პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პერსონაჟები, რომლებიც ჩიბუხმა აღმომაჩენინა

ივანე კოტორაშვილი, ექიმი ლივსი, ბილბო აბგელი, ბატონი კორეანდორი, ღვთისუნელი, ჯო გარჯერი, ჰაკლბერი ფინი და ჯიმი, ტინიტო, პენკროფი, მერი სვოუპი, სვოუკი ლოუნსამი – რომელიმე პერსონაჟის სახელი ხომ არ გეცნოთ? რა უნდა აკავშირებდეთ ერთმანეთთან სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის ლიტერტურულ გმირს? რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს არის ჩიბუხი – სიტყვა, რომელიც წიგნიდან წიგნში დამყვება. გადავწყვიტე, პერსონაჟთა გალერეა ჩიბუხის ირგვლივ გავშალო.

ყველაფერი კი ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო, როცა ვაჟა-ფშაველას პოემას ხმამაღლა ვკითხულობდი.  ექვსი წლის გაბრიელი ყურადღებით მისმენდა. რა თქმა უნდა, შინაარსი კარგად ვერ გაიგო და მოყოლა მთხოვა. მეც დროდადრო ვჩერდებოდი და ივანე კოტორაშვილს ვაცნობდი. ზოგიერთ სიტყვას ან ეპიზოდს კი არშიებზე ვუხატავდი. ერთგან შემდეგი სიტყვები ამოვიკითხე:

„იჯდის ქუდჩამოფხატული,

დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდის

და ხშირს წარბებს ქვეშ თვალები

ცეცხლის ალივით ჰბჟუტავდის“.

-რას ნიშნავს ჩიბუხი? – მკითხა გაბრიელმა. ახალის სიტყვის განმარტების შემდეგ კითხვა განვაგრძეთ. გამიკვირდა, ბოლომდე რომ მოისმინა პოემა. რამდენიმე დღის შემდეგ ძველი თბილისის სანახავად წავედით. ღია ცის ქვეშ დახლებზე გამოფენილ სუვენირებში ჩიბუხი იცნო და დახლთან მიმარბენინა, ივანე კოტორაშვილთან რომ შეგვხვდა, ის სიტყვა უნდა გაჩვენოო.

ივანე კოტორაშვილი

ძლიერი, სამართლიანი, სიტყვაძვირი, კეთილი, მამაცი – ასეთია ვაჟას ივანე კოტორაშვილი. პიროვნულ ღირსებებს საქმით ამტკიცებს. გულს სინათლით აგივსებთ მისი გაცნობა. ერთმა ეპიზოდმა განსაკუთრებულად მომხიბლა. ივანეს დედა ერეკლე მეფესთან დაიჩივლებს, სულ გარე-გარე დარბის, ოჯახს გულს ვერ უდებსო. ერეკლე ხუმრობით იარაღს აჰყრის ივანეს. მეფის ერთგულს გულს მოუკლავს ამგვარი უსამართლობა, მაგრამ მეფის ნებას დამორჩილდება:

„- კოტორაშვილი აბჯართა

სხვას კი მისცემდა არვისა,

შენ კი მეფე ხარ, ნება გაქვს

მოჭრაც უბრძანო თავისა.

მზასა ვარ… მაინც სიკვდილზე

ნაკლები აღარც ეს არი,

სულ კი უბრალოდ დამადე

დღეს სამარცხვინო ბეგარი“. – ეტყვის ერეკლეს და ტყეში გაიჭრება. შენი სიმართლე გააჟღერო და თან დამორჩილდე პატივისცემის, მოვალეობის გამო საკმაოდ რთულია, ივანეს სიტყვებმა და მისმა საქციელმა ფიქრები ამიშალა. ეს პერსონაჟი ამ ეპიზოდის გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა.

ექიმი ლივსი

„განძის კუნძულის“ კითხვა დავიწყეთ და ჩიბუხიც მალევე გამოჩნდა. ამჯერად მისი პატრონი ექიმი ლივსია. ფუნდუკ  „ადმირალ ბენბოუს“ შემოხიზნული მოხუცი მეზღვაურის თავხედობას მხოლოდ ექიმი ლივსის სიტყვა შეაჩერებს. ექიმი ლივსი ჩიბუხს ეწევა და მის ქმედებას წინასწარი ფიქრი განსაზღვრავს. ჩვენ ძალიან შეგვაყვარა თავი უშიშარმა, მამაცმა, ჭკვიანმა ექიმმა.

ბილბო აბგელი

„განძის კუნძულის“ კითხვა რომ დავასრულეთ, „ჰობიტი“ დავიგულეთ და დაღამებას დაველოდეთ. მალევე გავიცანით ბილბო აბგელი, რომელსაც ერთ ღამეს კაპიუშონიანი ჯუჯები და ჯადოქარი განდალფი დაუპატიჟებლად დაადგებიან თავს და თავდაგასავალში გახვევას აიძულებენ.

„- შესანიშნავი დილაა სუფთა ჰაერზე ჩიბუხის გასაბოლებლად! თუ ჩიბუხი თან გაქვთ, შეგიძლიათ ჩემი თუთუნი მოსწიოთ. ნურსად იჩქარებთ, მთელი დღე წინაა! – ბილბო იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე შემოიდო და ჩიბუხიდან ნაცრისფერი რგოლები გამოუშვა, ბოლი ნარნარად აიჭრა ზემოთ და ჰაერში გაცურა.

-ძალიან ლამაზია, – შენიშნა განდალფმა, – მაგრამ ამ დილას ბოლის რგოლებისთვის არ მცალია. ისეთ ვინმეს ვეძებ, ვინც თავგადასავალში მონაწილეობაზე დამთანხმდება, თუმცა, ძალიან კი გამიძნელდა ასეთი ვინმეს პოვნა“.

განდალფისა და ბილბოს დიალოგის ფონზე ჩიბუხის აღმოჩენით ვხარობთ და სიტყვას არშიაზე ვხატავთ.

ბილბო აბგელი საკუთარი ნების წინააღმდეგ იწყებს სვლას და ჩვენც ფეხდაფეხ მივყვებით ჯადოსნურ თავგადასავალში. მას დროდადრო ეშინია, ივანე კოტორაშვილისა და ექიმი ლივსის მსგავსად სიკვდილს თვალებშიც ჩახედავს და საკუთარი სახლიდან ოდისევსის მსგავსად დაიწყებს ხიფათით სავსე მოგზაურობას. ბილბო აბგელი იქცევა სიმბოლოდ იმ ადამიანებისა, რომლებიც კეთილი ძალების დახმარებით საკუთარი ფარული ძალების აღმოჩენას შეძლებენ. წონასწორობის შენარჩუნებაშიც მუდმივად ჰყავს ხშირად უჩინარი, მაგრამ ყველგან მყოფი განდალფი. ჩვენ მოგვწონს შემწვარ ერბო-კვერცხზე მეოცნებე მშიშარა ბილბო და ვოცნებობთ მის მსგავსად გადაგვხდეს სახიფათო, მაგრამ შინაარსიანი თავგადასავალი.

ბატონი კორეანდორი

12 წლის ბასტიანს წონის პრობლემა აქვს, დედის გარდაცვალების შემდეგ მამაც ვეღარ აქცევს სათანადო ყურადღებას, სკოლამდე მისასვლელი გზა მისთვის ჯოჯოხეთად ქცეულა, რადგან თანატოლი ბიჭები მუდმივად ჩაგრავენ, ნაგვის ბუნკერშიც კი უკრავენ ხოლმე თავს.

ბასტიანი ბატონი კორეანდორის წიგნის მაღაზიაში იმ დროს შევარდება, როცა მორიგი თავდასხმის თავიდან არიდებას შეეცდება. წიგნის მაღაზიაში კი ბატონი კორეანდორი ზის და ჩიბუხს აბოლებს.

„დაუსრულებელი ამბის“ კითხვა „ჰობიტის“ დასრულების შემდეგ გადავწყვიტეთ. ჩიბუხიანი პერსონაჟის აღმოჩენა ისევ გვახარებს და ყურადღებას ვამახვილებთ, როგორ დაგვყვება სიტყვა „ჩიბუხი“ წიგნიდან წიგნში.

ბატონი კორენადორი წიგნის დასაწყისში პირქუში, გულჩათხრობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, წიგნის ბოლოს რაღაცით განდალფსაც გვაგონებს. სწორედ ის იქცევა ბასტიანის მეგზურად, რათა დაამარცხოს შიში და თავდაჯერებული გახდეს. ბოლო გვერდებზეც ჩიბუხს აბოლებს და ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს ეუბნება ბასტიანს:

„-არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერასდროს შეძლებენ ფანტაზიის სამეფოში შეღწევას; მაგრამ ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც მიდიან და სამუდამოდ იქ რჩებიან. ძალიან მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიდიან, შენსავით უკან ბრუნდებიან და ორივე სამყაროს აჯანსაღებენ“.

ადვილი მისახვედრია, როგორი მადლიერებით ავივსეთ ამ პერსონაჟისადმი. სიამოვნებით ვიმეგობრებდით მასთან. სამყაროს გაჯანსაღების საუკეთესო გზა კითხვა რომ არის, ამაში ბატონ კორეანდორს მთელი გულით ვეთანხმებით.

ღვთისუნელი

ამჯერად შვილების გარეშე ვაგრძელებ კითხვასა და უნებურ დაკვირვებას, რომელსაც მათაც დაუყონებლივ ვუზიარებ. ღვთისუნელი ვაჟა-ფშაველას მოთხრობაში აღმოვაჩინე. ამ მოთხრობის მთავარი პერსონაჟი კი, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ჩიბუხია. მოთხრობას „გასამართლებული ჩიბუხი“ ჰქვია და წაკითხვის სურვილიც სათაურის ამოკითხვისას გამიჩნდა.

ჩიბუხთან ერთად მეორე ნაცნობ სიტყვასაც ვპოულობ: „ჰსუტავდა ჩიბუხს და თან თვალებსა ჰკულავდა. ყრილობაში, სახლში, გარეთ საქმეში, ყველგან და ყოველთვის, საცა ჩიბუხი იყო, ღვთისუნელიც იქ იყო თავის ტყავის, კინკრიხოზე დაკრულის ქუდით და სადაც ღვთისუნელი – იქვე ჩიბუხი თავის ავლადიდებით“.

„ჰსუტავდა“ ივანე კოტორაშვილს მახსენებს. სამწუხაროდ, ღვთისუნელისა და ჩიბუხის მეგობრობა კარგად არ დამთავრდება. ღვთისუნელი გულუბრყვილო გლეხია. ოჯახის წევრების, თანასოფლელების გულისწყრომა მისი უგულისყურობისადმი სამართლიან თანაგრძნობას იწვევს. პერსონაჟის სახელიც მის ხასიათზე წარმოდგენას გვიქმნის. იუმორით, მსუბუქი ირონიით დაწერილი მოთხრობა წარმოდგენას გვიქმნის ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ ყოველდღიურობას  გამოსტაცონ დრო საკუთარ თავთან დიალოგისთვის.

ჯო გარჯერი

მჭედელი ჯო გარჯერი ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედებიდან“ გავიცანი. იშვიათია ჯოსნაირი კეთილშობილი პერსონაჟი. ავტორი ჰერაკლეს ადარებს, თუმცა, ფიზიკური ძალა ბოროტად არასდროს გამოუყენებია. კეთილი ჯო ჩიბუხს უკიდურესი ნაღვლიანობის დროს ეწევა. მთავარი პერსონაჟი, პიპი, მისი ცოლისძმაა. სიღარიბეს, დის უდიერ მოპყრობას, ცხოვრების უეცარ ფათერაკს პიპი სახლიდან გაურბის. დიდ იმედებს ადევნებული პიპი ჯოსაც, ყველაზე ერთგულ ადამიანს, უარყოფს. ჯო, კეთილი და მორჩილი ჯო, ჩიბუხს აბოლებს და ყველა შეცდომას პატიობს პიპს.

ჰაკლბერი ფინი და ჯიმი

გახსოვთ მისისპის იმედად დარჩენილი ჰაკლბერი, კუნძულს რომ შეაფარებს თავს? მალევე ჯიმს გადააწყდება და იწყება  ხიფათებით აღსავსე მოგზაურობა მდინარე მისისიპზე. ჯიმი ჰაკს გამოპარვის მიზეზს გაანდობს და დაწვრილებით მოუყვება, როგორ აიპარა შუაღამისას ტივზე. მალევე მდინარეში ჩამალვა მომიწია და ცურვა-ცურვით მოვაღწიე კუნძულამდეო, „ჩიბუხი, ცოტაოდენი თამბაქო და ასანთი წინდაწინ, ქუდში მქონდა დამალული. კიდე კარგი არ დასველებულა, ამაში მაინც გამიმართლა“. – ჰაკლბერისთან ერთად მოვუსმინე ჯიმს და ვინ იცის, მერე, როცა ჰაკ ფინი სინდისთან გააბამს ბრძოლას, სწორედ ჩიბუხის ერთობლივი მოწევის რიტუალი არ მისცემს ნებას კანონს დაემორჩილოს და ჯიმი დააბეზღოს. თავისუფლების მაძიებელი ორი მეგობარი ჩიბუხის მოწევისას ანდობდნენ ერთმანეთს შიშს, ფიქრებსა თუ საიდუმლოს.

ტინიტო

ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟებისგან განსხვავებით ტინიტო ეშმაკია. მისი გამოჩენა ჭაბუკას ცხოვრებაში სულაც არ იწვევს შიშს, პირიქით, ბიჭისთვის მფარველადაც იქცევა. ლევან ბოლქვაძის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ სიუჟეტის, მხატვრული ენის, ამბის მრავალფეროვნების, მარადიული თემების პარალელურად თავს სწორედ ამ პერსონაჟით – ტინოტოთი დაგამახსოვრებთ.

ტინიტო ლევან დადიანის მსახურად გააცნობს თავს ჭაბუკას და მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ჯადოსნური სიტყვების ძალით გამოხმობილს ჩიბუხის მოწევა ენატრება. ჭაბუკა ბაბუამისის თამბაქოს მოუტანს და ასე დაიწყება მათი მეგობრობა. ეშმაკ ტინიტოს ადამიანებთან ყოფნა კეთილი საქმეების ჩადენისკენ უბიძგებს. ცხადია, ეშმაკის, როგორც ლიტერატურული პერსონაჟის, ფერისცვალება საკვირველია.

პენკროფი

ასანთის ერთი ღერი, ხორბლის ერთი მარცვალი, აეროსტატით გაქცეული ტყვეები, იდუმალი მფარველი, ჯუპო – ეს სიტყვები ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძულს“ გაგახსენებთ. ვკითხულობდი ამ სათავგადასავლო რომანს ზაფხულის ცხელ დღეებში და სტატიისთვის კიდევ ერთი პერსონაჟი აღმოვაჩინე –  გულფიცხი, ემოციური, ზღვაზე ხეტიალისგან გაუხეშებული პენკროფი. უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილ ხუთ ადამიანს თავის გადასარჩენად ნადირობა, თევზაობა, თავშესაფრის ძიება უწევს, პენკროფი კი ჩიბუხზე ოცნებობს. უბედური შემთხვევისა და საერთო გასაჭირისგან დამეგობრებული ადამიანები თვითგადარჩენისთვის მუხლჩაუხელად შრომობენ. თანდათან ტინის სასახლეში მყუდრო ბინას გამართავენ, აგურსაც გამოწვავენ, ღუმელსაც ააგიზგიზებენ, რკინას, მინას, დენთს დამზადებენ, მაიმუნს მოიშინაურებენ, ამ მუდმივ შრომას კი ფონად გასდევს პენკროფის ოცნება თამბაქოზე. სულმოუთქმელად ველოდებოდი, როდის იპოვიდნენ თამბაქოს.

პარალელურად ბავშვებს ვუამბობ, რომ კიდევ ერთი  ჩიბუხისმოყვარული  პერსონაჟი გავიცანი. უკვე გვამხიარულებს იმის წარმოდგენა, რამდენი პერსონაჟი გაგვაცნო ამ ერთმა სიტყვამ. ამასობაში გედეონ სპილეტსა და ჰერბერტს ფეხდაფეხ დავყვები კუნძულზე და ფლორასა და ფაუნას დიდი ინტერესით ვეცნობი. თამბაქოს აღმოჩენა კი პენკროფზე არანაკლებ მახარებს. საუზმის შემდეგ აქეთ-იქიდან რომ ამოუდგებიან მეზღვაურს და თამბაქოთი დატენილ ჩიბუხსა და ნაკვერჩხალს მიაწოდებენ, მეც უდიდესი სიხარულით მავსებს. მერე ამ ეპიზოდს თეკლას და გაბრიელს ვუამბობ. თუ სიტყვა  „ჩიბუხის“ აღმოჩენისას 2019 წლის გაზაფხული იდგა და ჩემი ბიჭი ექვსი წლის იყო, ახლა უკვე 2020 წლის ზაფხულია. გაბრიელი შვიდი წლის არის და „საიდუმლო კუნძულის“ წაკითხვაზე ოცნებობს. მერე, როცა ახალი წიგნის კითხვას შევუდგები, ღიმილით მაფრთხილებს, ახლა მანდაც ჩიბუხი რომ აღმოაჩინოო. ჯუპიც უნდა ვახსენოთ, მაიმუნი, რომელიც კუნძულელებმა გამოწვრთნეს. ერთ დღეს პენკროფს ჩიბუხს მოპარავს და ფეხმორთხმული გააბოლებს. პატარა ბიჭმა ამ ეოიზოდზე ბევრი იცინა.

მერი სვოუპი

რობერტ მაკკამონის „ბიჭის ცხოვრება“ ნოემბერში გვაჩუქეს.  ექვსასგვერდიანი წიგნისთვის ივლისში მოვიცალე. 12 წლის კორი პირველ პირში მოგვითხრობს ქალაქ ზეფირის ცხოვრებაზე – ოჯახზე, მეგობებზე, სკოლაზე, მასწავლებლებზე, ფერადკანიანი ადამიანების პრობლემებზე, მკვლელობაზე, ზაფხულზე. კითხვის პროცესში თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ ყველა მასწავლებლის წასაკითხი წიგნი აღმოვაჩინე. სამხრეთ ამერიკის ქალაქი აუცილებლად გაგახსენებთ თბილისს.

ქალაქ ზეფირის მერი, სვოუპი, ჩიბუხს ეწევა. წარმოიდგინეთ, მერი, რომელიც 12 წლის ბიჭს საკუთარ კაბინეტში იმისთვის დაიბარებს, რომ სიგელზე დაბეჭდილ სახელსა და გვარში ერთი ასო შეცდომით წერია და წინასწარ გააფრთხილოს უხერხულობის თავიდან ასაცილებლად. მერი სვოუპი წერის კონკურსის ჟიურის წევრია. ის ამაყობს კორის წარმატებით და მთელი გულისყურით ეკიდება დაკისრებულ პასუხისმგებლობას. პირველად ჩიბუხთან ერთად წყალდიდობისას გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. სიუჟეტის განვითარებისას ინტერესით ვაკვირდებოდი, როგორი ხასიათით გაგვაცნობდა მას ავტორი. ქალაქის არცერთი მოვლენა მის გარეშე არ ჩაივლის. ის ნამდვილად არის საჯარო მოხელე, რომლის იმედი შეიძლება რომ გქონდეს. ამგვარად, მერი სვოუპი ქალაქ ზეფირიდან კიდევ ერთი დაუვიწყარი ნაცნობი გახდა ჩიბუხის მოყვარულ პერსონაჟებს შორის. რა თქმა უნდა, ჩიბუხის წყალობით მას ჩემი შვილებიც იცნობენ.

 

ასეთი პატარ-პატარა ეპიზოდები ნამდვილად საუკეთესო გზაა ბავშვების ინტერესის გასაღვივებლად. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩიბუხი პერსონაჟებისთვის ფიქრის, საკუთარ თავთან თუ მეგობართან საუბრის საშუალებაა. ცხოვრებას გამოგლეჯილ თავისუფლებად მონათლული ნაკუწებს ისე კარგად ვერაფერი ასახავს, როგორც რომ ჩიბუხი.

ვიცი, რომ ეს სიტყვა თუ საგანი კიდევ ბევრ პერსონაჟს აღმოგვაჩენინებს. შეგვიძლია,  ამგვარი ლიტერატურული მაძიებლობა ნებისმიერი ნივთის შესახებ წამოვიწყოთ და შვილებთან თუ ბავშვებთან ურთიერთობას გამორჩეული ამბები შევმატოთ, მაგალითად, რომ არა ჩიბუხი, ამგვარი შინაარსის შეტყობინებას არასდროს დავწერდი: „გაბრიელს უთხარი, რომ  403-ე გვერდზე ერთი კაცი ჩიბუხს ეწევა და დააკვირდი, როგორ ჩაეღიმება“.

მაწანწალა სმოუკს ვგულისხმობდი წიგნიდან „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“. ეს პერსონაჟი გაუმხელელი სიყვარულითა და უპატრონო ბიჭუნასთან მეგობრობით დაგამახსოვრებთ თავს. რატომღაც ისე ხდება, რომ ყველა პერსონაჟი, რომლებიც ჩიბუხმა გაგვაცნო, კეთილშობილებით გამოირჩევა. გისურვებთ, რომ თქვენც წამოიწყოთ ამგვარი მაძიებლობა. საინტერესოა, ვის გაიცნობთ და ვინ აღმოჩნდება თქვენს პერსონაჟთა გალერეაში!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი