შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

თვალბედითი შავი ყორნის ორსახოვანი სიმბოლოს გასააზრებლად

ლიტერატურის სახეობრივი ბუნება, ჩემი აზრით, ყველაზე მიმზიდველია მხატვრულ ტექსტებში. მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს მხატვრულ სახე-სიმბოლოთა დეკოდირება. ეპიკურია ტექსტი თუ ლირიკული, მხატვრული სახის გახსნა ყველაზე დამაინტრიგებელი პროცესია და ხელს უწყობს მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. სახეების დეკოდირება ტექსტის ანალიზის უმთავრესი ნაწილია. ლირიკული და ეპიკური მხატვრული სახეები თავიანთი მახასიათებლებით მკვეთრად განსხვავდებიან. ეპოსშიც და ლირიკაშიც მხატვრული სახეა იდეის რეალიზების საშუალება. ლირიკული მხატვრული სახე ემოციური, იდუმალი, მოზაიკური, ფრაგმენტული და მრავალპლანიანია, ხოლო ეპიკურ ტექსტში პერსონაჟი, პროტაგონისტი იქნება ის თუ ანტაგონისტი, ყოველთვის უხვი ნარატივით იხატება, მის ქმედებებში, თავგადასავლებში იკითხება ხასიათის თვისებები, იძლევა მრავალმხრივი დაკვირვებებისა და ინტერპრეტაციების საშუალებას.

ამჯერად ჩვენი სტატიის თემაა ერთი კონკრეტული სახე-სიმბოლო, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია რომანტიკოსთა შემოქმედებაში. მისი აღმატებულება „თვალბედითი შავი ყორანი“…

საოცარი კაცი იყო XVIII საუკუნის შვედი ბუნებისმეტყველი კარლ ლინე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მცენარეთა და ცხოველთა მეცნიერულ სისტემატიზებას. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მედიცინას სწავლობდა ლუნდისა და უფსალის უნივერსიტეტებში. 25 წლისამ იმოგზაურა ლაპლანდიაში და გამოსცა წიგნი „ლაპლანდიის ფლორა“. მოგვიანებით ნიდერლანდებში გადავიდა საცხოვრებლად და შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებაშიც მიიღო მონაწილეობა. იყო ამავე აკადემიის პირველი პრეზიდენტი და უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი. გახლდათ პარიზის, ლონდონის, ბერლინისა და პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიების წევრი. მან შექმნა ცხოველთა კლასიფიკაციის სისტემა. დაყო ისინი სახეობებად, გვარებად, რიგებად და კლასებად. აღწერა და სახელები დაარქვა მცენარეთა და ცხოველთა 10 ათასამდე სახეობას.

გაგიკვირდებათ ფილოლოგის სტატიაში საბუნებისმეტყველო დარგის ამ დიდი მეცნიერის დამსახურებებზე ამდენი საუბარი. თუმცა რა… „რიტორიკაში წერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო“ და… ყორანი, ლათინური სახელი  corvus corax… 1758 წელს იმ დალოცვილ კარლ ლინეს ეს საინტერესო და მისტიკური ფრინველი ასე გაუმწესებია მეცნიერულ კლასიფიკაციებში: სამეფო – ცხოველები, ტიპი – ქორდიანები, კლასი – ფრინველები, რიგი – ბეღურასნაირნი, ოჯახი – ყორნისებრნი, გვარი – ყორანი… ბეღურასნაირი ვეძახოთ ჩვენ და კი აუწიოკებია უნაზესი სულის პოეტების გული, გრძნობა და გონება ამ საინტერესო არსებას…

ამჯერად ჩვენი გაკვეთილის თემაა ყორნისა და ყვავის სახეები სხვადასხვა ეპოქების მხატვრულ ტექსტებში: გრიგოლ ორბელიანის „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“, ედგარ ალან პოს „ყორანი“, გალაკტიონის „შავი ყორანი“, გოდერძი ჩოხელის სამი მოთხრობა „ყორნები“, „საზიარო ყვავი“ და „ყვავი“, ხალხური ლექსები „ფხოველი და შავანელი“ და  „ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს“.

მასალა მოცულობითი და საინტერესო საკვლევია კლასში ჯგუფური მუშაობისთვის. მასწავლებელი კისრულობს მოდერატორის როლს და მოსწავლეებს აცნობს, რომ ყვავ-ყორნის მხატვრული სახეების სიმბოლიკა უპირველესად მითოსური ნარატივებიდან იღებს სათავეს და კლასს აძლევს რესურსებს ამ მიმართულებით კვლევისთვის.

რესურსი I:

ყორნის სახე უაღრესად საინტერესოდ ცოცხლდება ძველ გერმანულ და სკანდინავიურ მითოსში და უკავშირდება მათი პანთეონის უზენაეს ღმერთს, სამყაროს მომწესრიგებელსა და აზრების ოქროსბეჭდიან მბრძანებელს – ოდინს, იგივე ვოდანს, რომელმაც  შექმნა  ასევე რუნები, დამწერლობა, მეცნიერება, წინასწარმეტყველება, კანონები. ყოველ დილით მისი მხრებიდან ორი ყორანი აფრინდება, მათ ჰუგინი და მუნინი ჰქვიათ, იგივე „აზრი“ და „მეხსიერება“. ჰუგინი და მუნინი საღამომდე ქვეყნიერებას შემოიქროლებენ და ოდინს აუწყებენ ნანახსა და მოსმენილს. ანუ აქ ყორანი ინტელექტის, გონიერების, ინფორმაციის გავრცელების, ცოდნის წყაროა.

რესურსი II:

ყვავი და ყორანი მონათესავე, მაგრამ განსხვავებული ფრინველები არიან. აი, რას გვეუბნება მათ შესახებ „კარგი სკოლის“ მიერ მომზადებული მასალა:

ყორანი, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს ყვავს. ისიც შავია, თუმცა მის ბუმბულს ოდნავ დაჰკრავს ლურჯი და მწვანე ფერები. ყორანი ყვავზე დიდია. აქვს უფრო მსხვილი, ბასრი ნისკარტი და გრძელი ფრთები. ყვავის მსგავსად ჭამს ყველაფერს, რაც მოსწონს. ზოგჯერ ნადირობს პატარა ცხოველებზე. ხშირად ლეშით იკვებება. ამბობენ, რომ ყორანი ფრთხილი არსებაა. ალბათ, ამიტომაც ერიდება ადამიანს. ეტანება ტყეს, მთას, უდაბნოს. ბუდეს იკეთებს ხეზე, კლდეზე, ძველ კოშკებზე. მეცნიერები დიდი ხანია სწავლობენ ყორნის ქცევას. კვლევებიდან ჩანს, რომ ეს ფრინველი საკმაოდ ჭკვიანია. აი, ამის ერთი მაგალითი. თურმე, დიდ ძვალს თუ ვერ ერევა, მას ჰაერიდან ქვებზე აგდებს. ძვალი იმსხვრევა. ამის შემდეგ ყორანი ადვილად შეექცევა ნადავლს. ფიქრობენ, რომ მას მოთმინების უნარიც აქვს. ადამიანის სახის დამახსოვრებაც შეუძლია. ყორანი ყვავის მსგავსად უხეშ ხმას გამოსცემს. ასეთი ხმისა და შავი ფერის გამო ბევრს იგი ბოროტ არსებად მიაჩნია. თუმცა, ზოგი ძველი მითის მიხედვით, ყორანი სიბრძნის სიმბოლოა… ზოგის ვარაუდით, ის ცოცხლობს 70 წელს, ზოგის აზრით კი – 30 წელს. ბოლო დროს ყორანი ადამიანს ნაკლებად ერიდება. ის საკვების ძებნაში სოფლებსა და დიდ ქალაქებს ხშირად სტუმრობს…

რესურსი III:

ქართულ მითოსში ყორანს ორსახოვანი სიმბოლურ-ალეგორიული დატვირთვა აქვს. აი, რას გვიყვება მკვლევარი მაია ჩოხელი თავის ბლოგში „ყვავისა და ყორანის სახე ქართულ მითოსსა და ლიტერატურაში“ (intermedia.ge, 11.08.2017):

ერთი მოხეური თქმულება ყორანს უკავშირებს ხევის უპირველესი სიწმინდის, სამების ტაძრის, აშენებას, ადგილის აღმოჩენას. რაც სამმა ქართველმა მეფემ ვერ გადაწყვიტა, წყვეტს შავი ყორანი, თავისი ბუნებრივი მოქმედების მეშვეობით, რადგან ის ატარებს ღვთიურ ნებას. ბრძენი მცხეთელი ბერიკაციც კი უძლურია ძებნაში, თუმცა მან იცის ყორნის ზნე და ის, რომ შესაძლოა მის უკან ღვთიური ძალა მოქმედებდეს, ამიტომ ასეთ რჩევას აძლევს მეფეებს: დაკლან ფურბერწი და მისი მენჯის ნაწილი სოფლის ბოლოს დატოვონ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ უნდა ააშენონ. მართლაც, სამების მთავარი ტაძარი იქ აშენდა, სადაც ამ გრძნეულმა ფრინველმა საბოლოოდ გამოხრა ძვალი. მოცემულ სიუჟეტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის პასაჟი, რომ აქ სწორედ ყვავის ზნე, ლეშისაკენ მიდრეკილება, დაეხმარება ადამიანებს მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში.

მეორე მითი ამბობს: ოდესღაც მთელი სოფელი მინდვრად გამო­შლილა, გლეხებს სამკალი ჰქონიათ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ მოსავლის აღებაში. შრომაში გართულებს ვერ შეუმჩნევიათ, როგორ ჩამძვრალა ცეცხლზე შემოდგმულ შეჭამანდში უხსენებელი და შიგ ჩახარშულა. მოიწამლებოდნენ და სიკვდილი არცერთს არ ასცდებოდა, რომ არა ერთი უცნაური შემთხვევა. ყვავმა, რომელიც ჰაერში დაფრინავდა, ეს ყველაფერი დაინახა, უეცრად შხუილით დაეშვა ძირს და პირდაპირ ცხელ ქვაბში ჩავარდა. ამის მხილველ გლეხებს უთქვამთ – ყვავის ნახარშს ხომ არ შევჭამთო და წამოუპირქვავებიათ ქვაბი – ფრინველთან ერთად კი გველიც წამოვარდნილა. ხალხს ყვავის მოქმედება სასწაულად მიუჩნევია და მის სახელზე ეკლესიები აუგიათ. გონიერმა ყვავმა მართლაც შესწირა სიცოცხლე ადამიანებს­ და მათაც დაუფასეს – არაერთ კუთხეში აიგო ყვავის საყდრები: გურჯაანში, უფლისციხეში, ბოლნისსა და ადიგენში, თუმცა გამორჩეულია საგურამოს ახლოს, წიწამურის ტყის განაპირას, ერთი გალავნიანი საყდარი, რომლის ეზოში, საჩინო ადგილზე ყვავის ქანდაკება დგას – ფრთაგაშლილი ფრინველი თითქოს იცავს და დარაჯობს იქაურობას.

რესურსი IV:

ქართულ მითოსსა და პოეზიაში ყვავი და ყორანი წყვილად იხსენიება და ისინი თითქმის არ განირჩევიან ერთმანეთისგან სიმბოლურ-ალეგორიული დატვირთვით:

ა) „ვეფხისტყაოსანი“: „ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა!“;

ბ) აკაკი წერეთელი: „კავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული“;

გ) ვაჟა-ფშაველა: „არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა“…

დავალებები ჯგუფური სამუშაოსთვის:

  1. ყვავ-ყორნის მითოსური სახე-სიმბოლო – ზოგადი ასპექტები;
  2. ყორნის სახე-სიმბოლო რომანტიკოსების შემოქმედებაში (გრ. რობელიანი „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“, ნ. ბარათაშვილის „მერანი“, ედგარ ალან პოს „ყორანი“;
  3. ყვავ-ყორნის სახე-სიმბოლოები ქართულ ხალხურ ლექსებში „ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს“ და „ფხოველი და შავანელი“;
  4. ყორნის წინააღმდეგობრივი სახე გალაკტიონის სიმბოლისტურ ლირიკაში;
  5. ყვავ-ყორანი, როგორც სიკეთის ჰიპოსტასი გოდერძი ჩოხელის მოთხრობებში: „ყორანი“, „საზიარო ყვავი“ და „ყვავი“.

მთავარი, რაც ჯგუფური სამუშაოს შედეგად შექმნილ პროდუქტებში უნდა გამოჩნდეს, არის ყვავისა და ყორნის სახე-სიმბოლოები ქართულ და უცხოურ მითოსურ წარმოდგენებში. ამ ფრინველთა ორსახოვანი ბუნება, რომ ისინი წყვილად იხსენიებიან და იდენტური სიმბოლურ-ალეგორიული დატვირთვა აქვთ. გვევლინებიან როგორც უბედურების, დეპრესიის, გმირის სულიერი ტკივილის მაცნედ, ასევე გონიერების, ინტელექტის, ხედვის, ცოდნის სიმბოლოებად.

გრიგოლ ორბელიანის ლექსის „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ შავი ყორანი (გავიხსენოთ მისი სახე ტექსტიდან: „ვაჰ, თუ რაც წახდეს, ვეღარა აღსდგეს, ვეღარ აყვავდეს ახლის შვენებით და რაც დაეცა, ის წარიტაცა შავმან ყორანმან, ვით უმწე მსხვერპლი?!“) ძალიან ჰგავს ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერნის“ „თვალბედით შავ ყორანს“, ნავსს, საბედისწეროს, ლირიკული გმირის გამჩხიბავს: „მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი“… სასოწარკვეთილ გმირს თავგანწირულის სულისკვეთებით ქროლვის ჟამს საშინელის მოლოდინი აქვს და იქაც შავი ყორანი გამოჩნდება, როგორც მისი მესაფლავე: „შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის“… „მერანი“ 1842 წელს დაიწერა, სამი წლის შემდეგ იშვა ედგარ პოს „ყორანი“, რომელიც მსოფლიო ლირიკის უკვდავ შედევრად ითვლება დღემდე. გივი ბოჯგუამ წიგნად გამოსცა პოს ამ ლექსის 21 ქართული თარგმანი, რომელთა შორისაც არის ვაჟა-ფშაველასეულიც. ვაჟას ის ლეონიდ ობოლენსკის რუსული თარგმანის მიხედვით შეუქმნია (წყარო: მალხაზ ხარბედია, „ედგარ პოს „ყორანი“, რადიო თავისუფლება, 2.10.2011).

ბარათაშვილის ყორნის მსგავსი მისტიკური, ბნელი, ამაოებაზე დამაფიქრებელი და ნიჰილიზმის მთესველია ედგარ ალან პოს ყორანი… ლექსის დასასრულ ის ასე შემზარავად გამოიყურება და თავზარს სცემს ლირიკულ გმირს: „მზერაც თითქოს გაუქვავდა, მეოცნებე დემონს ჰგავდა და მის ჩრდილქვეშ ვიგრძენ კვლავ და მივხვდი, სული უნდა ძრწოდეს,
ყორნის ჩრდილში ჩაფერფლილ სული მარად უნდა ძრწოდეს და არ აღდგეს არასოდეს!“ (ლიტერატურული საიტი „ურაკპარაკი“, მთარგმნელი ალექსანდრე ელერდაშვილი, 6.03.2016).

ხალხურ ლექსებში „ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს“ და „ფხოველი და შავანელი“ ყორანი სიკვდილის, უბედურების მაცნეა. ბაცალიგო დუშეთში, არაგვისა და გუდანისწყლის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე შეფენილი ხევსურული სოფელია… ეს მიკროკოსმოსი სამყაროს ხატია, ყოფის წარმავლობისა და ამაოების გამოხატულებაა თინიბექაურთ ციხის დასკდომა, ასევე თინიბექაის სიკვდილი… „ზედა ზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა, შიგა წევს თინიბექაი, გულსუწადინოდ კვდებისა, გვერდს უზის ცოლი ლამაზი, სანთელივითა დნებისა“… ფხოველისა და შავანელის ბალადაშიც ყორანი ჭკვიანი, მაგრამ შემზარავი მსაჯული. ის დასცინის მტრობით გულანთებულ ფშაველსა და მოხევეს (შავანელს), თან მათი სისხლით თვრება: „…ცითა მოვიდა ყორანი, მაგათ ნაომარს დახყვაო, ჯერა დაითვრა სისხლითა, მერე ლეშ ჭამა, გაძღაო. ადგა და ისევ წავიდა, მაგათ ვაგლახი დასცაო: ორნივ ყოფილან უჭკონი, ერთმ მაინც რად არ დასთმაო”…

მოსწავლეთათვის სიურპრიზი აღმოჩნდება იმის გააზრება, როგორ აცოცხლებს ყვავ-ყორანს გოდერძი ჩოხელი, საქართველოს მთიანეთის მითოსითა და ტრადიციებით ნასაზრდოები მისი ტექსტები გვიხატავენ ყვავ-ყორნის სრულიად განსხვავებულ სახეებს. ჩოხელის ჰუმანიზმი იმდენად ღრმა და კოსმიური ჰარმონიით შთაგონებულია, რომ მას ყვავ-ყორნის გაკეთილშობილებაც კი შეუძლია. მწერალი თხრობას ასე იწყებს: „ფრინველებიდან ყველაზე მეტად ბეღურები და ყვავები ერთგულობენ გუდამაყრელებს“… ყვავი ფხუკიას დაუმეგობრდა. ჯერ ხონჩიდან ყველი ააცალა, ნელ-ნელა დაუახლოვდა, მის ფრაზებს იმეორებდა, მერე კი ჩვეულებრივ ემასლაათებოდა მეგობარს. აქ სასტიკები და გულბოროტები არა ყვავები, არამედ ადამიანები არიან – ეფროსას და ვალიკოს ყვავის ატანა არ შეუძლიათ, „მოკალით ე ყვავი, თორო ომი დაიწყებაო“, – ცრურწმენებს იყვნენ აყოლილნი. ვალიკომ კიდევაც თოფი ესროლა ფხუკიას ყვავს. ტყვიამ ერთი ფეხი მოაცალა ყვავს და ისიც ჯერ კი მოწყვეტით დაეცა, მაგრამ მერე ცის ლაჟვარდებს შეერია… გული დაწყვიტა გუდამაყრელებს მისმა გადაკარგვამ. ფხუკიას მეზობლები წუხდნენ, „მათ რაღაც დიდი დაკარგეს ამით“… „სად უნდა წასულიყოო?“ – ეკითხებოდნენ ფხუკიას… „ალბათ დედამიწიდან გადაფრინდაო“, – თქვა ერთხელ ფხუკიამ. მეზობლებს ბევრი არაფერი ესმოდათ ფხუკიასი, მაგრამ ფხუკიასნაირ უცნაურ ადამიანებს ესმით სწორედ სამყაროს ენა, ჩიტების ენა, ყორნების ენა… და გოდერძი ჩოხელს ესმის ფხუკიასნაირებისა და ყვავების ენა… მის სხვა ნოველაში, რომელსაც „ყორნები“ ჰქვია, ორი კუპრივით შავი ყორანი ცხოვრობს. „ყოეს“ ძახილით დაუყვებიან ხეობას, თითქოს ამოწმებენ, ვინმეს რამე ხომ არ უჭირსო… „კი არ მოფრინავდნენ, მოცურავდნენ ცაში დინჯად, თავის სიზვიადეში დარწმუნებულნი და თუ ხეობაში ჯანღი იყო დაწოლილი, „ყოეს“ ძახილით უხმობდნენ ერთურთს და შავი ფრთებით რძისფერ ნისლებსა ხევდნენ. რაც თავი მახსოვს, ასე იყვნენ. მე კი არა, ჩემი წინაპრებიც იძახოდნენ, ვისობახნისანი არიან, რაც დავიბადეთ, ეგენი სულ ეგრე დაფრინავენო“… ეს მაგიური აბზაცი საკმარისია, რომ მწერალმა ეს არსებები შეგვაყვაროს. მოხუცები გულთმისნებს ეძახდნენ… ვინმეს რომ საქონელი დაეკარგებოდა, ცაში იყურებოდნენ სოფლელები და სადაც ყორნები „ყოეს“ იძახდნენ, სწორედ იქ პოულობდნენ ნადირისგან დაგლეჯილ ან კლდეზე გადაჩეხილ საქონელს. ერთ დღესაც სოფლელებმა გაიგეს, რომ ზოოპარკში ყორანი არ ჰყავდათ და სამას მანეთს პირდებოდნენ, ვინც მიუყვანდა. დაერივნენ საფანტებიანი თოფებით ყორნებს და ერთი დაჭრეს, მარჯვენა მხარი გადაუმტვრიეს… მეორე დღეს ზოოპარკში უპირებდნენ წაყვანას, მაგრამ ლაღმა ფრინველმა თავისუფლების შეზღუდვას ვერ გაუძლო და დილას გაფიჩხული დახვდათ, ხოლო მეწყვილე თითქმის მთელი წელი დაეძებდა მეგობარს და მერე ისიც გადაიკარგა… ხალხი დანაშაულს გრძნობდა მის წინაშე  და მის ხმაზე საშინელი სინანული იპყრობდათ. მიხვდენენ, რომ მეტი დაკარგეს, ვიდრე ზოოპარკში აღებული ფული. „იმ დღიდან იმ ვიწრო ხეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაცა რიტმი დაიკარგა“… „შავ კლდესა შავი ყორანი ჩავა და ჩაექანება“, – მღეროდნენ სოფლელები და ამ წამღერებასაც ხევხუვები იტაცებდნენ.

მოთხრობა „საზიარო ყვავის“ გმირი ორი ყვავიც გულთმისანია. სოფლის დეკანოზი ბუთულა  ჩოხელი შუღლიანთ მახარას უჩივის სასამართლოში, ჩემი ყვავი მიისაკუთრაო. მოსამართლე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე,  მექრთამე და უსამართლოა. ამიტომაც ბრძენმა ყვავმა ყველაფერი უკუღმა შეატრიალა და თავად გამოუტანა განაჩენი უსამართლოს: სახალხოდ ზედ ქუდზე დააჯდა, დასჩხავლა, დაასკინტლა და გაფრინდა… ახლა უსამართლო შურისმაძიებელიც გახდა და შემარცხვენელი ყვავის მიყვანას ითხოვდა. რადგან საზიარო ყვავს ვერ იჭერდნენ, სოფლელებმა სხვა ყვავის მიყვანა გადაწყვიტეს მოსამართლესთან. სოფლის ბოლოში მცხოვრები ბებერი ყვავი ისე ენდობოდა სოფლელებს, არც კი უცდია მათგან გაფრენა, არ ეგონა, თუ რამეს დაუშავებდნენ.

გოდერძი ჩოხელის ნოველების ყვავ-ყორნები სიკეთის ჰიპოსტასებად გვევლინებიან და ამართლებენ მასწავლებლის მიერ წარდგენილ ერთ-ერთ რესურსში (III) გადმოცემულ მთის ხალხის თქმულებებს.

სინთეზირების უნარების განსამტკიცებლად საინტერესოა იმის გააზრებაც, რომ ორსახოვანია ყორნის სახე-სიმბოლო გალაკტიონის შემოქმედებაშიც. მისი ლექსის („შავი ყორანი“) სათქმელი ახლოსაა ედგარ ალან პოსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებში გაცოცხლებულ ყორანთან. გალაკტიონი ისედაც თვლიდა თავს ბარათაშვილის პოეტური ტრადიციების მემკვიდრედ. მის ლირიკულ გმირსაც, რომელიც პოეტის ალტერ ეგოდ გვევლინება, სწორედ ისევე მისდევს შავი ყორანი, როგორც „მერნის“ მთავარ მხატვრულ სახეს:  „გზაზე მივდივარ… მსურს გავარკვიო გასავლელი გზის სივრცე უცვლელი; შავი ყორანი ისევ მომჩხავის: შორს ნუ გასცქერი… შორს ნურვის ელი!”. აქვე იელვებს სახე-ხატი ედგარ პოს დაკარგული სატრფოს, ლენორისა, რომლის პოვნის იმედსაც ყორანი უკლავს ლირიკულ გმირს.

დაახლოებით ასეთივე პოეტური სემანტიკით ცოცხლდება ყორნის სახე გალაკტიონის ნაკლებად ცნობილ ლექსში „ყორანი“:   „ყოველთვის მგონია: გადიფრენს ყორანი

და სანთლებს ჩააქრობს თვალების ალვაში;

თვალები, ეს ლოცვით დამწვარი ქალ-ვაჟი,

წვალებით მოკვდება (ოხვრა, პასტორალი)”…

სულ სხვა დატვირთვისაა იგივე სახე-სიმბოლო ლექსში „ყორანის ცრემლები“: „ყორანს ცრემლით უმძიმს უპე – როგორც შავი ყვავილი; – დავიღუპე, დავიღუპე, – ისმის მისი ჩხავილი“. აქ ეს ლირიკული გმირი ფანტასმაგორიულია, ამასთანავე, ავტორისა და მკითხველის თანაგრძნობას იმსახურებს.

მოცემული თემა მრავალმხრივ შეუწყობს ხელს მოსწავლეთა სახეობრივი აზროვნების უნარების განვითარებას, რადგან ამ კონკრეტულ სახე-სიმბოლოსთან შეგვიძლია დავაკავშიროთ უამრავი ავტორი, სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ტექსტი, განსხვავებული აღმქმელობა და იდეები.  იძებნება მდიდარი საკვლევი მასალა ამ თემის გარშემო, რაც კვლევისა და ანალიზის უნარების განვითარებაში დაგვეხმარება. მთავარია, ბავშვებს გავააზრებინოთ, რომ ლიტერატურულ ტექსტებში ცოცხლდებიან მრავალპლანიანი მხატვრული სახეები. მსოფლიო ლიტერატურა იცნობს განსაკუთრებით პოპულარულ სახე-სიმბოლოებს, რომელთა შორისაც ყორანი ერთ-ერთი გამორჩეული და დამაინტრიგებელია.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი