შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ჯადოსნური ამბები- კომპლექსური დავალება

„მომიყევი – დამავიწყდება; მაჩვენე – შესაძლოა, დავიმახსოვრო; გამაკეთებინე და გავიგებ”. ჩინური ანდაზა

მასწავლებლები ვცდილობთ, მოსწავლეებს ცოდნა ისე მივაწოდოთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს დაამახსოვრდეთ და პრაქტიკაშიც შეძლონ მისი გამოყენება.

ჩემს მესამე კლასელ მოსწავლეებთან ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე განვიხილავდი ერთ-ერთ თავს ჯადოსნურ ამბებზე. წინასწარ შევისწავლეთ რამდენიმე ასეთი ტექსტი. გადავწყვიტე, მოსწავლეებისთვის მიმეცა ისეთი დავალება, რომელიც საშუალებას მისცემდა მათ, გამოევლინათ შესაძლებლობები, განევითარებინათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები და შესწავლილი პრაქტიკაში განეხორციელებინათ.

სტატიაში აღვწერ ჩემს კომპლექსურ დავალებას, რომელიც მოსწავლეებს მივეცი:

ძირითადი ტექსტი: „როგორ გაჩნდა მთვარე და ვარსკვლავები“

სამიზნე ცნება : ტექსტის გაგება, ინტერპრეტირება

შედეგები: I 2; I 3; I 4; I 5; I 6; I. 7; I. 8; I. 9; I. 12; I. 13; I. 14; I. 15.

ქვეცნებები/საკითხები: პერსონაჟის ემოციების ამოცნობა, ტექსტის შედგენა, ილუსტრაციის შექმნა მოცემულ ტექსტზე, სიუჟეტის განვითარების საფეხურები (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული).

საკვანძო შეკითხვები:

  • როგორ გამოვიყენო ტექსტში მოცემული ინფორმაცია შინაარსობრივად/ჟანრობრივად მსგავსი ტექსტის შესაქმნელად?
  • როგორი შეიძლება იყოს ჩვენი თვალით დანახული ზღაპრული ამბავი?
  • ტექსტზე დაყრდნობით როგორ შევადგინოთ ზღაპრული ამბავი?
  • როგორ გადმოვცე ნახატით ჩვენი მოფიქრებული ამბავი?
  • ნახატზე დაყრდნობით როგორ დავახასიათო პერსონაჟი?

 

კომპლექსური დავალების პირობა:

ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი. გამოყავით, რა არის ნამდვილი და რა გამოგონილი ამბავი. დაფიქრდი, როგორ ამბებს შეიძლება ვუწოდოთ ჯადოსნური? ოდესმე თუ შეგითხზავს რაიმე ჯადოსნური ამბავი? როგორ ფიქრობ, რატომ იგონებენ ადამიანები ჯადოსნურ ამბებს? გაიხსენე ანიმაციური ფილმი, წიგნი, ზღაპარი, სადაც გხვდება გამოგონილი ამბები. დაუკავშირე შენი გამოცდილება შესწავლილი ტექსტის თემას. მოიფიქრე და დაწერე ზღაპრული ამბავი. შეეცადე გადმოსცე პერსონაჟის ემოციები. შემდეგ შექმენი შენი მოგონილი ამბის ილუსტრაცია, რომელსაც ერთ ეპიზოდს ან მთლიან ამბავს დაუკავშირებ.

ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინე:

  • ჯადოსნური, გამოგონილი ამბავი;
  • პერსონაჟის ემოციები;
  • შექმნილი ილუსტრაცია, რომელიც კონკრეტულ ეპიზოდს, ან მოფიქრებული ამბის შინაარსს აღწერს.

პრაქტიკული რჩევები, რეკომენდაციები:

  • თემის გაცნობამდე, მოიყვანეთ რამდენიმე მაგალითი გამოგონილ ამბებზე, გაიხსენეთ ანიმაციური ფილმები, ზღაპრები;
  • ნახე ილუსტირებული წიგნი ან ზღაპარი, დაასახელე კავშირი ამბავსა და ილუსტრაციას შორის.

 

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის ეტაპები:

მოსწავლეები მოვამზადე დავალების შესრულებისთვის. განვიხილეთ შესწავლილი ტექსტი: ,,როგორ გაჩნდა მთვარე და ვარსკვლავები“. ვიმსჯელეთ, ვიმუშავეთ T სქემაზე:

ტექსტი ინდივიდუალური კომენტარი
მონაკვეთი 1

მზეც ჩავიდა და საღამოს ბინდი გადაეფარა არემარეს.

მოსწავლის კომენტარი:

ეს მონაკვეთი რეალურად შეიძლება მოხდეს, რადგან მზის ჩასვლის შემდეგ ბინდი ჩნდება ხოლმე.

მონაკვეთი 2
მაღლა ასროლილი ხორბლის მარცვლები აენთნენ, ცას შეერივნენ და ზეცა მოციმციმე ვარსკვლავებით მოიჭედა.
მოსწავლის კომენტარი:
ეს მონაკვეთი არის ჯადოსნური, რადგან რეალურ ცხოვრებაში ვარსკვლავები ხორბლის მარცვლებისგან არ ჩნდება.
მონაკვეთი 3

დედამ ჯიბეში ჩარჩენილი ერთი მარცვალი ცერცვიც მაღლა შეისროლა. ცერცვის მარცვალი ყვითლად მოელვარე მთვარედ გადაიქცა და ღამე გააშუქა.

მოსწავლის კომენტარი:

ეს მონაკვეთი არის გამოგონილი, რადგან მთვარე დედამიწის თანამგზავრია და ის ცერცვის მაღლა შემოსროლით ვერ გაჩნდებოდა.

 

T სქემის შევსებისა და მსჯელობის შემდეგ, მოსწავლეებს ვთხოვე, შესწავლილ ტექსტებზე დაყრდნობით შეექმნათ ამბავი, რომელიც იქნებოდა მათი მოფიქრებული და ჯადოსნური. მოეფიქრებინათ ამბის სათაური. ნამუშევარში ასევე უნდა ესაუბრათ პერსონაჟზეც. პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა წარადგინეს ნამუშევარი.

მეორე დავალების შესრულებამდე, მოსწავლეებს ვთხოვე, დაეთვალიერებინათ კლასგარეშე წიგნი, რომელსაც ვკითხულობდით იმ დროს, ,,ვინი პუჰის თავგადასავალი“. განვიხილეთ წიგნში მოცემული ილუსტრაციები. რამდენად გადმოსცემდა ნახატი კონკრეტული მონაკვეთის სათქმელს, როგორ ჰქონდა ილუსტრატორს ის გამოყენებული. ამის გათვალისწინებით მივეცი შემდეგი დავალება: მოსწავლეებს უნდა შეექმნათ საკუთარი ტექსტის მიხედვით ილუსტრაცია, რომელიც კონკრეტულ მონაკვეთს ან ამბის შინაარსს გადმოსცემდა. დასასრულ უნდა წარედგინათ პრეზენტაციები.

ილუსტრაციის წარმოდგენისას გადმოცეს შინაარსი, დაიცვეს ეპიზოდების თანამიმდევრობა. ზოგიერთმა მოსწავლემ შექმნა მთლიანი ამბის ერთი ილუსტრაცია, ზოგმა – რამდენიმე ეპიზოდის. გთავაზობთ ერთ მაგალითს:

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა შეაჯამეს მთლიანი დავალება. ისაუბრეს, რა იყო მათთვის საინტერესო, რომელ დავალებაზე გაუჭირდათ მუშაობა, როგორ გადაჭრეს პრობლემები, რა დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად.

მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო, კეთილი ჯადოსნური ამბები შეთხზეს. შეუსაბამეს ილუსტრაციები და ამით გამოიმუშავეს შემოქმედებითი უნარ-ჩვევები. შესწავლილი თემა კი განახორციელეს პრაქტიკაში და მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი.

მოსწავლეების ნამუშევრებს თავი მოვუყარე და ჯადოსნური ამბების ელექტრონული წიგნი შევქმენი, რომელსაც გთავაზობთ.

შეგიძლიათ ისიამოვნოთ კეთილი და ჯადოსნური ამბების კითხვით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი