შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ეპოქა, როგორც მსაზღვრელი

(“ქრისტე” და “ანტიქრისტე” ბარათაშვილის სულიერ არსებასა და ბედისწერაში)

 

ყოველ ადამიანს, უფრო კი, მაღალი მოწოდების ადამიანს ჯვარზე აჰყავს თავისი წმიდათაწმინდა, იგივე “ქრისტე”, ხოლო ჯვრისკენ უბიძგებს “ანტიქრისტე” – ეპოქა, რომელშიც იგი მოვიდა და რომელმაც განსაზღვრა მისი ამქვეყნიური ბედისწერა.

 

ანტიქრისტე მითია, ის არ არის რეალური და კონკრეტული არსება, ცალკეული პირი, არამედ ეპოქის სულის კონცენტრაციაა, რომელიც მუშაობს დროში და მის გამოწვევებთან აპირისპირებს ხელოვანს, მეცნიერს, მოაზროვნეს.

 

ბარათაშვილის  ოცნება სამხედრო სამსახური იყო, ანუ სამსახური იმ უწყებაში, რომელიც მის სამშობლოს დამპყრობლად მოევლინა, რომელმაც გააუქმა მისი სახელმწიფო, მისი წინაპრების მიერ ბრძოლით მოტანილი პოლიტიკური ერთეული. ამ ისტორიულ ფაქტს ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენლები ამბოხებებისა და შეთქმულებების შემდეგ შემგუებლობით და მორჩილებით შეეგებნენ და  რაკი სხვა ასპარეზი მთლიანად მოშლილი და გაუქმებული იყო, დაიწყეს მის სამსახურში ჩადგომა. ისინი, ვინც უპირისპირდებოდნენ რუსეთის თვითმპყრობელობას, თავად გახდნენ ამ თვითმპყრობელობის მსახურნი და გამაძლიერებელნი. ვინც ამ სამსახურზე უარი თქვა, დატოვა სამშობლო, გადაიხვეწა ან აღმოსავლეთში, ანდა შეეგუა “თავისუფალ ტყვეობას” რუსეთის იმპერიაში. იმაზე დიდი შინაგანი წინააღმდეგობა, ვიდრე დამპყრობლის სამსახურში ჩადგომაა, რა უნდა ჰქონოდა ადამიანს. და რა რჩებოდათ ამის შემდეგ, ერთი მხრივ, მტრის მსახურებაში მყოფთ და, მეორე მხრივ, სამშობლოს თავისუფლების მომლოდინე პოეტებს, თუ არა – სიტყვით გლოვა, საქმით კი – სამხედრო შემართება, რაც მათ პიროვნულ გაორებას, პიროვნულ კრახს იწვევდა. გრიგოლ ორბელიანი, ბარათაშვილის ალალი ბიძა, მისი მოსიყვარულე და მოჭირნახულე, იმდენად დაკავებული და ბოლომდე ჩაძირული იყო რუსეთის სამსახურში, რომ თავისი საყვარელი დისშვილის სიკვდილს სამხედრო პოლკში შეხვდა, დიდმა მწუხარებამ რამდენიმე დღე ლოგინადაც ჩააგდო, მაგრამ ვერ შეძლო ისიც კი, რომ უცხოობაში უპატრონოდ დაღუპული ახლობლის ნეშტი სამშობლოში გადმოესვენებინა. ეს, ერთი ფაქტიც საკმარისია იმის წარმოსადგენად, როგორ „სიამტკბილობაში“ იყვნენ ქართველი გენერლები რუსეთის უმაღლესობასთან. ხოლო ოჯახს, დედას და დებს იმის სახსარი არ ჰქონიათ, შავად შემოსილიყვნენ. ამაზე უკეთესი სურათი უფლებააყრილი ქართული არისტოკრატიის სიდუხჭირის წარმოსადგენად საჭირო აღარ არის. ისინი ჩადგნენ რუსის სამსახურში იძულებით, როგორც თავგანწირული მეომრები და მთელი ეს სამხედრო ჩინები და ამქვეყნიური დიდებები სიბნელეზე ჩამოფარებული მხოლოდ თხელი, გამჭვირვალე საბურველია. და ბარათაშვილსაც ეს სამსახური ენიაზებოდა, მასზე ოცნებობდა, ის მიაჩნდა თავის მთავარ მოწოდებად, თავისი კაცური დიდების მთავარ ასპარეზად და მიაღწევდა კიდეც ამ მიზანს, რომ არა ბედისწერის ნამუშევარი – გიმნაზიის კიბიდან გადმოვარდნა და ფეხების დაზიანება (თუმცა, ერთგან წერს, რომ ფეხი სრულიად მოურჩა და თუ სამხედრო სამსახურს ვერ ახერხებს, მისი ოჯახური მდგომარეობის ბრალია). ბარათაშვილის მთელი ბიოგრაფია ამ ფაქტის შედეგებით აიგო – დარჩა უსამსახუროდ და უსახსროდ, თუმცა, დროდადრო რაიმე უმნიშვნელო საქმე გამოუჩნდებოდა −  საარსებო წყარო  მისთვის  და მისი ოჯახისთვის. არცერთი სამსახური არ შეეფერებოდა მის შინაგან მისწრაფებებს, არცერთ სამსახურს არ მოუტანია კეთილდღეობა, ერთ მხარეს რჩებოდნენ იმპერიასთან დაახლოებული, ასე თუ ისე, ცხოვრებააწყობილი ოჯახები და მეორე მხარეს, იგი, ვისი სულიც თავისუფლებისკენ ილტვოდა, მაღალ ასპარეზს მიელტვოდა და  ნატრობდა კაცს, ვინც  ფართო გზაზე გაიყვანდა. მაგრამ  ფართო გზა იყო კი ის გზა, რომელიც მართლა შეასხამდა ხორცს მის ოცნებებს, მისცემდა გასაქანს მის სულიერ მისწრაფებებს? შეგვიძლია ვთქვათ, რომ – არა,  უმაღლესი წოდებაც კი რუსეთის ჯარში ვერ მისცემდა მას იმ საზრდოს, ვერ შეუქმნიდა იმ ნიადაგს, რომელზეც მყარად დადგებოდა და თავის სანუკვარ ოცნებებს განახორციელებდა. ძნელი მისახვედრი არ არის, – რატომ. ქართული არისტოკრატიიდან  ერთადერთი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი ბრწყინავდა დიდებითა და სიუხვით, ისიც, არა იმის გამო, რომ ოჯახის თავმა რუსის გენერლობას მიაღწია და ამით მიიღო ის სიმდიდრე და პატივისცემა, არამედ იმიტომ, რომ მამამისი ერეკლეს კარზე დაწინაურებული პირი იყო, უშუალოდ მოაწერა ხელი რუსეთისთვის აგრერიგად საჭირო გეორგიევსკის ტრაქტატს და მისმა შთამომავლობამ სანაცვლოდ მიიღო იმუნიტეტი, თვით აჯანყებებსა და შეთქმულებებში მონაწილეობის გამოც კი, ალექსანდრე ჭავჭავაძეს ინდობდნენ და მსუბუქად სჯიდნენ, ეს, ცალკერძ, მამის დამსახურებისადმი პატივისცემით, მეორე მხრივ კი, ერთგულების შესანარჩუნებლად სჭირდებოდა რუსეთს, რადგან ეს იყო ოჯახი, ფაქტობრივად, კულტურული პლაცდარმი, სადაც მის უმაღლეს წარმომადგენლებს, დიპლომატებს თუ სამხედრო პირებს შინაურული ატმოსფერო ხვდებოდათ. ასეთი ურთიერთობის შედეგად მივიღეთ სიძედ რუსი დიპლომატი და პოეტი. თუმცა, მეორე ქალიშვილისთვის საქართველოში მოძიებული ოჯახი და საქმრო ვერ გამოდგა ის გარანტია, რომლის მეშვეობითაც რუსეთის სამსახურში თავგამოჩენილი ოჯახი კვლავაც შეინარჩუნებდა სიმშვიდეს და დიდებას. სამეგრელოს სამთავროს გაუქმება და ეკატერინეს შინაპატიმრობა პეტერბურგში ამის ნათელი დასტურია. მარტო ეს ისტორიებიც საკმარისია იმის წარმოსადგენად, რამდენად სასტიკი და დაუნდობელი იყო იმპერია ნებისმიერი პირისა თუ ოჯახისადმი, როდესაც საქმე მის პოლიტიკურ ინტერესებს ეხებოდა. ქართველ თავად-აზნაურთა მდგომარეობის კიდევ უფრო შემზარავ ფაქტად რჩება ბარათაშვილის ნათესავისა და მეგობრის, მაიკო ორბელიანის ბედი. მშვენიერი ახალგაზრდა ქალის ტრაგედია, რომელსაც ეტრფოდა ბარათაშვილის მეგობარი ლევან მელიქიშვილი და სწორედ იმპერიისა და მასთან აფილირებული ქართველი თავად-აზნაურობის აღვირახსნილი ქმედება გახდა ამ ორი ადამიანის ბედისწერის განმსაზღვრელი (მართალია, არ არსებობს ამ საჩოთირო ფაქტის დამადასტურებელი საბუთი, გარდა ზეპირად გავრცელებული ისტორიისა თუ ე. წ. გონივრული ეჭვებისა). ჭლექით დაავადებულ მაიკო ორბელიანს დიდხანს არ უცოცხლია. ბარათაშვილის ხანმოკლე სიცოცხლეც ხომ პირდაპირ კავშირშია იმ ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რომელშიც აღმოჩნდა მისი ოჯახი. მანამდე კი, ვიდრე აღსასრული მოვიდოდა, პოეტის ამქვეყნიურ მისწრაფებებს ჩაენაცვლა პოეტური ხატები მაღალი აზრების გადმოსაცემად. ოცნება სამხედრო კარიერაზე მხოლოდ გარეგნულ, ფაქტობრივად, გაუაზრებელ მისწრაფებად დარჩა, რეალურად კი მივიღეთ მთელი მისი შემოქმედება, რომელიც სწორედ ამქვეყნიური, წარმავალი ყოფიერებისა და მარადიული, წარუვალი ფასეულობების ჭიდილში დაიბადა. რომ არა რეალური ყოფა, რომელშიც მოუხდა ბარათაშვილს ცხოვრება, შეიქმნებოდა კი მისი შედევრები?! ერთი შეხედვით, კითხვა ჰიპოთეტურად მოგვეჩვენება, მაგრამ თუ გადავხედავთ ბარათაშვილის და ზოგადად, ხელოვანთა ცხოვრებას, ნათლად დავინახავთ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მათ ცხოვრებაში ამქვეყნიურმა ბედისწერებმა. ხელოვანის ირგვლივ, მთელი ის რეალური მოცემულობა, შეიძლება ითქვას, რომ არის მიზეზთა ჯაჭვი, რომელიც უბიძგებს მათ, წერონ, ხატონ, აქანდაკონ სწორედ ისე, როგორც ეს მათ შემოქმედებაში ხდება. ფაქტობრივად, სოციალურ-პოლიტიკური ყოფა არის ანტითეზა, რომელთან ბრძოლაშიც იხვეწება და თავის  საუკეთესო ფორმებს იძენს თეზა, მთავარი მიზანი, რომელიც ჯვარს უნდა ეცვას.  ანტიქრისტე  კი მთელი ამსოფლიური ყოფიერების სინთეზია, რომელსაც აფეთქებამდე მიჰყავს მუზები. როგორც გოეთეს მეფისტოფელი იტყვის: ის არის ნაწილი იმ დიადი ძალის, რომელსაც ავი სურს, მაგრამ კეთილს სჩადის, უფრო სწორად, სიკეთე გამოსდის თავისდაუნებურად. ეს უკვე დიალექტიკის უტყუარი კანონია და მხოლოდ კანონებს ემორჩილებიან ამ ატმოსფეროში მოყოლილი არსებები. ძნელი სათქმელია, რატომ დალაგდნენ მოვლენები ასე, იმიტომ, რომ ესა თუ ის დიადი სული განხორციელებულიყო, თუ ესა თუ ის დიადი სული იმიტომ განხორციელდა, რომ მოვლენები დაეწყო ამგვარად. ეს უკვე რწმენის საკითხია, მოვლენათა რომელ რიგს მიიჩნევ უპირატესად და ზოგადი მოცემულობისთვის ამას მნიშვნელობა არც აქვს. მთავარი ის არის, რომ ეპოქა და მის გამოწვევებზე ასხმული პატარ-პატარა მიზეზები უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენენ თითოეულ ადამიანზე, მაგრამ იმ ეპოქაში მოვლენილი გენიოსის ანდა მნიშვნელოვანი ინტელექტუალური გმირის სულიერი მონაპოვარი, ფაქტობრივად, მომავალ ეპოქებს გადასცემს რაღაც ისეთს, რაც რჩება, როგორც მარადისობის გაკვეთილი.

 

ის სიკეთე და სიქველე, რაც ბარათაშვილში (და არა მხოლოდ მასში, არამედ ნებისმიერ ხელოვანში) არსებობდა, მყოფობდა, როგორც ქრისტე, ხოლო მის ანტითეზად, მის ოპოზიციად, მის ანტიქრისტედ დალაგდა ეპოქა, რამაც უბიძგა, ჯვარზე აეტანა თავისი უმაღლესი მე, თავისი მარადი არსება და მომავლისთვის გაეკვალა ნათელი ბილიკები.

 

ამიტომ ვფიქრობ, გალაკტიონის ეპითეტი – „ეს საუკუნე მეფისტოფელი“, მხოლოდ მეოცე საუკუნეზე არ ვრცელდება, იგი ზოგადი ხატია ნებისმიერი საუკუნისა, რომელიც ბრძოლას უცხადებს ხელოვანსა და მოაზროვნეს და ამ ბრძოლაში თავის საუკეთესო გამოვლინებას აღწევს სული, ინდივიდი, რომელმაც ასეთ გამოწვევებთან ბრძოლისას უნდა ამოხსნას მხოლოდ მისთვის დასანახი და ამოსაცნობი სამყაროს ხატებები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი