პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თანამედროვე წმინდანები _  ფილმი, როგორც სასწავლო რესურსი

„მე მჯერა რომ წმინდანები ჩვენ შორის ცხოვრობენ“, _  ეუბნება მასწავლებელი მოსწავლეებს. რატომ დასჭირდა მას ამ ერთგვარი პროვოკაციული ფრაზის წარმოთქმა?  ის ბავშვებს სახელმძღვანელოს იმ თავს შეასწავლის, რომელსაც „კათოლიკური წმინდანები“ ჰქვია. მასწავლებელი ხედავს, რომ მოსწავლეებს დაზეპირებული აქვთ წმინდანთა ცხოვრების დეტალები, პრეზენტაციებსაც წარმოადგენენ, თუმცა გააზრებული არა აქვთ. მათთვის  გაუგებარია ბევრი რამ და თანამედროვეობასთან ვერ აკავშირებენ. პედაგოგი, სავარაუდოდ, ხვდება, რომ ეს მისი ბრალია და არა  მოსწავლეებისა.  წმინდანებთან დროულ-სივრცული თუ სულიერ-მენტალური დისტანცია იმდენად დიდია, რომ ბავშვები მათში ადამიანებს ვეღარ ხედავენ,  ამიტომაც მოძებნა სხვა გზა.  მასწავლებელი ასე განაგრძობს თავის უჩვეულო ახსნა-განმარტებას: „მე მჯერა რომ წმინდანები ჩვენ შორის ცხოვრობენ. შეიძლება ვერავინ შენიშნოს და არც წიგნებში დაწერონ მათ შესახებ, მაგრამ ისინი მნიშვნელოვანნი არიან“. ამის შემდეგ მასწავლებელი ბავშვებს დავალებად აძლევს მოხსენების დაწერას სათაურით: „წმინდანები ჩვენ შორის“: „დააკვირდით ადამიანებს თქვენ გარშემო და შეეცადეთ მათში იპოვოთ ის თვისებები, რომლებიც წმინდანებს ახასიათებთ“.

ვფიქრობთ, თამამი და აქტუალური დავალებაა, რომელიც ქართველ მასწავლებლებსაც შეიძლება გამოადგეთ. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ კრიტიკული აზროვნების განვითარებას, არამედ ზნეობრივ ღირებულებებსაც განუმტკიცებს, ფასეულობათა სისტემას ჩამოუყალიბებს,  წიგნის მასალასა და ცხოვრებას ერთმანეთთან დააკავშირებს.

ოლივერი, ფილმის მთავარი გმირი ამერიკელი  ბიჭუნა,  იწყებს დავალებაზე ფიქრს და მიხვდება, რომ შორს წასვლა არ სჭირდება.  ის თავის გვერდით აღმოაჩენს ადამიანს, რომელშიც წმინდანის თვისებებს დაინახავს და  იწყებს მასალის შეგროვებას მეზობელ კაცზე, რომელიც არაფრითაა გამორჩეული, პირიქით, ერთი შეხედვით, საზიზღარი, მოუწესრიგებელი, ზარმაცი და უპასუხისმგებლოა. ეს ყველაფერი კი წარმოჩენილია ფილმში „წმინდა ვინსენტი“ (რეჟისორი ტედ მელფი).

წმინდანებზე წარმოდგენა  მკითხველს მსოფლიო თუ ქართული ჰაგიოგრაფიული ტექსტების მიხედვით აქვს ჩამოყალიბებული. ისინი, მოწამენი თუ მოღვაწენი, საღვთო იდეისთვის შეწირულნი არიან. ეს იდეა ჯვარსახოვანია, ღვთისა და  მოყვასის სიყვარულს თანაბრად გულისხმობს, ერთი მეორეს ავსებს და ამგვარად ადამიანი სულიერად იზრდება იმისთვის, რომ გააცნობიეროს ამქვეყნიური, წარმავალი არსებობის აზრი და მიზანი.

წმინდანი საღვთისმეტყველო ცნებაა და იგი რელიგიურ კონტექსტებში მოაზრება. არის თუ არა ეს სიტყვა თანამედროვე ლექსიკონისთვისაც მნიშვნელოვანი?  შეიძლება თუ არა, იგი  დღესაც გამოვიყენოთ,  როგორც ვინმეს აღმნიშვნელი, შემფასებელი, ეგზისტენციის განმსაზღვრელი. როგორც ცნობილია, ყველა რელიგიურ კონფესიას თავისი წმინდანი ჰყავს. წმინდანობა ნიშანია, რომლითაც ეკლესია სახარებისეული თუ წმინდა მამათა საღვთისმეტყველო სწავლებითა და საეკლესო გადმოცემებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული კრიტერიუმებით ერთ  ადამიანს სხვათაგან გამოარჩევს.

რა თქმა უნდა,  ხელოვანებს აქვთ ამ ცნების გაფართოების, მისი მნიშვნელობის იმგვარი გაღრმავების  მცდელობა, რომ ფუნდამენტური, არსობრივი გაგება შეუნარჩუნდეს, მაგრამ თან თანამედროვე ლექსიკის ცოცხალ ნაწილადაც იქცეს, რაღაც ისეთიც აღნიშნოს, რაც გადის „საღვთიმეტყველო“ დოგმატური ჩარჩოებიდან.

ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლებისას ჩნდება სურვილი მათი გათანამედროვებისა, პრობლემატიკის თანამედროვე კონტექსტში გააზრებისა. თუმცა, ეს ძალიან საფრთხილო საქმეა. ამ თვალსაზრისით, საინტერესია თამაზ ჭილაძის წერილი „იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, რომელშიც  ჰაგიოგრაფიული ტექსტი რომანად არის მოხსენიებული. მწერლის  აზრით,  „შუშანიკს რომანში ორი ტექსტი აქვს, ერთი – აშკარა, წმინდანისათვის აუცილებელი და ამდენად სტერეოტიპული, მეორე კი, დაფარული, ადამიანური“. წერილში ავტორი სწორედ ამ ადამიანურ ტექსტს თანამედროვეობის ჭრილში აანალიზებს და საგულისხმო დაკვირვებებს გვთავაზობს. მისი აზრით: „ჩვენ ვხედავთ ერთი ადამიანის დაუშრეტელ ენერგიას, ერთი ადამიანის უნარს, ერთი ადამიანის ძალას, რომელიც ბევრისა და ბევრის მაგივრად უპირისპირდება ბოროტებას. და თუ ჩვენ დღეს მის ქმედებას ჩამოვაშორებთ რელიგიურ-მისტიკურ საბურველს, ხელთ შეგვრჩება ცოცხალი გაკვეთლი ადამიანის სულის სასიკეთო ძალისხმევისა“.

თანამედროვე ლიტერატურაში ხშირად გვხვდებიან პერსონაჟები, რომლებსაც სხვები წმინდანად აღიქვამენ, რადგან მათ ცნობიერებაში ჩამოყალიბებული წმინდანთა განმსაზღვრელი ხატები მიესადაგება რომელიმე კონკრეტულ ადამიანს. სწორედ ამგვარი მიზანი აქვს ზემოთ ხსენებულ ფილმის მასწავლებელსაც, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე წმინდანთა დანახვას ავალებს. ფილმი („წმინდა ვინსენტი“) მოგვითხრობს ბიჭუნას დაახლოებაზე უცნაურ მეზობელთან, ლოთსა და უიღბლო კაცთან, რომელსაც ქალმა დროებით ერთგვარი ძიძობა, ბიჭის დატოვება სთხოვა ანაზღაურებით. ერთი შეხედვით, უკმეხი და ცხოვრებისგან გარიყულ-გათელილი კაცი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ბიჭისთვის ცხოვრების მასწავლებლად იქცა.

როგორია ბიჭის მოხსენება, რომელიც გამარჯვებულად  გამოცხადდა? ოლივერს არც ინტერვიუ აუღია მისგან და არც ამ თემაზე დალაპარაკებია. ის უკვე კარგად იცნობდა მას ყოველდღიურ ყოფას. დანარჩენი კი, ბიოგრაფიისა დეტალები და ფოტოები, ჩუმად მოიპოვა. ასე რომ, თვითონ ვინსენტისთვისაც მოულოდნელი იყო, რაც ოლივერმა მასზე ილაპარაკა. ის პრეზენტაციაზეც კი არ აპირებდა წასვლას.

ოლივერმა კი პრეზენტაციისას, რომელსაც სკოლის მასწავლებლები, მშობლები, ახლობლები ესწრებოდნენ,  ასეთი რამ თქვა: „წმინდანი არის ის ადამიანი, რომელმაც თავი მიუძღვნა სხვა ადამიანებს და შეეცადა ეს სამყარო უკეთესი გაეხადა… ჩემი მოხსენებისთვის ავირჩიე ადამიანი, რომელსაც წმინდანის შესაფერისი ბევრი თვისება აქვს, როგორც წმინდა უილიამ როჩესტერს. ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ ის სულაც არა ჰგავს წმინდანს. ის არ არის ბედნიერი ადამიანი. მას არ მოსწონს ხალხი და არც ხალხს მოსწონს ის. ის უხეში, ბრაზიანი და მთელ სამყაროზე განაწყენებულია. ბევრს სვამს, ეწევა, თამაშობს, ბილწსიტყვაობს, წუწუნებს და იტყუება… მაგრამ ეს ისაა, რაც ერთი შეხედვით ჩანს. თუ უფრო ღრმად ჩაიხედავთ, მასში ნამდვილ ადამიანს დაინახავთ. მისტერ ვინსენტ მაკენა 1946 წელს დაიბადა პირველი თაობის ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში. ის სიღარიბეში იზრდებოდა. ბრუკლინის ქუჩებში ცხოვრებამ მას უამრავი ისეთი რამ ასწავლა, რაც ბავშვმა არ უნდა იცოდეს: ჩხუბი, ბილწისტყვაობა და აზარტული თამაშები. 1965 წელს, როგორც შეერთებული შტატების მეხუთე ლეგიონის წევრი, იმ 450 ჯარისკაცს შორის იყო, რომლებიც ლაგრანდის ველზე იბრძოდნენ. მათ ორი ათას ჯარისკაცთან მოუწიათ ბრძოლა. ვინსენტმა ორი დაჭრილი ჯარისკაცი გადაარჩინა და სამშვიდობოს გაიყვანა. მას ბრინჯაოს მედალი მიანიჭეს სიმამაცისთვის, მაგრამ რომ დაინახოთ, სინამდვილეში ვინ არის მისტერ ვინსენტ მაკენა, უნდა მოგიყვეთ, რა გააკეთა მან ჩემთვის. როცა მე და დედა აქ გადმოვედით, არავის ვიცნობდით. მე მისტერ მაკენა დამეხმარა. ის სულაც არ იყო ვალდებული და ალბათ არც უნდოდა, მაგრამ მაინც გააკეთა ეს. სწორედ ასე იქცევიან წმინდანები. ჩვენ  პანსიონში მოსანახულებლად დავდიოდით მისი ცოლის, სენდისა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ვინსენტი მის თეთრეულსა და ტანსაცმელს თვითონ რეცხავდა ყოველ კვირას, რვა წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სენდი მას ვეღარ ცნობდა, იმიტომ, რომ წმინდანები არასოდეს ნებდებიან. მან მე მასწავლა, როგორ ვიბრძოლო, როგორ დავიცვა  თავი და საკუთარი მოსაზრება, იმიტომ რომ წმინდანები ყოველი ჩვენგანისთვის იბრძვიან. მან  აზარტული თამაშები და ფსონების დადებაც მასწავლა,  რის გამოც 18 წლამდე შინაპატიმრობა მემუქრება, მაგრამ გავიგე, რა არის რისკი და როდის უნდა გავჩერდე, იმიტომ, რომ შეიძლება ამ ცხოვრებაში ფსონი არასწორად დადო. ეს მისი კატაა, ფელიქსი, ის საუკეთესო საკვებს მიირთმევს, როცა ვინსენტი კონსერვებით იკვებება, იმიტომ, რომ წმინდანები ჩვენ გამო მსხვერპლს იღებენ. დიახ, მისტერ მაკენას ბევრი ნაკლი აქვს, ისევე, როგორც სხვა წმინდანებს. იმიტომ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. სიმამაცე, თავგანწირვა, თანაგრძნობა და ადამიანობა _ ეს წმინდანის თვისებებია და ამიტომაც მისტერ  ვინსენტ მაკენა ძალიან ჰგავს წმინდა უილიამ როჩესტერს. და აი, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მეგობარი და ძიძა  ვინსენტ მაკენა და ყოველივე ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით ვუწოდო წმინდა ვინსენტი“.

 

კადრი ფილმიდან „წმინდა ვინსენტი“

 

რა თქმა უნდა, ბილ მიურეი შესანიშნავად ასრულებს ვინსენტის როლს. მაყურებელი ხედავს მის თავშეკავებულ გაოცებულ მზერას, როდესაც წმინდანს უწოდებენ. მაყურებელმა და ოლივერმაც იციან, რომ იგი ამის შემდეგაც ჩვეულებრივ გააგრძელებს ცხოვრებას. გულის ამაჩუყებელია ეპიზოდი, როდესაც დარბაზში სწორედ პრეზენტაციისას შემოდის ვინსენტი, ყოველდღიური მოუწესრიგებელი ჩაცმულობით. მას სცენაზე მოიხმობენ, ოლივერი მას მედალს  ჩამოკიდებს. დარბაზში ამტყდარ ტაშში ჩაიკარგება ერთმანეთისთვის თქმული  მადლობა, რომელიც მაყურებელს შესანიშნავად ესმის და ამახსოვრდება.

ამგვარად, ფილმისეული მასწავლებელი აჩვევს ბავშვებს, რომ დაინახონ და დააფასონ სიკეთე არა მხოლოდ პერსონაჟებისა თუ ისტორიული გმირებისა, არამედ მათ გვერდით მყოფი უბრალო ადამიანებისა, დაინახონ ღვთაებრივი ნაპერწკლები, რომლებიც ჩნდებიან და ქრებიან, ამიტომ არ უნდა გამოტოვო ეს წამი მათი ანთებისა. ამ დროს აქვს ადამიანს გაცდა სამოთხისა. ეს არის ცხოვრება, თორემ ეს ნაპერწკლები რომ ალად იქცეოდნენ და არ ქრებოდნენ, ადამიანი სიხარულის განცდას დაკარგავდა.

პოსტმოდერნულ ხანაში წმინდანებიც ისევე იქცა არტისტული თამაშის საგნად, როგორც სხვა ნებისმიერი რამ. ისინი ჩამოიყვანეს კვარცხლბეკებიდან და რომანის, ფილმის გმირებად აქციეს, მათი სისხლი და ხორცი ახლოდან დაგვანახვეს, ადამიანური ნაკლოვანებანი და სისუსტენი წარმოაჩინეს.

ადამიანს აქვს წამები, გაკაშკაშებული, როდესაც უჩნდება შეგრძნება ამგვარი სიწმინდისა („ერთი წამიც კი სიცოცხლის / თუ სინათლის მომფენია, / უსინათლოს და უგრზნობელს,/ საუკუნეს მირჩევნია“  (აკაკი წერეთელი, „რაც არ იწვის, არ ანათებს“). ამას შეიძლება ღვთაებრივი ნათლის, ქრისტეს,  დაბადება ვუწოდოთ: „ქრისტე ათასჯერ რომც დაბადებულიყო ბეთლემში, თუ იგი ახლა შენს სულში ისევ არ დაიბადა, მაინც დაღუპული ხარ“ (ანგელუს სილეზიუსი, მე-17 ს-ის გერმანელი მისტიკოსი პოეტი). ეს ნაპერწკალი მაშინ ინთება, როდესაც ყოველგვარი დაბრკოლება გადაილახება და ადამიანური თანაგრძნობის, სიყვარულის გზით ერთი ადამიანი მეორეში ხედავს ღმერთს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი