პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სვეტიცხოვლის ადრეული არქეტიპი, მოკვეთილი ნაძვის ძელის ღვთაებრიობა

სვეტი-ცხოველი პირვანდელი ნაძვია, მოკვეთილი ნაძვის ხის ძელი. წარმართულ კულტურაში, მითოსურ ცნობიერებაში რა დატვირთვა უნდა ჰქონოდა ხეს, რომლისგანაც საქართველოში ქართული ქრისტიანობის უდიდესი სასწაული შეიქმნა? შეიქმნა ორგვარი ასპექტით: ფიზიკური (მოიჭრა ნაძვი და გახდა სვეტი-ცხოველი) და სულიერი გაგებით, წარმართული ხე ქრისტიანული სიმბოლიკით დაიტვირთა.

ხეს  მსოფლიო მითოლოგიაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. საინტერესოა ჩვ. წ. აღ.-მდე XVI-XIV საუკუნეების აკლდამის მოხატულობა თებედან, სადაც ყურძნით დახუნძლული ხის ტოტებიდან ქალღმერთი მაკურნებელ სითხეს აწვდის სნეულთ. ეს სიუჟეტი თითქმის ემთხვევა ქართულ ვერსიას სიცოცხლის მომნიჭებელი ხის შესახებ. მაგალითად,  თუშური „ქორბეღელას“ ტექსტი, სადაც ნათქვამია, რომ „ჩვენი ბატონის“ ან წმ. თევდორეს კარზე ხე არის ალვად ამოსული, რომელზედაც მაღლარი ვაზია ასული და ყურძენი მწიფს. ამ ყურძნის არმჭამელი ქალ-ვაჟი, ტექსტის ერთი ვარიანტის მიხედვით, უდროოდ იხოცება. სიცოცხლის მომნიჭებელი ხე, სვეტი-ცხოვლის, მაცოცხლებელი, ანუ იგივე სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტის ერთ-ერთი პირველ სახე უნდა იყოს.

მითოსურ საქართველოში, კერაში ამოსული ხე ღვთაების გამოვლინებას წარმოადგენდა, ხის მორში მკვიდრობდა ოჯახის მფარველი სული. ხის კულტის ზოგიერთი ნიშანი საქართველოში გვიჩვენებს ჩვენი წინაპრების შეხედულებებს ხეზე დაკისრებულ გარდამავალი რგოლის ფუნქციაზე. მაგალითად, ხიდან ცაში ასული შიბის საშუალებით ღვთაებები, რომლებიც ხშირად  ასტრალურ სხეულებს განასახიერებდნენ, ციდან ეშვებოდნენ და ხეზე დაივანებდნენ. ხე და კოშკი ურთიერთმონაცვლე, იდენტური სიმბოლოებია, რომლებიც ცასთან შიბით არიან შეერთებული. თავიანთი საფუძვლით ისინი მიწიერი წარმოშობისანი არიან და ცას გარეგანი, მესამე შუალედური ელემენტით უნდა უკავშირდებოდნენ. ასეთი შუალედური ელემენტია სვეტი და შიბ-ჯაჭვიც.

მომავალში ამ შიბს ან სხვა რაიმე საგანს, რომელსაც მაკავშირებელი ფუნქცია ჰქონდა ღვთაებიდან ხემდე, ხიდან ადამიანებამდე, შეცვლის სულიერი კავშირი, ხე – სვეტი-ცხოველი თავად იქცევა მედიუმად, მაკავშირებელ რგოლად ღმერთსა და კაცს შორის, სვეტი-ცხოველი თავად გახდება უფლის სახე, სამების, ქრისტეს სიმბოლო.

ხეში – რომლისგანაც შეიქმნა სვეტი-ცხოველი, თავიდანვე გამორიცხული იყო მხოლოდ მიწიერი წარმოშობა. იგი ქრისტეს კვართის საფლავზე იყო ამოსული, ამიტომ  მისი ზეცასთან კავშირი განსაზღვრული იყო.

ღვთაებების მიწიერი სადგური მითოსურ ეპოქაში საკულტო ხეა. ერთ-ერთ ქართულ ზღაპარში სვეტის, ძელის როლს ოქროს ძეწკვი ასრულებს, რომელიც ღვთაებათა სავალი კიბეა. ძეწკვი გამოიყენებოდა სვეტად და მასზე ასტრალური ღვთაებები აბრძანდებოდნენ და ჩამობრძანდებოდნენ.

ოქროს ძეწკვი-ხე-სვეტი სვეტიცხოველთან მიმართებით ძალზე საინტერესოა. თუნდაც ოქროს სიმბოლიკით, რომელიც ორივე შემთხვევაში ღვთაებრიობის, არაამქვეყნიურობის სიმბოლოა. ნაძვის ძელის სვეტი-ცხოვლად აღმართვის დროსაც, „ნათლით შემოსილი“  ჭაბუკი (ქრისტიანული „ღვთაება“)  „ზედა-მოადგა“ (გადმოვიდა, ჩამოვიდა სვეტზე) და ზეცად აღიტაცა, საიდანაც „ჩამოასვეტა“ კიდეც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ წარმართული ღვთაებების ხეზე ჩამოსვლა, ქართულმა ქრისტიანულმა სინამდვილემ სვეტი-ცხოვლის სახეში გადაიაზრა და გააქრისტიანა.

ზოგადად, ხის ფორმა, მდგომარეობა იძლევა საშუალებას მისი როგორც სიმბოლოდ გადააზრების, ისე მისტიური შინაარსით დატვირთვისთვისაც.

ხის ვარჯი ზეცას უკავშირდება, ხოლო ფესვები მიწის სიღრმეებში გაუდგამს. იგი ერთგვარი მედიუმია, გამტარია ამქვეყნიურობასა და იმქვეყნიურობას შორის, დამაკავშირებელია მიწისა და ზეცისა, ლიმინალური ზღვარია, ხიდია, რომელიც ადამიანებს ღმერთთან აერთებს. ამ გაგებით ქრისტიანობამ უფრო მასშტაბურად გაიაზრა ხე.

ერთი ქართული გადმოცემის თანახმად, მცხეთის სვეტიცხოვლის ადგილზე უზარმაზარი წმინდა მუხა მდგარა, რომელსაც ხალხი თაყვანს  სცემდა. მირიან მეფეს ქრისტიანობის მიღების შემდეგ, მუხა მოუჭრია და მის ადგილზე ჯერ ხის, შემდეგ ქვის ეკლესია აუშენებია. სიცოცხლის ხე ქრისტიანობამ სვეტიცხოვლად აქცია.

მუხის კულტი ძალზე გავრცელებული ყოფილა წარმართულ საქართველოში. საინტერესოა ვახტანგ კოტეტიშვილის კომენტარები, რომლებიც ერთვის ლექსს  „მუმლი მუხასა“.

იგი აღნიშნავს, რომ მცხეთაში, არმაზის ტყეში,  შენახულია უზარმაზარი მუხა, რომლის ქვეშაც, გადმოცემის თანახმად, აბრაამს ქრისტე ღმერთი გამოეცხადა.

მუხას ძველად ცეცხლსაც უკავშირებდნენ, სადაც მუხის კულტი იყო, გაუქრობელი ცეცხლიც იცოდნენ. ვ. კოტეტიშვილი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია ძველ არიელებს ეგონათ, რომ მზე დროგამოშვებით ცეცხლს საღვთო მუხისაგან სესხულობდა, შესაძლებელია იგი მიაჩნდათ ცეცხლის აუზად, საიდანაც დროგამოშვებით ცეცხლს იღებდნენ მზის გამოსაკვებად.

XV საუკუნის სერბიულ-ბულგარულ ხელნაწერში ასეთ კითხვა-პასუხს ვხვდებით: „რას უჭირავს მიწა? – წყალს; წყალი? – ცეცხლს; ცეცხლი? – მუხას“. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სვეტი-ცხოველი „ცეცხლ სახედ“ აღიმართა, ხოლო მის აღმმართველ ჭაბუკს ცეცხლის მოსასხამი ემოსა.

მუხის წარმართული გაკულტება, მისი კავშირი ღვთაებებთან და ცეცხლთან, გვაფიქრებინებს, რომ სვეტიცხოვლის ადრეული არქეტიპი  წარმართულ მუხის კულტშიც უნდა ჩანდეს. ამიტომ ქართულ ხალხურ ლექსში „მუმლი მუხასა“ შესაძლებელია ქართულ მწერლობაში სვეტიცხოვლის პირვანდელი პარადიგმაც კი დავინახოთ.

ქართველი ერისთვის მუხის სიმბოლური მნიშვნელობა კარგად ჩანს გელათის მონასტრის ფრესკაზეც (XVI ს.), სადაც ქართველთა უდიდესი მეფე-წმინდანის დავით აღმაშენებლის სამოსზე მუხის რკოებია გამოსახული.

ქრისტიანობას წარმართობიდან  მემკვიდრეობად ხის სიმბოლოც ერგო, თუმცა, რა თქმა უნდა, მითოსისაგან განსხვავებით ქრისტიანობაში სიმბოლოების უხვად გამოყენება დაკავშირებულია ღვთის ტრანსცენდენტულობასთან, გამოუთქმელობასთან. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში ხშირად აღნიშნავს, რომ ბევრი რამ წმინდა წერილში უნდა გავიაზროთ გარდათქმით, ალეგორიულად, რომ ადამიანები ჯერ კიდევ არ არიან მზად უმაღლესი ჭეშმარიტებები გაიაზრონ პირდაპირი, უშუალო გადმოცემით.

ხემ დაღუპა პირველი ადამიანი, ცნობადი ხის სახით და ხემვე იხსნა ჯვრის სახით. შეიძლება ითქვას, ჯვარი ერთგვარი გადააზრებაა ცხოვრების ხისა.

სვეტი-ცხოველის ბიბლიურ, ქრისტიანულ არქეტიპად აუცილებლად ცხოვრების ხე უნდა მივიჩნიოთ. ხოლო ის ფაქტი, რომ სვეტიცხოველიც ხისგან შეიქმნა, მას ცხოვრების ხესთან უფრო მჭიდროდ აკავშირებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი