები, წინადადებები, რომელთა აზრიც მათთვის გაუგებარი იყო.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლექსიკურ და შინაარსობრივ დონეზე ყველაფერი გასაგები გახდებოდა, მოსწავლეებს 10 წინადადებით უნდა გადმოეცათ პირველი იგავის არსი და მოკლედ, რამდენიმე წინადადებით იგავ-არაკის მორალზე უნდა ესაუბრათ.

(პარალელურად, სასურველია, დამუშავდეს სამიზნე ცნება – ჟანრი და ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები)

ამ სამუშაოს ისევ მსჯელობა და დისკუსია მოჰყვა. ამჯერად, ვიკვლევდით იმას, როგორ მოიქცნენ ტექსტების პროტაგონისტები, რა იგრძნეს მათ, როგორ შეაფასებდნენ მოზარდები მათ ქცევასა და ნამოქმედარს.

საშინაო დავალებად მოსწავლეებს წერილის დაწერა ვთხოვე:

 აირჩიე ადრესატი (იგავიდან ან იგავ-არაკიდან) და მისწერე წერილი.

არ გამკვირვებია, რომ უმეტესობამ ადრესატად დათვი და სამურაი აირჩია.

ერთ-ერთ წერილში ავტორი ურჩევდა დათვს, ნაკლები ყურადღება მიექცია სიტყვისთვის. „არ ღირს ვიღაცის ნათქვამი „მყრალო“ იმად, რომ თავი დაიზიანო. ნაჯახის ჩარტყმა რამ გაფიქრებინა? თუ კიდევ მოხდება ასეთი რამე, უბრალოდ არ მიაქციო ყურადღება. ყველას რატომ უნდა მოსწონდე? სულაც არაა აუცილებელი!“ – ეწერა წერილში.

იყო მოხუცი სამურაის ქცევით აღფრთოვანებული შეძახილებიც: „მეც მასწავლე, ასე მშვიდად როგორ იტანდი იმ ყველაფერს. შენს ადგილას მაგრად ვცემდი იმ უზრდელს. მაგრამ ახლა მირჩევნია მეც შენსავით მოვიქცე“ – გულწრფელად უზიარებდა სამურაის ნააზრევს ერთი ავტორი.

ვფიქრობ, მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ემოციური მდგომარეობის ამოცნობა. სოციალურ-ემოციური სფერო ადამიანის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებისა და ადამიანებთან ერთიერთობის პროცესში დიდ როლს თამაშობს. მოზარდს უნდა შესწევდეს უნარი, ამოიცნოს, გაიგოს, გამოხატოს საკუთარი და სხვათა გრძნობები, განივითაროს თანალმობის, თანაგანცდის, სხვადასხვა ემოციურ სიტუაციაში სათანადო რეაგირების უნარები.

სკოლაში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოზარდის შემდგომ ურთიერთობებზე, დამოკიდებულებებზე გარშემომყოფებისა და ზოგადად, სამყაროს მიმართ, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა ფასდაუდებელი გამოცდილებაა, რაც ლიტერატურის გაკვეთილებზე შეგვიძლია მივცეთ მათ.

კვირეულის განმავლობაში კიდევ რამდენიმე აქტივობა დავგეგმე. მათგან ყველაზე წარმატებულებს მომდევნო წერილში გაგიზიარებთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი