პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ გაუხალისოს მშობელმა პირველკლასელს მეცადინეობის პროცესი

ახალი სასწავლო წლის დაწყება ემოციებით ავსებს დიდებსაც და პატარებსაც, მაგრამ განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით სკოლაში ფეხის შედგმას პირველკლასელები ელოდებიან. მათი ყოველდღიური ცხოვრება და რეჟიმი იცვლება. მომავალ მოსწავლეებს უხარიათ და, ამავდროულად, ღელავენ კიდეც, აინტერესებთ, რა მოხდება სკოლაში, როგორ უნდა იმეცადინონ, ვინ იქნება მასწავლებელი, რას ეტყვიან თანაკლასელები. ღელვა სავსებით ბუნებრივია, განა ჩვენ, ზრდასრულები, არ ვშფოთავთ, როცა წინ რაღაც სიახლე ან გაურკვევლობა გველოდება?

 

ზოგიერთი ბავშვი მარტივად გადის ადაპტაციის პროცესს, ადვილად ეგუება სასწავლო რეჟიმს,  მაგრამ ნაწილს ურთულდება, ეს კი იწვევს მთელ რიგ პრობლემებს. მაგალითად, შეიძლება პირველკლასელს დაეუფლოს განცდა, რომ რაღაც არ გამოუვა, ვერ დაწერს ან წაიკითხავს, ამის გამო კი დაეწყოს შფოთვა და დაეკარგოს მეცადინეობის სურვილი. ცხადია, ასეთ დროს მასწავლებელს ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა, ის უნდა დაეხმაროს ბავშვს, თუმცა არანაკლები შეუძლია მშობელს.

 

როგორ მოვახერხოთ, რომ პირველკლასელისთვის მეცადინეობა არა მოსაბეზრებელ და სავალდებულო საქმიანობად, არამეც სასიამოვნო პროცესად იქცეს? რა შეგვიძლია მშობლებს? ჩემეული პასუხი ასეთია – ,,მოვუშინაუროთ“ ის, რასაც სწავლობს.  პატარებს  ძალიან უყვართ თამაში, შეგვიძლია ანბანის და ციფრების სამყარო უფრო ახლოს თამაშით გავაცნოთ.

 

გაგიზიარებთ რამდენიმე შემეცნებით აქტივობასა და თამაშს, რომელთა ჩატარებაც და რესურსების მომზადებაც სახლის პირობებში თავისუფლად შესაძლებელია. მთავარი წესია ის, რომ ჩვენ, ზრდასრულებმა (მშობლებმა, ნათესავებმა, მეზობლებმა და სხვ.), მათთან ერთად ვითამაშოთ. ამგვარად ბავშვსაც გავახარებთ და დავაკვირდებით კიდეც, რა ურთულდება ან უმარტივდება და მერე ჩვენც გაგვიადვილდება პრობლემების მართვა.

 

  1. ანბანის ხატვა

 

პირველკლასელი დაიწყებს თუ არა ანბანისა და ციფრების შესწავლას, შევთავაზოთ, დახატოს ეს ასოები და ციფრები და გამოიგონოს მათზე ისტორიები. სასურველია, თუ ზრდასრულიც დახატავს და პატარას მაგალითს მისცემს.

ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პირველკლასელი შვილის მიერ დახატული თ, ა და ს, მაგრამ ეს უბრალოდ 3 ასო არ არის.  აქ ჩანს, როგორ მიჰყავს ს-ს (ანუ დედას) თ და ა (შვილები) სკოლასა და ბაღში – ასე ახსნა მხატვარმა. ნახატი იძლევა როლური თამაშის საშუალებასაც – ასოებს შორის შეიძლება გაიმართოს დიალოგი, ან ვკითხოთ ბავშვს, რას ფიქრობს მის ნახატში მზე ასო-ბგერებზე? და ა.შ.

მთავარია, პირველი კლასის მოსწავლის ფანტაზიას  გასაქანი მივცეთ და დავარწმუნოთ, რომ ასოები მხოლოდ სასკოლო რვეულების ან წიგნების ფურცლებზე არ ,,ცხოვრობენ“, მათი თავგადასავალი გრძელდება დაუსრულებლად. სწორედ ეს არის მათი ,,მოშინაურების“ ერთ-ერთი საიდუმლო.

 

 

 

  1. ანბანის ძერწვა

 

ძალიან სახალისოა შესწავლილი ასოების ძერწვა. ერთი, რომ აუმჯობესებს ნატიფ მოტორიკას, მეორე და მესამე – ხელს უწყობს წარმოსახვის უნარის განვითარებასა და  ასო-ბგერების უკეთ დამახსოვრებას.

ფოტოზე ხედავთ, როგორ გამოძერწა პირველკლასელმა ასოები. მერე ისინი გმირებად აქცია და მოიგონა თავგადასავალი, თუ როგორ ერთობოდნენ თ, ხ, ს, ი და ა. ძერწვის პროცესიც და შემდეგ გამოგონილი თამაში ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.

 

 

  1. მეხსიერების თამაში ანბანის შესახებ

 

ალბათ, ბევრისთვის ნაცნობია მეხსიერების თამაში, რომელიც სულ მცირე ორმა ადამიანმა უნდა ითამაშოს. წყვილ ბარათზე გამოსახულია ერთი და იგივე ნახატი, წარწერა ან სხვა რამ. ბარათები რიგდება ისე, რომ ჩანს მხოლოდ უკანა მხარე (უკანა მხარე ყველა ბარათს ერთნაირი აქვს). მოთამაშეს ერთ ჯერზე აქვს 2 ბარათის გადმობრუნების უფლება. თამაშის პროცესში ის უნდა დააკვირდეს, სად რომელი დევს და დაიმახსოვროს. როცა 2 ერთნაირ ბარათს მიყოლებით გადმოაბრუნებს, ორივე მისი ხდება. იმარჯვებს ის, ვინც მეტ ბარათს შეაგროვებს.

სკოლაში შესვლამდე ეს თამაში ძალიან უყვარდა ჩემს შვილს და სწორედ ის გახდა ჩვენთვის შთამაგონებელი, დაგვემზადებინა მეხსიერების ხელნაკეთი თამაში ანბანის თემაზე.

სახლში გვქონდა ერთი ქართული საწარმოს შექმნილი ხის ასოები (ფოტოზეც ჩანს), მათგან პირველკლასელმა შეარჩია 15 და ხის ფორმების დახმარებით ამოწერა 15 წყვილ ბარათზე. თამაშის პროცესში ახალი იდეებიც გაგვიჩნდა – მაგ., გარდა ბარათების დამახსოვრებისა, ვასახელებდით, თუ რომელი სიტყვები (ხილი, ბოსტნეული, ფერი, სათამაშო, მულტფილმი და ა.შ.) იწყებოდა კონკრეტულ ასოზე.  ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, მაგ., ბარათების მოხატვა და გაფორმება, ასე კიდევ უფრო საყვარელი და ძვირფასი სათამაშო გახდება ბავშვისთვის.

თამაშის პროცესში ბავშვს უვითარდება  მეხსიერებისა და დაგეგმვის უნარები, უმდიდრდება ლექსიკური მარაგი და, რაც მთავარია, ანბანი მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება.

 

 

 

 

  1. ასოებზე თევზაობა

 

შესაძლოა, ერთ დღესაც აღმოაჩინოთ, რომ ბავშვი წერისას  ასოებს ტოვებს. ეს სრულიად ბუნებრივია, მით უმეტეს – პირველ კლასში. მარტივად შეგვიძლია ამ სირთულის დაძლევა (აქვე აღვნიშნავ, უაღრესად მნიშვნელოვანია,  შეცდომისადმი შიში არ ჩამოვუყალიბოთ პატარა ადამიანს. მართლწერის პრობლემა მარტივად გვარდება, შეცდომის შიში კი მერე მთელი ცხოვრება მიგვყვება და გვტანჯავს).

 

სათამაშო, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ხელნაკეთია. დაფის მაგნიტებს მივაწებეთ ასოები, სახლში აღმოგვაჩნდა მაგნიტიანი სათამაშო  ანკესი. შემდეგ ფურცელზე დავწერე პერსონაჟების სახელები იმ წიგნიდან, რომელსაც ვუკითხავდი. ფურცელი მივაკარი მაგნიტურ დაფას. ბავშვს გამოტოვებული ასო უნდა ეპოვა,  ანკესით ,,დაეჭირა“ და კუთვნილ ადგილას მოეთავსებინა. ამ აქტივობას მარჯვენა-მარცხენას გარჩევის სავარჯიშოც შეგვიძლია დავუმატოთ, ვთხოვოთ, რომ პირველი ასო მარჯვენა ხელით ,,ამოიყვანოს“, ან – პირიქით.

რამდენიმეწუთიან თამაშს შედეგად ბევრი რამ მოჰყვება: პირველკლასელი მარტივად ამჩნევს, რომელი ასოა გამოტოვებული და სიტყვას ავსებს, უვითარდება  ინსტრუქციის მოსმენისა და გაგების უნარი, ხალისობს და სიამოვნებით ასწორებს შეცდომას.

 

  1. ანბანის თეატრი

 

როლური თამაში და სპექტაკლის მოწყობა ბავშვებს ძალიან უყვართ. შეგვიძლია პირველკლასელს შევთავაზოთ, დახატოს საკუთარი თავი (ან მეგობარი, ოჯახის წევრები), შემდეგ თავისი სახელის შემადგენელი ასოები, გააფერადოს და გააფორმოს. დახატული გამოჭრას უსაფრთხო მაკრატლით (საჭიროებისამებრ, შესაძლოა ჩვენც დავეხმაროთ გამოჭრაში ან ვუჩვენოთ, როგორ გააკეთოს ეს) და ქაღალდის წებოთი მიაკრას ხის ჩხირებს. სპექტაკლისთვის ,,მსახიობები“ მზად არიან. აქვე ავუხსნით, რომ თეატრს, გარდა მსახიობებისა, ჰყავს რეჟისორი, სცენარისტი, კოსტიუმების მხატვარი და თავად უნდა მოირგოს სხვადასხვა როლი.

ძალიან საინტერესოა, რას ათქმევინებს ,,მსახიობებს“ ბავშვი, რა სცენარს მოიგონებს. მისი სიტყვები ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. შეგვიძლია, დავუსვათ შეკითხვები და თავად უპასუხოს, ვთხოვოთ, გაგვაცნოს ასოები, დაახასიათოს ისინი, გაახმოვანოს, რას ფიქრობენ და სხვა.

ჩვენს შემთხვევაში ჩემმა ქალიშვილმა დახატა საკუთარი თავი დასთან ერთად, შემდეგ კი სახელების ასოები. ბევრი იფიქრა, როგორ მოეხატა ესა თუ ის ასო, რა ფერი შეერჩია, თვალები როგორ ჩაეწებებინა.

ბავშვებმა იმხიარულეს სპექტაკლის ჩატარების პროცესშიც. აქტიურად ჩაერთო უმცროსი გოგონაც, რომელიც ბაღში დადის. სცენარი ასეთი გამოგვივიდა, მას შემდეგ, რაც ელენეს და კატოს თოჯინები სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე გამოჩნდნენ, მათ სახელები დაეკარგათ და დაიწყეს ძებნა. ასოები ბრუნდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ამ ასოზე 1 სიტყვის დასახელებას შეძლებდა. ასოების დაბრუნების შემდეგ კი მსახიობები საუბარს იწყებდნენ.

ამ გზით მოსწავლეს, გარდა იმისა, რომ უყალიბდება თბილი დამოკიდებულება ანბანისადმი, უყვარდება თითოეული ასო, უვითარდება წარმოსახვისა და მეტყველების უნარები, ხდება შემოქმედებითი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

  1. მათემატიკური კროსვორდი

 

პირველკლასელის საშინაო აქტივობები მხოლოდ ქართული ანბანით არ უნდა შემოიფარგლოს. მთავარია, ვიცოდეთ ან დავადგინოთ, რისი კეთება სიამოვნებს ბავშვს, ეს მოვარგოთ მის საჭიროებებს და ამის მიხედვით დავგეგმოთ ყველაფერი.

ჩემს ქალიშვილს ძალიან უყვარს კროსვორდების შევსება, ამან გადამაწყვეტინა, დამემზადებინა მისთვის მათემატიკური კროსვორდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა. ხშირად ვსტუმრობ Pinterest-ს, იქ უამრავ ფერად იდეას ვპოულობ და შემდეგ ვარგებ ჩვენს ინტერესებს. სწორედ Pinterest-ზე ვიპოვე მათემატიკური კროსვორდი, რომელიც უფრო მაღალკლასელის დონეს შეესაბამებოდა, მაგრამ გადავაკეთე და ბავშვის 20-ის ფარგლებში ანგარიშში ვარჯიში დავისახე მიზნად. მოვამზადე ციფრების სტიკერები, რათა უფრო სახალისო ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც სწორ პასუხს გამოიცნობდა, ჩააკრავდა რომელიმეს. შესაძლებელია, სწორი პასუხი ხელითაც ჩაიწეროს. როგორც ფოტოზე ხედავთ, ერთი მაგალითის სწორი პასუხი მოსწავლეს ეხმარება მეორე მაგალითის ამოხსნაში.

www.pinterest.com  – გირჩევთ, ესტუმროთ ამ გვერდს, დაათვალიეროთ და იპოვოთ სასურველი რესურსები, შემდეგ კი შეარჩიოთ სასურველი და მოარგოთ პირველკლასელთა ინტერესს,  აუცილებელია, გაითვალისწინოთ მათი შესაძლებლობები, საჭიროებები და ასაკობრივი თავისებურებები.

შემდგომი 2 აქტივობა სწორედ ამ გვერდზე ვიპოვე და გადავაკეთე  თამაშად.

 

 

 

  1. ნაყინების შედგენილობა

 

  • რისგან შედგება 15?
  • ათისგან და ხუთისგან – შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი პასუხი. ჩვეულებრივი პასუხი.

რა შეგვიძლია იმისთვის, რომ ეს პასუხი არაჩვეულებრივი გავხადოთ? ისევ და ისევ თამაშში გამოვიწვიოთ ბავშვი.

ჩემი დაკვირვებით, გამყიდველობანა ძალიან უყვართ პატარებს, ფერად-ფერადი ნაყინებიც. ამ დაკვირვებამ მომაფიქრებინა ეს აქტივობა.

შვილთან ერთად ასეთი თამაში წამოვიწყე: მე, მყიდველს, მსურდა ისეთი ნაყინი, რომელიც შედგებოდა, მაგალითად, ცხრისგან, შვიდისა და ორისგან, მას უნდა მოეძებნა, რომელი იყო ასეთი და მოეყიდა. შემდეგ როლებს ვცვლიდით და თამაშ-თამაშით პირველკლასელი ანგარიშშიც ვარჯიშობდა.

 

 

 

  1. მაგალითების დაფა

 

ამ რესურსის დამზადება ძალიან მარტივია. ფურცელზე ჩამოვწერთ მაგალითებს, სწორ პასუხებს კი დავაწერთ ხის სარჭებს, რომლებიც ბავშვმა შესაბამის ადგილას უნდა მიამაგროს.

რადგან ჩვენს ოჯახში პირველკლასელს უმცროსი დაც ჰყავს და მასაც აქვს სურვილი, ჩაერთოს ამგვარ აქტივობებში, აუცილებლად ვუნაწილებ საქმეს. მართალია, ჯერ ანგარიში არ იცის და არც უნდა იცოდეს, მაგრამ ვცდილობ იგრძნოს, რომ ოჯახურ თამაშში მასაც დაკისრებული აქვს როლი. თამაშს ვიწყებთ ამგვარად: ხის სარჭებს სახლსა და ეზოში ვმალავ. უმცროს დას ევალება, მოძებნოს და იპოვოს ისინი სხვადასხვა მინიშნების შემდეგ (ძიების პროცესი ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას უწყობს ხელს) და გადასცეს უფროს დას, პირველკლასელმა კი მაგალითები ამოხსნას. ამ ყველაფერთან ერთად ბავშვები თანამშრომლობასაც სწავლობენ და აცნობიერებენ ერთმანეთის საჭიროებას.

 

 

თამაშებისა და აქტივობების მოფიქრება უსასრულოდ შეიძლება, მთავარია, გვახსოვდეს, რომ თითოეული ბავშვი ინდივიდია და ყველაფერი მათი ინტერესების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების მიხედვით დავგეგმოთ და მათი ნებისმიერი მცდელობა წავახალისოთ.

 

ჩვენ, მშობლებს, შეგვიძლია, ჩვენი შვილების მეცადინეობის პროცესი უფრო სახალისო გავხადოთ, ჯადოსნური თავგადასავლები მოვუწყოთ ბავშვებს, ამისთვის კი მუდმივად უნდა ვეძებოთ. ძიებისა და ფიქრის პროცესიც ხომ ერთი დიდი სიამოვნებაა!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი