პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ეძღვნება ყველას, ვინც გადარჩენა გვასწავლა 

ავტორი ქალია. გადარჩენა უსწავლია, ამიტომაც წიგნს იმ ადამიანს უძღვნის, რომელმაც მას ეს ასწავლა. რახან გადარჩენილი სიცოცხლის ფასი იცის, იცის მოგონებებისა და „სახსოვრების” ფასიც. წიგნიც ამ მოგონებებზე და სახსოვრებზეა, ალბათ ამიტომაა ასეთი ნაღდი, გულწრფელი, ერთი წამითაც არ იფიქრებთ, რომ ავტორი კეკლუცობს და იპრანჭება.

ბეწვის ხიდზეც გადის, წერს ისეთ ტკივილზეც, რომელზეც ჯერ არავის დაუწერია. რაზე? – ამას, როცა წაიკითხავთ, მიხვდებით.

გაგიკვირდებათ და ამბობს, რომ რაღაც მთავარი ყოველთვის უთქმელი რჩება..

მე კი მოგიყვებით, რა მთავარიც ვიგრძენი მისი წაკითხვისას. პირველი ამბავი ბავშთა სახლში ხდება. წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი ხართ, და ფიქრობთ, რომ ბავშვების ნებისმიერ „ჩამჭრელ” შეკითხვას უპასუხებთ და ამ დროს ყველაზე ანცი, მატაოცი ბავშვი თვალების წმენდითა და ფეხების ბაკუნით იმას გეუბნებათ, რაც თქვენც ხშირად გიფიქრიათ. გეუბნებათ, რომ ღმერთი არ არსებობს.. რომ იყოს, მამამისი ხომ ცუდად არ გახდებოდა? არადა, კარგი მამაა, მასწავლებლებზე მეტი წიგნი აქვს წაკითხული. კეთილიცაა, ჭიანჭველას არ აბიჯებს ფეხს. ღმერთს მისი რომ ეყურებოდეს, ხომ წაიყვანდა ბავშვთა სახლიდან..

და რას ეტყოდით თქვენ? – რომ ესეც გაივლის? იქნებ მარკუს ავრელიუსზე მოუყვებით რამეს? იქნებ ენას დაასველებთ და ეტყვით, რომ ნატანჯები და გაჭირვებულები სამოთხეში ხვდებიან?

თქვენ ახლოს მისვლას და მის გულში ჩაკვრას ცდილობთ, ის გაგირბით, იმიტომ, რომ დიდი ხართ. უცბად ბავშვი ჭრილობას დაინახავს, რომელიც ყელზე გაქვთ. ბიჭშიც ცნობისმოყვარეობა იღვიძებს.

 

ბიჭიც და ბავშვებიც რიგში დგებიან, სათითაოდ მოდიან, რომ ჭრილობა ნახონ. თქვენ ამ დროს გულში ითვლით – ერთი, ორი, სამი…

ბავშვები ხანდახან დიდებზე სასტიკი არიან, თუმცა მათ ეს არ იციან.

დრო გავა, ბიჭუნა სკოლაში აღარ ივლის, მასწავლებელიც დიდი ხნის შემდეგ მას ბარათს მიწერს.

იმას სწერს, რაც, ნეტა, მეც მომესმინა ჩემი მასწავლებლისგან, როცა პატარა ვიყავი. მარტო ყველაზე დიდი მთისა და ზღვის სახელი კი არა, ის, რომ ცხოვრება ძაღლს ჰგავს, არ იცი, როდის წაგწვდება საკბენად. ამ დროს კი ის ღმერთი გიშველის, რომელზეც ბრაზობ, თუმცა ბოლოს მაინც მის კართან მიდიხარ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი