სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

პროგრამა ‘ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’ მონაწილე

ეთერ პატარკაციშვილი – პროგრამა “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე

2006 წელს სტუდენტი გავხდი. ეს ჩემთვის აუხდენელი ოცნება იყო, დაუჯერებელი სასწაული. და მაინც, საშინლად უკმაყოფილო ვიყავი, იმიტომ რომ პედაგოგოკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. მაშინ მასწავლებლობა ჯერ კიდევ არაპრესტიჟული პროფესია იყო. დაუფასებელი,დაბალანაზღაურებადი.მახსენდებოდა,ჩემი მასწავლებლები რომ მეუბნებოდნენ ერთ გაკვეთილში50 თეთრს გვიხდიანო.მათი ხელფასი60 ლარს არ სცილდებოდა და მათ გაწეულ ამაგს არავინ აქცევდა ყურადღებას.

სწავლა იმ იმედით დავიწყე რომ სპეციალობას შევიცვლიდი,მაგრამ მალევე დავიწყებას მიეცა ჟურნალისტობაზე ფიქრიცა და თვალყურის მომჭრელი,ლამაზი და უცხოური სახელების მქონე სპეციალობებიც.დავინახე რომ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემა შესაცვლელი იყო,უამრავი სიახლე შემოდიოდა და ჯობდა ამ სისტემაში დავრჩენილიყავი.მივხვდი,რომ არა მასწავლებელი,რომ არა კარგი განათლება ამ ქვეყნად არცერთი სხვა სპეციალობა არ იარსებებდა.

მიუხედავად ამისა,ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული და გულს ეჭვი მიღღრნიდა,პროფესიის არჩევაში ხომ არ შევცდი მეთქი.

ერთ დღესაც, ჩემს ეჭვებს ბოლო მოეღო. 2011 წლის 9 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული პრეზენტაციის შესახებ შემთხვევით შევიტყვე.მიუხედავად იმისა,რომ იგივე დროს გამოცდა მქონდა პრეზენტაციაზე მაინც წავედი.პირველად იქ გავიგე სიტყვები,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’.ქალბატონმა ანა ქებაძემ სტუდენტებს პროექტის შინაარსი და მიზნები გაგვაცნო.პირველივე წუთების შემდეგ მივხვდი და ვიგრძენი რომ ეს პროექტი სწორედ ჩემთვის იყო,ზუსტად ეს მჭირდებოდა და აუცილებლად უნდა წავსულიყავი.რომ ამაზე უკეთეს და კარგ საქმეს მე სხვას ვერაფერს გავაკეთებდი. პრეზენტაციის დასასრულს უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ აქ მოვხვდებოდი და მართლაც, 2011წლის ზაფხულში პროექტის,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე გავხდი.აქედან იწყება ჩემთვის ყველაზე გამორჩეული,განსაკუთრებული,განსხვავებული,საინტერესო,მრავლისმომცველი და მრავლისმომცემი ცხოვრების ეტაპი.

2011წლის10 სექტემბრიდან საგარეჯოს რაიონის იორ–მუღანლოს საჯარო სკოლაში ვმუშაობ და აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ქართულ ენას ვასწავლი.ვაკეთებ იმ საქმეს რომელის ჩემი ქვეყნისთვის პრიორიტეტია და ვარ იქ,სადაც ჩემს სამშობლოს ვჭირდები.

იორ–მუღანლოში ჩემოსვლისთანავე მივიქციე მოსახლეობის ყურადღება.ოჯახში სადაც დავბინავდი,მნახველების ნაკადი არ წყდებოდა.ჩემს გასაცნობად ტკბილეულით ხელდამშვენებულები მოდიოდნენ და როგორც დიდი ხნის უნახავ ახლობელს ისე მიკრავდნენ გულში.

სკოლაშიც კარგად მიმიღეს. მოსწავლეებს რომ გავეცანი და ვუთხარი ეთო მქვია –მეთქი მე–7კლასელმა ამირხანმა გაკვირვებულმა მკითხა: „სამოელ ეთოსი ვინ ხართო,ის შავია,თქვენ თეთრი,ის ბიჭია,თქვენ გოგოო.”

ღიმილით მახსენდება გაკვეთილი რომლის თემაც იყო:მოდი მაღაზიობანა ვითამაშოთ.

ერთ–ერთ მოსწავლეს ვეკითხები:

– წამალი სად იყიდება?

– აფთიაქში.

– სათვალე სად იყიდება?

– ლილოს ბაზრობაზე. მპასუხობს დაუფიქრებლად

– სურსათი? ვეკითხები მე

– ბადიაურის ბაზარში. არ იბნევა საამირი

– წიგნი? ძლივს ვიკავებ სიცილს

– საგარეჯოში!

მოდი და შეედავე, მართალია ბავშვი…

იორ–მუღანლოს საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო სასკოლო პარტნიორობის ღონისძიებების გამარჯვებულ პროექტში,რომლის ფარგლებშიც გამოცხადდა ესეების კონკურსი ,,მე მიყვარს ჩემი საქართველო’’. აზერბაიჯანელი მოსწავლეების დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ კარგად გამოხატავს მეათე კლასის მოსწავლის ინთიკამ გუსეინოვის ეს ლექსი:

,,მართალია ქართველი არ ვარ,

მაგრამ აქ დავიბადე,აქ გავიზარდე…

,,სამშობლო შენ ჩემთვის სამოთხე ხარ

ჩემო საქართველო შენთან ვარ მე!

ჩემი სახლის ჭერი, ეს შენი ცაა

უშენოდ სიცოცხლე არ მინდა მე,

ჩემო საქართველო, შენთან ვარ მე. ‘’

მინდა რომ საქართველოში მცხოვრები ყველა არაქართველი ინთიკამივით ფიქრობდეს.მასავით უყვარდეს ეს ქვეყანა და ვინ,თუ არა ჩვენ უნდა ჩავუნერგოთ და გავუღვივოთ ეს გრძნობა მათ.

ქართველი მასწავლებლების რეგიონში ცხოვრებამ ბევრი რამ შეცვალა.პირველ რიგში ქართველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დამოკიდებულებები. დღეს მე ყველაზე მეტად ის მახარებს,რომ ერთი და იგივე ბავშვები დღეში 10–ჯერ რომ მესალმებიან, გაკვეთილზე შესვლისას ტაშს რომ მიკრავენ,ქუჩაში ჩემს დანახვაზე ეთო,ეთოს რომ გაიძახიან.მათ გაბრწყინებულ სახეებს რომ ვხედავ.ჩემს ნათქვამს რომ იმეორებენ და სწავლობენ.და კიდე,.ყოველ საღამოს მთელი ოჯახი ჩემს მოლოდინში გზას რომ გაჰყურებს მერე4 წლის სამაია შორიდანვე რომ გამორბის და მთელი ძალით გულში მიხუტებს.

პროექტის,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’მონაწილეები ვამსხვრევთ სტერეოტიპებს,ვშლით იმ ზღვარს რომელიც ქართველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არსებობს. ვახდენთ მათ ინტეგრაციას ერთიან საზოგადოებაში. ვაგრძნობინებთ რომ ისინიც საქართველოს სრუფლებიანი მოქალაქეები არიან,რომ მათზეც ისევე ზრუნავს ქვეყნის ხელისუფლება, როგორც დანარჩენებზე,რომ აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა,რომ მიუხედავად განსხვავებული სარწმუნოების,კულტურისა და ტრადიციებისა ყველა ერთნი ვართ,ჩვენ ხომ ყველაზე დიდი რამ,საქართველო გვაერთიანებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი