პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

„უნარ-ჩვევა“ – რას ნიშნავს უნარი? რას ნიშნავს ჩვევა?

უნარი – მიზნად

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცნება „უნარი“ ხშირად გვხვდება. დოკუმენტში არაერთხელაა აღნიშნული, რომ სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს გამჭოლი უნარები. ასევე – საბაზისო უნარები, დამოუკიდებელი სწავლის უნარი და სხვა. ნახსენებია უნარ-ჩვევებიც – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სავალდებულო ამ დოკუმენტში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებებია აღწერილი.

რას ნიშნავს უნარი? რას მოიაზრებს ეს ცნება? რამდენად გვაქვს გააზრებული, როგორ უნდა განვუვითაროთ გაკვეთილზე მოსწავლეებს ესა თუ ის უნარი?

განმარტება

განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, უნარი – ადამიანის თანდაყოლილი (ფიზიკური და ფსიქიკური) შესაძლებლობა, პოტენციალია. ადამიანის უნარების საფუძველს ქმნის გარკვეული თანდაყოლილი ნასახები, კერძოდ, ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები, ნერვული სისტემა, მემკვიდრეობითი თავისებურებები და ა.შ.; უნარი მხოლოდ შესაძლებლობის, მხოლოდ პოტენციის სახითაა მოცემული. ხოლო უნარის შემდგომი განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიეცემა ადამიანს ამ უნარის განვითარების შესაძლებლობა (მაგ. შესაბამისი წვრთნა, ცხოვრების პირობები და მოთხოვნები და სხვა ( წყარო: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]).

ამ განმარტების თანახმად, უნარი თანდაყოლილია და სწავლა-სწავლების პროცესში შესაძლებელია შემდგომი განვითარება. ამას განაპირობებს წვრთნა, ცხოვრების პირობები, მოთხოვნები, სხვა ფაქტორები.

გულწრფელად რომ ვთქვა, მაინც ბუნდოვანი რჩება, რა კონკრეტული მნიშვნელობა დევს ამ აღსანიშნში, რა კონკრეტული აღმნიშვნელების მომცველია ეს ცნება – უნარი.

როდესაც ვფიქრობ იმაზე, რას მინდა მივაღწიო მოსწავლეებთან არამარტო გაკვეთილზე, არამედ ზოგადად, სწავლა-სწავლების პროცესში ( რაც მოიცავს საგაკვეთილო დროის გარდა უამრავ სხვა აქტივობასაც), საფიქრალი ასე ფორმირდება:

მე მინდა მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ გარკვეული მიდგომა, გარკვეული ქცევის მოდელი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ არა მხოლოდ ტექსტის დამუშავების პროცესში, არა მხოლოდ ლიტერატურული კომპეტენციების გამოყენების პროცესში, არამედ ზოგადად – სამყაროს შემეცნების, საკუთარი თავის კვლევის, განვითარების, ცხოვრებისეული გამოცდილებების შეძენის გზაზე. მსურს მათ ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა, შეეძლოთ ამ ცოდნის გამოყენება და რაც მთავარია, სურდეთ შეცნობა, შემეცნება, იყვნენ მოტივირებულები კვლევისა და შემეცნებისთვის, თვითგანვითარებისთვის.

 

ვიცი, შემიძლია, მსურს!

„ვიცი, შემიძლია და მსურს“ – კეისრის ცნობილი გამონათქვამის კვალობაზე ასე ჩამოვაყალიბებდი ზედა აბზაცში გადმოცემულ მოსაზრებას და მაშინ სრულებით ცხადი ხდება, რას ვგულისხმობ, როცა ვამბობ – „საბაზისო უნარები“, „გამჭოლი უნარები“, „უნარ-ჩვევების გამომუშავება“.

„ვიცი, შემიძლია და მსურს“ ნიშნავს, რომ მოზარდი ადამიანი აღჭურვილია ცოდნით (თეორიული პარადიგმა, რომელიც განსაზღვრავს რა უნდა გავაკეთო და რატომ), შესაძლებლობით (მას შეეძლება იმის განსაზღვრა, სად რა ტიპის „ცოდნა“ გამოიყენოს და როგორ გააკეთოს ეს) და ამასთან, აქვს სამყაროს შემეცნების, თვითგანვითარების უწყვეტი სურვილი.

მხოლოდ ამ სამი კომპონენტის ერთობლიობა განსაზღვრავს „უნარ-ჩვევას“. ამ კომპოზიტის  მეორე შემადგენელი (ჩვევა) ნიშნავს, რომ მიღებული ცოდნა დაგროვებულ და „დაკონსერვებულ“ მკვდარ ცნებებად კი არ დარჩება, არამედ პრაქტიკულად გამოსაყენებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის მოცემულობად ჩამოყალიბდება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

სტივენ კოვი თავის წიგნში „The 7 Habits of Highly Effective People“ მიუთითებს, რომ ამ ყველაფერთან ერთად ადამიანს, რომელსაც სურს, თავისი შრომა შედეგიანი და პროდუქტიული გახადოს, უნდა ამოძრავებდეს ასევე წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებების გადალახვის სურვილიც, რადგან შემეცნების გზა ყოველთვის სახალისო არ არის. ზოგიერთ შემთხვევაში რუტინული საქმის კეთებაც გვიწევს, თუმცა თუ შეგვწევს იმის უნარი, რომ დასახული მიზანი ბოლომდე მივიყვანოთ, სირთულეები  დასაძლევ გამოწვევებად იქცევა, წინასწარ შემუშავებული რუტინა კი მძლავრ იარაღად.

რუტინა, ჩვევა

რუტინა ამ კონტექსტში უარყოფითი კონოტაციის სიტყვა არ გახლავთ. აღმნიშვნელს საგანმანათლებლო, განმავითარებელ და შემეცნებით ლიტერატურაში იყენებენ არა მოძველებულობის, შაბლონურობის, ჩამორჩენილობის ან სიახლის შიშის მნიშვნელობით, არამედ იმ მოქმედებების ერთობლიობის აღსანიშნავად, რომლებიც ხშირად მეორდება და აქვს გარკვეული თანმიმდევრობა. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც მიზნად აქვს დასახული ფიზიკური სხეულის გაჯანსაღება, ყოველდღურ რუტინაში ჩართავს განსაზღვრული დროით ვარჯიშს, სუფთა ჰაერზე სეირნობას, ჯანსაღ კვებას. დილის რუტინას, ამ შემთხვევაში, პირობითად, დაემატება 20 წუთიანი ვარჯიში შინ და 40 წუთიანი სეირნობა ნებისმიერ ამინდში. შედეგი თვალსაჩინო გახდება რამდენიმე კვირის შემდეგ.

თუ მიზნად დავისახავ წერითი მეტყველების გაუმჯობესებას, დღის რუტინაში აუცილებლად უნდა ჩავრთო წერა და კითხვა. მაგალითად, 15 წუთი კითხვა ( ძილის წინ) ან დღის განმავლობაში 15 გვერდი – სავალდებულოდ საკითხავად და 10 წუთიანი წერითი სავარჯიშო. თანმიმდევრული მიდგომის შემთხვევაში ეს ჩვევა რამდენიმე კვირის შემდეგ საგრძნობლად გააუმჯობესებს წერით მეტყველებას, აზრების მოწესრიგება და ფურცელზე „გადმოლაგება“ უფრო ადვილი გახდება, რადგან ყოველდღიური ვარჯიში შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

ჯულია კემერონი წიგნში „მხატვრის გზა“ ირწმუნება, რომ ყოველდღიურად, გაღვიძებისთანავე 3 ფურცლის შევსება ნაწერით რადიკალურად ცვლის ადამიანის აღქმას, ააქტიურებს შემოქმედებით უნარებს და თვითშემეცნებისა და თვითაღზრდისთვის შეუცვლელი დილის რუტინული დასაწყისია.

პროაქტიურობა

უნარისა და ჩვევების კომბინაცია სწორედ იმას უზრუნველყოფს, რასაც ვიქტორ ფრანკლი პროაქტიურობას უწოდებდა. ამ ცნების მნიშვნელობის გააზრებაც საინტერესოა. რას ნიშნავს პროაქტიური?

ცნება ავსტრიელი ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და ნევროლოგის, ვიქტორ ემილ ფრანკლის დამკვიდრებულია.

რას ნიშნავს?

პროაქტიურობა გულისხმობს გარემო პირობების მიუხედავად იმგვარად მოქმედებას, რაც სასიკეთოა, განმავითარებელია, არსებულის უკეთესობისკენ შემცვლელია. იმ არჩევანის გაკეთებას და მიყოლას, რაც სასარგებლოა, იმ ჩვევის გამომუშავებას, რაც სირთულეების დაძლევაში დაგეხმარება.

პროაქტიური ადამიანი ინიციატივასაც თავად გამოთქვამს და პასუხისმგებლობასაც იღებს საკუთარ თავზე, მიღებულ გადაწყვეტილებებზე. არ ეძებს თავის მართლებას გარემო პირობებში. ცვლის იმას, რისი შეცვლაც შეუძლია – საკუთარ თავს, მიდგომებს, ფიქრებს, განწყობას, მოტივაციას, ქმედებებს.

რა შემიძლია?

ვიქტორ ფრანკლი, რომელიც ებრაული წარმოშობის გამო ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში უმძიმეს პირობებში იყო, იხსენებდა, რომ ერთადერთი, რამაც ის გადაარჩინა და ცხოვრების გაგრძელების საშუალება მისცა, იმის გაცნობიერება გახლდათ, რომ მას  არ შეეძლო გარემო პირობების შეცვლა. საკონცენტრაციო ბანაკი ისეთი იყო, როგორიც იყო. მას შეეძლო, არ მიეცა უფლება და ნება ბანაკის მესვეურებისთვის, მისი მტანჯველებისთვის, დაპატრონებოდნენ მის გონებას და  ნებას – ეცოცხლა. სწორედ ამიტომ გააკეთა მან ერთადერთი თავისუფალი არჩევანი – არ დაეკარგა სიცოცხლის წყურვილი და გაეგრძელებინა ბრძოლა.

პროაქტიური ადამიანი

პროაქტიურ ადამიანს გააზრებული აქვს, რომ არის ისეთი გარემო ფაქტორები, რომელთა შეცვლაც მის ძალებს აღემატება. ამგვარი მოცემულობის შეცვლის მცდელობა ან ენერგიის „ხარჯვა“ იმაზე წუწუნში, რომ ეს ასეა და არ შეიცვლება, ფუჭი დროის კარგვაა. „ცუდი ამინდია და განწყობაზე მოქმედებს, დღეს ვერ ვიმუშავებ“, „მუზა არ მაქვს და ვერ დავწერ“, „სავარჯიშო დარბაზში ვერ მივდივარ და ამიტომ, ვარჯიში ჩამივარდება“ – პროაქტიური მიდგომის საპირისპიროა. ამის საპირწონედ  – „ამინდის შეცვლა არ ძალმიძს, მაგრამ ამის მიუხედავად გასაკეთებელს გავაკეთებ“, „მუზა – წარმოსახვაა. დასაწერი – დასაწერია. დავწერ 300 სიტყვას!“ , „სავარჯიშო დარბაზი დაკეტილია – წავალ, ჰაერზე ვივარჯიშებ. ტრენაჟორებს ვერ გამოვიყენებ, საკუთარი სხეულის წონას – კი“.

იმის მიუხედავად, რომ გარემო პირობების შეცვლა შეუძლებელია, პროაქტიური ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს, შეცვალოს უკეთესობისკენ ის, რისი შეცვლაც შესაძლებელია.

ის იღებს ინიციატივას, იწყებს ქმედებას, მიჰყვება მიზანს, აკეთებს არჩევანს. იყენებს შემოქმედებით მიდგომებს, იყენებს ყველაფერს, რისი მოხელთება და გამოყენებაც შეუძლია მიზნის მიღწევის გზაზე;

გააზრებული აქვს, რომ ქმედებასა და უმოქმედობას შორის პირველის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი მეტად ქმედითია, მოცემულობის  უკეთესობისკენ შეცვლის გზაა;

იცის, რომ საკუთარ დამოკიდებულებას, განწყობას, ქმედებებს თავად განსაზღვრავს;

ეძებს ახალ და სასარგებლო ჩვევებს, რათა გაიუმჯობესოს და გაიმრავალფეროვნოს ყოველდღიურობა ( ნახევარი საათით ადრე ადგომა, გამოთავისუფლებული დროის გამოყენება სასეირნოდ, სავარჯიშოდ, ყოველდღიური კითხვა ან წერა, ყოველი ერთი საათის უმოქმედოდ გატარების შემდეგ ვარჯიში/გაწელვა/სუნთქვითი სავარჯიშოები…);

ივიწყებს/ებრძვის იმ ჩვევებს, რომლებიც ხელს უშლის თვითგანვითარებასა და შემეცნებაში (ტელეფონის უაზრო სქროლვა, უამრავ სოციალურ ქსელში ფუჭად დახარჯული დრო, ხანგრძლივი ძილი, უმოქმედობა…).

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი