პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ალი და ნინოს ამბავი

დღეს ერთი წიგნის შესახებ მინდა მოგითხროთ. წიგნისა, რომელიც სავსეა რომანტიკული ისტორიებით, სიყვარულით, თავგადასავლებით, პოლიტიკით, იუმორით, სახალხო ფილოსოფიით. წიგნი საერთაშორისო ბესტსელერია, მასში მოთხრობილი ამბები კი ყველაზე მეტად სწორედ კავკასიელი მკითხველისთვისაა ახლობელი. საკითხები, რომლებიც ამ წიგნშია წამოჭრილი, დღემდე ისეთივე აქტუალურია ჩვენს რეგიონში, როგორიც საუკუნის წინ იყო. თითქოს ისევ იმ წერტილში დავბრუნდით – იგივე კითხვები გვაწუხებს, იმავე პრობლემების წინაშე ვდგავართ. ჩამორჩენილი აზია თუ პროგრესული ევროპა? რუსეთი თუ დასავლეთი? მეგობრობა თუ მტრობა? სიყვარული თუ სიძულვილი? კავკასიური სასიყვარულო სამკუთხედი, რომელიც სიყვარულის, მეგობრობისა და სიძულვილის ბეწვის ხიდზე გადის.

ნინო ყიფიანისა და ალი ხან შირვანშირის სიყვარულის ამბავი, ვფიქრობ, ერთ-ერთი იმ წიგნთაგანია, რომლებიც მოსწავლეებმა მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის შესწავლის პარალელურად უნდა წაიკითხონ. და არამხოლოდ მოსწავლეებმა – “ალი და ნინო” ხომ ბათუმში მდგარი პოსტმოდერნული ძეგლი არ არის.
წიგნის ავტორობის სამი პრეტენდენტი არსებობს. ებრაელი ბიზნესმენის ვაჟი ლევ ნასიმბაუმი (იგივე ყურბან საიდი) 1905 წელს ბაქოში დაიბადა. ახალგაზრდობაში მაჰმადიანობა მიიღო და ასად ბეი დაირქვა. ნასიმბაუმმა ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაიწყო წერა. მას ასად ბეის სახელით გამოცემული აქვს მუჰამედის, რეზა შაჰის, ნიკოლოზ მეორისა და ლენინის ბიოგრაფიები, ეს რომანი კი ყურბან საიდის ფსევდონიმით გამოაქვეყნა.
“ალი და ნინო” გერმანულადაა დაწერილი და პირველად ვენაში გამოიცა 1937 წელს. საავტორო უფლებები ავსტრიელ ბარონესას, ელფრიდე ერენფელსს ეკუთვნის, რომელიც ასევე ირწმუნება, რომ წიგნი მისი დაწერილია.
აზერბაიჯანში კი მიაჩნიათ, რომ “ალი და ნინო” ცნობილმა აზერბაიჯანელმა მწერალმა იუსიფ ვეზიროვმა დაწერა, ხოლო ყურბან საიდი უბრალო პლაგიატორია.

თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ავტორი; მთავარია, რომ ეს საინტერესო მწერლის მიერ კარგად მოთხრობილი ამბავია, რომელიც, ბაქოს სკოლაში ჩატარებული გეოგრაფიის გაკვეთილიდან დაწყებული, წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის დაპყრობით დამთავრებული, განუწყვეტლივ გგვრის ლიტერატურით ტკბობის განცდას და კითხვის შეწყვეტის საშუალებას არ გაძლევს. ის იმ წიგნების რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც იოლად გაგათენებინებენ ღამეს და არაერთხელ დაგაბრუნებენ თავისთან. მე სწორედ ასე ვარ, უკვე მესამედ გადავიკითხე. პირველად – მეათე კლასში, მერე – უნივერსიტეტში, ახლა კი ერთხელ კიდევ ჩამოვიღე თაროდან. ემოციაც და დამოკიდებულებაც სწორედ ისეთივეა, როგორიც პირველი წაკითხვისას. მხოლოდ ახალ დეტალებს თუ აღმოაჩენ, რომლებიც აქამდე არ შეგიმჩნევია.
წიგნის მთავარი ღირსება გულწრფელობაა. ის არ ცდილობს გმირებისა და ანტიგმირების შექმნას, არ თამაშობს კავკასიელთა ნაციონალისტურ გრძნობებზე. ცდილობს დაგვანახოს ამ საზოგადოებაში არსებული არმენოფობიის სიმახინჯე, მეგობრობის ხელი გაუწოდოს სამივე ერის წარმომადგენლებს. არც ქართველი ქალისგან ქმნის ცრემლივით წმინდა და სპეტაკ ხატებას… ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც ჩვენს ფანჯრებს მიღმა არსებულ სამყაროში, ყოველგვარი ფერ-უმარილის გარეშე.
შეგიხედავთ სამყაროსთვის მუსლიმის თვალით? ალბათ არა. ყურბან საიდი კი რომან “ალი და ნინოში” სწორედ ამ რაკურსით უყურებს სამყაროს. ის ცდილობს, გადოს ერთგვარი ხიდი უდაბნოსა და ტყის მოყვარულ ადამიანებს, ევროპისა და აზიის მოყვარულ ადამიანებს, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის. გვიჩვენებს კავკასიურ ტრაგედიას ისტორიულ კონტექსტში, წრეს, რომლის გარღვევაც აგერ უკვე საუკუნეა ვერ შევძელით.
სწორედ ასეთი წიგნის შესახებ მინდოდა მომეთხრო. გულწრფელი ამბებით სავსე წიგნისა. იმედი მაქვს, კითხვისას ჩემსავით ისიამოვნებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი