პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მინიმალიზმი ანუ “Less is more”

მინიმალიზმი ცხოვრების ფილოსოფია და ცხოვრების სტილია. მინიმალიზმი მსოფლმხედველობაა: როგორ აღიქვამ საგნებს, მოვლენებს და ადამიანებს შენ გარშემო. განსაკუთრებით – თანამედროვე სამყაროში, რომელიც გადაჭედილია საგნებით და ინფორმაციით. ცნობიერებას და სახლს ყოველდღიურად ვავსებთ უსარგებლო ამბებით და ნივთებით.

მოკლედ, დევიზი „რა იცი, რაში გამოგადგება“ იცვლება დევიზით „Less is more“ („ცოტა უდრის ბევრს“).

მინიმალისტური მიდგომა საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ რადიკალურად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ვტოვებთ მხოლოდ იმას, რაც საჭიროა, რაც გამოსადეგია, რასაც ფუნქცია აქვს! და ეს არ ეხება მხოლოდ ნივთებს, ეს ეხება ჩვენს ცნობიერებასაც. შეგიძლიათ, ერთი მეორის მეტაფორად აღიქვათ.

ერთხელ ჩემმა გერმანელმა სტუდენტმა, რომელიც რამდენიმე ხანს საქართველოში ცხოვრობდა, აღშფოთებულმა მკითხა: გამაგებინე, რატომ ჰგავს საქართველოში ბევრი სახლი მუზეუმს? ფეხაკრეფით უნდა იარო, საგნებს არ შეეხო, უყურო ერთსა და იმავე სურათებს კედელზე, ვიტრინების ჭურჭელი არასდროს გამოიყენო… აპრიალო იატაკი… ეს ხომ ცხოვრება არ არის, აქ ხომ საგნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანები?!

გამიკვირდა, სად ნახა ასეთი „მუზეუმები“ და ჩამომიყვა, სადაც ნახა… ვუთხარი, რომ მე არ მიყვარს, როცა სახლი „მუზეუმია“. ვიცი, ამიტომაც გითხარიო. ასეთი ადამიანები სინამდვილეში ძალიან სასაცილოები არიან, როცა უყურებ, ნივთებს როგორ დაჰკანკალებენ, წმენდენ, აპრიალებენ… ნეტავ როდისღა ცხოვრობენო?

მეც ხშირად მიფიქრია და მეც მიგროვებია უსარგებლო ნივთები და აზრებიც („რა იცი, რაში გამომადგება“ დევიზით). გავიდა წლები და ერთხელაც ვთქვი, ახლა ჩამოვუყვები და ყველაფერს, რაც არ მჭირდება (მაგრამ, შესაძლოა, სჭირდება სხვას), გავაჩუქებ, გადავყრი, მოვიშორებ! ასეც მოვიქეცი და ვიგრძენი, რა სიამოვნებაა, როდესაც სივრცეს ზედმეტისგან ათავისუფლებ… მეტი სინათლე და ჟანგბადი ავსებს ოთახებს… და არა მარტო ოთახებს! ასეთივე გულმოდგინებით მიმდინარეობს მერე ურთიერთობების დალაგება, ადამიანების გადაფასება, ზედმეტი და უსარგებლო მოქმედებებისგან გათავისუფლება.

პერიოდულად ისევ გროვდება და პერიოდულად ისევ ვატარებ ასეთ „წმენდებს“.

მინიმალიზმის იმდენი განმარტება არსებობს, რამდენიც ალბათ პოსტმოდერნიზმის. მინიმალიზმი არ არის ცოტა საგნები და ცოტა ადამიანი. მინიმალიზმი – ესაა საჭირო საგნები და საჭირო ადამიანები. ეს მდგომარეობა კი ხანგრძლივი გადაფასების შემდეგ ცხოვრების ახალი ეტაპია.

ვფიქრობ, მინიმალისტური მოძრაობა და ფილოსოფია განსაკუთარებით აქტუალური კორონას შემდგომ ეტაპზე გახდება. ჩვენ (ალბათ არა ყველამ, მაგრამ უმეტესობამ) უკვე ვისწავლეთ სხვაგვარი ცხოვრება… „საკმარისია“ ცხოვრება. ადამიანი „საწყაული აღუვსებელიდან“ მარტივ „საკმარისი“-მდეუნდა ტრანსფორმირდეს. „საკმარისი“ არ ნიშნავს დაზოგვას, ეკონომიას და ასე შემდეგ… ეს ნიშნავს არჩევანს – მრავალთა შორის აირჩიო საჭირო ნივთი, საჭირო საქმე, საჭირო ადამიანები და არა ყველა და ყველაფერი!

გინახავთ, ხომ, ისეთი ადამიანები, „ყველაფერი“ რომ უნდათ! სამი სახლი აქვთ და მეოთხე-მეხუთე-მეცხრეზე ფიქრობენ… აგარაკები ყველგან… მანქანები – განწყობის მიხედვით… ისეთი საგნები, წელიწადში ერთხელაც რომ არ გამოიყენებენ და ასე შემდეგ… ასეთივე გულმოდგინებით უნდათ ქალები/კაცები… მოკლედ, ასეთია „საწყაული აღუვსებელი“ ცნობიერება – ადამიანს ფლობს საგანი და არა პირიქით.

ცოტა ხნის წინ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ტვიტერატურული კონკურსი ჩავატარე და ვთხოვე მონაწილეებს, მოკლედ, რამდენიმე წინადადებით გადმოეცათ, რაზე იყო „ვეფხისტყაოსანი“. იგივე კითხვა ფეისბუქზეც დავსვი და პასუხების უმრავლესობა ასეთი იყო: ეს პოემა ყველაფერზეა!

გესმით, ხომ, სად არის პრობლემა? რას ნიშნავს, რომ „ყველაფერზეა“? საერთოდ, რა არის „ყველაფერი“?

„ყველაფერი“ არ ნიშნავს, რომ „გრძელი სიტყვა მოკლედ თქვი“, ყველაფერი საერთოდ არაფერს ნიშნავს! მოკლედ თქმა ნიშნავს, რომ ამბობ ცოტას და გულისხმობ ბევრს. აზროვნების ეს სტილი კი, როგორც ჩანს, რთულია, რადგან ჩვენ ყველაფერი გვინდა და ამ „ყველაფერს“ მიჩვეულები ვართ!

მოკლედ, მინიმალისტური აზროვნების სტილის დასაუფლებლად პირველი გამოწვევა იქნება არჩევანი. დიახ, არჩევანი. ჩვენ ვირჩევთ, რა გვინდა სინამდვილეში „ყველაფრიდან“, რა გვჭირდება უფრო მეტად. არჩევანი პასუხისმგებლობაა. არჩევანი გარჩევის უნარია.

ერთი სიტყვით, მინიმალისტები არიან ადამიანები, რომლებსაც არჩევანი შეუძლიათ. რომლებმაც დიდი ცოდნა დააგროვეს და მერე გადაარჩიეს. რომლებმაც გაფილტრეს საკუთარი თავი, ურთიერთობები, ადამიანები, მოვლენები. მინიმალისტები ორიენტირებულები არიან ხარისხზე, სიღრმეზე, საჭიროებებზე და არა რაოდენობაზე. მინიმალიზმი არის ადამიანის ცნობიერების ახალი ევოლუციური მდგომარეობა.

შესაძლოა, ყველაზე დიდი მინიმალისტი დიოგენე იყო. ის კასრში ცხოვრობდა, სულ რამდენიმე ნივთი ჰქონდა და როცა ერთხელ დაინახა, ბავშვი პეშვით როგორ სვამდა წყალს, თასიც გადააგდო.

რა თქმა უნდა, ეს ამბავი დღეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, უფრო მეტაფორულად და იმის აღიარებით, რომ საჭიროა ზედმეტისგან გათავისუფლება და სივრცის აღდგენა, რათა ხელახლა მოვაწყოთ ჩვენთვის სასურველი.

Joshua Becker-ი, ცნობილი თანამედროვე ამერიკელი მინიმალისტი, ბლოგერი, წიგნში: „Less is more“ ყველაზე დიდ მინიმალისტად იესო ქრისტეს მიიჩნევს. იესო ეუბნება მდიდარს: „წადი, გაყიდე, რაც გაქვს და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი“.

თანამედროვე სამყაროში ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, გქონდეს სიმდიდრე, მაგრამ მასზე არ იყო დამოკიდებული, უსარგებლო და უმნიშვნელო ნივთების შემცირებით კი მნიშვნელოვანს მეტ დროს ვუთმობთ.

და რა არის მნიშვნელოვანი? ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც გავთავისუფლდებით უმნიშვნელოსგან – ნივთებისგან, ადამიანებისგან, ურთიერთობებისგან, საქმეებისგან და ასე შემდეგ.

„სახლი, სავსე ნივთებით:

„რა იცი, რაში გამოგადგება“ –

წამოკრიფე და გადაყარე…

ცნობიერება, სავსე „დაუმარხავი მკვდრებით“ –

ადამიანებით, ფაქტებით, მოვლენებით, –

რომლებმაც ჩაიარეს…

მოაგროვე ერთად,

მოძებნე შესაბამისი ღილაკი და მიეცი delete…

ისინი სუნთქავენ შენს წილ ჟანგბადს,

იკვებებიან შენი სისხლით…

ამრავლებენ სარეველას…

……………

დაიბრუნე შენი ცხოვრება…“

 

ცირა ბარბაქაძე

მოდი, ერთად დავიწყოთ სახლის და საკუთარი თავის (დალ) ა გ ე ბ ა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი