პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?

ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?„დავუსვი ამ ამბავს ბოლო წერტილი, დავუძახე ჩემს ქალიშვილს, რომლის თვალებზეც ვამოწმებ ხოლმე, როგორ მოქმედებს ჩემი დაწერილი ამბები სხვებზე, წავუკითხე მთელი მონდომებით, ყოველი სიტყვის მკაფიო გამოთქმით. მეგონა, თვალები გაბრწყინებული ექნებოდა აღტაცებით. მან კი შეეჭვებულმა მკითხა: – ვითომ დაფრთხებოდნენ დამბაჩის ხმაზე ყვავები, მამა? – ეგ იყო და ეგ.“

რევაზ ინანიშვილის მოთხრობის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“ ანალიზისას მასწავლებლებს არა მხოლოდ მისი შინაარსი და იდეურ-თემატური მხარე, არამედ მისი მხატვრული ასპექტებიც უნდა აინტერესებდეთ. ისეთი მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების გარდა, როგორებიცაა შედარება, მეტაფორა, სიმბოლო, აუცილებელია ტექსტის სტრუქტურის, პერსონაჟების და სხვა საშუალებების განხილვაც. ამ მოთხრობის დასასრული კი საშუალებას აძლევს მასწავლებელს, ესაუბროს, განუმარტოს და ასწავლოს მოსწავლეებს რამდენიმე მხატვრული ხერხი და ტერმინი. ესენია: პერსონაჟის ტიპები, მკითხველის ტიპები, ავტორი და მთხრობელი, მხატვრული და არამხატვრული ტექსტი, კომენტარი, მეტაფიქცია. განვიხილოთ, რას ნიშნავს თითოეული მათგანი და როგორ რეალიზდება ისინი რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში. ჩემთვის გასაგებია, რომ, მოსწავლეების ასაკობრივი კატეგორიიდან გამომდინარე, როცა ისინი ამ მოთხრობას სწავლობენ, რთულია მათთან ყველა იმ საკითხის გავლა, რაზეც წერილში ვისაუბრებ. მაგრამ მასწავლებელი თავად უნდა გაერკვეს კარგად შესასწავლ მოთხრობაში და მოძებნოს ის ფორმა, რომლითაც ზედმეტი სირთულეების გარეშე დააყენებს მოსწავლეებს სწორ გზაზე და ზემოთ ჩამოთვლილი ტერმინებიდან და ხერხებიდან შერჩევით მაინც შეასწავლის ზოგიერთს.

პერსონაჟი – პერსონაჟთა კლასიფიკაციის რამდენიმე გზა არსებობს. როდესაც გვაინტერესებს, იცვლება თუ არა პერსონაჟი მოქმედების განვითარებასთან ერთად, მაშინ ვსაუბრობთ ცვალებად და სწორხაზოვან, სტატიკურ და დინამიკურ პერსონაჟებზე; როდესაც გვაინტერესებს კონფლიქტში მონაწილე მხარეები, ვსაუბრობთ პროტაგონისტსა და ანტაგონისტზე; მაგრამ პერსონაჟთა დაჯგუფებისას უმეტესად მაინც მარტივი პრინციპით ვხელმძღვანელობთ და პერსონაჟებს ვყოფთ მთავარ და არამთავარ, ძირითად და მეორეხარისხოვან პერსონაჟებად. თუმცა არსებობს სხვა კლასიფიკაციებიც და ლიტერატურათმცოდნეები იცნობენ პერსონაჟთა სხვა ტიპებსაც, მაგალითად, სიმბოლურ და არქეტიპულ პერსონაჟებს (არქეტიპული პერსონაჟების შესაქმნელად მხატვრული ლიტერატურა ზღაპრიდან საზრდოობს და თავის წიაღში  შემოჰყავს გმირი-მებრძოლი, ურჩხული, ჯადოქარი, შემწე, მავნე, სულელი, ბრძენი და სხვ.). ზემოთქმული იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე პერსონაჟი ერთდროულად შეიძლება იყოს მთავარიც და დინამიკურიც, ან მთავარი და სწორხაზოვანი, ასევე სიმბოლური პერსონაჟი, შესაძლოა, მთავარი პერსონაჟიც იყოს და არამთავარიც, გააჩნია მწერლის სათქმელს და მკითხველის ინტერესს. არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის ფაქტი, რომ პერსონაჟები ყოველთვის ადამიანები არ არიან და ზოგჯერ პერსონაჟის როლს მწერალი მხატვრულ ნაწარმოებში ცხოველს, ფრინველს, ბუნებრივ, მეტეოროლოგიურ მოვლენას, ფაუნის ან ფლორის სხვა წარმომადგენელს, საგანს ან ნივთს, აბსტრაქტულ ცნებას აკისრებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობენ დამხმარე პერსონაჟები და ისინი იმით განსხვავდებიან არამთავარი პერსონაჟებისგან, რომ ეხმარებიან ავტორს ადრესატამდე სათქმელის უკეთ მიტანაში. თუკი რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში პერსონაჟების კლასიფიკაციას მოვახდენთ, აღმოვაჩენთ, რომ, გარდა კონფლიქტში მონაწილე და კონფლიქტის განვითარებისთვის საჭირო პერსონაჟებისა, მოთხრობას ისეთი პერსონაჟებიც ჰყავს, რომლებიც აბნევენ გულუბრყვილო მკითხველს. ამაზე ბოლო წინადადებიდან აზრის გამოსატანად საჭიროა, გავერკვეთ მკითხველთა ტიპებში.

მკითხველი – მკითხველი, იმის მიხედვით, წამოეგება თუ არა მწერლის ან მთხრობელის მიერ გადმოგდებულ ანკესს, გაებმება თუ არა ამ ორიდან მინიმუმ ერთ-ერთის მიერ დაგებულ ხაფანგში, ორი ტიპისაა – გულუბრყვილო და გამჭრიახი. მკითხველისთვის კითხვის პროცესი, ესთეტიკური სიამოვნების მიღებასთან ერთად, ინტელექტუალური ტკბობაცაა და ალბათ ყველაზე დიდი ჯილდოა, როცა მკითხველი აღმოაჩენს, როგორ გამოიყენა მისი გულუბრყვილობა, მიამიტობა ავტორმა ან მთხრობელმა, როგორ ცდილობდა ეს უკანასკნელი, თავგზა აებნია მისთვის, ესარგებლა მისი ნდობით, მაგრამ როგორ გამოიჩინა  გამჭრიახობა და ამოიცნო მწერლის/მთხრობელის ჩანაფიქრი. მკითხველის უნარი, იყოს გამჭრიახი, მხოლოდ მკითხველის ჯილდო კი არა, მწერლის გამარჯვებაცაა, რადგან მწერლის მიზანი არაა მკითხველის დამარცხება, მკითხველის დამარცხება აზრს დაუკარგავდა ლიტერატურას.

ავტორი და მთხრობელი – ყველასთვის გასაგებია, რომ ლიტერატურულ ტექსტს ჰყავს კონკრეტული ავტორი. მაგრამ ავტორმა, შეიძლება ისარგებლოს უფლებით და ნაწარმოებში შემოიყვანოს მთხრობელი, რომელიც სულაც არ იყოს თავად ის. მთხრობელი ხან მესამე პირში უამბობს მკითხველს ამბავს, ხანაც პირველ პირში. საინტერესოა ისიც, რომ მთხრობელის მიმართვის ობიექტი, ადრესატი, ყოველთვის მკითხველი არაა და ის ზოგჯერ პერსონაჟია. იმისდა მიხედვით, თუ ვინაა თხრობის ადრესატი, მთხრობელის თხრობის მიზანიც განსხვავებული იქნება. როცა მთხრობელს პერსონაჟის შეცდომაში შეყვანა უნდა, მისი თხრობა არასანდოა. აი, აქ მართებს მკითხველს მთელი თავისი გამჭრიახობის მოკრება, რათა მთხრობელის ამბის ადრესატი საკუთარ თავთან არ გააიგივოს და ისიც, პერსონაჟთან ერთად, შეცდომაში არ შევიდეს, ანუ გულუბრყვილობა არ გამოიჩინოს. როცა მკითხველი ნაწარმოების ანალიზის პროცესში თავის ადგილს მიუჩენს ავტორს, მთხრობელს და პერსონაჟს, თითქმის წარმოუდგენელი იქნება, მის გამჭრიახობას საფრთხე შეექმნას. მკითხველი ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე მაშინ დგას, როცა მთხრობელის ხმა პირველ პირში ესმის. ასეთ დროს მკითხველს ავიწყდება, რომ საქმე მხატვრულ ტექსტთან აქვს და მხატვრული ტექსტი არამხატვრულისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ საქმე გამოგონილ ამბავს ეხება. როგორც არ უნდა ამტკიცებდეს მთხრობელი ან ავტორი, რომ წარმოდგენილი ამბავი სინამდვილეა, მისი მარტივად დაჯერება არ ღირს. ავტორი და მთხრობელი სანდონი ან არასანდონი არიან, მაგრამ მათი არასანდოობა სულაც არ აკნინებს მხატვრულ ნაწარმოებს, ალბათ პირიქითაც კი, მწერლის ღირსების ერთ-ერთი საზომი სწორედ ესაა – იმდენად დამაჯერებლად დაწეროს/მოყვეს ამბავი, მწერლის ფანტაზია სიმართლეს დაამსგავსოს. მაგრამ ვერც ვერავინ უსაყვედურებს ავტორს, თუკი ასე არ მოიქცევა. აი, იმ მკითხველს კი, რომელიც მწერლის ფანტაზიას რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანს და საზღვარს გამონაგონსა და სინამდვილეს შორის ვერ შენიშნავს, ნამდვილად ეკუთვნის საყვედური.

რეალურსა და მხატვრულს შორის ბუნდოვანი, ბაცი, არამკაფიო საზღვრების არსებობის შემთხვევაში მკითხველის მიზანია ამ საზღვრის დადგენა. ავტორის კეთილი ნებაა, დაეხმაროს მას ან არ ჩაერიოს მკითხველის ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენაში. პირველ შემთხვევაში ის სხვადასხვა ფორმას მიმართავს, მაგალითად, კომენტარს ტოვებს ტექსტში, შეიჭრება ტექსტში, როგორც პერსონაჟი ან მთხრობელი, მოკლედ – არღვევს ტექსტის ნორმას, ტრადიციულ ფორმას. ამ მოვლენას, მხატვრულ ხერხს მეტაფიქციას უწოდებენ. სიტყვა „მეტაფიქცია“ ორი ნაწილისგან შედგება. „ფიქცია“ (fiction) მხატვრულ ტექსტს აღნიშნავს, ხოლო „მეტა“ ეს არის ბერძნული ზმნისწინი და ითარგმნება, როგორც „მიღმა“, „იქით“. როგორ ამოვიცნოთ მეტაფიქცია? ხშირად მეტაფიქციაში მწერლის კრიტიკული დამოკიდებულება იგრძნობა ტექსტის მიმართ, ანუ მეტაფიქცია ხშირად ირონიული კომენტარია. ასევე ლიტერატურათმცოდნეები გვირჩევენ, დავაკვირდეთ, რამდენად ინტროსპექტულია, რამდენად თვითრეფლექსიურია ავტორი. და ბოლოს, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მეტაფიქციაში ავტორის თვითკმაყოფილება უნდა იგრძნობოდეს. შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, რომ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ყველა ერთიმეორისგან გამომდინარეობს.

რა ხდება რევაზ ინანიშვილის მოთხრობაში „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“? ავტორი მოთხრობის დასასრულს მიანიშნებს მკითხველს, რომ მან არ უნდა აურიოს ერთმანეთისგან ამბავი და მოთხრობა. ის ამბობს: „დავუსვი ამ ამბავს წერტილი“ და აგრძელებს თხრობას, ანუ მას მოთხრობა ჯერ არ დაუმთავრებია, მან დაასრულა მხოლოდ ერთი ამბის თხრობა და იწყებს… რა ვუწოდოთ იმას, რაც ახლა, ამ წინადადების შემდეგ დაიწყება? მეორე ამბავი? ჩაშენებული ამბავი? დასრულებული ამბის კომენტარი? თუ პირობითი გამყოფი მოთხრობის პირველ და მეორე ნაწილებს შორის? ამის გასარკვევად მკითხველს დაეხმარება პერსონაჟთა კლასიფიკაცია. მოთხრობის პირველი ნაწილი დასრულებული ამბავია და თუკი მას ცალკე აღებულს წავიკითხავთ, დამოუკიდებელი მოთხრობაცაა, მას მხატვრული სამყარო აქვს. მას ჰყავს პერსონაჟები, პროტაგონისტი და ანტაგონისტი, აქვს სამოქმედო არეალი, დრო, რომელშიც ვითარდება მოქმედება, ისტორიული კონტექსტი. მაგრამ, როგორც ჩანს, მწერალს ეჭვი უჩნდება, რომ მკითხველი სათანადოდ ვერ აღიქვამს გზავნილს, მას არასაკმარისად მიაჩნია დასრულებულ ამბავში გაბნეული სათქმელის ამოსაცნობი ელემენტები, ეშინია, მკითხველმა დეკოდირების გარეშე არ დატოვოს ტექსტი. ამიტომ ის იჭრება ტექსტში, მოთხრობაში და არა ამბავში, რომლისგანაც ის დისტანცირებულია, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. ამიტომაც ის არ ამბობს, რომ მოთხრობას დაუსვა წერტილი, არამედ მკითხველს მიანიშნებს, რომ მოთხრობა ჯერ არ დასრულებულა. ამ პასაჟიდან ირკვევა, რომ დასრულებული ამბავი დასათაურებულიც არაა. მოთხრობის სათაური წერტილის შემდგომ განვითარებული მოვლენების გარეშე, სავარაუდოდ, სხვა იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, ავტორმა მოთხრობას ისეთი სათაური შეურჩია, რომლის დეკოდირებაც თითქმის წარმოუდგენელია მხოლოდ ამბის წაკითხვით, სრული მოთხრობის წაკითხვის გარეშე.

მწერალს დასასრულს შემოჰყავს ახალი პერსონაჟი – „ქალიშვილი“. როგორც მწერლის ბიოგრაფიიდან ირკვევა, მწერალ რევაზ ინანიშვილს ორი ვაჟიშვილი ჰყავს. გამოდის, რომ „მწერლის ქალიშვილი“ მოთხრობის გამოგონილი პერსონაჟია. თუკი ეს ასეა, მაშინ ვინ არის მწერალი, ისიც გამოგონილი ხომ არაა თუ ის იგივე ავტორი, ანუ რევაზ ინანიშვილია? თუკი მწერალ რევაზ ინანიშვილს არ ჰყავდა ქალიშვილი, ხოლო პერსონაჟ მწერალს ჰყავს ქალიშვილი, ავტომატურად გამოდის, რომ მოთხრობის პერსონაჟი „მწერალი“ გამოგონილი პერსონაჟი უნდა იყოს. როგორც პერსონაჟ „მწერლის ქალიშვილს“ არა აქვს არაფერი საერთო სინამდვილესთან და ის მხატვრული სამყაროს ნაწილია, სავარაუდოდ, პერსონაჟი „მწერალიც“ არაა ავტორი, ანუ რევაზ ინანიშვილი, და ისიც, პერსონაჟი მწერალიც, მხატვრულ გამოგონილ სამყაროს ეკუთვნის პერსონაჟ „ქალიშვილთან“ ერთად. ვინაიდან თხრობა პირველ პირშია და პერსონაჟი მწერალია, მკითხველი იბნევა და მას უჭირს, შენიშნოს მკრთალი საზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის. ამიტომაც ვთქვი წერილის დასაწყისში, რომ რევაზ ინანიშვილის რამდენიმე პერსონაჟი აბნევს გულუბრყვილო მკითხველს-მეთქი და სანამ მკითხველი კარგად არ გაერკვევა მკითხველის და პერსონაჟების ტიპებში აღნიშნულ მოთხრობაში, მანამდე გაუჭირდება მოთხრობაში ჩაშიფრული მწერლის სათქმელის ამოცნობა.

ვინაა პერსონაჟი „ქალიშვილი“, რომელსაც ეძახის, მოთხრობის დასასრულს უხმობს  პერსონაჟი „მწერალი“ და რა მისიით შემოჰყავს ის ავტორს მოთხრობაში? ეს გამოგონილი პერსონაჟი დამხმარე პერსონაჟია და მისი დახმარების გარეშე წარმოუდგენელია მოთხრობის სრულყოფილად გაგება. პერსონაჟი ქალიშვილი პერსონიფიცირებული მკითხველია. რა სურს ავტორს? რაში უნდა დაიხმაროს ავტორმა დამხმარე პერსონაჟი? ცხადია, მისი ბუნებრივი სურვილია, ნაწარმოების გამოქვეყნებამდე გამოიცნოს მკითხველის რეაქცია. ამ მიზნით მწერალი ახდენს თვითრეფლექსიას და ინტროსპექციას და პერსონაჟი ქალიშვილის ხმით და გამომეტყველებით გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის: ნაწარმოებმა ვერ გაუბრწყინა თვალები ქალიშვილს, ე.ი. მწერალი ხვდება, რომ, მიუხედავად მონდომებისა, მისი მოყოლილი ამბავი ვერ აღაფრთოვანებს კონკრეტულ აუდიტორიას, რადგან მან ვერ მოახერხა და ხმამაღლა გამოთქმით და მკაფიოდ წაკითხულითაც ვერ მიიღო პერსონაჟის სასურველი რეაქცია. პერსონაჟ მწერალს მოსწონს საკუთარი ნაწარმოები (მოთხრობის პირველი ნაწილი); ის თვითკმაყოფილია, მაგრამ რომ არა მოთხრობის ასეთი დასასრული, შესაძლოა, ნაწარმოებს კმაყოფილება არც მწერალ რევაზ ინანიშვილისთვის მოეტანა. სწორედ პერსონაჟის (ქალიშვილის) კრიტიკა, რომელიც ვითომ მას, მწერალ რევაზ ინანიშვილს მიემართება, მაგრამ სინამდვილეში მისი ადრესატი გამოგონილი პერსონაჟი მწერალია, ხდის მოთხრობას ირონიულს და პერსონაჟ მწერლის თვითირონია კმაყოფილებას ანიჭებს უკვე მას, ნამდვილ მწერალს. მკითხველის ირონია, რომელიც იგრძნობა იმ სიტყვებს შორის, რომელთაც წარმოთქვამს პერსონაჟი ქალიშვილი და იმ სტრიქონებში, რომლებიც აღწერს მის ინტერქციას მწერალთან, სინამდვილეში მწერალ რევაზ ინანიშვილის თვითირონიაა. რევაზ ინანიშვილი თვითირონიულიცაა და იმავდროულად დელიკატურად ირონიულია იმ მკითხველის მიმართაც, რომელიც გამოგონილ პერსონაჟ მწერალს გააიგივებს ნამდვილ ავტორთან. ამგვარი მხატვრული ხერხით, არაჩვეულებრივი ლიტერატურული მიგნებით, ის ცდილობს აირიდოს მკითხველის კრიტიკა იმდენად მექანიკურად, რომ მკითხველი ვერც ხვდება, როგორ გაიხადა ავტორმა ის მოკავშირედ. სხვა შემთხვევაში მწერალს, შესაძლოა, მკითხველის რისხვა დაატყდებოდა  თავს, მაგრამ ახლა მკითხველი მას ინდობს, რადგან უნდა, პერსონაჟ ქალიშვილის ულმობელი განაჩენისგან დაიცვას პერსონაჟი მწერალი, რომელიც სულაც არაა მოთხრობის ავტორი და არის მხოლოდ მოთხრობის პირველ ნაწილში მოთხრობილი ამბის გამოგონილი ავტორი. მოკლედ, მოთხრობის პერსონაჟი მწერალი, რომელიც მოთხრობაში მაშინ გამოჩნდება, როცა ამბავს წერტილს დაუსვამს, მოთხრობილი ამბის ავტორია, ხოლო მოთხრობის ავტორი რევაზ ინანიშვილია და გამჭრიახი მკითხველი ამ ორს ერთმანეთთან არ გააიგივებს, მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობის მეორე ნაწილი პირველ პირშია დაწერილი.

ახლა კი ვნახოთ, როგორ მოახერხა და როგორ გაიხადა ავტორმა რევაზ ინანიშვილმა თავის მოკავშირედ მკითხველი. ამისთვის ავხსნათ, რამდენად სიმბოლური პერსონაჟია (როგორც წერილის დასაწყისში პერსონაჟების ჩამონათვალში აღვნიშნე, პერსონაჟთა კლასიფიკაციისას, შესაძლოა, გამოვყოთ სიმბოლური პერსონაჟები) პერსონაჟი ქალიშვილი. სამწუხაროდ, რევაზ ინანიშვილი მაზე არაფერს არ გვეუბნება, არ აღწერს და არ ახასიათებს მას, მაგრამ მკითხველისთვის წარმოდგენის შესაქმნელად სავსებით საკმარისია ის ინფორმაცია, რაც მოთხრობაში მასზე მოგვეპოვება. პერსონაჟი ქალიშვილი, სავარაუდოდ, ახალგაზრდაა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ქალიშვილის გემოვნება რადიკალურად განსხვავდება მწერლის გემოვნებისგან, ორი თაობის განსხვავებაზე მიუთითებს. ქალიშვილი ახალი თაობის წარმომადგენელია. ეს ახალგაზრდა არის სოციალური ფენომენი, რომელიც ახდენს წმინდას პროფანაციას, ანუ ძველი, ტრადიციული ღირებულებების გაუფასურებას. ამ ტრადიციული ღირებულებების აპოლოგეტია პერსონაჟი მწერალი, რომელიც ასევე სიმბოლური პერსონაჟია. ორი სიმბოლური პერსონაჟის შემოყვანით ავტორი თითქოს გვეუბნება, რომ თანამედროვეობა ზედაპირულია. მისი საშუალებით ის ცდილობს, დაგვაახლოვოს არსებულ აქტუალურ თანამედროვე პრობლემასთან. რის და ვის კრიტიკას ახდენს ამით ავტორი? ძველის, როგორც წმინდასი თუ ახლის, როგორც ზედაპირულის? ვისი კრიტიკა ისმის მოთხრობაში, მწერლის, როგორც ძველი თაობის წარმომადგენლის თუ ქალიშვილის, როგორც ახალი თაობის გემოვნებისა და ინტერესების გამხმოვანებლის? რამდენად შლის მწერალი ზღვარს ელიტურსა და პოპულარულს შორის? როგორ აჟღერებს საზოგადოებაში გაბატონებულ კითხვებს – „იმას – ახალ თაობას – რა მოეწონება“, „ის – ახალი თაობა – რას  გაიგებს“ და „თუ ის – ახალი თაობა – ვერ გაიგებს, რად მინდა ამ საკითხებზე წერა“? ნუთუ ამგვარად ემშვიდობება ავტორი ძველ ღირებულებებს და შემოაქვს ახალი, ახალგაზრდული კულტურის სამყარო? ვისი პერსპექტივიდან გვაჩვენებს პრობლემას?

ჩემი აზრით, პერსონაჟი „ქალიშვილი“ სულაც არაა ზედაპირული. მან გააჟღერა უმთავრესი გზავნილი, ის, რაც სათაურის სახით გამოიტანა უკვე მწერალმა რევაზ ინანიშვილმა და მოთხრობას დაარქვა: ფრთხებიან კი ყვავები დამბაჩის ხმაზე, მამა? ანუ, ამ ფრაზით ქალიშვილი ახმოვანებს პრობლემას – როგორც წესი, საზოგადოებაში ვიღაც ეწირება ამა თუ იმ ღირებულების დაცვას. მაგრამ გამართლებულია მსხვერპლი? თუკი უნებლიე მოწმენი, მოთხრობაში სიმბოლური პერსონაჟები „ყვავები“, ახმაურდებიან და მათ სმენას დამბაჩის ხმა მისწვდება, მაშინ მსხვერპლი გამართლებულია, მაგრამ თუკი სიმბოლურ პერსონაჟებს ვერც დამბაჩა დააფრთხობს და ისინი კვლავინდებურად გააგრძელებენ ცხოვრებას, მაშინ მსხვერპლად შეწირვა უსარგებლო აქტის ტოლფასია.

ამიტომაც რევაზ ინანიშვილის მოთხრობის სწავლებისას საჭიროდ მიმაჩნია მეტაფიქციის, როგორც მხატვრული ხერხის, გაცნობა და სათაურის/ტექსტის დეკოდირება სწორედ მეტაფიქციის მეშვეობით, თორემ ვერ ჩავწვდებით მთავარს, ვერ ამოვიცნობთ ავტორის გზავნილს/ჩანაფიქრს და გადავინაცვლებთ დამარცხებული მკითხველების რიგებში. ეს კი ნამდვილად არ არის მწერალ რევაზ ინანიშვილის მიზანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი