შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

„ეკოსაკითხავი“ (CLIMATE FICTION)

სამეცნიერო ფანტასტიკა, ფანტასტიკა, ფენტეზი, უტოპია, ანტიუტოპია/დისტოპია – ამ ჟანრებს ბევრი იცნობს და მკითხველიც ბევრი ჰყავს. ბოლო პერიოდში ცალკე გამოიყოფა ასევე ჟანრი – CLIMATE FICTION, რომელიც „ეკოსაკითხავად“ ვთარგმნე (იქნებ მკითხველს უკეთესი შესატყვისის შემოთავაზება შეუძლია?!).

ამ ჟანრის ტექსტებს აერთიანებს ის, რომ ისინი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას – ეკოლოგიურ მდგომარეობას, კლიმატურ ცვლილებებს, ადამიანის მიერ გარემოზე ზემოქმედებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხმიანება. თავდაპირველად ეკოსაკითხავი სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრად მოიაზრებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მარგარეტ ეტვუდმა ტერმინი სოციალურ ქსელში „ტვიტერი“ გამოიყენა და დაწერა კიდეც ამ ჟანრის მხატვრული ტექსტები, ჟანრმა თავისთავადი მნიშვნელობა შეიძინა (საკუთრივ ტერმინის შემუშავება მიეწერება მწერალსა და კლიმატურ აქტივისტს, დენ ბლუმს. მან სამეცნიერო ფანტასტიკის ინგლისური შესატყვისის  – science fiction – ანალოგით შეადგინა აღმნიშვნელი climate fiction).

მოთხრობები და მოკლე მხატვრული ტექსტები, რომლებიც ამ ჟანრს განეკუთვნება, ამერიკის სკოლებსა და  უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლება.

„ამ ჟანრის ტექსტები შესაფხიზლებელ გზავნილებს შეიცავს. რა ელის ჩვენს პლანეტას, თუ კლიმატის ცვლილებებს ვერ გავუმკლავდებით? ეკოსაკითხავი მოზარდებსა და ახალგაზრდებს არც თუ შორეული პერსპექტივის შესახებ უქმნის წარმოდგენას. კიდევ ერთხელ დააფიქრებს  მათ ადამიანის ქცევასა და მის ღირებულებებზე. ტექსტების განხილვა, მათზე მუშაობა არაერთი საინტერესო დისკუსიის შთამაგონებელია. იმ მოსწავლეებს კი, ვინც თავად ცდილობს მხატვრული ტექსტების წერას, ახალი იდეები უჩნდებათ“ – ვკითხულობთ  მინესოტას უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, რიჩარდ ბიჩის, კალიფორნიის უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მრჩევლის, ჯეფ შეარის და დასავლეთ მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის, ალენ ვების მიერ შედგენილი გზამკვლევის აღწერაში.

ჩვენს სკოლებში ეკოლოგიურ, კლიმატურ, გარემოსდაცვით საკითხებს მოსწავლეები სხვადასხვა საგნის შესწავლის დროს ეცნობიან.

ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მოდიფიცირებული ლიტერატურის კურსი ცალკე შესასწავლ თემად გამოყოფს ადამიანისა და ბუნების მიმართებას. მასწავლებლებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ სამსჯელო საკითხები, შესასწავლი და დასამუშავებელი ტექსტები. ამ მიმართულებით გაკვეთილის დაგეგმვისას, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის იმის გაცნობაც, რომ თანამედროვე ლიტერატურაში ცალკე ჟანრიც კი გამოიყო.

საბაზო საფეხურზე განსახილველი ამ აქტუალური თემის მიხედვით დასაგეგმი გაკვეთილების შესახებ აქამდეც არაერთხელ მოგვიწოდებია მასალები ჩვენი ინტერნეტგაზეთის მკითხველებისთვის ( იხ. „რიგითი“ ხის გადასარჩენად“ბავშვი და ბუნება – რას და როგორ ვასწავლით მათ შინ და სკოლაში, თემა – ადამიანი და ბუნება).

ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს ქართველი ავტორის  წიგნიდან, რომელიც  ნახსენები ახალი ჟანრის „ადგილობრივი“ ნიმუშია და სრულად „ჯდება“ ეკოსაკითხავის ( „კლაი-ფაის“) ფარგლებში.

მოცემული მონაკვეთი დააინტერესებთ საბაზო საფეხურის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. მასწავლებლებს ბევრი საინტერესო აქტივობის დაგეგმვაც შეეძლებათ (იდეებისთვის იხ. ვებსაიტ „ელ.ჯიზე“ აისკოლის განყოფილებაში მეშვიდე კლასის სამუშაო პაკეტი, რომელიც მომზადდა განათლების კოალიციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროექტი დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში).

ბმული – https://el.ge/articles/project_tasks/articles/task/535869

 

პლანეტა ლეიბებიანი სახურავებით

თეა თოფურია

როგორც ადრევე ვთქვით, გაბრტყელებულ პლანეტაზე, ანუ იქ, სადაც ახლა გრინკო და პია იმყოფებოდნენ, სხვა პლანეტებიდან ხალხი პანტაპუნტით ცვიოდა. უახლესი გამოთვლებით, ყოველ სამ დღეში ერთი უცხოპლანეტელი მაინც ჩამოვარდებოდა ხოლმე, ძირითადად ტუცები და კარპასები. უგზო-უკვლოდ ჩამოცვენილებისთვის ჰოსპიტალიც კი ჰქონდათ. ასევე ჰყავდათ ევაკუატორი – მანქანა, რომელიც შუა გზაზე გაშხლართულ უცხოპლანეტელს ჰოსპიტალში გადაიყვანდა. ადგილობრივები საერთოდ რკინის ქოლგებით დადიოდნენ, ან ჩაფხუტებით მაინც. ტუცებს, როგორც წესი, რამდენიმე ქოლგა ჰქონდათ, კარპასებს კი – მხოლოდ ერთი. განა იმიტომ, რომ უცხოპლანეტელები ტუცებს უფრო ხშირად ეცემოდნენ თავზე, რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ ტუცები ძალიან გემოვნებიანი და პრანჭია ხალხი იყო და ქოლგებსაც მოდის მიხედვით იცვლიდნენ. კარპასები კი, რა? ტომარა ან მოდაში როგორ შემოვიდოდა და ან მოდიდან როგორ გადავიდოდა?! მუდამ ერთი და იგივე ეცვათ. ტუცები ამბობდნენ კიდეც, ჩვენ მარჯვეები ვართ, კარპასები კი გონჯებიო. ჩვენ – მხიარულები, კარპასები კი – ჭკუამხიარულებიო. მოკლედ, ბევრ რამეს ამბობდნენ.

იმის გამო, რომ უცხოპლანეტელები ციდან ცვიოდნენ, გაბრტყელებულ პლანეტაზე სახლების სახურავები რბილი ლეიბებითა და ბალიშებით იყო დაფარული. ზოგს დიდი ჰამაკები ჰქონდა გაჭიმული, რომ შიგ ჩაცვენილიყვნენ და არაფერი დაშავებოდათ. სახურავებზე ჰყავდათ დამლაგებლები, რომლებიც ბალიშებს ასწორებდნენ, ჰამაკებს ამაგრებდნენ და რაც მთავარია, ჩამოვარდნილებს პირველ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.

თუმცა რა თქმა უნდა, ყველანი სახურავზე როდი ვარდებოდნენ. როგორც უკვე ვთქვით, ბევრი პირდაპირ ქუჩაში მოსეირნეებს დაატყდებოდა ხოლმე თავს. ქუჩაში მოსეირნეები კი ბლომად იყვნენ, რადგან ამდენი უგზო-უკვლოდ ჩამოვარდნილის გადამკიდე გაბრტყელებულ პლანეტაზე უკვე ტევა აღარ იყო.

სივიწროვის გამო მთავარ მოედანზე ქალბატონი გლურჯის ქანდაკებაც კი ვერ დაედგათ. იქ მხოლოდ პატარა აბრა ჩაერჭოთ წარწერით: ,,აქ დაიდგმება ქალბატონი გლურჯის ქანდაკება”. თუმცა წლები გადიოდა და ქანდაკებას ვერა და ვერ დგამდნენ. მოქანდაკეს ის დღემდე საკუთარ ბინაში, მე-60 სართულზე ჰქონდა შენახული. მოსახლეობა ამბობდა, მართალია, ჩვენ ქალბატონი გლურჯის გამოისობით მოვხვდით ამ პლანეტაზე და ეს ამაგი არ უნდა დავუკარგოთ, მაგრამ მისი ქანდაკების შუა ცენტრში დადგმა ნიშნავს, რომ ერთმანეთს გვერდს ვეღარ ავუქცევთო. თუმცა ქალბატონი გლურჯი ვიღას ახსოვდა, როდესაც მთავრობამ გასუქებაც კი აკრძალა.

,,მსუქნებს გაცილებით დიდი ადგილი სჭირდებათ, ნელა მოძრაობენ და ქუჩაში საცობებს ქმნიან. პლანეტის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საშუალო წონაზე მეტი იქნება, თითოეულ ნამატ კილოგრამზე გადასახადის სახით ყოველთვიურად 10 კარპს გადაიხდის”.

უადგილობის გამო გაბრტყელებულ პლანეტაზე სულ უფრო მაღალ სახლებს აშენებდნენ, ყველაფერი ზედმეტი კი ცდილობდნენ, თავიდან მოეშორებინათ. როგორც ადრევე ვთქვი, ეს პლანეტა გაბრტყელებული იყო და ისე არ ბრუნავდა, როგორც საერთოდ პლანეტები ბრუნავენ. ხალხი მხოლოდ მის ზედა ნაწილზე ცხოვრობდა, ქვედა ნაწილზე კი ფეხს ვერ იკიდებდნენ. პლანეტის ზედა ნაწილი უფრო და უფრო მძიმდებოდა, რაც მის მცხოვრებლებში შეშფოთებას იწვევდა.

რამდენიმე საუკუნით ადრე, ჯერ კიდევ მანამ, სანამ გაბრტყელებულ პლანეტაზე პირველი ტუცი ჩამოვარდებოდა, ყველაზე მოხუცმა კარპასმა იწინასწარმეტყველა, რომ მათი პლანეტა ამოყირავდებოდა. მოხუცი ერთხელ მდინარის პირას იჯდა და საკუთარ სახეს აკვირდებოდა. ის უკვე იმ ასაკში იყო, როცა ადამიანს ყოველდღე თითო ნაოჭი ემატება. როდესაც სახეზე ზუსტად ას სამოცი ნაოჭი გაუჩნდა, ხალხი შეყარა და გამოუცხადა:

– ჩაიწერეთ, რასაც ვიტყვი. ჩაიწერეთ ყველაზე გამძლე მელნით ყველაზე გამძლე ქაღალდზე. მოვა დრო, როცა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან ბევრი ხალხი მოიყრის თავს. ხალხი მას შემდეგ გამრავლდება, როცა ვინმე კუდიანი ციდან ჩამოვარდება. კუდიანები შფოთსა და აყალ-მაყალს მოიტანენ. ხალხი ერთმანეთს გაუუცხოვდება, ხეებს მოჭრიან, მდინარეებსა და ტბებს დააშრობენ და მათ ადგილას ძალიან მაღალ სახლებს ააშენებენ. ერთხელაც ეს პლანეტა წონასწორობას ვერ შეინარჩუნებს, მაღალი სახლების გამო გადაიხრება და ამოყირავდება.

– ეს როდის მოხდება? – ჰკითხეს იქ შეკრებილებმა.

– ეს მოხდება შუადღის სამ საათზე… – თქვა მოხუცმა და სანამ დღესა და წელსაც იტყოდა, გარდაიცვალა.

ეს წინასწარმეტყველება მართლაც ყველაზე გამძლე მელნით ყველაზე გამძლე ქაღალდზე დაწერეს და თაობიდან თაობას გადასცემდნენ. თუმცა თავდაპირველად მას ყურადღებას არავინ აქცევდა, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ციდან პირველი ტუცი არ ჩამოვარდა, აი, ის, კუდის გამო გალიაში რომ გამოკეტეს. წინასწარმეტყველება მაშინ გაახსენდათ, როდესაც პლანეტა ერთმანეთზე მაღალი კორპუსებით გადაიტენა, ირგვლივ კი ტყე კი არა, უბრალო ხე და ბუჩქიც აღარ დარჩა. ბოლო წლებში, როდესაც სხვა პლანეტებზე მიწისძვრები გახშირდა და უგზო-უკვლოდ ჩამოცვენილების რიცხვმაც საგრძნობლად იმატა, ყველა მოხუცის წინასწარმეტყველებაზე ალაპარაკდა. გულგახეთქილი ხალხი ყოველ სამ საათზე გადატრიალების მოლოდინში იყო. მიტინგს მიტინგზე აწყობდნენ და მთავრობას მოუწოდებდნენ, რამე იღონეთ, არ ამოვყირავდეთ და არ დავიღუპოთო.

სწორედ მაშინ იყო, პარლამენტმა ამოყირავების საწინააღმდეგო პროგრამაზე მუშაობა რომ დაიწყო. თუ რა პროგრამა ჰქონდათ, ამას ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავდნენ, მანამდე კი მთელი პლანეტა შიშით ცხოვრობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი