პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

საშობაო საჩუქრები ლიტერატურაში

ვაჟა- ფშაველა და მისი ძმები, ძია ესტატე, ელიზბარი ვაჟა-ფშაველას „საშობაო მოთხრობიდან“, ტოლკინი, დელა და ჯონი, ასტრიდ ლინდგრენი, ანე ფრანკი, მადიკენი და ლისაბეტი, უგო, ჰარი პოტერი, ავრორას მამა, ვირჯინიას დედა – ნამდვილი თუ გამოგონილი პერსონაჟები  სხვადასხვა დროსა და სივრცეში შობას ზეიმობენ, ერთმანეთს ულოცავენ და საჩუქრებს ჩუქნიან.

ლიტერატურას, სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, აქვს  ერთი ჯადოსნური უნარი – მოვლენებს გვაყვარებს.

შობა ჩემს მახსოვრობაში დედას ნაამბობს უკავშირდება. ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი გატაცებით მიყვებოდა ო’ჰენრის „მოგვთა ძღვენს“, როგორ გაიმეტა ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულმა ცოლ-ქმარმა ყველაზე ძვირფასი ნივთები შობის საჩუქრების საყიდლად. ამბავი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. მე კი ახლა ვხვდები, რისკენ მიბიძგებდა დედა – ჩემს გულში სიყვარულს, უანგარობას, ადამიანის პატივისცემას აღვივებდა. თავადაც დელასავით გამეტებული გული აქვს – ყოველთვის შესწევდა ძალა გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდა.

ახლა ჩემთვის შობა იმედი, რწმენა, საყვარელი ადამიანისთვის ცხრა მთის გადალახვაა. საშობაოდ საჩუქრების ჩუქება, შობის დღესასწაულის საზეიმო აღნიშვნა ჩემს ბავშვობას ნამდვილად არ უკავშირდება. მამა სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ათეისტი იყო, დედა არასდროს ყოფილა ეკლესიური.

ლიტერატურამ ფიქრისა და დაკვირვების კარი გამიღო. პირველად სკანდინავიელ საბავშვო მწერლებთან აღმოვაჩინე, როგორი დიდი მოწიწებით აღნიშნავდნენ შობას. ამ ჭრილში წაკითხულმა ტექსტებმა თავი მოიყარა და სათქმელიც დაგროვდა.

ვკითხულობ  ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში საშობაო რიტუალის შესახებ  და მწერლის მამა მახსენდება. პავლე რაზიკაშვილი მღვდელი იყო. ვაჟა-ფშაველას ბავშვობაც სავსე იქნებოდა საღმრთო სადღესასწაულო ამბებით. სხვაგვარად ვერ აისახებოდა „სათაგურსა“ თუ „საშობაო მოთხრობაში“ სოფლის ცხოვრება შობის დღეს. ადამიანები ერთმანეთთან სტუმრობისთვის არ ერიდებიან დათოვლილ მთებს, მოყინულ გზებს, ერთად ყოფნით ხარობენ, სადღესასწაულო სადილებს ამზადებენ, დრო მარტივად ქრება, მკითხველი მე-19 საუკუნეში ინაცვლებ და  მოზარდ ელიზბართან ერთად დასდევ საშობაო კვერს, ლუდის ქვაბში ჩაგდებულ ცხელ ქვას თვალს აყოლებ, ძია ესტატეს ხურჯინიდან ამოღებულ საჩუქრებს პაწია სონასა და კოლასთან ერთად მოუთმენლად ელი. რაც მთავარია, ხვდები, რომ სადღესასწაულო განწყობა შენს გულშიც შემოდის, შენს გულსაც ათბობს და ანათებს.

რას ვყვებით მასწავლებლები შობის შესახებ? რას ვკითხულობთ? რას ვუამბობთ ჩვენს შვილებს? დაფიქრებულხართ, რას ჩუქნიან პერსონაჟები ერთმანეთს შობის დღესასწაულზე?

 

ესტატეს ხურჯინი

ქალაქიდან დაბრუნებულ ესტატეს შვილიშვილები, მეუღლე, რძალი დიდი სიხარულით ეგებებიან.  ბავშვებს პაპის მოტანილი საჩუქრებისთვის სული ელევათ. ესტატე არ ჩქარობს, ჯერ გაყინულ ხელებს ითბობს ღუმელთან, თან ქალაქის ამბებს ჰყვება, ჯიბიდან კანფეტებს იღებს და ბავშვების ყურადღება ცოტა ხნით სხვა საგანზე გადააქვს, მერე  ცხენს ქერს აჭმევს. ასე დინჯად მიჰყავს მწერალს პერსონაჟი ხურჯინამდე. ესტატემ ხურჯინის „ჯერ ერთი თვალის სახლართები გახსნა“ და ამოალაგა: ორი წყვილი „გელქანური“ თევზი, ძროხის ხორცი, ბრინჯი, ჩაი და შაქარი, მწვანილი „ოხრახოში და წიწმატი თავის რამე-რუმეებით“, ხმელი ხილი, ილი, მიხაკი და დარიჩინი, საკაბე და ფეხსაცმელი სონასთვის, კოლას წაღები, სოფიოს საკაბე, ეფემიასთვის ფლოსტები და „სულ ბოლოს ძია ესტატემ დიდი ამბით ამოიღო სათაგური“. 

ესტატეს  ოჯახის  წევრებზე ზრუნვა გულგრილს ვერავის დატოვებს. პარალელურად ასი წლის წინადელ ყოფაზე გეფიქრება, როგორ ცხოვრობდნენ, როგორ იჭერდნენ საშობაოდ თადარიგს, რას მიირთმევდნენ, რა უხაროდათ. მაკვირვებს იმის აღმოჩენა, რომ ერთი საუკუნის სიშორის მიუხედავად ძია ესტატეს საჩუქრები დღესაც თანამედროვედ გამოიყურება.

პაპის თვალების სინათლე

ვაჟა-ფშაველას „საშობაო მოთხრობის“ მთავარი მთხრობელი მოზარდი ელიზბარია, რომელიც პირველ პირში გვიამბობს შობის დღესასწაულისთვის გამართულ სამზადისზე. მკითხველი მწერლის ბიოგრაფიასა და მოთხრობაში ასახულ ამბებს შორის უნებურად კავშირს აბამს. ელიზბარის პროტოტიპად მწერალი გგონია.

პირველივე წინადადებიდან ვიგებთ, რომ ქრისტეშობის ოცდაოთხია. სოფლის მამაკაცები სანადიროდ მიდიან. ხელმოცარულ მოზარდებს შვლის ხორცს ჩუქნიან. ბიჭებს უხარიათ, რომ საშობაო სუფრას ნადირის ხორცს შემატებენ.  შინ დაბრუნებული ელიზბარი ხედავს ბანზე შემომდგარ ხევისბერ პაპა გიჟ-ბერიძეს, რომელსაც თავის სალოცავში მისვლას თოვლ-ზვავი ვერ დაუშლიდა. „ბერიძემ ლომივით თვალები ჩამომანათა, – იმის თვალების სინათლე არასდროს მავიწყდება“– ამბობს ელიზბარი. ოჯახს მალე ნათლიმამა არჯალა მოადგება კარს, „ცხენზე ხურჯინი ეკიდა, ხურჯინის თვალიდამ ერთს საკლავს ამოეყო თავი“.

საშობაო საჩუქრად პაპის თვალების სინათლეს ელიზბარისთვის ნივთიერ საჩუქარზე დიდი ძალა შეუძენია. ბავშვის სულიერ განვითარებაში დიდ როლს თამაშობენ უფროსი ადამიანები, ოჯახის ახლობლები, მეზობლები, მეგობრის მშობლები. ვაჟა-ფშაველას „საშობაო მოთხრობა“ იმაზე გვაფიქრებს, რას და როგორ მოყვებიან ჩვენზე ბავშვები.

 

 რაზიკაშვილების მიმოწერა

„ძმაო თედო!

          მოგილოცავ მომავალ დღესასწაულებს შობა-ახალწელს და ვისურვებ თქვენთვის ყოველივე კეთილს: იყვნეთ ჯანით საღადა, არავინ გაჰხდეთ ავადა, მადა გქონდესთ კარგადა და ღმერთმა ნუ გაგხადოსთ სხვისა ბარგადა.

         

შენი ძმა ვაჟა“

„რაზიკაშვილების მიმოწერა“ ლიტერატურის მუზეუმმა 2015 წელს ცალკე წიგნად გამოსცა.

ძმების, ბიძების, ძმისშვილების წერილები წარმოდგენას გვიქმნის რაზიკაშვილების ოჯახზე. ფშავში დაბადებული და პავლე მღვდლის ოჯახში აღზრდილი ბიჭების წერილები ფიქრების ამშლელია. განა რამდენ ოჯახს იცნობთ რაზიკაშვილების მსგავსად, ასი წლის წინ, წერილებით რომ ურთიერთობდნენ?

ერთმანეთს შესჩივიან გასაჭირს, უზიარებენ სიხარულს, ატყობინებენ მშობლების გარდაცვალებას, ამხნევებენ, ეფერებიან და დეკემბრის თვით დათარიღებულ წერილებში შობას ულოცავენ:

„თუ სიცოცხლეა, ღვთით, თქვენც კიდე მალე გნახავთ: საშობაოდ მანდ გიახლებით“. – სწერს ვაჟა თედოს.

„საშობაოდ შინ წავალ, ჩემი მისვლა საჭიროა; თუ როგორმე მაახერხებ მოსვლას, კარგს იზამ“. – ატყობინებს თედო რაზიკაშვილი სანდროს.

ან ეს ამონარიდი:

„საშობაოდ უეჭველად გელი, როცა მოიცალო, შობის უკან ამოდი. თუ ლუკა ჩამოვიდა, რასაკვირველია, სჯობია, რომ ორივენი ამოხვიდეთ“.

კახეთიდან დის ამბების გაგება სწყურიათ, ქართლიდან თედოს მზრუნველი თვალი და ხელი სწვდებათ, ქალაქში სანდროს ნიშნობა აღელვებთ, ფშავში მყოფი ვაჟა ძმებს თავისთან ეპატიჟება. წერილები მიმოდიან და  მიმოაქვთ  რაზიკაშვილების სიყვარულით სავსე მიმართვები, მილოცვები, სურვილები, სითბოთი სავსე მოკითხვები.

საშობაოდ ვაჟა თაფლს ელოდება ძმისგან, მაგრამ თაფლზე არანაკლებ ტკბილია თედოს სანდროსადმი მიწერილ წერილში ამოკითხული სიტყვები: „არა ძმაო, საშობაოთ მე კი დავწერე და საჩუქრები მოგიმზადე, მაგრამ თქვენმა მასწავლებელმა გამომასწრო“.

ასტრიდ ლინდგრენის შობა

იყო დრო, როცა ასტრიდი დიასახლისობასა და ორი შვილის აღზრდას საიდუმლო სამსახურს უთავსებდა, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გაგზავნილ წერილებს კითხულობდა. ასე იგებდა შვედეთის მთავრობა იმაზე მეტს, ვიდრე ზედაპირზე ჩანდა. ასე გაჩნდა ასტრიდის „ომის დღიურები“, რომელიც შვედურიდან ლიკა ჩაფიძემ თარგმნა და გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.

დღიურში შობის დღის მოვლენების პოვნა მარტივია. ასტრიდი 1941 წლის შობის მეორე დღეს ასე აღწერს:

„აქ, შვედეთში, ყველაზე მძაფრი წინასაშობაო შეგრძნება ისევ ის გულწრფელი შინაგანი მადლიერებაა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განიცდის, რადგან შეუძლებელია არ აფასებდე იმას, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ჯერ კიდევ ვახერხებთ შობის აღნიშვნას“.

1944 წელს ასტრიდი შობას კვლავ ოჯახთან ერთად ხვდება. საჩუქრების ჩამონათვალი ვრცელია:

„ ლასემ კაპიუშონიანი ქურთუკი, სათხილამურო შარვალი, ჟაკეტი, თეთრი შალის კაშნე, ორი წყვილი თბილი შიდა შარვალი (რასაც თითქმის ყოველ წელს ვჩუქნით), მანჟეტის სამაგრები, საშინაო შარვალი, საათის სამაჯური, „მსოფლიო თავგადასავლები“, „სანამ ცოცხლები ვართ“ და მარციპანის გოჭი მიიღო. ეს საჩუქრები მე ვუყიდე… ლაგერბლადებმა ღია ბარათი გამოუგზავნეს, ჩემმა მშობლებმა კი – ცოტაოდენი ფული, კარინმა პლისეებიანი, ნაცრისფერი ქვედაკაბა, მუქი ლურჯი ჟაკეტი, წინდები, „შავი ძმები და გადარჩენილთა კუნძული“, „შვედეთის მცენარეები“, „გუსტავ ვასას თავგადასავალი დალარნაში“, „უფლისწული ზღაპრიდან“ და „პრინცესა ზღაპრიდან“, „სასაცილო ოჯახი“, ფაზლი, მარციპანის გოჭი მიიღო. გარდა ამისა, მატემ „მერი პოპინსი აღებს კარს“ აჩუქა, ინგეგერდმა – ფურცლები წერილებისთვის. ლინეამ ფაზლი გამოუგზავნა, ჩემმა მშობლებმა კი – ცოტაოდენი ფული. მე სტურემ ლამაზი მაღვიძარა საათი მაჩუქა, რომელიც შობამდე რამდენიმე დღით ადრე მომიტანეს. კარინი უსაზღვროდ ბედნიერი იყო იმით, რომ ტანის გასახეხი ჯაგრისი მაჩუქა“.

 

ასტრიდის საჩუქრებისადმი პრაქტიკული დამოკიდებულება ჩემთვის მისაბაძი გახდა. მისი გავლენით ჩემს შვილებისთვის საჩუქრებს დიდი დაკვირვებით ვარჩევ – საჭირო ტანისამოსს, წვრილმან ნივთებსა და წიგნებს.

მადიკენი და ლისაბეტი

შობა ასტრიდის საბავშვო წიგნებში სწორედ ისეთივე დიდი სიხარულით აღინიშნება, როგორც რეალურ ცხოვრებაში განიცდიდა და ხარობდა.

რომანში „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ გოგონების საშობაო საჩუქრად პატარა დაიკო, კაისა, მოევლინებათ.

„- რამე ნანატრი საჩუქარი თუ მიიღე? – ჰკითხა ლისაბეტმა, როცა ყველაფერი დარიგდა.

მადიკენი დაფიქრდა. წიგნები, ახალი სათხილამურო ფეხსაცმელი, ქაღალდის თოჯინები, ბანქო, საწერი ქაღალდი, ქვედატანი, მარციპანიანი ტორტი“. – მადიკენი მიხვდა, რომ ნანატრი საშობაო საჩუქარი არაფერი მიუღია, მაგრამ მალევე შობას დაბადებული პატარა დაიკო გაახსენდა.

კაისას ყოველი მოქმედება გოგონებისთვის დიდ სიხარულად იქცა.

შვედი მწერალი ამ პატარა ეპიზოდით ბავშვებს ერთმანეთით გახარებას ასწავლის. მეც ვიცნობ ერთ პატარა ბიჭს, რომელიც საშობაო საჩუქრად პატარა ძამიკოს ნატრობს.

უგო

ნილს სიმეონის ფსევდონიმის მიღმა ქართველი მწერალი – გიორგი მასხარაშვილი იმალება. მისი სადებიუტო რომანი „14 კრისტალის თეორია“ საინტერესოდ აგებული სიუჟეტით, ფანტასტიკური ელემენტებითა და ბევრი თავგადასავლით გამოირჩევა. მოქმედება ფინეთში ვითარდება.

9 წლის უგო ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. მეცნიერების ოჯახში დაბადებულმა ბიჭუნამ თავადაც კარგად იცის ფიზიკა, იგონებს რთულ კონსტრუქციებს და სამყაროს კეთილი ენერგიით მომარაგებაზე ოცნებობს.

წიგნი შობის დღესასწაულის აღნიშვნით სრულდება. ურსუსბერგენის სასახლე სოფელ კაილეენოს ბავშვებისთვის საშობაოდ გაუჩახჩახებიათ. მამა უგოს ეზოში იხმობს და ჩუქნის საჩუქარს, რომელიც ბაბუა თორის ლაბორატორიის გასაღები აღმოჩნდება.

ამ ერთი დეტალით – ლაბორატორიის გასაღებით – საყმაწვილო რომანი სამოგზაუროდ გიბიძგებთ.

ხელით გამოჩორკნილი ფლეიტა

რა ხდება მაშინ, როცა საშობაო საჩუქრებს არავისგან ელი? ლიტერატურა ობოლ ბავშვებს იცნობს. ჯოან როულინგის ჰარი პოტერი ჩარლზ დიკენსის ოლივერ ტვისტს მახსენებს. ფენტეზის ჟანრის სიუჟეტი ძირითადად ჯადოქრების სკოლაში, ჰოგვორტსში, ვითარდება.

შობის არდადეგები კარს მომდგარა. ყველა ოჯახში ბრუნდება. 11 წლის ობოლ ჰარის კი დეიდა პეტუნიასთან დაბრუნებას სკოლაში დარჩენა ურჩევნია. ბიჭი, რომელიც დეიდაშვილის გამონაცვალ ტანისამოსში იზრდებოდა, პირველ ნამდვილ, მისთვის გულით შერჩეულ საშობაო საჩუქრებს სწორედ ჰოგვორტსში მიიღებს.

რონის დედა, მისიზ უისლი, ტრადიციულად თავის ბიჭებს სვიტერებს უქსოვს. თუ რონისთვის ნაქსოვი სვიტერი მომაბეზრებელ რუტინად ქცეულა, ჰარის ზურმუხტისფერი, სქელი შალის ჯემპრი  უზომოდ გაახარებს.

გოლიათი ჰაგრიდი თავისი ხელით გამოჩორკნილ ფლეიტას გამოუგზავნის, ჰერმიონი – შოკოლადის ბაყაყებს.

ბოლო შეკვრაში კი ჰაერზე მსუბუქი, გამჭვირვალე, მამის ნაქონი უჩინმაჩინის მოსასხამი აღმოჩნდება.

როდესაც ჰარი პოტერის შესახებ უარყოფითი მოსაზრება გაჟღერდება ხოლმე, სულ შობის დღესასწაული და ჰარის ნათლია სირიუს ბლექი მახსენდება. ჯადოქრებზე აგებული ფაბულა  ტრადიციული, რელიგიური დღესასწაულებისადმი ასეთი დიდი მოწიწებით გამოირჩევა. გოლიათი ჰაგრიდის ხელით გამოჩორკნილი ფლეიტა და რონ უისლის დედის მზრუნველობით მოქსოვილი სვიტერი – ამაზე ძვირფასი საჩუქარი რა უნდა იყოს?!

ჰარის საშობაო საჩუქრებზე ყურადღების გამახვილება ბავშვებს თანაგრძნობას გაუღვივებს,  მოულბობს გულებს, უფროსებს ფიქრს დაგვაწყებინებს – შვილების გარდა კიდევ ვის სჭირდება ჩვენი ყურადღება?

 

ანე ფრანკის პირველი საშობაო საჩუქარი

1943 წლის 27 დეკემბერს ანეს თავის დღიურში ჩაუწერია:

„ძვირფასო კიტი!

ცხოვრებაში პირველად მივიღე საშობაო საჩუქარი. ჩვენმა მეგობარმა ქალებმა, კლეიმანმა და კუგლერმა, საუცხოო სიურპრიზი მოგვიმზადეს. მიპმა ღვეზელი გამოაცხო და დააწერა „მშვიდობა 1944“. ბეპმა ომამდელი, ხარისხიანი ნამცხვარი გვაჩუქა. მე, პეტერსა და მარგოს თითო ბოთლი იოგურტი მოგვცეს, სხვებს კი – თითო ბოთლი ლუდი. ყველაფერი ლამაზად იყო შეფუთული.

შობამ შეუმჩნევლად გაირბინა.

შენი ანე“

ანე ფრანკის დღიურის კითხვისას ტკივილი მეუფლება, უსუსური ვხდები და ვფიქრობ პარალელურ რეალობაზე – თუ ასტრიდი შვედეთის სიმშვიდისთვის მადლიერებას გამოთქვამს, ანე თავშესაფარში იმალება და შეუმჩნევლად გარბენილ შობაზე წერს.

ვფიქრობ, ამგვარი პარალელები ბავშვებს საკუთარი ცხოვრების დაფასებას ასწავლის. მიუხედავად ანეს აუტანელი ყოფისა, ის სწორედ წერით, საკუთარი ცხოვრების აღწერით მარადიული მოაზროვნის ხატად შემორჩა კაცობრიობის მეხსიერებას. მისი საშობაო საჩუქრების ჩამონათვალიც ციცინათელებივით ციმციმებენ და იმედს ასხივებენ, რადგან არაფერი ისე არ უხდება ადამიანს, როგორც  სხვაზე ზრუნვა.

ავრორა Z კორპუსიდან

ინგლისიდან ნორვეგიაში გადავინაცვლოთ. ანე-კატარინე ვესტლის „ავრორა Z კორპუსიდან“ შობის დღესასწაულის  აღნიშვნით სრულდება. ავრორას მამა გულისხმიერებით გამოირჩევა და ამაზე მისი საშობაო საჩუქრებიც მეტყველებს. ნუსე, ბრიტ-კარენი და კნუტი – ავრორას ახლად შეძენილი მეგობრები არიან. მამა   შვილის მეგობრებისთვის წიგნებს ყიდულობს.

თქვენ გიფიქრიათ შვილის მეგობრების საჩუქრებზე? შეიძლება, ავრორას მამის საქციელმა შთამაგონა ჩემი გოგონას მეგობრისთვის ინგლისურის ენის სახელმძღვანელოს ყიდვა.

კამუფლაჟური შარვლები და ზურგჩანთები

ამჯერად ვირჯინიას დედა უნდა გაგაცნოთ მ. ჯ. ლეონარდის „ხოჭოების დედოფლიდან“. ამ წიგნის დასასრულშიც შობაა. დარკუსი ბიძასთან ერთად ვირჯინიას ესტუმრება.

ვირჯინიას დედას ოთხი შვილი ჰყავს, თუმცა შვილის მეგობრებისთვის საჩუქრების შეძენა არ ავიწყდება. სამივეს კამუფლაჟურ შარვლებსა და ზუგრჩანთებს აჩუქებს.

ვირჯინია ჩანთას ხსნის და იქიდან გადმოცვივდება: „კომპასი, მრავალპირა დასაკეცი დანა, პაწია აფთიაქი, წყალგაუმტარ კოლოფში ჩალაგებული ასანთი, კოღოებისგან დამცავი ბადე, თოკის ხვეულა და წყლის გამფილტრავი აბები“. გოგონას დედა, ბარბარა უოლასი, თვლის, რომ თუ ბავშვებს ამაზონში წასვლა აქვთ გადაწყვეტილი, ჩანთა, ზემოთ ჩამოთვლილი აღჭურვილობით, აუცილებლად დასჭირდებათ.

ვირჯინიას დედის საქციელი ზურგს გვიმაგრებს, რომ ჩვენი შვილების ყველაზე თამამ ოცნებებს მხარი ავუბათ.

ტოლკინის წერილები

ინგლისელი მწერალი, ფენტეზის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, ჯ.რ.რ. ტოლკინი ოცი წლის მანძილზე შვილებს წერილებს საშობაო პაპის სახელით სწერდა. წერილები პატარა მოთხრობებსა და ზღაპრებს ჰგავს – თავისი სიუჟეტური განვითარებით, უჩვეულო ამბებითა და პერსონაჟებით. „შობის პაპის წერილები“ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“  გამოსცა. თითოეული წერილი გაფორმებულია ორნამენტებით და თან ერთვის მწერლის მიერ შესრულებული ილუსტრაციები.

„კლდის სახლი, სამყაროს მწვერვალი, ჩრდილოეთ პოლუსი“ – ადრესანტის მისამართი ძირითადად ამგვარად არის აღნიშნული.

ზოგიერთ წერილში საჩუქრებსაც ახსენებს. აი, ისინიც: „ლოტს ბოქსის“ საშობაო აგურები, სათამაშო მატარებლები, ავტოკალამი, ოქსფორდის ზღაპრების მეორე ტომი, ასტრონომიის პატარა წიგნი, ნაღდი ფული სასურველი წიგნისთვის. 1939-1941 წლებში გამოგზავნილ წერილებში მეორე მსოფლიო ომის საშინელებებსაც ეხება და ანე ფრანკისა და ასტრიდ ლინდგრენის დღიურების ამბებს ეხმიანება.

„საჩუქარი ბევრი არ არის, მაგრამ მათთან ერთად გიგზავნი ჩემს დიდ სიყვარულს“. – ტოლკინი ერთ-ერთი წერილის ბოლოს სწერს შვილს, პრისცილას.

ეს სიტყვები ჩვენი ვეებერთელა სტატიის დასასრულსაც მოუხდება, მოგზაურობა დროსა და სივრცეში, ადამიანების გულების გავლით, სწორედ ამგვარად უნდა დასრულდეს – მთავარია, ფიქრი საყვარელ ადამიანებზე, დიდი სიყვარული და შობის საჩუქარიც სხვაგვარად ელვარებს, მაშინაც კი, როცა ის მხოლოდ გულთბილი მოკითხვა ან ერთი ბოთლი იოგურტია.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი