პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გამოლოცვა

თვალუწვდენელი მინდვრის ბოლოს, ეს იყო გარდაბანში,

დალექილიყვნენ ღრუბლები და ღრუბლებში ელავდა,

ჩვენს თავზე კი ცა იყო იმდენად სუფთა და მოწმენდილი,

ღრუბლის ერთ ძენძსაც ვერსად იპოვიდი,

ადიდებული მდინარე შხუოდა სადღაც, შორიახლოს.

ჩემ წინ იდგა ნასვამი აზერი, ორივენი კი ვიდექით მის ეზოში,

დაიჩოქა და ცხვარს მოეფერა, მისგან რომ ვიყიდე.

ისე მოეფერა, თითქოს ყოფილიყო ძვირადღირებული ძაღლის ლეკვი.

მერე ყელამდე ჩავსვით ჭუჭყიან ტომარაში,

მითხრა, რომ ასე, მანქანის საბარგულში, ვერ იმოძრავებდა.

მეტი არ უთქვამს არაფერი, უბრალოდ დავშორდით.
იმავე საღამოს მტრედიც ვიყიდე სადღაც, დიდ დიღომში,

მემტრედე შინ არ იყო, მტრედი დამახვედრა პატარა გოგონამ,

ანგელოზს ჰგავდა, ხელში ეჭირა მუყაოს ყუთი და

ჭიშკართან იდგა. „- მამამ თქვა”. – მომაწოდა, ფულიც გადათვალა,

„ – ღერღილს ჭამს!“ – ამომძახა.  „- ნახვამდის!” – ჩასძახა მუყაოს ჭრილს,

გატრიალდა და მაღალ ჭიშკარში გაუჩინარდა, მე კი,

როგორც ამავე ასაკის გოგოს მამამ,

ცოტა ხანს დგომა და ჩაფიქრება ჩავთვალე საჭიროდ.
„- თუ რამე დააშავა, რაც რამე დააშავა,

დიდება თქვენს სახელს,

შეუნდეთ, უნებლიეთ თუ ნებით, სულერთია,

დიდება ბატონებს,

რაც კი რამ დააშავა, ბექამ რაც დააშავა:

ჭიანჭველას თუ დააბიჯა ძირში მოსატეხი,

და თქვენს არ მოგეწონათ,

ძირში მოსატეხი ფეხი თუ დააბიჯა,

ფოთოლს თუ დააბიჯა მეორედ მოსატეხი,

და თქვენ გეხამუშათ,

მეორედ მოსატეხი, ძირში მოსატეხი ფეხი,

ან თუ ჰაერი ჩაისუნთქა და ბევრი მოუვიდა,

სხვისიც ჩაისუნთქა,

ან თუ შეჭამა შეჭამადი და ცოტა მოუვიდა,

თავი არ შეინახა,

ან თუ დალია დასალევი და ძღომა ვეღარ იცნო,

ნაბიჯი აერია,

ან თუ გაეჭრა ხელი ცულზე და სისხლი დაანთხია,

დასაღვრელად გაიმეტა,

ან თუ შეხედა ისეთ ვინმეს და ისეთ რამეს,

რომ არ უნდა შეეხედა,

ან თუ მშობელ დედას აწყენინა და ქალი აატირა,

ან თუ მშობელ მამას აწყენინა და კაცი დაამძიმა,

ან თუ დააკლო სიყვარული ღვიძლ შვილს და მონაგარს…

თუ რამე დააშავა, რაც რამე დააშავა,

დიდება თქვენს სახელს,

შეუნდეთ, უნებლიეთ თუ ნებით, სულერთია,

დიდება ბატონებს,

რაც კი რამ დააშავა, ბაჩიმ * რაც დააშავა.

მიიღეთ შესაწირი, მიეცით ალობა **,

დიდება ბატონებს”.
ღამით დედაჩემმა ჯვრიანი კვერები გამოაცხო,

ჩამოქნა სანთლები, სანთლები უნდა იყოს ხელით ჩამოქნილი,

დავრეკეთ მახვეწართან ***,

რომელმაც იქიდან ილოცა, დამლოცა, ბატონებს შემავედრა,

ბოლოს კვერებში ჩარჭობილი სანთლები დავანთეთ და,

ნერჩი ბატონის, – ფუძის ანგელოზის, – გულის მოსაგებად,

დაჩოქილებმა შემოვიარეთ მთელი სახლი.
ცხვარი აივანზე გავიყვანე, წყალი წინ დავუდგი ჯამით,

მტრედსაც ჩავუყარე ღერღილი და ჩავწექი ლოგინში,

დაღლილს მალევე დამეძინა, ქაოსურ სიზმრებს ვხედავდი,

ერთი მათგანი დამამახსოვრდა ყველაზე მკაფიოდ:

წელს ქვემოთ თითქოს ცხვარი ვიყავი, კენტავრისნაირად,

ცალ მხარზე თეთრი მტრედი მეჯდა, მეორეზე კი – ჟღალი,

ცხვრებს მივუძღოდი, კიკინით რომ მომყვებოდნენ და ჩემი

საგვარეულო სალოცავის ირგვლივ დავდიოდით.
გამთენიისას თავგანწირულმა კივილმა გამაღვიძა,

გავვარდი აივანზე, ეზოში ჩავიხედე,

ასფალტზე ეგდო თეთრი სხეული, ირგვლივ კი გუბე იდგა…

მაშინღა გამახსენდა ჩვენი ცხვარი, მოვბრუნდი, არსად იყო,

მეტლახზე მხოლოდ ხუშკი **** ეყარა, დაქცეულ წყალში და

შარდში აზელილი. ჰოპლა! – მეექვსე სართულიდან…
მეზობლის ქალი კი, სანაგვე ურნასთან, გულშეწუხებული

ჩაჩოქილიყო, სხვა მეზობელი თავზე ადგა.

ალბათ არ არის მარტივი, როცა, დილის სიმშვიდეში,

ნაგავი მიგაქვს გადასაყრელად, და შენს წინ, ასფალტზე,

რაღაც ცოცხალი დაენარცხება ყრუდ და ძვლების მტვრევით.
თუნდაც წამში მიხვდე, რომ ის არ არის ადამიანი,

შესაბამისად, გამორიცხო მძიმე ტრაგედია,

მაინც ვერ ჩათვლი ასეთ შემთხვევას სტანდარტულად,

აბა, ქალაქი, კორპუსებიდან ცხვრები რომ ცვიოდეს?!…
ცნობისმოყვარე მეზობლები ცხვრის გვამთან შეიკრიბნენ,

ამოგვცქეროდნენ ინტერესით ჩვენ, ვისაც ჩასვლა დაგვეზარა,

და ჩვენ-ჩვენი აივნებიდან ვცდილობდით, რამე გაგვერკვია,

რა თქმა უნდა, მართლები იყვნენ იმ ცქერაში და ინტერესში,

ბოლოს და ბოლოს, ციდან ხომ არ ჩამოხტებოდა ის საწყალი,

მაგრამ ჩვენ, ყველა, – ეჭვმიტანილი აივნების ბინადარნი, –

საეჭვოდ ვდუმდით, ერთმანეთს ავცქერ-ჩავცქეროდით.

 

ლოგიკური გაურკვევლობა გამოიწვია ამ ყველაფერმა:

ვიღაც დაეჭვდა, სახურავიდან ხომ არაო,

ბავშვი ააგზავნეს, მალევე დაბრუნდა, ტყუილად გაისარჯნენ.

ვიღაცამ: პატრულიო, რამეს იზამენო, მაგრამ არ დაუჯერეს.

ვიღაცამ: აბა, დავიშალეთო, დროაო, სახლებშიო!

ვიღაცამ: შენ, ბიჭო, შიგ ხო არა გაქო, სუნი აუვაო!

ვიღაცამ: პატრონიო, კეთილი ინებოს და პატრონმა დამარხოსო!

ვიღაცამ: აბა, შენა ხარ, რაო, სად ნახე პატრონიო.

ვიღაცამ (ბავშვმა): მამიკო, მგონი ჯერ არ მომკვდარაო.

ვიღაცამ (მამამ): გამოდი, გოგო, არ დაისვაროო!

ვიღაცამ: კიდე კაი, ზედ ჩემს მანქანაზე რომ არ დაეცაო.

ვიღაცამ: შენ ეგა თქვი, სულ ცოტა მარჯვნივ და… ბეწვზე გადარჩიო.

ვიღაცამ (გულში): ამან ხო გაგვიხურა თავისი მანქანითო!

ვიღაცამ: მადლობა ცხვარსაც და პატრონსაც, უღრმესი მადლობაო.

სუყველამ: რას ბოდავ, რაის მადლობაო!

ისევ იმ ვიღაცამ: რაის და იმისი, რო

დიდი ხნის უნახავი მეზობლები ისევ შეგვყარაო!

სუყველას ნახევარმა (სიცილით): ეგ კია, ეგ კია მართალიო!..
ახლაც არ ვიცი, რატომ არ ვთქვი, რომ ცხვარი ჩემი იყო,

ვინ რას მეტყოდა?! ჩავიდოდი და სადმე დავმარხავდი,

მაგრამ არ მიქნია. ცოტა ხანს ჩამოვჯექი დივნის კიდეზე და

კვერებში ჩარჭობილ სანთლებს ვუცქირე, მერე კი, სანამ

გაიღვიძებდნენ ჩემები და განგაშის ზარებს შემოჰკრავდნენ,

ამოვიყვანე თეთრი მტრედი მუყაოს ყუთიდან

და მის ცალ თვალში არეკლილი მზისაკენ გავუშვი.
„თქვენს სახელს და თქვენს დიდებას შემოვევლე,

გმადლობთ, რომ მიიღეთ,

თქვენს სახელს და თქვენს დიდებას ვენაცვალე,

გმადლობთ, რომ მიიღეთ, გმადლობთ, რომ შეიწირეთ შესაწირი,

ჩვენ უტვინოებს, ჩვენს სულელებს თქვენთან რა ხელი გვაქვს?!

თქვენს სიწმინდესთან რა ხელი გვაქვს, თქვენს სიდიადესთან?!

თქვენს აზრებს, აბა, როგორ ჩაწვდება ჩვენი ჩლუნგი გონება?!

ან მიზნებს – როგორ?!

ბექას მრუდე გზა ეშმაკებმა კიდევ თუ დაუდეს,

ან – ავსულებმა,

მრუდე გზით კიდევ თუ აცდუნეს, მკაცრები ნუ იქნებით,

მიეცით შეგნება, ლუდი არ დალიოს, მიეცით. დაბრუნდეს,

შინიდან როცა გავა,

მიეცით აზრი იმისი, სახლში დროზე რომ დაბრუნდეს,

იშოვოს სამსახური, ლექსებს ვინ დაუშლის?! არავინ! ჭკუაში,

ბავშვი ხომ აღარაა,

მიხვდეს, რომ უკვე დრო არი, ჩავარდეს ჭკუაში,

კაცს ბევრი რამე გადახდება, ცხოვრება ასეთია,

ოჯახი დაენგრევა, მაგრამ მოვალეა, დიახ, მოვალეა, ახალი,

დაიწყოს სუფთა ფურცლიდან,

მოვალეა, რომ შექმნას ახალი ოჯახი.

ბაჩის ნერვოზი ***** ცივ წყალს და ცივ ქარს გაატანეთ,

და ეგ მძიმე ხასიათებიც გამოუკეთეთ,

ოჯახის წევრებს გაუღიმოს, კეთილი სიტყვა უთხრას,

არ დაივიწყოს თავისი ფუძე, ფუძე-ძირი,

სოფლიდან რომ აქვს ამოკვეთილი ფეხი,

ხშირად ჩავიდეს, ინახულოს ძველების საფლავები…

თქვენს სახელს და თქვენს დიდებას შემოვევლე,

გმადლობთ, რომ მიიღეთ,

თქვენს სახელს და თქვენს დიდებას ვენაცვალე,

გმადლობთ, რომ მიიღეთ, გმადლობთ, რომ შეიწირეთ შესაწირი”.

 

…………

 

განმარტებანი:

 

  1. ბაჩი – ავტორის მეორე სახელი, რომლითაც შინაურობაში მომართავენ.
  2. ალობა (მეგრ.) – თავისუფლება.
  3. მახვეწარი – „მახვამერი” (მეგრ.), რაც ითარგმნება, როგორც „გამომლოცველი”, მაგრამ ავტორს „მახვეწარი” ფონეტიკურად უფრო მოქნილი ჰგონია, ამიტომ, აქაც და სხვაგანაც, სწორედ „მახვეწარს” იყენებს. სამეგრელოში მახვეწარი არის ბატონების მსახური. ბატონები ზრდასრულ ადამიანს იშვიათად დაუბრძანდება ხოლმე, მაგრამ თუ დაუბრძანდა, ზოგჯერ ისე დაეუფლებიან მას ბატონები, რომ თავიანთ მსახურად, ერთგვარ რუპორად იხდიან. მახვეწარს ეძლევა ნათელმხილველობის, წინასწარმეტყველების უნარი. ბატონები მისი მეშვეობით ეკონტაქტებიან ადამიანებს, აბარებენ, ვის რა დანაშაული მიუძღვის მათ წინაშე და, როგორ უნდა გამოისყიდოს ეს დანაშაული. მახვეწარობის უნარი დიდი მადლიც და დიდი სასჯელიცაა, რადგან მახვეწარს უწევს სრულიად განსხვავებული აზროვნებისა და შეხედულებების ადამიანებთან, მათ შორის სკეპტიკოსებთან, კონტაქტი (ხშირად – საკუთარი ინიციატივით). მახვეწრისთვის შეურაცხმყოფელია, როცა მკითხავთან აიგივებენ. მახვეწრობის უნარი ზოგჯერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეძლევა ადამიანს, ზოგჯერ კი მთელი ცხოვრების მანძილზე ფლობს მას.
  4. ხუშკი – ცხვრის დრემლი. ცხადია, ავტორს შეეძლო, „ხუშკის” ნაცვლად „კურკლი” გამოეყენებინა, მაგრამ აქაც ფონეტიკურმა უმჯობესობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი.
  5. ნერვოზი – ნევროზი, ფსიქოტრავმული ფაქტორების მოქმედებით შეპირობებული დაავადებების ჯგუფი.

 

მხილებანი:
მხილება პირველი: ავტორს ბავშვობაში არაერთხელ უნახავს დასავლეთით ჩაგროვებულ მუქ ღრუბლებში (მაშინ, როცა მისი სოფლის ცა აბსოლუტურად მოწმენდილი იყო) პერიოდულად გამკრთალი, წმინდა ნინოს ჯვრის მოყვანილობის, ელვა. მას სურდა, ეს ლექსი ერთგვარი რელიგიურ-მისტიკური განწყობით დაეწყო და სწორედ ამისთვის გამოიხმო წარსულიდან ხსენებული ვიზიონი, თუმცა ტრივიალურობის ოდნავსაგრძნობი სუნი ეცა, მას კი ტრივიალურობა (ყოველ შემთხვევაში, პოეზიაში) ჭირივით ეჯავრება, ამიტომ ტროპი ოდენ პეიზაჟური დესკრიფციის ზღუდეებში დატოვა და არც შემცდარა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტორი გარდაბანში არათუ ცხვრის საყიდლად, ტურისტადაც კი არასოდეს ყოფილა, ნაცნობმა აზერბაიჯანელმა ცხვარი სახლში მოუყვანა.
მხილება მეორე: რაც შეეხება დიდ დიღომს, ავტორი იქ ნამდვილად გახლდათ წასული მტრედის საყიდლად. ადგილზე პატარა გოგონა ნამდვილად დახვდა და, ასეთი შემთხვევებისთვის ნიშანდობლივი სტანდარტული ფსიქოლოგიური რეაქციის შესაბამისად, თავისი გოგონა რომ გაახსენდა, ნამდვილად ჩაფიქრდა, თუმცა ეს არ ყოფილა მამაშვილური სენტიმენტებით გაჯერებული ონტოლოგიური საკითხებით მოტივირებული წამიერი გარინდება, მიზეზი უფრო პრაგმატული გახლდათ: ლექსის იდეა მოუვიდა, თუმცა ის ეს ლექსი არ იყო. ის ლექსი როდის იხილავს დღის სინათლეს, ან – იხილავს თუ არა საერთოდ, კაცმა არ იცის. იმ წამიერი გარინდების სიმძაფრის ილუსტრირებისთვის იმის აღნიშვნაც არ იქნება ზედმეტი, რომ როცა უკან ბრუნდებოდნენ, ავტორს ტაქსის მძღოლი ასე გაეკაიფა (პლებეურად რომ ვთქვათ): „- შენაო, იქ ისე ჩაფიქრდი, უეჭველი ლექსებსა სწერო“. თუმცა მას (ტაქსის მძღოლს) წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ავტორი ნამდვილად ლექსებსა სწერდა.
მხილება მესამე (მოთხრობა-მხილება): ლექსის ფინალისკენ განვითარებული ტრაგიკულ-ამაღლებული მოვლენები ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. სინამდვილე კი, როგორც უმეტეს შემთხვევაში არის ხოლმე, ერთობ პროზაული გახლდათ. დავიწყოთ იმით, რომ ავტორს ბავშვობის მერე, ხელმეორედ, ოცდაერთი წლის ასაკში დაუბრძანდა ბატონები, როგორც მახვეწარმა თქვა, „ძლიერად მოკიდეს ხელი”, ამიტომ აუცილებელი იყო რამდენიმე წელიწადში ერთხელ გამოლოცვა. სწორედ ხსენებულ აუცილებელ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, როცა ლექსში მოხმობილი ამბები – ნაწილობრივ სიმართლე და მეტწილად ფიქცია – დატრიალდა. წინა დღით ავტორმა დიდ დიღომში მტრედი იყიდა, ღამით კი ნაცნობმა აზერბაიჯანელმა ჯაბირამ, თავის ბიძაშვილ საბირასთან ერთად, ცხვარი სახლში მოუყვანა (ცხადია, გასამრჯელოს სანაცვლოდ). აბაზანაში გამოკეტე, თუ აივანზე დატოვებ, რამეზე მიაბი, თორემ გადახტებაო, დაიბარა ჯაბირამ და წავიდა. ავტორმა და მისი ოჯახის წევრებმა მეორე ვარიანტი არჩიეს. მახვეწართან დარეკვის და ფიჭური ინსტრუქციებით ჩატარებული სათანადო რიტუალის შემდეგ ავტორმა აივნის კარი ღია დატოვა და იქვე, დივანზე მიწვა დასაძინებლად, რომ საჭიროების შემთხვევაში ცხვართან ახლოს ყოფილიყო. სანამ დაიძინებდა, სასულიერო სემინარიადამთავრებულ ძმაკაცს მისწერა და ჰკითხა, ეკლესიაში ცხვარი რომ გავუშვა, მღვდელი ხომ არ გამიხურებს, ქალაქია მაინც, რა ვიციო. „- არა, რატო უნდა გაგიხუროს. გაუშვი, დაიჭერენ და ვინმე უპოვარს მისცემენ. კიდე ის ამბავია?!” – პასუხი არ დააყოვნა ძმაკაცმა (მას, საერთოდ, პასუხის დაყოვნება არ სჩვევია). „- კიდე ის ამბავია?!” – ამ კითხვას ავტორი, ცხადია, ელოდა, რადგან აღნიშნულ საკითხზე ძმაკაცთან არაერთხელ, უფრო სწორედ, ლუდის ყოველი დალევის დროს, უსაუბრია. „- შეეშვი ცრურწმენებს. ჩემზე უკეთ იცი ბიბლია და აპოკრიფები. ამეების როგორ გწამს?!” – ეუბნებოდა ხოლმე ძმაკაცი. „- პატივს სცემდე, არ ნიშნავს, გწამდეს!” – პასუხობდა ავტორი და მართალიც იყო. ის თავისი კუთხისთვის ნიშანდობლივი ეთნოკულტურის, არქაულობაში ფესვგადგმული ტრადიციების თუ მსგავსი პაგანური ადათ-წესების ღვიძლი შვილია და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამაყობს კიდეც ამით. იმ ღამით კი ძმაკაცის მიერ მესენჯეში დასმული კითხვა – „- კიდე ის ამბავია?!” – უპასუხოდ დატოვა. არა იმიტომ, რომ ამ სიტყვებში სარკაზმი და ცინიზმი ამოიკითხა, არა, უბრალოდ, დილით ადრე უნდა ამდგარიყო და ათასჯერ განხილული საკითხის კიდევ ერთხელ განხილვის არც ნერვები ჰქონდა და არც – დრო. ტაქსი შვიდ საათზე ჰყავდა დაბარებული. ადრე გასვლა სჯობდა, ვერც მეზობლები დაინახავდნენ და ეკლესიაშიც არავინ იქნებოდა. რა დასამალია და, ავტორს ეუხერხულებოდა ეს ყველაფერი. სოფლის ეკლესიაში იგივე არაერთხელ გაუკეთებია, მაგრამ პასტორალური გარემოსთვის და ადგილობრივებისთვის ორგანული იყო მსგავსი რიტუალი, ურბანული გარემოსთვის კი ზედმეტად შეუსაბამო ჩანდა. ავტორი ეჭვობდა, რომ მათი ეს განზრახვა უკეთეს შემთხვევაში – დაცინვას, უარეს შემთხვევაში კი – აგრესიას, ან აგრესიასთან მიახლოებულ რეაქციას, გამოიწვევდა, რასაც მისი სიამაყის გათვალისწინებით, უცილობელი პასუხი უნდა მოჰყოლოდა, კი არ ეშინოდა, უბრალოდ, არ უნდოდა, ასე მომხდარიყო. თუმცა, კონკრეტულად ვერაფრით გეტყოდათ, ვის, ან რატომ უნდა დაეცინა ან რატომ უნდა გამოეხატა აგრესია. პირველი ვარიანტის (დაცინვის) ჰიპოთეტური დაშვებისას გონებაში ბუნდოვნად გაკრთებოდა ოცდაათ წელს ქვემოთ ასაკის ერთი, ან რამდენიმე მდედრის ფიგურა თუ მათი სახის ნაკვთები, მეორე ვარიანტის (აგრესიის) დაშვებისას კი – მღვდლის პირქუში სახე, შავი სკუფია და ალისფერი ოლარის ორნამენტები. მონდომებით ცდილობდა, ეს სახეები გონებიდან ამოეგდო, დაძინება უნდოდა, მაგრამ წათვლემდა თუ არა, ცხვრის ფხაკუნი აღვიძებდა. გადაწყვიტა, საერთოდ არ დაეძინა და ცხვრისთვის ედარაჯა. ტელევიზორი ჩართო, რომელიღაც აგრარული თუ ულტრანაციონალისტური პროფილის არხზე კოტე მარჯანიშვილის „ამოკი” გადიოდა, კარგა ხანს უყურა. ცხვარი თითქმის მიავიწყდა და ჩათვლიმა. ქაოსური სიზმრები ნახა, უფრო სწორედ, ეს უფრო სიზმრის ფრაგმენტები იყო, ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელი. ამ სიზმრებიდან მხოლოდ ერთი დაამახსოვრდა, რომელიც ყველაზე მკაფიო და ხანგრძლივი იყო: წელს ქვემოთ აი, იმ გაძვალტყავებულ ცხვრად ქცეულიყო, აივანზე რომ ება. დიახ, სწორედ იმ ცხვრად და არა – ზოგადად ცხვრად. სოფ. ნაკიანის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას წრეებს ურტყამდა, მხარზე მტრედები ეჯდა და უკან ცხვრის ფარა მოჰყვებოდა. ეკლესიის გვერდით ვიღაცები ყანას თოხნიდნენ. „- ბაჩი!“ – დაუძახა ერთ-ერთმა. ნახევრად ცხვარი და ნახევრად ავტორი მიბრუნდა და უცხო კაცს დააკვირდა, არ ეცნო, თუმცა რახან შინაურული სახელით მომართა, ნათესავი თუ არა, ახლობელი მაინც უნდა ყოფილიყო. „ბაჩის” მხოლოდ ოჯახის წევრები და თანასოფლელები ეძახდნენ. ქალაქში, ბინიდან გაადგამდა თუ არა ფეხს, წამიერად „ბექა” ხდებოდა. სოფელშიც ასე იყო, იმ ბოგას, რომელიც მისი სოფლის საზღვრად ითვლებოდა, გადააბიჯებდა თუ არა, წამიერად „ბექად” გარდაიქმნებოდა ხოლმე. ისიც კი შეამჩნია, რომ თუ სოფლის გარეთ, მაგალითად, რაიონის ცენტრში, შემოხვდებოდა რომელიმე თანასოფლელი, აუცილებლად „ბექათი” მიმართავდა. არადა, დილით, სანამ რაიონის ცენტრში წავიდოდა, იმავე თანასოფლელმა ორღობეში ჩაიარა და, ბაჩის გაუმარჯოსო, დაუძახა. მისი შემოქმედების მომავალ მკვლევართათვის სასარგებლო იქნება იმის ცოდნა, რომ დედამ „ბაჩი” დაარქვა, ხოლო მამიდამ, რომელიც მისი დაბადების მოწმობის ასაღებად წავიდა, სახელის გრაფაში „ბექა” ჩააწერინა, აქედან შერჩა ორი სახელი. თვითონ წარმოდგენა არ აქვს, რომელი სახელი ურჩევნია, რადგან ამ საკითხზე არასოდეს დაფიქრებულა, ალბათ იმიტომ, რომ დედა და გამზრდელი მამიდა განურჩევლად უყვარს და არ უნდა, რომელიმეს აწყენინოს. თუმცა, მთავარი მაინც ისაა, რომ ამ ორიდან ნებისმიერი სახელით ხმობის შემთხვევაში ქუჩაში მიმავალი ავტორი აუცილებლად მოიხედავს, როგორც თავის უცნაურ სიზმარში, სადაც, ნახევრად ცხვრადქცეულს, ტანმორჩილმა უცნობმა კაცმა „ბაჩიო” დაუძახა. კარგად რომ დააკვირდა, უცნობში ბაბუამისი, ევგენი ლაზარეს ძე, შეიცნო, ოღონდ ახლა შუახნისა იყო, როგორც იმ ფოტოზე, შინდისფერყდიან ალბომში რომ ენახა. იმ ფოტოზე ევგენი ლაზარეს ძეს აზიაცკები, გალიფე, შავი სვიტერი და ტყავის პიჯაკი აცვია, გულის ჯიბიდან კი „კოსმოსის“ კოლოფი უჩანს, თვითონ არ ეწეოდა, მაგრამ „კოსმოსს“ ყოველთვის ჯიბით დაატარებდა. აზიაცკები კი ისეთი ვიწრო ჰქონდა, მთელი საბიძაშვილო ხდიდა ხოლმე. „- წიე, ბაჩი!” – გაუმეორა შვილიშვილის სიჩუმით შეშფოთებულმა ევგენი ლაზარეს ძემ. „- ბააააააბუ!” – ამოიპეტელა ნახევრად ცხვრადქცეულმა ავტორმა. ევგენი ლაზარეს ძემ იქვე, ეკლესიის ეზოში ჩარიგებული საგვარეულო საფლავებისკენ ანიშნა, საფლავების უმეტესობა ამოთხრილი იყო. ავტორმა ისევ ბაბუასკენ მიიხედა, თოხის ტარზე დაყრდნობილ ევგენი ლაზარეს ძეს ამჯერად ყველა, ვინც წეღან თოხნიდა, გვერდით ამოსდგომოდა. ნახევრად ცხვრადქცეული ავტორი მიხვდა, რომ ესენი მკვდრეთით აღმდგარი მისი წინაპრები იყვნენ. იქ იყო ევგენი ლაზარეს ძის უფროსი ძმა, მათი ბიძაშვილები და კიდევ უფრო ღრმა წინაპრები. ზოგი იცნო, რადგან ბავშვი იყო, როცა გარდაიცვალნენ, თუმცა ამჯერად ყველა მათგანი შუახნისა იყო. ბაბუას უკან რომ მაღალი კაცი იდგა, ავტორის დიდი პაპა, ლაზარე უნდა ყოფილიყო, ყოველთვის აინტერესბდა მისი ვიზუალი, ამიტომ ბავშვობაში ბებოს თხოვა, აღეწერა მამამთილი და აღწერის მიხედვით დახატა კიდეც. ახლა რთული იყო თქმა, იმ ნახატს ჰგავდა თუ არა ეს მაღალი კაცი. საერთოდ ყველა, ბაბუას გარდა, მაღლები იყვნენ. ავტორს განუახლდა ბავშვობის დროინდელი სიბრაზენარევი დარდი იმაზე, რომ ბაბუასგან ოდენ მეტრი და სამოცდაათი სანტიმეტრი ერგო გენეტიკურ მემკვიდრეობად, მაშინ, როცა მისი (ავტორის) ყველა ბიძაშვილი ამბალი გახლდათ, თუმცა ახლა ნახევრად ცხვრადქცეულისთვის სიმაღლეს რა მნიშვნელობა ჰქონდა. ცხვრები და მტრედები სადღაც გამქრალიყვნენ, მარტო იდგა ეკლესიის ეზოში და ღობის მიღმა მდგარ თავის წინაპრებს, თავის სისხლსა და ხორცს, შეჰყურებდა. უნდოდა, რაღაც თბილი ეთქვა მათთვის, მაგრამ პეტელის რცხვენოდა, ამიტომ ჩუმად იდგა. წინაპრები თითქოს მისგან რაღაცას ელოდნენ, ამჩნევდა, თანდათან როგორ ეღუშებოდათ სახეები. „- მე არ ვიყო ლაზარე ახალაია, ამის სუკები თუ არ გაჭამოთ!” – იყვირა ბოლოს ლაზარე ცუტუს ძემ, ხვანჯარში ჩარჭობილი წალდი იძრო, ღობეზე გადმოხტა და ნახევრადცხვრადქცეულ ბადიშს ხაზგასმულად ფატალური ზრახვებით ანთებული ფეხდაფეხ გამოეკიდა. ავტორი მთელი ძალით გარბოდა, მაგრამ გრძნობდა, როგორ უმძიმდებოდა ჩლიქები, თითქოს გირები გამოაბესო. გაბოროტებული დიდი პაპის ხმა კი თანდათან ახლოვდებოდა. „- ბააააააააბუ!” – პეტელებდა ავტორი. „- ბაააააააბუ!” – იქნებ შესცოდებოდა ევგენი ლაზარეს ძეს და დაეშალა მამისთვის შთამომავლის მისიკვდილება. „- ბაააააააააბუ… ბაააააააბ… ბაააააა…. პეეეეეეე….” – გამოეღვიძა ოფლში გაწურულ ავტორს. „- პეეეეეეე!” – პეტელებდა აივანზე, საკუჭნაოს კარის სახელურზე მიბმული ცხვარი. მზე უკვე ამოსულიყო. შვიდს ოცდახუთი წუთი აკლდა, ავტორი დედამისის გასაღვიძებლად გავიდა, მაგრამ დედა უკვე ამდგარიყო ლოგინიდან. მახვეწრის რჩევისამებრ, დილითაც დაანთეს სანთლები, დედამ ავტორს ცხვარი სამჯერ შემოატარა. უკვე შვიდი ხდებოდა, ტაქსი კი არ ჩანდა, ამიტომ ავტორმა მძღოლს დაურეკა. წინა ღამითაც დაურეკა იმის შესახსენებლად, რომ დილით უნდა მოსულიყო, მაგრამ მძღოლი არ პასუხობდა, ნახევარსაათიანი ინტერვალებით სამჯერ დაურეკა, არავის უპასუხია. ავტორი დანაღვლიანდა: ალბათ გადაიფიქრა და ახლა სად ვიშოვო სხვა ტაქსი, რომელიც ცხვარს ჩაისვამსო. რა იცოდა, რომ ტაქსის მძღოლი, რაც არ უნდა მომხდარიყო, ამ საქმეზე უარს არაფრით იტყოდა. ავტორმა, დილისთვის სხვა ტაქსი რომ ეშოვნა, ტაქსების გაჩერებასთან ჩასვლა დააპირა, როცა მძღოლმა დარეკა. მეძინაო, ბოდიში მოიხადა. ხვალ დილით მანდა ვარო. ხოდა, ამჯერად, გასული ღამისგან განსხვავებით, მეორე ზარზევე უპასუხა ტელეფონს, ათ წუთში ვიქნები, ჩამოდითო. ავტორმა სცადა, ცხვარი კიბეზე თავისი ფეხით ჩაეყვანა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. იძულებული გახდა, ხელში აეყვანა შარდის, ხუშკის და სპეციფიკური სუნით აქოთებული ეს უსუსური არსება, რომელსაც მისი ცოდვები უნდა ეტვირთა და თავი მსხვერპლად შეეწირა. ცხვარს ავტორის მარცხენა მხარზე ედო თავი, ავტორი მის სითბოს გრძნობდა, გრძნობდა, როგორ თანაბრად სუნთქავდა. შეეცოდა, იყო კი ავტორი ღირსი, რომ მის გამო ეს ცხვარი კი არა, თუნდაც რომელიმე ერთუჯრედიანი არსება მომკვდარიყო? თავის გასამართლებლად ავტორმა წარმოიდგინა, როგორ დაპურდებოდა ამ ცხვრის ხორცით რამდენიმე უპოვარი და ცოტა დამშვიდდა, რა იცოდა, რომ ნუცუბიძის პლატოს ერთი-ერთი უბნის ბინადარი რამდენიმე ღიპიანი ბიძა უკვე ამზადებდა ამ საწყალი ცხვრისთვის დანას, ქვაბს და შამფურებს ჟანგმოდებულ ფარეხში. „- ფეხები შევუკრათ, თორემ იმოძრავებს!” – უთხრა ავტორმა ტაქსის მძღოლს. „- რავა არაფერი არ იცით ამ ახალგაზრდებმა! ჩასვი, ბიჭო, ამაში! – უპასუხა მძღოლმა და წინასწარ გახაზირებული ტომარა გაშალა. – ჰე, იმოძრაოს ახლა, თუ ბიჭია!” – თქვა კმაყოფილმა მძღოლმა და ტომარაში ყელამდე ჩასმულ ცხვარს თავში ისე წამოარტყა, როგორც ცელქ ბავშვს წამოარტყამენ ხოლმე. საბარგულშიც წინასწარ გაეფინა ცელოფნის პარკები. ავტორს, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა, რატომ იყო ასე გულმოდგინედ მოწადინებული ეს კაცი, თუმცა არაფერი უთქვამს. იმაზე გაცილებით მეტ გულმოდგინებას იჩენდა, ვიდრე ამას მისი პროფესია მოითხოვდა. წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია, „მოდულის” შენობასთან, დაკეტილი დახვდათ, რკინის ალაყაფს უშველებელი ბოქლომი ედო. „- რა არი, კაცო, ეს! ეკლესიას დაკეტვა რად უნდა?!” – შფოთავდა ტაქსის მძღოლი, ეტყობოდა, უფრო მწარე რამეების თქმაც უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა. „- ჩორნი ხოდი უნდა ჰქონდეს, შანსი არაა! შენ იქით მოუარე, მე აქეთ ვნახავ!” – უთხრა ავტორს და მეტროს მხარეს გაემართა. ავტორმა „მოდულის” მხრიდან მოუარა, მაგრამ სხვა შესასვლელი არსად ჩანდა. „- უსინდისობა, თუ გინდა! – დანაღვლიანდა მძღოლი. – სხვა ეკლესიაში რო წავიდეთ?!” – ცოტა გაუბედავად წამოაყენა წინადადება. „- არა, აქ გვაქვს ჩათქმული!” – კატეგორიულად თქვა ავტორის დედამ და ამ ვარიანტის განხილვის პერსპექტივა ძირშივე მოკლა. „- აა, მაშინ არ შეიძლება”. – ბედს შეეგუა მძღოლი, ეკლესიის ეზოდან გადმოშვერილ კაკლის ტოტს მისწვდა, რამდენიმე კაკალი მოწყვიტა, იქვე მიგდებული აგურის ნატეხით გატეხა და ჭამას შეუდგა. „- ხომ არ გასინჯავთ?! გემრიელია!” – ავტორის დედას და ავტორს შესთავაზა მძღოლმა გარჩეული ნიგოზი, მაგრამ მათ ზრდილობიანად იუარეს. ამას შიგ ხო არა აქვს, ამ უზმოზე კაკალს რა აჭმევსო, გაიფიქრა ავტორმა. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მძღოლის წინაშე რაღაცნაირად უხერხულად გრძნობდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ ფული, საფასურზე სამჯერ მეტი, უკვე გადახდილი ჰქონდა მისთვის. ვერაფრით მიმხვდარიყო, რა აკავებდა აქ ამ კაცს, ეკლესია, მათი ერთობლივი ვარაუდით, რვამდე არ გაიღებოდა, ახლა კი რვის ნახევარი იყო. ავტორი მის ასეთ ქცევას გადამეტებულად მაღალ პასუხისმგებლობის გრძნობაში შერეულ რელიგიურ მოწიწებას უკავშირებდა, მაგრამ ეს კაცი ასეთი სულაც არ ჩანდა, სამოც წელს მიტანებული, ტიპიური თბილისელი ბიძა გახლდათ. „- ისევ გაფრინდი სადღაც. ხო გითხარი გუშინ, უეჭველი ლექსებსა სწერ-მეთქი!” – სიცილით უთხრა ფიქრებში წასულ ავტორს მძღოლმა, წენგოთი გამწვანებულ თითებზე დაიფურთხა და შარვალზე შეიწმინდა. „მოდულის” მხრიდან შავთავშლიანი ქალი წამოვიდა ეკლესიისკენ. ავტორს, დედამისს და მძღოლს იმედი მიეცათ, ეს ქალი, ყველანაირი ლოგიკით, მესანთლე უნდა ყოფილიყო, რომელსაც ალაყაფის გასაღები ექნებოდა. ქალმა მისკენ მიპყრობილი, იმედით სავსე თვალები არ შეიმჩნია, გალავანთან მიდგმულ ორ პატარა ყუთს დერმატინი გადახადა, დაკეცა და ქვედა ყუთში შეჩურთა, მერე ზედა ყუთს ხელი დაავლო, ეკლესიის ალაყაფთან მიიტანა და ზედ ჩამოჯდა. „- ხომ არ იცით, როდის გაიღება?!” – ჰკითხა ავტორის დედამ. „- ცხრის ნახევრის მერე!” – თქვა ქალმა და სამივე შეათვალიერა. „- შენ ერთი გასაღები არ უნდა გქონდეს?!” – თან სერიოზულად და თან ხუმრობით ჰკითხა მძღოლმა. „- მე რა შუაში ვარ, უბრალოდ ვზივარ და მოწყალებას ვითხოვ!” – უპასუხა ქალმა და ავტორის დედას, რომელმაც მოწყალება გულუხვად გაიღო, მადლობა გადაუხადა. ზუსტად ცხრის ნახევარზე მეტროს ჩასასვლელიდან ახალგაზრდა, გამხდარი მღვდელი ამოვიდა. ავტორმა რაღაცნაირად შვება იგრძნო. ეგონა, ვინმე ხანში შესული, ღიპიანი და უხასიათო მღვდელი დახვდებოდათ, ეს კი ძალიან სათნო ვინმე ჩანდა. მღვდელმა მოწიწებით დაუკრა ყველას თავი და ალაყაფი გააღო. ავტორმა, თავის დასაზღვევად ჰკითხა, ცხვრის გაშვება თუ შეიძლებაო. რა თქმა უნდაო, უპასუხა მღვდელმა. ავტორმა და მძღოლმა საბარგულიდან ცხვარი ამოიყვანეს, ტომრიდან ამომძვრალიყო, ქვეშ გაფენილ ცელოფნის პარკებზე ხუშკი ეყარა. „- მოუსვრია აქაურობა.” – მოიბოდიშასავით ავტორმა. „- ცხვარია, აბა რას იზამდა!” – საბარგული დაკეტა მძღოლმა ისე, რომ არც გამოუწმენდია. ავტორი დასამშვიდობებლად მოემზადა, მაგრამ მძღოლი არსად წასვლას არ აპირებდა. ავტორს ცხვრის ყელზე ჩაბმული თოკი ეჭირა, დედამისს კი – მტრედის ყუთი. ალაყაფში შევიდნენ, მძღოლიც მიჰყვა. „- გამხდარია!” – დანანებით თქვა მძღოლმა, როცა ეზოში შედიოდნენ, და ცხვარს ზურგი ხელით მოუსინჯა. ავტორმა არაფერი თქვა. მძღოლი შუა ეზოში დადგა. ამასობაში ვიღაცები შემოვიდნენ. „- ცოტა ხანი არ შეიძლება შემოსვლა!” – შეაჩერა ისინი მძღოლმა, ახალმოსულები ჯერ მძღოლს და მერე ერთმანეთს მიაჩერდნენ გაკვირვებულნი. ავტორმა და დედამისმა ცხვარი სამჯერ გაჭირვებით შემოატარეს ეკლესიას, მერე მტრედი ყუთიდან ამოიყვანეს და გაუშვეს. მძღოლი გიჟივით ეცა ცხვრის ყელზე ჩაბმული თოკის ბოლოს, რომელიც ავტორმა ის-ის იყო, მოისროლა, თან უკან იხედებოდა, თითქოს წართმევას უპირებდა ვინმე. „- თქვენთვის რა აზრი აქ, ვინ წაიყვანს. ბიჭები წუხანდლიდან კბილებს ილესავენ, ზოგმა დანა ჩემიო, ზოგმა ქვაბი ჩემიო, ზოგმა მარილიო… მელოდებიან. შენს სადღეგრძელოს დავლევთ!” – თქვა მძღოლმა, ავტორის ოდნავგაკვირვებულ თვალებს რომ წააწყდა. თოკი ორივე ხელით მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული. როცა დედამისთან ერთად გაჩერებასთან იდგა და ავტობუსს ელოდა, ავტორს გაახსენდა, რომ მგელივით შიოდა (მოთხრობა-მხილების დასასრული).
მხილება მეოთხე: ლექსში მოხმობილი შელოცვები ავტორმა მეგრულიდან ლამის ბუკვალურად თარგმნა, სიტყვაც არ შეუცვლია, უბრალოდ, ლექსის საერთო სხეულიდან ამოვარდნილი რომ არ ყოფილიყო, ურიტმო ორიგინალების რიტმულად ორგანიზებული ექვივალენტები შექმნა. ყველა მახვეწარს, ცხადია, თავისი შელოცვა აქვს, უფრო სწორად, მაგისტრალური აზრი ყველგან ერთია, უბრალოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მახვეწრები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინტელექტით, ლექსიკური მარაგით, წარმოსახვის უნარით და ასე შემდეგ, მათი შელოცვებიც განსხვავდება სინტაქსური წყობით და მხატვრული დონით. ამ ლექსში მოხმობილი პირველი შელოცვა ერთგვარად უნივერსალურია იმ მხრივ, რომ დანიშნულებისამებრ ვერბალიზაციის დროს მხოლოდ ობიექტის სახელი იცვლება, რადგან ჩამოთვლილი პოტენციური გადაცდომანი მამრობითი სქესის თითქმის ყველა ადამიანს მიესადაგება. რაც შეეხება მეორე შელოცვას, ამ ტიპის შელოცვები კონკრეტულ ობიექტზეა მორგებული, შეიძლება ითქვას, იგი (შელოცვა) კოპროდუქციის ნაყოფია. ანუ მახვეწარი ობიექტის ახლობლისგან იგებს ობიექტის ბიოგრაფიის ისეთ ნეგატიურ ნიუანსებს, რომლებიც, ბატონების შეწევნით, გამოსწორებას საჭიროებენ, ან ობიექტის ახლობელი თვლის ასე. ეს შელოცვა მაშინ წარმოითქმის, როცა ნაკურთხწყალნასხურები შესაწირი პირუტყვი ან ფრინველი ტანს შეიფერთხავს, რაც იმის ნიშანია, რომ ბატონებმა შესაწირი მიიღეს. არ უნდა იყოს მოულოდნელი იმის გაგება, რომ ლექსში მოხმობილი მეორე შელოცვის თანაავტორი ავტორის დედა გახლავთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი