ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

 პაატას (ენობრივი) პრაქტიკა

ორმოცდაათზე მეტი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ანაკლიის სასტუმროს დიდ დარბაზში ვართ შეკრებილი. ტრენინგს პაატა პაპავა გვიტარებს.

— ახლა მე მინდა თქვენთან ერთად მცირე ტექსტი დავწერო. გინდათ?

— გვინდა!.. საინტერესოა!.. რა ტექსტი?! გვინდა!.. — ავშრიალდით მასწავლებლები.

— აი, ჩვეულებრივი ტექსტი, რომელსაც ერთად მოვიფიქრებთ, თქვენ მიკარნახებთ და მე დავწერ აი, აქ, — თქვა პაატამ და გაშლილი მარჯვენა ხელით ფლიპჩარტზე მიგვანიშნა.

ინტერესით მოვემზადეთ. შევტრიალდ-შემოვტრიალდით და სმენად ვიქეცით. პაატას პერფორმანსებით მანამდე არ ვიყავით განებივრებულები და პირველადაც რომ მოხვედრილიყო ადამიანი იმის ტრენინგზე, იგრძნობდა, რომ საინტერესო რამ ელოდა.

(პირადად მე, მახსოვს, სად და როდის აღმოვჩნდი მის ტრენინგზე პირველად და როგორ ვუსმენდი პირდაღებული და ვიწერდი და ვიწერდი საოცრად საინტერესო მესიჯებს და ვაცნობიერებდი, რომ ეს იყო სულ სხვა პედაგოგიკა… უფრო სწორად, ვფიქრობდი და ვფიქრობდი, რა უყო ამ კაცმა ჩემს პედაგოგიკას-მეთქი… თუ რა პედაგოგიკაზე ვსაუბრობ, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

— ჯერ შევარჩიოთ თემა. ანუ რის შესახებ დავწეროთ ტექსტი. კარგი? თუ წინააღმდეგი არ იქნებით, თემას მე შევარჩევ… მოდი, ჩვენი დღევანდელი ტექსტი დავწეროთ ამინდის შესახებ… ხედავთ, როგორი ამინდია?!

— წვიმს, — ერთხმად წამოვიძახეთ — გარეთ ხომ მართლაც ანაკლიურად გულის გამაწვრილებლად წვიმდა…

— გიყვართ წვიმა? — თითქოსდა, რა შეკითხვა ესაა, მაგრამ რატომღაც ყველას, ორმოცდაათივეს გვინდა ვუპასუხოთ, ვისაუბროთ, თითქოსდა პირველად გვეძლევა წვიმაზე საუბრის საშუალება, — დიახ, გისმენთ!..

— წვიმა რომ მძულს, ისე არაფერი მძულს ცხოვრებაში, — დაიწყო ერთმა კოლეგამ, რომელსაც მოკრძალებით გამოერთმია პაატასგან მიწოდებული მიკროფონი, — წვიმის დროს ჩემი მივიწყებული სახლი მახსენდება ხოლმე სოფელში, რომელსაც რამდენიმე ადგილას კრამიტი აქვს გატეხილი… თითქოს ყურში ჩამესმის საძაგელი წვიმის წვეთების წვეთვა…

— დიახ, გისმენთ! — პაატამ  მეორე მსურველს გადააწოდა მიკროფონი.

— მე მიყვარს წვიმა. წვიმა ხომ ბუნების საოცარი მოვლენაა… მე მახსოვს, პირველად როდის ვნახე წვიმა… პატარა ვიყავი და დედასთან ერთად მაღაზიაში მივდიოდით. უცებ წვიმის წვეთი დამეცა ხელზე და შემეშინდა. ტირილი დავიწყე… დედამ ამიყვანა და გაიცინა, ნუ გეშინია, ეს კარგი წვიმააო, მითხრა და ჩამიხუტა. მე მივხვდი, რომ წვიმა კარგი რამე იყო და ახლაც, როდესაც წვიმაში მოვყვები ხოლმე, დედაჩემის ჩახუტება მახსენდება და ეს ძალიან მსიამოვნებს.

— დიდი მადლობა!.. დიახ, გთხოვთ!

— მე უბრალოდ ვიტყვი: წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა…

— დიდი მადლობა! ვფიქრობ, უკვე უნდა დავიწყოთ ჩვენი ტექსტის ჩაწერა და მე გთავაზობთ, სწორედ ამ წინადადებით დავიწყოთ: წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა, — პაატამ ჩვენი კოლეგის ბოლოს ნათქვამი წინადადება გაიმეორა და მარკერით პირველი სიტყვის დასაწერად მოემზადა.

უცებ საწერად შემართული ხელი ფლიპჩარტზევე შეაჩერა და გვერდულად გამოგვხედა:

— სათაური? რა დავარქვათ ჩვენს ტექსტს? — უკვე სრულად მოტრიალებულიყო და სათაურის ვარიანტებს ელოდა ჩვენგან.

—  შხაპუნა წვიმა… წვიმა… ბუნების საოცრება… ცხრასახელა მოვლენა… ბუნების მაცოცხლებელი… „რატომ არ მოველ წვიმადა”…

ბოლოს, ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტეთ და „წვიმა” დავარქვით.

— წვიმა… — გაიმეორა პაატამ და დიდის ამბით წაიღო ხელი ფლიპჩარტის ქვედა მარჯვენა კუთხისკენ, ისისიყო უნდა დაეწერა „წ…”, რომ:

— არაააა!.. — აღმოგვხვდა შეძახილი.

პაატამ  მკვეთრად მოაბრუნა ვითომგაკვირვებული სახე. ჩვენ კი ორმოცდაათი ხელი გავიშვირეთ და სათაურის ადგილი მივუთითეთ.

— ააა!.. აქ უნდა დავწერო?! — პაატამ ახლა ფლიპჩარტის მარცხენა მხარეს, ოღონდ დაბალ კუთხეში გადაიტანა ხელი.

— არააა! — კიდევ უფრო ხმამაღლა გავიმეორეთ ჩვენ და კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ 50-ვე ხელი.

— აქ უნდა დავწერო, — თქვა ბოლოს და თავის ადგილზე დიდი მოწიწებით გამოიყვანა ასოები:

წ ვ ი მ ა

— რა ვთქვით, რომელი წინადადება უნდა დავწეროთ პირველად? — პაატა ისევ ჩვენკენ იყო მოტრიალებული და მახსოვრობას გვიმოწმებდა.

— წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა… წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა… წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა… — გაისმა აქეთ-იქიდან.

„წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა” — ფლიპჩარტზე პირველი წინადადება გამოისახა. პაატამ ფლიპჩარტსადგრის წინ გაიარ-გამოიარა და ხმამაღლა საუბარი დაიწყო:

— ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა, ზოგ ადამიანს კი არ უყვარს… ერთმა ჩვენგანმა საკუთარი სახლი გაიხსენა, რომელშიც წვიმა ჩამოდის… ამის გამო დანაღვლიანდა. ერთს კი დედა გაახსენდა და ესიამოვნა… შეიძლება ზოგჯერ მოგვწონდეს წვიმა და ზოგჯერ კი არა…

— შეიძლება ზოგჯერ სასარგებლო იყოს წვიმა, ზოგჯერ კი — საზიანო, — შეეშველა ვიღაც ჩვენგანი.

— დიახ… სასარგებლო, საზიანო… მოდი, ეს ყველაფერი ამ ფურცელზე გადავიტანოთ და გავაგრძელოთ ჩვენი ტექსტი, — პაატამ კიდევ ერთხელ გაიმეორა წინადადება „ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა, ზოგ ადამიანს კი არ უყვარს” და წერა განაგრძო:

„ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა”.

პაატამ მოულოდნელად შეწყვიტა წერა და ისევ ჩვენკენ მობრუნდა.

— „ზოგ ადამიანს კი არ უყვარს”, — ორმოცდაათმა თუ არა, ოცამდე ხმამ მაინც გაიმეორა.

— ხომ არავის უნდა, დაწერაში დამეხმაროს? — იკითხა პაატამ მარკერგამოწვდილი ხელით.

პაატამ მარკერი გამოიწოდა?! როგორ არ გვინდა დახმარება?! მაგრამ სანამ უმრავლესობა სიტუაციას შევაფასებდით, ერთი ჩვენგანი უკვე ფლიპჩარტთან იდგა და წინადადებას აგრძელებდა:

„…ზოგ ადამიანს კი არ უყვარს”.

— დიდი მადლობა!

პაატამ შემდეგ ისევ თვითონ გააგრძელა წერა, მერე ისევ ერთ-ერთი ჩვენგანი გაიძახა, მერე  — სხვა… ბოლოს კი ასეთი ტექსტი მივიღეთ:

წ ვ ი მ ა

წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა.

ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა,

ზოგ ადამიანს კი — არ უყვარს.

ზოგ ადამიანს სასიამოვნო მოგონებები

აქვს წვიმაზე, ზოგს კი — არცთუ.

წვიმა ზოგჯერ სასარგებლოა,

ზოგჯერ კი — საზიანო.

ჩვენ გვიყვარს წვიმა.

სანამ პაატა ბოლო წინადადებას დაწერდა, დარბაზში გაცხარებული კამათი გაიმართა, დაგვეწერა თუ არა წინადადება წვიმის სიყვარულზე. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ კენჭისყრით განგვესაზღვრა, გვიყვარდა თუ არა წვიმა. უფრო სწორად, თუკი უმრავლესობას ეყვარებოდა წვიმა, მხოლოდ იმ შემთხვევაში დავწერდით. თუკი უმრავლესობას არ ეყვარებოდა, მაშინ არ დავწერდით. 48% წვიმის მოძულე აღმოჩნდა, ხოლო 52%-ით წვიმის მოყვარულებმა გავიმარჯვეთ. შესაბამისად, ჩვენმა ტექსტმაც (დიახ, ის ჩვენი ტექსტი იყო!) სწორედ ასეთი სახე მიიღო.

— გინდათ წავიკითხოთ ჩვენი ტექსტი?! — პაატას მარკერი ფლიპჩარტსადგრის რაფაზე დაედო და ახალ გამოწვევას გვთავაზობდა.

ღმერთო! ორმოცდაათი საკმაოდ გამოცდილი მასწავლებელი, თითქმის ყველა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მათგან რამდენიმე პროფესორი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ვსხედვართ უზარმაზარ ტრენინგდარბაზში და წვიმის შესახებ დაწერილ რვასტრიქონიან ტექსტზე პაატა პაპავა გვეკითხება, წავიკითხოთო?!

— გვინდა! გვინდა! გვინდა! — სანამ ჩემს ღიმილიან-გაოცებიან თანხმობას მეც ამოვთქვამ, პაატას თავისი გაშლილი მარჯვენა ხელისგული სათაურზე უდევს და მისი ხელის მოძრაობის გაყოლებით ერთად, ხმამაღლა ვიწყებთ კითხვას:

წ ვ ი მ ა

წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა.

ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა,

ზოგ ადამიანს კი — არ უყვარს.

ზოგ ადამიანს სასიამოვნო მოგონებები

აქვს წვიმაზე, ზოგს კი — არცთუ.

წვიმა ზოგჯერ სასარგებლოა,

ზოგჯერ კი — საზიანო.

ჩვენ გვიყვარს წვიმა.

მართლა ხმამაღლა, მართლა ორმოცდაათივემ, მართლა ერთდროულად წავიკითხეთ ჩვენი „წვიმა”.

— ახლა, იმათ ვთხოვ წაკითხვას, ვისი წინადადებაც არ წერია ამ ტექსტში, — ამბობს პაატა და ისევ სათაურისკენ მიაქვს თავისი გაშლილი მარჯვენა ხელისგული.

ჩვენ ისევ ვაყოლებთ თვალს პაატას ხელის მოძრაობას და ისევ ხმამაღლა ვკითხულობთ, ოღონდ ისევ ორმოცდაათივე — განა ვინმემ უარი თქვა წაკითხვაზე, აქაოდა, ჩემ მიერ ნათქვამი წინადადება წერია ტექსტშიო:

წ ვ ი მ ა

წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა.

ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა,

ზოგ ადამიანს კი — არ უყვარს.

ზოგ ადამიანს სასიამოვნო მოგონებები

აქვს წვიმაზე, ზოგს კი — არცთუ.

წვიმა ზოგჯერ სასარგებლოა,

ზოგჯერ კი — საზიანო.

ჩვენ გვიყვარს წვიმა.

პაატამ შემდეგ ჟღალთმიანებს წააკითხა ჩვენი ტექსტი (ამ დროს ქერები, წაბლისფერთმიანები და შავგვრემნები შურით შევცქეროდით მკითხველებს. ისინი კი ბედნიერებისგან თვალებგაბრწყინებულები თან პაატას ხელის მოძრაობას არ აცილებდნენ თვალს, თან ჩვენკენ იხედებოდნენ — აქაოდა, შემოგვხედეთ, რა ყოჩაღები ვართო!..), შემდეგ — ცისფერთვალებებს (აქამდე არ გამიმხელია და აქ დავწერ: ეჭვი მაშინვე მქონდა და არც დღემდე გამქრობია, რომ ზოგიერთი ჩვენგანი იტყუებოდა და „უკანონოდაც“, რომ არ ეკუთვნოდა, მაინც კითხულობდა!..).

— გინდათ კიდევ წავიკითხოთ? — მგონი, მეხუთედ დასვა პაატამ შეკითხვა და როდესაც მეხუთედაც „გვინდა, გვინდა” მოისმინა, რაღაცნაირად ჩაიცინა და ჩვენი ტექსტისკენ მიბრუნდა.

ეს იმას ნიშნავდა, რომ პაატამ, აწ უკვე, როგორც ტრენერმა, მასწავლებლების, ანუ ჩვენს რეალურ, ტყავში დაგვაბრუნა და ტრენინგის შემდეგი ეტაპი დაიწყო. მან ჩვენი ტექსტი აფურცლა, გადაშალა და ცარიელი ფურცელი გამოაჩინა.

— რა გავაკეთეთ ჩვენ ახლა? — იკითხა მან უკვე სრულიად საქმიანტრენერული სახით და ჩვენი პასუხების ჩასაწერად მოემზადა.

— ტექსტის დაწერა გადავწყვიტეთ წვიმაზე, რისთვისაც დავიწყეთ საუბარი, გავიხსენეთ ჩვენი მოგონებები, დამოკიდებულებები წვიმაზე… მერე შევარჩიეთ სათაური და დავწერეთ ტექსტი — ჩვენ გკარნახობდით და თქვენ წერდით… ჩვენც ვწერდით ზოგიერთ სიტყვას, წინადადებას… მერე წავიკითხეთ ჩვენი დაწერილი ტექსტი… სხვადასხვანაირად წავიკითხეთ…

— იყავით თუ არა ჩართული? როგორ გრძნობდით თავს ამ პროცესში? რას გრძნობდით?

— ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესი იყო… სასიამოვნო იყო… მიუხედავად იმისა, რომ წვიმა წვიმაა და ათასჯერ გვინახავს, ერთი სული გვქონდა, რაიმე გვეთქვა მის შესახებ… ჩვენ ბედნიერი ვიყავით, როდესაც საშუალება გვეძლეოდა სიტყვა ან წინადადება, თუნდაც, ერთი ასო დაგვეწერა „ჩვენს ტექსტში”… მე ძალიან გამიხარდა, როდესაც სულ ბოლო წინადადების ბოლოს წერტილი ჩემი მითითების მიხედვით დაწერეთ…

ეს ბოლო წინადადება მე ვუთხარი, რაზე საპასუხოდაც პაატამ თავი დამიქნია და მითხრა, მჯერაო.

— მართლა ძალიან გამიხარდა, — არ დამაკმაყოფილა მისმა პასუხმა და დაბეჯითებით გავიმეორე.

(გაივლის წლები და USAID საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ოფისში, ჭავჭავაძის მეორე შესახვევში, პაატა პაპავას სწორედ ამ მომენტს გავახსენებ, ქვემოთ მითითებულ ჯიპრაიდის სარესურსო წიგნზე მუშაობისას და მეტყვის, მახსოვსო. მაშინაც დაბეჯითებით გავუმეორებ, მართლა ასე გითხარი-მეთქი, და მართლა მახსოვსო, დამარწმუნებს).

— მართლა მჯერა! — უფრო დამაჯერებელი ღიმილით მიპასუხა პაატამ და ახალი შეკითხვა დასვა, — როგორ იგრძნობდით თავს, თქვენ რომ მეორეკლასელი მოსწავლე ყოფილიყავით?

— ძალიან კარგად… სიხარულით ვიხტუნავებდით… ბედნიერები ვიქნებოდით… მთელი სულითა და გულით ჩავერვებოდით წერისა და კითხვის პროცესში… ადვილად დავწერდით და წავიკითხავდით…

— როგორ ფიქრობთ, როგორც მასწავლებლები, რამდენად სასარგებლო იქნებოდა ეს პროცესი მეორეკლასელი მოსწავლეებისთვის? მესამეკლასელებისთვის?

— ვფიქრობთ, ძალიან სასარგებლო იქნებოდა მათი კითხვისა და წერითი უნარების გაწაფვისთვის… სასარგებლო იქნებოდა უკლებლივ ყველა მოსწავლისთვის, განურჩევლად მათი მზაობისა და საჭიროებისა… სასარგებლო იქნებოდა, როგორც მეორე, ასევე მესამე და პირველკლასელებისთვისაც კი…

— პირველკლასელებისთვისაც?! მიხარია, ამას რომ ვისმენ…

— დიახ, პირველკლასელებისთვისაც — განა, რა უნდა იყოს იმაზე სასარგებლო პირველკლასელი მოსწავლეებისთვის, ვიდრე მამოტივირებული, მათთვის საინტერესო თემაზე წარმართული წერისა და კითხვის აქტივობა?!

— გეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველკლასელებისთვის ბევრი ასო შეიძლება უცნობიც იყოს და არც მათი ცნობა იცოდნენ და არც დაწერა, ისინი მაინც სიამოვნებით მიიღებენ ასეთ პროცესში მონაწილეობას. მოიფიქრებენ წინადადებებს, სიტყვებს, დაწერენ ასოებს, სიტყვებს… წაიკითხავენ თავიანთ დაწერილს და ა. შ.

— პირველკლასელებისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი ილუსტრაციასაც დავხატავდით რამეს… არამხოლოდ პირველკლასელებისთვის… ილუსტრაცია მართლაც გაამდიდრებდა წერაკითხვის ამ პროცესს. ყურადღება მიაქციეთ, წერაკითხვას შეგნებულად ვამბობ და არა წერა-კითხვას…

— ბრწყინვალე იდეაა, — აიტაცა პაატამაც და იქვე განაგრძო, — კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დავსვა: როგორ ფიქრობთ, როგორ ვგრძნობდი ამ პროცესში თავს პირადად მე?

— თქვენ? ვფიქრობთ, თქვენც სიამოვნებას განიცდიდით… თქვენც ხალისით წარმართავდით ამ პროცესს… არა?!

— კიი, — დაგვეთანხმა პაატაც, — თქვენი თავი რომ წარმოიდგინოთ მასწავლებლის როლში, მოგეწონებოდათ ეს როლი? რაიმე დამაბრკოლებელს ხომ ვერ ხედავთ ასეთ გაკვეთილებში? რაიმე განსაკუთრებული რესურსული უზრუნველყოფა ანდა მეთოდიკური სირთულე ხომ არ დაგაბრკოლებდათ?

— მოგვეწონებოდა… არა, რა სირთულე?! სრულიად გასაგები და ადვილად განსახორციელებელი აქტივობაა…

— მიხარია ამის მოსმენა… სულ ორი შეკითხვა დამრჩა და შევისვენოთ კიდეც, სადილის დროც მოვიდა, — პაატამ საათზე დაიხედა, ვისღა ახსოვდა სადილის დრო?! — როგორ შეიძლება ამ აქტივობის გამრავალფეროვნება ჩვენს მოსწავლეებთან? ერთი იდეა უკვე ვახსენეთ, ილუსტრაციის დახატვის შესახებ. სხვას ხომ არაფერს დაამატებდით, როგორც კითხვისა და წერის განმავითარებელ აქტივობებს?

— შეგვიძლია, ასეთ ფორმატში შექმნილი ტექსტი გამოვიყენოთ მომდევნო გაკვეთილებზე, როგორც საკითხავი რესურსი… შეგვიძლია ის ტექსტი დავჭრათ წინადადებებად, სიტყვებად და პირველ-მეორეკლასელები ვავარჯიშოთ ტექსტისა თუ სიტყვების გამთლიანებაში… მეტიც, შესაძლებელია ამ ტექსტის სიტყვები ასო-ასო დავჭრათ და სიტყვებად აწყობაში ვივარჯიშოთ… იმ ტექსტს თუკი ამოვბეჭდავთ A4 ფორმატის ფურცლებზე, დავჭრით და ისე დავურიგებთ, ფლიპჩარტზე ერთობლივად დაწერილი ტექსტის მიხედვით ააწყობენ და ჩააწებებენ თავიანთ რვეულებში…

— ძალიან საინტერესო და სასარგებლო იდეებია… რომ შევაჯამოთ, კარგი საფეხური გამოდის მოსწავლეების მიერ დამოუკიდებელი წერისა და კითხვის უნარის დასაუფლებლად… გამიხარდება, თუკი თქვენი მოსწავლეები ასეთ აქტივობებში იქნებიან ჩართული… დიდი მადლობა და დროებით! — პაატამ ისევ დაიხედა საათზე და მარკერი კვლავ ფლიპჩარტსადგარის რაფაზე ჩამოდო.

წამოვიშალეთ. სადილი გველოდა. მინდოდა, ჩემი შთაბეჭდილებები სხვებისთვის გამეზიარებინა. განსაკუთრებით, ჩვენს პროგრამას წელს შემომატებული ახალგაზრდა კოლეგების აზრები მაინტერესებდა. ერთი სული მქონდა, როდის მივუჯდებოდი მათ მაგიდას…

* * * * * * *

…„ენობრივი პრაქტიკის” მეთოდის შესახებ დაწვრილებით აღწერილია USAID საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში შექმნილ წიგნში „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე”, რომელიც განთავსებულია პორტალზე „კარგი სკოლა”. ამავე პროექტის ფარგლებში გადაღებულია თამარ ჭანტურიას ვიდეოფილმი და მისი ნახვაც თავისუფლადაა შესაძლებელი USAID/G-PriEd-ის იუთუბარხზე:  https://www.youtube.com/watch?v=IQMD-uEW3v4&t=3s

  1. S. როდესაც სადილისთვის ჩემთვის სასურველ კერძებს ფართო თეფშზე ვილაგებდი და ჩემი ახლგაზრდა კოლეგების მაგიდისკენ გზას მივიკვლევდი, არცთუ გულში და არცთუ ხმადაბლა ვიმეორებდი:

წ ვ ი მ ა

წვიმა ბუნების საოცარი მოვლენაა.

ზოგ ადამიანს უყვარს წვიმა,

ზოგ ადამიანს კი — არ უყვარს.

ზოგ ადამიანს სასიამოვნო მოგონებები

აქვს წვიმაზე, ზოგს კი — არცთუ.

წვიმა ზოგჯერ სასარგებლოა,

ზოგჯერ კი — საზიანო.

ჩვენ გვიყვარს წვიმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი