პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საკუთრების უფლება

ჩვენი საკუთრებაა პირადი სივრცე, ბავშვობის პლუშის დათუნია, ლეპტოპი, ფეისბუქის პროფილი, საყვარელი მაისური… ძველი და ახალი ემოციები თუ ოცნებებიც ჩვენია. საკმარისია, რომელიმეს შეეხონ, რომ აგრესიულებიც კი ვხდებით: რატომ უნდა გვესიამოვნოს ვიღაც “არამკითხე მოამბის” ავადმყოფური სურვილი, შეიჭრას ჩვენს პრივატულ სივრცეში ფეისბუქის გატეხვისა და პირადი საუბრების წაკითხვის საშუალებით?! ვირტუალური სამყარო დღეს ჩვენთვის ისეთივე ახლობელი და საყვარელია, როგორიც ჩვენი ძველი მეგობრის მყუდრო ოთახი, იმ განსხვავებით, რომ მეგობარს ხშირად აღარ ვსტუმრობთ ხოლმე. სოციალური ქსელების ავ- კარგის შესახებ უკვე ბევრი დაიწერა და ეს ტექსტი ისევე შორსაა ვირტუალური ცისა თუ მიწის კრიტიკისგან, როგორც ჩემი ძმა – მათემატიკისგან. სხვა ამბებზე უნდა ვილაპარაკო: კროსვორდივით დაწყებულ მოთხრობაზე, შვინდაზე, ყველას მწერალზე და იმაზეც, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები ხშირად გვავიწყდება.

 

ყოველთვის მიკვირდა, ჩვენი საყვარელი მწერლების სია ფოლკნერით, მარკესით, პავიჩითა თუ დოსტოევსკით რომ შემოიფარგლებოდა. მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ფოლკნერი იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ყველა საყვარელი სასუსნავი ერთად აღებული და ეს შედარებითი სიყვარული ხელწამოსაკრავი სულაც არაა: მე ხომ ტკბილეული საკუთარ თავს მირჩევნია. თუ ამ სიყვარულებს ისე მივუდგებით, როგორც “ზოგადი უნარ-ჩვევების” ამოცანას, დავასკვნით, რომ ფოლკნერი საკუთარ თავზე მეტად მყვარებია. ასეა თუ ისე, უცნაური არ არის, რომ საყვარელი მწერლების სიის შედგენისას ნოდარ დუმბაძე არასდროს გვახსენდება?! – ამ უცნაური ფენომენის ახსნა არც ისე უცნაურად ჟღერს: აი, მაგალითად, სამშობლოს სიყვარული იმდენად ბუნებრივია, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ, რა მნიშვნელოვანია ის და არც წყლის ფასი გვესმის მოწყურებამდე, სუპერმარკეტიდან დაბრუნებულებს და სურსათით დატვირთულებს ყოველთვის გვავიწყდება ასანთი, ზღვაზე მზის ჩასვლაზე მნიშვნელოვანი მოვლენა “ჰასანას ბარში” დალევაა...

მეც სულ ვსაყვედურობ საკუთარ თავს, რომელიც არასდროს იხსენებს დუმბაძეს და ბავშვობას. ჩვენი მეხსიერება ხომ ისეთივე მოსაწყენი და სერიოზულია, როგორიც, საერთოდ, უფროსები. ჩვენთვის ღირსების საქმეა, ზუსტად იმდენი დარიჩინი ვუყოთ საცივს, რამდენიც “თითების ჩასაკვნეტად” და სტუმრებისგან ქების დასამსახურებლად გვჭირდება; ჩვენთვის ბუნებრივია, საკუთარ შვილებს წიგნების ნაცვლად სამეგობრო წრე შევურჩიოთ, სათანადოდ შევმოსოთ და სამაგიეროდ არასათანადოდ ვიცნობდეთ, ვერ გავიხსენოთ ძველი შეგრძნებები და მახრჩობელა გველი ერთი უბრალო ქუდი გვეგონოს – ასეთი ცუდი მხედველობის გამო პატარა უფლისწული არასდროს გვესტუმრება არც ჩვენ და არც ჩვენს შვილებს.

ყველაფერი საკუთრებიდან დავიწყეთ. მე ახლა არც ისე დიდი ვარ, წიგნმა აღარ ამატიროს და არც ისე პატარა, ხმამაღლა და სლუკუნით, ყველას თვალწინ ავქვითინდე. დიდების ჩემეული კლასიფიკაცია ასე გამოიყურება: ძალიან დიდები, საშუალო დიდები და ისე რა (არც ისე) დიდები. არც ისე დიდებს უფლება აქვთ, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილებმა მაინც გამოუშვან პატიმრებივით დამწყვდეული ემოციები. სწორედ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის დღეს გადმოვიღე თაროდან დუმბაძის მოთხრობები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ის, რაც ბავშვობაში და მოზარდობისას ყველაზე ღირებული გგონია, ფასს არც დიდობისას კარგავს და უფრო მეტიც: შენში ისევ აღვიძებს ბავშვს ბავშვის ყველაზე კარგი გაგებით – სისასტიკედაკარგულ, კეთილ ბავშვს, რომელიც აუცილებლად იტირებს თეთრ ხარზე, რომელიც არავისია და ტორეროს მიერ მოსაკლავად არის განწირული. დუმბაძის კროსვორდივით დაწყებული “კორიდას” ჩემეული ამონახსნები ისეთივე სევდიანია, როგორიც დედის მომლოდინე ბავშვი საბავშვო ბაღიდან.

ხარი რომ შინაური ცხოველია, შინაური ცხოველები კი ძალიანაც ბედნიერები არიან იმით, რომ ვინმეს საკუთრებას წარმოადგენენ, არახალია. არ არსებობს არავისი ხარი, ყველა ვიღაცისაა, გარდა სპეციალურად კორიდისთვის გამოზრდილი ხარებისა. ისინი სიკვდილისთვის იზრდებიან, თანაც – ნაადრევი სიკვდილისთვის. თორემ, რაც უნდა ვანდალური იყოს, ოდესმე “ვიღაცის” ხარებსაც კლავენ. ეს მაშინ, როცა ჩვენი შვინდები თუ ნიშები ბერდებიან და ჩვენც მთელი ცხოვრება გვემწარება ძველი, ბავშვობისდროინდელი მოგონება, როგორ დაგვიკლეს ჩვენი ერთგული მეგობარი.

მოთხრობის მთავარ პერსონაჟს უცნაურად დამთავრებული მოთხრობა ბავშვობის მთელ ოცნებებსა და ნალოლიავებ ესპანეთს უნგრევს: რა ძნელია, კეთილი ესპანეთი სერვანტესითა და ბასკებითა თუ ანდალუზიური ღამეებით უცბად წითლად შეიღებოს. ეს ძალიან ჰგავს საკუთრების უფლების შელახვას, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ასეთი სისხლიანი დეტალები ყველა ქვეყნის ისტორიაშია მახინჯი ტრადიციების სახით და შენი სიყვარულის ერთბაშად ნგრევა სხვა არაფერია, თუ არა გამოუსწორებელი შეცდომა. აბა, ვის გაუგონია, მაგალითად, ალავერდს აღარ ესტუმრო მხოლოდ იმის გამო, რომ იქ ზოგჯერ რელიგია ტრადიციად იქცევა და არა რწმენად, წარსულს კი პრეტენზია აქვს აწმყოზე და არ სურს, ისტორიად დარჩეს. აქ საუბარია სისხლიან წარმართულ რიტუალზე, რომელიც უფლისთვის მსხვერპლშეწირვით გამოიხატება. არადა, ბოლო ზვარაკი თავად ქრისტე გახლდათ და მას შემდეგ ეკლესია ღმერთს უსისხლო მსხვერპლს – პურსა და ღვინოს სწირავს. ზოგჯერ ტრადიცია არ აძლევს ხოლმე აწმყოს განხორციელების საშუალებას; ის ტექსტია, რომელიც გადაფარავს სინამდვილეს მაშინ, როცა რწმენა კონტექსტია, რომლის საშუალებითაც ვკითხულობთ აწმყოს”(სერგო რატიანი).

დაახლოებით ასეთივე მახინჯი ტრადიცია გახლდათ კორიდაც და ორიოდე წლის წინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მისი აკრძალვაც სავსებით გამართლებულია. თუმცაღა, ტრაგედიაა ის, რომ მის ასაკრძალავად უდანაშაულო პირუტყვის სისხლმა არ იკმარა – მაყურებლის სისხლიც გახდა საჭირო. ქართულ სინამდვილეში კი შეუძლებელია კანონის დონეზე აიკრძალოს მსხვერპლშეწირვის რიტუალი – აქ მხოლოდ საკლავის სისხლი იღვრება და ეს იმ სიბნელის მაჩვენებელია, რომელსაც განათლების არასაკმარისი დონე ჰქვია – საბოლოოდ ხომ ყოველგვარი ცუდი და მახინჯი მაინც შეზღუდულ ცნობიერებას უკავშირდება და ეს სწორიცაა, თორემ თეოლოგიაში ასე თუ ისე გარკვეული ადამიანი არასდროს შესწირავს მსხვერპლს უფალს.

მოთხრობაში დომინგინი სულაც არაა ანტიგმირი: ესპანურ ტრადიციებზე გაზრდილი ტორეროა, რომელსაც მთელი ცხოვრება მკვლელობას ასწავლიდნენ. დომინგინისთვის მკვლელობა პროფესიაა.

დღეს მსგავსი სისხლიანი პროფესიები, საბედნიეროდ, აღარ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობენ ჩვენი შვინდები, რომლებსაც ცოტა ხნით თუ მოვაშორებთ თვალს და ხშირად აღარ მოვიკითხავთ, იქნებ პაპებმა რომელიმე სალოცავსაც შესწირონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი