პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სტანდარტის შიში და ცოტა რამ ჩემი გამოცდილებიდან

I ნაწილი

უკვე ძალიან ბევრი დღეა ამ საკითხზე ვფიქრობ. მხოლოდ ვფიქრობ არა, ვდარდობ კიდეც. მერე ისე აეწყო, კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა, იქ  ამ თემას შევეხე, ინტერვიუ მთხოვეს, იქაც ვერ ავუარე ამ პრობლემას გვერდი – მალე საშუალო საფეხურის სტანდარტი დაიდება. შეიცვლება თუ არა მასში რაიმე? თაობები იცვლება, მათი ინტერესები, მოლოდინი, მზაობა განწყობა სრულიად სხვაგვარია, სწავლებაში მიდგომები და დამოკიდებულებებიც მკვეთრად შეიცვალა. ნუთუ პროგრამის გადახედვის, ცვლილების დრო არ დადგა? კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვიტრიალებთ   მოჯადოებულ წრეზე?

ეს არ არის მხოლოდ ჩემი სადარდებელი. ჩემ გარშემო ბევრი ფილოლოგი, რომლებიც ქართულ ლიტერატურას საშუალო საფეხურზე ასწავლიან, ჩივის, რომ ძალიან ძნელია ამ მოცულობის, ქრონოლოგიურად დალაგებული და ამის წყალობით ერთად თავმოყრილი ურთულესი ტექსტებით სიღრმისეულად ასწავლო ქართული ლიტერატურა თანამედროვე ბავშვს, აღუძრა ძალდაუტანებელი ინტერესი და რაც მთავარია, შეაყვარო.

მაშინ, როცა უკვე განსაზღვრულია 21- ე საუკუნის ადამიანის აუცილებელი უნარები (სრულიად განსხვავებული წინა საუკუნისაგან), როცა სწავლა-სწავლების პროცესში უდიდეს ადგილს იკავებს მედიასაშუალებები და ტექნოლოგიები, არ გადაიხედოს პროგრამა, მე წარმოუდგენელი მგონია.

ამ გადახედვაში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ჩვენი კლასიკური ლიტერატურის მეორე პლანზე გადატანას, გამარტივებული, ადაპტირებულ – დაღეჭილი ტექსტების მიწოდებას… გარდა იმ თემებისა დანახვებისა, რომლებიც მარადიულია და ყოველ საუკუნეში თავისებურად იჩენს თავს, ძველი ქართულის სწავლების ხიბლი ისიც მგონია, 21-ე საუკუნის ბავშვს რომ შეუძლია მე-5 საუკუნის ტექსტი გაიგოს, რუსთაველის ენის სილამაზე და სირთულე ერთდროულად აღიქვას… ძველ სიტყვებში დამალული ერის სულის, ხასიათის ამოკითხვა შეძლოს, მათი დაძველებისა თუ სახეცვლილების მიზეზებზე დაფიქრდეს… ამასთან ვთვლი, რომ სრულიად განსხვავებული ესთეტიკის კლასიკური ტექსტები ბავშვს კომპეტენტურმა ადამიანმა ( ამ შემთხვევაში, მასწავლებელმა)  უნდა მიაწოდოს, რადგან მან იცის, რა აქცენტები გამოკვეთოს, როგორ გაუადვილოს გაგება და გათავისება…

ოღონდ ეს ყველაფერი უნდა მივაწოდოთ მოზომილად, თანამედროვე ლიტერატურასთან კონტექსტში, რათა ბავშვმა, რაც შეიძლება, ბევრი პარალელი გაავლოს, ადვილად დაუკავშიროს თავის ყოფას, ინტერესებს და არ გაუჩნდეს განცდა, რომ ქართულის გაკვეთილზე სხვა საუკუნეში ცხოვრობს სრულიად უცხო პრობლემებით და გარეთ სხვა საუკუნეა … მეტყვით, რომ ამის გაკეთება მასწავლებელს არავინ უშლის. მართალია, როგორც რიგითი მასწავლებელი, მეც ვცდილობ, მიუხედავად გადატვირთული პროგრამისა, არასაპროგრამო თანამედროვე ტექსტები შევაშველო ბავშვებს. მაგალითად, ,,ვეფხისტყაოსნის“ სწავლისას ყოველთვის სიამოვნებით კითხულობენ თანამედროვე მწერლის, ირაკლი ქასრაშვილის, „მონას“,  რომელიც საოცარ თანაგანცდას უჩენს მკითხველს მეორეხარისხოვანი პერსონაჟების მიმართ. როცა ,,კაცია- ადამიანს“ სწავლობენ, აუცილებლად ვაკითხებ აკა მორჩილაძის პოსტმოდერნულ მოთხრობას ,,მოგზაურობა კახეთში 1855“, რომელიც სულ სხვაგვარად დანახულ პერსონაჟს აცნობს მკითხველს და აფიქრებს, რა მნიშვნელობა აქვს ეპოქას, რომელშიც ნაწარმოები იქმნება… და ა. შ.  ჩემი ამოცანაა, დავიხმარო მათთვის ასე ახლობელი თანამედროვე ტექსტი და დავანახვო, რამდენად ცოცხალი და აქტუალურია კლასიკური ლიტერატურა. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ბავშვის უდიდესი დატვირთვის ხარჯზე.

თუ დაწყებით და მეტნაკლებად საბაზო საფეხურზეც მასწავლებელს აქვს არჩევანის უფლება, რადგან სტანდარტით გათვალისწინებული ტექსტების რაოდენობა შედარებით მცირეა, საშუალო საფეხურზე გრძელია ეს ჩამონათვალი, რომელშიც შედის საკმაოდ რთული და დიდი  ტექსტები. ამიტომაც არც სახელმძღვანელოების ავტორების და შესაბამისად, არც მასწავლებლების არჩევანის ადგილი აღარ რჩება.

რატომ არ შეიძლება, „ ვეფხისტყაოსანი“ ისწავლებოდეს ყველა კლასში ( მე-5 კლასიდან მოყოლებული), ასაკის შესაბამისად განმარტებული და მიწოდებული, თავების რაოდენობა იყოს ცოტათი შემოკლებული და გრძელდებოდეს სიუჟეტის მიხედვით ისე,  რომ მე-12 კლასში მოსწავლეს ტექსტის მხოლოდ ნაწილი ჰქონდეს დარჩენილი შესასწავლად, სამაგიეროდ, წინა კლასებში შესწავლილი იდეურად შეკრას და ძირითადად, ტექსტის მრავალმხრივ ღირებულებებზე იმუშაოს მასწავლებელთან ერთად?

რატომ არ შეიძლება, გადანაწილდეს ჰაგიოგრაფია სხვადასხვა კლასში და მათში ასახული პრობლემების გაგრძელება თანამედროვე ტექსტებში იპოვონ მოსწავლეებმა?

ჩემი აზრით, „დავითიანსაც“ ისე ვასწავლით, ბავშვს მხოლოდ დაძლეული (თუ დაუძლეველი?) სირთულის განცდა ამახსოვრდება და არა სრულიად განსხვავებული ხმის პოეტის გამორჩეული ტექსტი. რატომ არ შეიძლება, ვასწავლოთ უფრო მცირე მონაკვეთები, მაგრამ მწერლის ენაზე, მხატვრულ ღირებულებებსა და პრობლემათა, თემათა მრავალფეროვნებაზე დავაფიქროთ მშვიდად და აუჩქარებლად?

რას აძლევს ბავშვს ერთი კლასში 2 რომანის სწავლა ( სხვა უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებთან ერთად), როცა გამოცდილება გვეუბნება, რომ კარგად მიწოდებული ფრაგმენტები მკითხველში თავისთავად აღძრავს მთლიანი ნაწარმოების წაკითხვის სურვილს? რატომ არ შეიძლება, სრული რომანი კლასგარეშე წასაკითხ სარეკომენდაციო ჩამონათვალში შევიტანოთ?

 

ზემოთ მოყვანილ მოსაზრებებს ოპონენტებიც საკმაოდ ჰყავს (კარგად მახსოვს, როგორ დადგა ფეხზე საზოგადოების დიდი ნაწილი, როცა ძველი ქართული ტექსტები ცოტათი შეამოკლეს).

 

ხშირად მესმის მეტისმეტად წყალშემდგარი არგუმენტი: „ჩვენ ხომ ვსწავლობდით?!“. კი, ჩვენ ვსწავლობდით, უფრო ადრე იყო დრო, სულ სხვა, სრულიად არასაჭირო  რამეებსაც ასწავლიდნენ ბავშვებს და იმასაც მორჩილად სწავლობდნენ. მაგრამ ჩვენ  და ჩვენზე უფროსი ბავშვები სხვა ეპოქის შვილები ვიყავით, სულ სხვა სულიერი მოთხოვნილებებითა და სურვილებით. აქ მთავარი საკითხი, მგონი, ისაა, რომ სწავლების პროცესმა ფეხი აუწყოს დროს –  ძალიან დინამიკურ, ცვალებად, უამრავი ინფორმაციით, უცნაური მოვლენებითა და ინდიგო ბავშვებით სავსე 21- ე საუკუნეს! თუ ყოჩაღები ვართ, ამ ბავშვებს უნდა დავეწიოთ, მათი ინტერესები და მოთხოვნები გავითვალისწინოთ! ისე და იმდენი ვასწავლოთ, რომ მოერიონ კიდეც და  სიყვარულით,  ხალისით მიიღონ.

 

ბავშვების თვალებით ყურება ძალიან რთულია, მაგრამ განათლების სფეროში ჩართული ადამიანები ყველაზე მეტად უნდა ვცდილობდეთ ამას. მეც ვცდილობ შეძლებისდაგვარად. ამ შემთხვევაშიც, რომ დავრწმუნებულიყავი, საკუთარი უნიათობა ( ოპონენტთა ერთ- ერთი „მტკიცე“ არგუმენტი ესეცაა) არ მალაპარაკებდა და პრობლემა ნამდვილად არსებობდა, გადავწყვიტე, ბავშვებისთვის მიმემართა.

ჩემს მოსწავლეებს, სხვების მოსწავლეებს და ასევე უკვე სტუდენტებსაც ვთხოვე, ორ კითხვაზე ეპასუხათ არგუმენტირებულად:

1) შენი აზრით, უნდა ისწავლებოდეს თუ არა დიდტანიანი ნაწარმოებები სკოლაში? რატომ?

2) რამდენად კომფორტული იყო შენთვის ძველი ქართულის ერთ კლასში ანუ ქრონოლოგიურად სწავლა? დაასაბუთე შენი პასუხი.

 

პირველ კითხვაზე უფრო განსხვავებული პასუხები მივიღე: უმეტესობა თვლიდა, რომ  არა, არ უნდა ისწავლებოდეს, რადგან მოსაბეზრებელია მთელი თვის განმავლობაში ერთსა და იმავე ტექსტზე მუშაობა, როცა შესაძლებელია მსგავსი ტექსტების კლასგარეშე წაკითხვაც და იმავე თემებზე, უფრო მოკლე ნაწარმოებებით საუბარი, და იმავე მწერლის  უფრო მოკლე ნაწარმოებებით ან ამონარიდებით გაცნობა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ დიახ, დიდტანიანი ნაწარმოებები უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რადგან, ზოგადად, თანამედროვე ბავშვებს აშინებთ მოცულობითი წიგნები და მათ კითხვას სკოლაში თუ არ მიეჩვევიან, ისე არაფერი გამოვა.

 

მეორე კითხვასთან დაკავშირებით ფაქტობრივად ერთ პასუხზე თანხმდებოდნენ: კარგი იქნება, ძველი ქართული გადანაწილებული იყოს კლასების მიხედვით, ასე უფრო გაუადვილდებოდათ მათი შესწავლა და მეტი დროც ექნებოდათ ჩასაღრმავებლად. ახლა კი იმდენი რამ აქვთ მოსასწრები, დიდხანს ვერ ჩერდებიან ტექსტებზე.

თუმცა აქაც იყვნენ გამონაკლისები: მასწ, ისე ჩავყვინთე ამ ძველ ქართულში, მგონია, თანამედროვე ტექსტებს საერთოდ ვეღარ წავიკითხავო… გაიელვა ერთმა მოსაზრებამაც, რომ ქრონოლოგიური სწავლება იწვევს მიჩვევას, ბავშვები ეჩვევიან ძველ ტექსტებს და თუ თავიდან არაფერი მესმოდა, მერე თანდათან ყველაფერი ნათელი გახდაო.

 

საყურადღებოა ის, რომ რადგან ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ნებაყოფლობითი იყო, ძირითადად ისეთმა ბავშვებმა მიპასუხეს, რომლებსაც არც წერა ეზარებათ, არც კითხვა და ზოგადად, არც სწავლა. ცოტანი იყვნენ.

დანარჩენებს ან ფიქრი და წერა დაეზარათ, ან უბრალოდ ჩათვალეს, რომ მათთვის სულერთია, არც ერთს არ ისწავლიდნენ. სწორედ ასეთი მოსწავლეები უნდა იყვნენ ჩვენი ორიენტირი, მათ რა აინტერესებთ, ისინი რას დაძლევენ, როგორ ჩაერთვებიან სწავლების პროცესში, თორემ მაღალი შინაგანი მოტივაციის მოსწავლეებს, მე თუ მკითხავთ, მასწავლებელი და სახელმძღვანელო ნაკლებად სჭირდებათ, იმდენს მუშაობენ საკუთარ თავზე.

ზოგადად, ვფიქრობ, სამინისტროს მიერ მსგავსი, ოღონდ მასშტაბური კვლევის ჩატარებაც საჭიროა, რათა მშობლიური ლიტერატურის სწავლა, დაფასება სიყვარული ვალდებულებად კი არ ავკიდოთ ბავშვებს, პასუხისმგებლობა გავუჩინოთ მის მიმართ. უნდა ვასწავლოთ, რომ ნებისმიერი სიყვარული  და მათ შორის, მშობლიური ლიტერატურის ( და არა მხოლოდ) სიყვარულიც პასუხისმგებლობაა. ვალდებულება და პასუხისმგებლობა კი განსხვავდება ერთმანეთისგან: პირველი გარედან წამოკიდებული ტვირთია, რომელიც აწუხებს ადამიანს, ამიტომ ყოველთვის ეცდება, როგორც კი შანსი გაუჩნდება, მოიშოროს. პასუხისმგებლობა კი იმდენად ბუნებრივი ხდება, რომ სხვანაირად მოქცევა არ შეგიძლია: გიყვარს, აფასებ და უვლი კიდეც იმას, ვის ან რის წინაშეც გრძნობ.

 

 

II ნაწილი

 

ეს პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა დისტანციური სწავლების დროს. როცა შემცირდა გაკვეთილების რაოდენობა, როცა სწავლების ცოცხალი პროცესი სანატრელი გახდა, მუდმივ შფოთვაში გადამეზარდა ფიქრი,   როგორ უნდა მოვასწრო მეათე კლასში შეტანილი საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრული ურთულესი ტექსტები ისე, რომ ეკრანს მიღმა დარჩენილმა ბავშვებმა წაიკითხონ კიდეც, სათანადოდ გაიაზრონ, დაამუშაონ და ამ ტექსტების ძალა და ხიბლიც იგრძნონ. მით უმეტეს, რომ არც ტექსტებია ისეთი, არც მოსწავლეების ასაკი, რომ მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებად ქცეული აქტივობებით მიაღწიო მიზანს.

 

ჩემი გამოცდილებიდან ამოვკრიბე რამდენიმე  აქტივობა თუ დავალება, რომლებიც დამეხმარა, ბავშვებისთვის მეტნაკლებად საინტერესო გამეხადა ძველი ქართულის სწავლების პროცესი.

 

ცნობის ფურცელი აბოს თბილელის წამებასთან დაკავშირებით

 

შექმენი მოკლე ,,ცნობის ფურცელი”, რომელზეც ასახავ „აბოს წამებაში“ მომხდარ ამბავს ორივე მხრიდან: ქართველებისა და არაბების.

  • გაითვალისწინე ეპოქა;
  • შეარჩიე შესაბამისი ენობრივი სტილი;
  • ყურადღება მიაქციე ვიზუალს: თავად ფურცლის დიზაინი, შრიფტი, მოცულობა.
  • წარმოაჩინე ნაწარმოების შინაარსის ცოდნა.

 

რამდენიმე ნიმუში:

 

 

არაბი თვითმხილველი

 

წარმოიდგინე, რომ ხარ არაბი, რომელიც აბოს თანამედროვე თბილისში ცხოვრობს. წარმოაჩინე ნაწარმოებში ასახული მთავარი პრობლემა მისი თვალთახედვით. გაითვალისწინე მართლწერისა და პუნქტუაციის წესები.

ნაშრომი რომ სრულყოფილი გამოგივიდეს:

  • შეარჩიე კონკრეტული პერსონაჟი ტექსტიდან ( მაგალითად: ერთ-ერთი არაბი, რომელმაც აბო დააბეზღა… ან არაბი, რომელიც ტკბილი ენით ურჩევდა აბოს მაჰმადიანობაზე დაბრუნებას…);
  • აღწერე მისი და აბოს ურთიერთობა შენი წარმოსახვით;
  • წარმოაჩინე ნაწარმოების მთავარი პრობლემა, ფაქტები, მოვლენები, სხვა პერსონაჟები შერჩეული პერსონაჟის  ხედვის კუთხიდან.
  • გამოიყენე თხრობითი ტექსტის აუცილებელი მახასიათებლების (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასკვნა) ცოდნა.
  • წარდგენის შემდეგ ისაუბრე:
  • რა გავლენა იქონია მთხრობლის შეცვლამ ნაწარმოების თემისა და იდეის წარმოჩენაზე;
  • კონკრეტულად რა მინიშნებებს დაეყრდენი?

 

ნააზრევის მოსმენა – გაანალიზება, დაკავშირება ნაწარმოების მთავარ პრობლემასთან

ნაწარმოების დამუშავების შემდეგ მოისმინეს მწერალ, მთარგმნელ, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძის მოკლე მონოლოგი, რომელმაც საშუალება მოგვცა, 21-ე საუკუნეში არსებულ პრობლემებზე დაფიქრებულიყვნენ და მრავალმხრივ გაეაზრებინათ უჩვეულო ფაქტი, რომ „უცხოი უცხოთა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა შეემეცნა“. სამწუხაროდ, ეს ჩანაწერი ინტერნეტში ვეღარ ვიპოვე და ჩემი ელფოსტით გიზიარებთ ( იხ. ბმული). მოსმენასთან ერთად ბავშვებს უნდა ეპასუხათ ფორმსის ფორმატში შედგენილი კითხვებისთვის, რომლებიც მონოლოგის გააზრებაში დაეხმარებოდათ.

ფილმი და პარალელები ნაწარმოებთან

ფილმები ჩემი სწავლების განუყოფელი ნაწილია, ვთვლი, რომ ტექსტებში დანახული პრობლემების კინოენაზე გააზრება ძალიან ეხმარებათ მათ ანალიზის უნარის განვითარებაში, ზოგადად, სწავლის მოტივაციაც უმაღლდებათ ( რადგან მათთვის საყვარელი სფეროა კინო) და ხშირ შემთხვევაში, ლიტერატურის, ტექსტის ყოვლისშემძლეობასაც აღიარებენ. მეგობრებს ვთხოვე, დაესახელებინათ ფილმები, რომლებიც ადამიანის არჩევანს, პიროვნულ თავისუფლებას ეხმიანება. შემოთავაზებულთაგან ავირჩიე „მისტერ პიპი“

ცოტა მძიმე ფილმია, მაგრამ ძალიან კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის საკუთარი არჩევანი, ცხოვრებისეული გზა, ამ გზაზე შემხვედრი ადამიანები, რამხელა ძალა აქვს რწმენასა და ლიტერატურას.

 

გრიგოლ ხანძთელის გალაქტიკა

 

,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მთავარი პერსონაჟი თავად გრიგოლია, მაგრამ მასთან ერთად ნაწარმოებში ჩნდება სხვა ბევრი პერსონაჟიც. იმისთვის, რომ წარმოაჩინოთ და გაიაზროთ მათი მიმართება გრიგოლ ხანძთელთან, გთავაზობთ, შექმნათ თქვენი თვალით დანახული ,,გრიგოლ ხანძთელის გალაქტიკა“, მზის სისტემის მსგავსად, ელექტრონულ ფორმატში ( ვორდში, სლაიდის სახით, ფოტოშოპში ან პეინთში).

ა) მზის ადგილას გრიგოლი, ხოლო გარშემო ის პერსონაჟები, რომლებიც თანდათან ჩნდებიან ტექსტში – მათი ორბიტებზე განლაგებით გამოხატეთ თითოეულის მიმართება მთავარ პერსონაჟთან;

ბ) გარდა განლაგებისა, პერსონაჟები ანუ პლანეტები უნდა დანომროთ და ცალკე, ნომრების მიხედვით, უნდა დაწეროთ თითოეულზე მოკლე, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რა ადგილი უჭირავს ტექსტში ამა თუ იმ პერსონაჟს;

გ) შესაძლებელია, თითოეულ პლანეტა- პერსონაჟს ჰყავდეს თანამგზავრიც ( თუ საჭიროდ ჩათვლით);

დ) გაითვალისწინეთ, ორბიტების დამატება დაგჭირდებათ ტექსტის თანდათან გაცნობასთან ერთად.

ბავშვებმა ეს დავალება შეასრულეს, როცა ჯერ კიდევ ტექსტის მხოლოდ ნაწილი გვქონდა წაკითხული, ხოლო დასრულების შემდეგ ხელახლა მიუბრუნდნენ და შეავსეს გალაქტიკა. თითოეული დავალება განვიხილეთ გაკვეთილზე. გთავაზობთ მოსწავლის მიერ შექმნილ ერთ-ერთ სრულყოფილ ნიმუშს:


1, 2 – ნერსე ერისთავი და მისი ცოლი, რომლებმაც აღზარდეს  გრიგოლი. დედოფალი გრიგოლის მამიდაა.

3, 4, 5 – საბა, ქრისტოფორე და თეოდორე, მონასტრების მაშენებელი სასულიერო პირები, რომლებიც გრიგოლს ეხმარებოდნენ მისიის შესრულებაში.

6 – ხუედიოსი – ბერი, რომელიც ცხოვრობდა განმარტოებულად ხანძთაში და რომელმაც სიზმარში ნახა, რომ მასთან გრიგოლი მოვიდოდა და მონასტერს ააგებდა.

7 – დედა ფებრონია, რომელიც წავიდა სამცხედან და დასახლდა ხანძთაში, გრიგოლის მიერ აშენებულ დედათა მონასტერში – გუნათლის ვანში.

8 – ზენონი -მდიდარი ოჯახიშვილი, რომელმაც მთელი ქონება დას დაუტოვა და დედა ფებრონიას შემწეობით, რომელიც მისი ნათესავი იყო, გრიგოლის მოწაფე გახდა.

9, 10 – მამა ეტვფანე და მღვდელი მატოი, რომლებიც მოვიდნენ ქართლიდან და ხანძთის მონასტერში დასახლდნენ.

11 – მეფე აშოტ კურაპალატი, რომელიც მატერიალურად ეხმარება გრიგოლს  (მონასტერს სახნავ-სათესი მიწები აჩუქა).

12 – გაბრიელ დაფანჩული – აზნაური აშოტ კურაპალატის კარზე. ეხმარებოდა გრიგოლს მამათა და დედათა მონასტრების შენებისას.

13,14,15 – აშოტ კურაპალატის ვაჟები. 13 – ბაგრატი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მეფე გახდა. 14 – გუარამი, რომელმაც ჯავახეთის კრება მოაწყო. 15 – ადარნერსე, რომელმაც მეუღლე აფხაზეთში გაგზავნა, თვითონ ახალი ცოლი შეირთო.

16 – გრიგოლის მეგობარი, რომელმაც გადაწერა და იერუსალიმიდან ჩამოიტანა საბაწმინდის წესი.

17 – მირიან აზნაური, რომელმაც სამცხეში ჩასული ქრისტეფორე და თეოდორე მიიღო სტუმრად. 18 – არსენი, მირიანის ექვსი წლის შვილი, რომელიც დაიმოწაფეს ქრისტეფორემ და თეოდორემ. ჯავახეთის კრებაზე გრიგოლის დახმარებით გადაწყდა, არსენი კათალიკოსი გამხდარიყო.

19 – ეფრემი – ბიჭი, რომელიც გრიგოლმა დაიმოწაფა ქართლში ჩასვლისას. შემდგომში „მცხეთის ქართლისა“ კათალიკოსი გახდა.

20 – აფხაზეთის მეფე დემეტრე, რომელიც გრიგოლს უბისის მონასტრის შენებაში დაეხმარა.

21 – გრიგოლის დედა, რომელიც მერეს მონასტერში დასახლდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ იცხოვრა.

22 – აშოტის საყვარელი, რომელიც გრიგოლმა დედა ფებრონიასთან მიიყვანა.

23 – ადარნერსეს საყვარელი, რომლის გულისთვის მან თავისი ცოლი აფხაზეთში გაგზავნა.

24 – ადარნერსეს ცოლი (ანასტასია?), რომელიც მონაზონი გახდა. ქმარს აპატია ყოველივე და დალოცა კიდეც, რის შემდეგაც ადარნერსე მძიმე სენისგან განიკურნა.

25 – ცქირი, რომელმაც ანჩი დაიპყრო და გრიგოლის მოკვლა განიზრახა. 26 – გლახაკი კაცი, რომელიც ცქირმა დაიქირავა გრიგოლის მოსაკლავად.

 

სიტუაციური ამოცანები

სიტუაციურ ამოცანებს ხშირად ვიყენებ ხოლმე სწავლების პროცესში. ისინი მეხმარება, ინტერესი გამოვიწვიო ბავშვებში, აღიქვან ტექსტში ასახული პრობლემა ცხოვრებისეულად და შეხედონ კრიტიკული თვალით. თავიდან მე მივაწოდე რამდენიმე ნიმუში, მერე დავავალე, თავადაც შეექმნათ. ეს ამოცანები ემსახურებოდა იმ ბავშვების გააქტიურებასაც, რომლებსაც ტექსტი არ ჰქონდათ წაკითხული. ისინი ხალისით ერთვებოდნენ მსჯელობასა და გამოსავლის ძიებაში. მაგალითები:

  • ზენონი

იყო ერთი ახალგაზრდა, შეძლებული და წარჩინებული ოჯახის შვილი. თავიდანვე რელიგიურად აღზრდილს ბერობა უნდოდა. მშობლები ადრე გარდაეცვალა. მას განზრახული ჰქონდა, რომ მთელი ქონება დისთვის დაეტოვებინა და თვითონ ბერად წასულიყო უცხო მხარეში. მაგრამ ეშმაკს არ ეძინა. მისი და შეაცდინა უკეთურმა კაცმა და შავშეთში გაიტაცა. რა უნდა ექნა ზენონს? თუკი იმ კაცს დაედევნებოდა, შეიძლება, მოეკლა კიდეც და სულს სამუდამოდ დაიმძიმებდა უდიდესი ცოდვით. რომ არ გაჰკიდებოდა, შერცხვენილი იქნებოდა.

თქვენი აზრით, რა გზას აირჩევს ზენონი და რატომ?

 

ქრისტეფორე და თეოდორე

ა) ისინი გრიგოლ ხანძთელის განუყოფელი სულიერი ძმები იყვნენ. ერთად წამოვიდნენ ქართლიდან და ერთადვე ჩაუყარეს საფუძველი ხანძთის მონასტრის შენებას. დროთა განმავლობაში თითოეულ მათგანში უფრო და უფრო იზრდებოდა სურვილი, რომ თვითონ, გრიგოლისაგან დამოუკიდებლად ჩაეყარათ საფუძველი ახალი მონასტრებისთვის. მაგრამ თავიანთი სულიერი ძმისა და მოძღვრის, გრიგოლის ერიდებოდათ. აღარ იცოდნენ, რა ექნათ: არც ,,საღმრთო შური“ ასვენებდათ და ვერც გრიგოლს შეჰბედეს, ეს უცნაური სურვილი გაემხილათ.

  • როგორ ფიქრობთ, როგორ მოიქცევიან ისინი?

ბ) გრიგოლის თანამოძმეები, ქრიტეფორე და თეოდორე გაიპარნენ მონასტრიდან. მათ გრიგოლისაგან დამოუკიდებლად სურდათ მონასტრების აშენება და თავიანთი მიზნის მისარწევად აფხაზეთში გაემგზავრნენ. გრიგოლი ამის გაგებისას ,,შეწუხნა ფრიად“ ანუ დასევდიანდა, ეწყინა. თქვენი აზრით, როგორ მოიქცევა გრიგოლი, ,,მოღალატეებზე“ , რომლებმაც მეგობარსა და მოძღვარს დაუმალეს თავიანთი განზრახვა, გულს აიცრუებს თუ აპატიებს. თვითონაც ხომ გაიპარა სახლიდან მაშინ, როცა მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ? ჩათვლის საჭიროდ მათ მოძებნას თუ არა? თუ ასეა, თვითონ გაემგზავრება საძებრად თუ სხვას გააგზავნის? დაასაბუთეთ თქვენი პასუხი.

საბა იშხნელი

ხელმწიფეს გრიგოლმა მოახსენა საბა იშხნელის კარგი საქმეების შესახებ- მან აღადგინა იშხნის მონასტერი და წინამძღვრობდა. მეფეს ძალიან გაუხარდა ასეთი ადამიანის არსებობა და მისი გაცნობა მოიწადინა. დაწერა წერილი და ღირსეული ადამიანის ხელით გაუგზავნა საბას, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ მან მეფესთან სტუმრობაზე უარი განაცხადა. მოციქულებმა უთხრეს აშოტს: „ არა ჰნებავს კაცსა მას ღმრთისასა მოსვლაი აქა“

ა) თქვენი აზრით, რატომ უნდა განეცხადებია საბას უარი მეფესთან მისვლაზე?

ბ) როგორ ფიქრობთ, როგორ მოიქცეოდა ხელმწიფე?

 

საბოლოოდ საბა მაინც მივიდა სამეფო კარზე.

 როგორ ფიქრობთ, რა გარემოებებმა განაპირობა ეს.

 

გრიგოლ ხანძთელი და ანიმაცია ,, ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“

ეს ანიმაციას აქტიურად იყენებენ სამოქალაქო განათლებისა და გეოგრაფიის სწავლებისას.

რადგან ისევ ონლაინგაკვეთილი უნდა ჩამეტარებინა და 9 საათზე ეკრანებთან ჯდომა და საგაკვეთილო განწყობის პოვნა განსაკუთრებით უჭირთ ბავშვებს, მინდოდა, რაიმე მულტიმედიური აქტივობა შემეთავაზებინა. უცებ ამომიტივტივდა თავში ეს ანიმაცია, მას გაკვეთილზე ერთად ვუყურეთ, ვისაუბრეთ, მერე სახლში სამუშაოდ მცირე აქტივობა მივეცი საკვანძო საკითხებზე დასაფიქრებლად და ამის შემდეგ შეასრულეს ასეთი დავალება:

 

უყურე ანიმაციას ,, ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“, დაუკავშირეთ ის იდეურად ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“  და დაწერე ანალიტიკური ესე ( ანალიზი).

ნაშრომი რომ სრულყოფილი გამოგივიდეს:

  • ჩამოაყალიბე, რა არის ანიმაციის მთავარი თემა და სათქმელი;
  • გაავლე პარალელი და იმსჯელე, რა იდეური კავშირია ანიმაციასა და „ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“ შორის;
  • ისაუბრე, რა მსგავსებაა ანიმაციის მთავარ გმირსა და გრიგოლ ხანძთელს შორის. ნაწარმოებიდან მოიყვანე ციტატები.
  • გაითვალისწინე ესეს სამნაწილიანი სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა;

 

სულხან- საბა 21-ე საუკუნეში

წარმოიდგინე, რომ სულხან-საბა ორბელიანი 21-ე საუკუნეში აღმოჩნდა. ჩამოაყალიბე ანალიტიკური ესეს ( იგივე ანალიზი) ფორმით, რას შეცვლიდა ის თავის წიგნში „სიბრძნე სიცრუისა“ ჩვენი საუკუნის ფასეულობების, ინტერესებისა და პრობლემების გათვალისწინებით, რას დატოვებდა უცვლელად.

ნაშრომი რომ სრულყოფილი გამოგივიდეს:

  • დააკვირდი ამ თვალით როგორც სიუჟეტსა და პერსონაჟებს, ისე იგავ-არაკებსაც;
  • თითოეულ სავარაუდო ცვლილებაზე/ უცვლელობაზე ისაუბრე 21-ე საუკუნის ჭრილში და დაასაბუთე მისი აუცილებლობა;
  • გაითვალისწინე სულხან-საბას ინტერესები, დამოკიდებულებები და პიროვნული მახასიათებლებიც ( ბიოგრაფიიდან გამომდინარე);
  • ნაშრომს უნდა ჰქონდეს სამნაწილიანი სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა.

 

„სიბრძნის დღიურები“ „სიბრძნე სიცრუსას“ მიხედვით

 

  • ,,სიბრძნე სიცრუისას“ შესწავლასთან ერთად უნდა გააკეთოთ მცირე ჩანაწერები შემდეგ საკითხებზე:
  • რას გასწავლით ესა თუ ის ეპიზოდი, ესა თუ ის იგავ-არაკი?
  • თქვენთვის მისაღებია თუ არა, მოგწონთ თუ არა ის, რასაც გასწავლით? რამდენად აქტუალურია ის თანამედროვე ცხოვრებაში?
  • რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ თქვენი ან სხვისი ცხოვრებიდან/ ლიტერატურიდან/ ფილმებიდან?

გაითვალისწინეთ დღიურის მახასიათებლები:

  • ა) თითოეული ჩანაწერის დათარიღება;
  • ბ) წერის უშუალო და გულწრფელი სტილი, თითქოს მხოლოდ საკუთარი თავისთვის წერთ.

მოსწავლეები პერიოდულად ავსებდნენ დღიურს და კვირის ბოლოს გაკვეთილს მხოლოდ დღიურების განხილვას ვუთმობდით.

 

ჩვენ კი ვაგრძელებთ, მაგრამ ეს უუუუგრძესი წერილი აქ მაინც უნდა დავასრულო და გიტოვებთ რამდენიმე მოკლე ამონარიდს მოსწავლეების დღიურებიდან ( თითოეულის სტილი დაცულია):

 

  • 13 დეკემბერი

„მეფე ხორასნისა“

იგავ- არაკი იყო საინტერესო და მე კი ვეთანხმები იმას, რომ სიკეთე დაგიბრუნდება, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება. არის, როცა ადამიანს რამდენი სიკეთეც არ უნდა გაუკეთო, მაინც არაფერს იზამს. მე მჯერა ამ სიტყვების, მაგრამ ახლანდელ დროში ეს ძალიან იშვიათად ხდება…

  • 17 დეკემბერი

„ არცარა ენის უტკბესი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასა“ – აბსოლუტურად ვეთანხმები ამას, რადგან ადამიანის სიტყვებს დიდი ძალა აქვს. მათ შეუძლიათ ისეთი სიხარული და ბედნიერება მოგიტანონ ერთ დროს, სხვა დროს კი გაგანადგურონ. მხოლოდ ადამიანი ირჩევს რა დროს მიანიჭოს თავის ენას, ანუ ლაპარაკს, სიტკბო და რა დროს სიმწარე. ერთი და იგივე წინადადება სულ სხვანაირად შეიძლება მოგესმას, რადგან სხვადასხვანაირ კონტექსტში იქნება. ადამიანი უნდა ეცადოს, მოერიდოს მწარე სიტყვების გამოყენებას სხვების მიმართ, რადგან ჩემით ბევრჯერ მაქვს გამოცდილი და ვიცი, რომ ეს შენ შეიძლება დაგავიწყდეს, მაგრამ სხვას გულში დიდი ხნით დარჩება.

—————————————————————————————————-

17.12.20

ვფიქრობ, რომ სულხან- საბას ზედმეტად ბევრი ჰიპერბოლა აქვს გამოყენებული. შეეძლო უფრო რეალურად შეეფასებინა პერსონაჟები, მაგრამ ჩემთვის მაინც მისაღებია ლამაზი, ძველი ქართული, ყველაფრის დეტალურად აღწერა. მომწონს სახელები, როგორც შეურჩია პერსონაჟებს…

24.12.20

როგორ არ მინდოდა, ბევრი ვეცადე, მაგრამ  მაინც გამეცინა და ისე, რომ კარგა ხანს ვეღარ გავჩერდი. ეს საოცრება იყო, რადგან 7 ადამიანის ისტორია მოვისმინე და გავღიზიანდი სისულელეების გამო, მაგრამ მერვე ადამიანი ძალიან შემეცოდა და ამასთანავე ბევრიც ვიცინე. ჩემი აზრით, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ნამდვილად პრობლემა ჰქონდა, იყო ეს მე-8 პერსონაჟი. აწ თუ უნაღვლო ვიყო შენ გასინჯეო და მართლაც ნაღვლიანი ადამიანია.

——————————————————————————————————–

  • 12.2020

  ჯუმბერის ქცევა და სიტყვები ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე ლეონისა. თუმცა ეს „მე ვარ შენი საუნჯე, შენი განძი, შენი ლარი“ ცოტა ამპარტავნულად კი გამოუვიდა:)

სიმართლე რომ ვთქვა, უფრო სწორად, დავწერო, ვერ მივხვდი, რისთვის მოყვა ლეონმა იგავი „უსამართლო შირვან-შაჰი“. ანუ მეფე იმ შაჰს შეადარა? და კიდევ ეს ფრაზაა საინტერესო – „მათ მსგავსად, თუ ეგ თქვენი საჭურისი ცოცხალია, ბევრი ამისთანა დღე გარდამხდება“. რას ნიშნავს „თუ ცოცხალია“? იმას ხომ არ გულისხმობს ლეონი, თავიდან მოიშორე, რომ მე საწყალს არაფრის შემეშინდესო?!

09.01.2021 ღამის პირველის ნახევარი (რა ვქნა, ყველა კარგი იდეა ღამით მომდის თავში 🙂

ახლა, კარგა დასვენებულზე, გულახდილად შემიძლია დავწერო, რომ უკვე მომბეზრდა ლეონის მტრობა და ყველა მისი ქმედების გაკრიტიკება. არც რუქაა ისეთი ანგელოზი, მე რომ გამომყავს. ორივე ჩვეულებრივი ადამიანია და ისეთივე ამბივალენტურია, როგორც ყველა ჩვენგანი. ახლა მივხვდი, რომ სწორედ ამაშია ავტორის ოსტატობა – „სიბრძნე-სიცრუისას“ არც ერთი პერსონაჟი (რა თქმა უნდა, იგავ-არაკების პერსონაჟების გამოკლებით) არ არის ცალმხრივი, აბსოლუტურად ბოროტი ან აბსოლუტურად კეთილი. ეს კი, იმ პერიოდის ლიტერატურაში, მგონი, ძალიან იშვიათი შემთხვევაა (კლუბის ბოლო შეხვედრა მახსენდება, ლევან ბრეგაძე რომ გვყავდა სტუმრად. როგორც მისი სიტყვებიდან მახსოვს, ეს ნატურალურობა, ამბივალენტობა, ჩვეულებრივობა ლიტერატურის შედარებით ახალი მიმდინარეობებისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა სულხან-საბას პერსონაჟებს მაინც ვერ დავარქმევ ჩვეულებრივ ადამიანებს…).

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი