პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

რა გვაქვს დავალებად? კითხვებზე პასუხი, ანუ წერითი დავალებები ქართული ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოებში

ყველამ იცის, რომ გამოქვეყნებულ ტექსტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის არის სანდო წყარო, სანდო ინფორმაცია, სანდო დასაყრდენი და არგუმენტი. ეს განსაკუთრებით ეხება სახელმძღვანელოებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია, რამდენადაც სწორედ ის არის ძირითადი და ფუნდამენტური საგანმანათლებლო მასალაა.

უკვე მივეჩვიეთ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში შეცდომები გვხვდება. ეს შეცდომები კი არა მხოლოდ მექანიკური, ტექნიკური და კორექტურული ხასიათისაა. სასკოლო სახელმძღვანელოების შეცდომების ნაწილი არის შინაარსობრივი, აზრობრივი, პედაგოგიური და თეორიულ-იდეოლოგიური. გამიგია, რომ შეცდომების თვალსაზრისით ყველა კლასისა და ყველა საგნის წიგნი სცოდავს. მე ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნებს დავკვირვებივარ მშობლისა და ფილოლოგის თვალით და ბევრი რამ არ მომწონებია.

სახელმძღვანელოებში მოცემულ დავალებებთან დაკავშირებით ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ, ავტორებს როგორ წარმოუდგენიათ ამ დავალების შესრულება, ან თვითონ თუ შეუსრულებიათ ეს დავალება, ან გამოსაცდელ, ე. წ. სახელმძღვანელოს აპრობაციის პერიოდში თუ შეუსრულებია ვინმეს? რასაკვირველია, პირველი რედაქცია მრავალჯერ უნდა დაიხვეწოს, მაგრამ ჩანს, რომ გრიფირების კონკურსიდან შემდეგ კონკურსამდე სახელმძღვანელოები არ იცვლება.

წიგნების ავტორები ხშირად ლაფსუსებსსა და შეცდომებს სკოლის პედაგოგებს აბრალებენ. სკოლის პედაგოგები კი ფიქრობენ, რომ შეცდომები სახელმძღვანელოებიდან მოდის. განსაკუთრებით, იმ შეკითხვებიდან და დავალებებიდან, რომლებსაც ვერც მასწავლებელი იგებს ბოლომდე და ვერც მოსწავლე ასრულებს სწორად, რადგან რა იგულისხმება ამა თუ იმ შეკითხვაში, ბოლომდე ყველასათვის გაუგებარია, თუმცა წიგნში წერია და უნდა გააკეთონ. ალტერნატივა არა აქვთ.

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული გაუგებრობები კიდევ უფრო გაღრმავდა დისტანციური სწავლების ფონზე, როდესაც ქართულის ყოველდღიური 45-წუთიანი გაკვეთილები, ჯამში კი, 5 ან მეტი საათი კვირაში, ჩაანაცვლა კვირაში ერთმა ან ორმა, 40-წუთიანმა გაკვეთილმა „სქულბუქში“, „ზუმში“, ან „თიმსში“, სადაც პირველი ათი წუთი მასწავლებელი მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართვას უნდება და დარჩენილი 30 წუთი მოკითხვას, გამოკითხვას, შეკითხვასა და დავალების მიცემას. ვინც სხვადასხვა ტექნიკური მიზეზით ვერ ესწრება გაკვეთილს, პირდაპირ იღებს დავალებას: ისწავლეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვებს.

 

სახელმძღვანელოებსა და დავალებებს რომ ობიექტურად დავაკვირდეთ, შევამჩნევთ, რომ:

  • ქართული ლიტერატურის წიგნებში დავალებები და კითხვები არ არის მეთოდურად შერჩეული. ხშირად, ტექსტის ანალიზისათვის დასმული კითხვები სხვადასხვა ფორმულირებით მეორდება.
  • სხვადასხვა ჟანრის ტექსტებს აუცილებლად მოჰყვება შეკითხვები, რომლებიც ასევე არამეთოდურად არის განაწილებული. ერთ შეკითხვაში კი რამდენიმე შეკითხვაა. მაგალითად: „ვინ იყო ანდროკლე? რატომ გაიქცა რომიდან?“ ეს პირველი შეკითხვაა. ან, სხვა ავტორებისა და კლასის სახელმძღვანელოში: პირველი შეკითხვა: „გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდი ლექსის თემასთან დაკავშირებით? რას ეძღვნება ეს ლექსი?“. ამავე აქტივობის შემდეგი შეკითხვა კი ასეთია: „რომელი სახელოვანი ქართველებია ნახსენები ლექსში? რა დამსახურება მიუძღვით მათ ერის წინაშე? კიდევ რა გსმენიათ ამ გმირი წინაპრების შესახებ?“.
  • შეკითხვები დაჯგუფებულია გარკვეული მეთოდოლოგიით, თუმცა მეთოდოლოგია არ არის ბოლომდე ცხადი და გასაგები. მაგალითად, მე-4 კლასის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში ტექსტს ერთვის ათი აქტივობა და ყველა დანომრილია. I-III აქტივობას აწერია: „უპასუხე შეკითხვებს“. IV-VI აქტივობას – „ტექსტის შინაარსი“. უნდა ითქვას ისიც, რომ კითხვებზე პასუხის აქტივობის სამივე პუნქტი ტექსტის შინაარსს ეხება. მაგალითად, ასეთი შეკითხვა: 1. „ვინ იყო ანდროკლე? რატომ გაიქცა იგი რომიდან?”. 2. „სად იმალებოდა ანდროკლე რომიდან გაქცევის შემდეგ?”. 3. „რა ადასტურებს იმას, რომ ადამიანებს უჭირთ სიმარტოვე?”. VII აქტივობა – „იმსჯელე”, თუმცა სამსჯელო შეკითხვები გვხვდება როგორც კითხვებზე პასუხის ნაწილში, ისე ტექსტის შინაარსის გასაანალიზებლად მოცემულ აქტივობებში. კერძოდ, III აქტივობის შეკითხვა აშკარად მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებას, ანუ მსჯელობას: „რა ადასტურებს იმას, რომ ადამიანებს უჭირთ სიმარტოვე?“. შემდეგი, VIII აქტივობა, არის „დაწერე“. შემდეგ, მოჰყვება IX აქტივობა, „გრამატიკა“ და ბოლო, X აქტივობა არის კვლავ „დაწერე (დავალება)“.
  • წიგნში მოცემული დავალება ხშირად არის არასათანადოდ ფორმულირებული, ბუნდოვანი, გაუმართავი მეთოდურად. მაგალითად, დავალება: „წავიკითხოთ, დავფიქრდეთ, ვისაუბროთ”: „როგორ გესმით პოეტის ნათქვამი: „ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს, /თამარს ცოცხალსა გხედაო“. გარდაცვლილ ადამიანზე ხშირად ამბობენ, რომ იგი კვლავ აგრძელებს სიცოცხლეს საკუთარ ნამოღვაწარსა თუ შთამომავლობაში. როგორ აგრძელებს სიცოცხლეს, ვაჟას აზრით, დიდი თამარი?“ ამავე აქტივობის შემდეგი შეკითხვა ასეთია: „ქართველი ხალხის რწმენით, თამარი, როგორც წმინდანი, გარდაცვალების შემდეგ ზეცაში ამაღლდა და იქიდან მფარველობს თავის ერს. მოძებნეთ ლექსში ამ რწმენის გამოძახილი. ახლა როგორი აზრი შეიძინა პოეტის ნათქვამმა: „თამარს ცოცხალსა გხედაო?“ – ჩანს, რომ ერთსა და იმავე თემაზე, ლექსის ერთსა და იმავე სტრიქონზე, ორი შეკითხვა ერთმანეთს იმეორებს. მოსწავლე იბნევა, რა უნდა უპასუხოს მეორე შეკითხვას? პირველს რაც უპასუხა, იგივე გაიმეოროს? ასეთი შემთხვევები კი სახელმძღვანელოებში მრავლად არის.
  • ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში ხშირად არის მოცემული ისეთი დავალებები და შეკითხვები, რომლებიც არ შეესაბამება ტექსტის შინაარსს, ასევე, არ შეესაბამება მოცემულ საგანმანათლებლო საფეხურს, კლასს. მაგალითად, მე-4 კლასის პირველი სემსეტრის დავალება: „ძველ დროს მეფეებს დიდ ლაშქრობებში თან ახლდნენ ხოლმე მწიგნობრები, რომლებიც ამ მეფეთა დიდი გამარჯვებებისა თუ დამარცხებების ამბებს აღწერდნენ. წარმოიდგინე, რომ შენ ასეთი ძველი მწიგნობარი ხარ, აირჩიე სამი ბრძოლიდან (მარაბდა, კრწანისის, თერმოჰილეს) ერთ-ერთი და აღწერე ის ისე, თითქოს შენი თვალით ნახე ყველაფერი“. ამ დავალების შესასრულებლად მე-4 კლასელმა მოსწავლემ მემატიანის პერსპექტივიდან უნდა აღწეროს რომელიმე დასახელებული ბრძოლა. რთულ ლექსიკურ და შინაარსობრივ საკითხებს მოსწავლეები ხშირად დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან და საჭიროებენ მშობლის, სხვა მასწავლებლის დახმარებას.
  • სახელმძღვანელოებში მოყვანილი ტექსტების გარშემო არასრულყოფილი ინფორმაციის გამო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ხშირად აძლევენ წინასწარ მითითებებს, მათ შორის, განსაკუთრებით აქტიურად მიმართავენ პატრიოტული და რელიგიური თემების რეპრეზენტაციას, რაც, შესაძლოა, არ იყოს უადგილო, თუმცა ზოგჯერ ეს საკითხები ამოვარდნილია მთლიანი კონტექსტიდან და არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი ხდება.
  • მასწავლებლები ხშირად ავალებენ მოსწავლეებს საშინაო დავალებად ტექსტზე დართულ კითხვებზე პასუხს. ამ მეთოდს აქვს თავის გამართლება: წიგნში წერია, გაკვეთილზე მხოლოდ ტექსტის წაკითხვა და განხილვა მოასწრეს, დანარჩენი – სახლში. არათანმიმდევრული, ხშირად, განმეორებადი, ან ურთიერთგამომრიცხავი შეკითხვები კი მოსწავლეს აბნევს.

ჩვენ, მასწავლებლები და მშობლები ტექნიკურ შეცდომებს, შინაარსობრივ და მეთოდოლოგიურ გადაცდომებს უფროსის, ზრდასრულის პერსპექტივიდან ვუყურებთ. რაც უნდა იყოს, როგორც უნდა ძნელი და გაუგებარი იყოს, ეს მაინც მოსწავლის დავალებაა, მან უნდა შეასრულოს. მან უნდა გაიგოს და უმრავლეს შემთხვევაში, მან უნდა გააკეთოს. დავალება უნდა შეასრულოს სწორედ მოსწავლემ, რომელმაც შესაძლებელია, დავალება ქართულ ლიტერატურაში ვერ გაიგო არა იმიტომ, რომ უჭირს შინაარსის გამოტანა, არამედ იმიტომ, რომ დაუზუსტებლად, გაუგებრად წერია წიგნში. წიგნში, სახელმძღვანელოში, რომელიც, წესით, ყველაზე სანდო წყარო და რესურსი უნდა იყოს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი