პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ონლაინსწავლების დროს გამოყენებული სასწავლო მეთოდების ეფექტიანობა

ნებისმიერმა პედაგოგმა, განურჩევლად იმისა, ის დამწყებია, თუ უკვე კარგად გამოცდილი, საკმაოდ დიდი პედაგოგიური პრაქტიკის მქონე, იცის, რომ ჩატარებული გაკვეთილის წარმატება-წარუმატებლობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გამოყენებული სასწავლო მეთოდების შესაბამისობა საგაკვეთილო მიზანთან და მოსწავლეთა კონკრეტული ჯგუფის, კლასის საჭიროებებთან. რეალურ საკლასო გარემოში მუშაობის დროს პედაგოგს იმის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ სასწავლო მეთოდების მრავალფეროვნებაში შეარჩიოს და და საგაკვეთილო პროცესში გამოიყენოს ის მეთოდი, რომელიც   საგაკვეთილო მიზნების უფრო ადვილად მიღწევის და კონკრეტული კლასის საჭიროებების გათვალისწინების საშუალებას მისცემს. პარალელურ კლასებში ერთი და იმავე ასაკის მოზარდებთან მომუშავე ნებისმიერი საგნის გამოცდილი პედაგოგი, ალბათ დამეთანხმება იმაში, რომ ხშირად შეუძლებელი ხდება ორ პარალელურ კლასში ერთი და იმავე თემაზე, საკითხზე გაკვეთილის ერთნაირად ეფექტიანად ჩატარება და საგაკვეთილო მიზნების მიღწევა ერთნაირი ხარისხით, ერთი და იმავე მეთოდებით, აქტივობებით, მოსწავლეთა ორგანიზების ერთი და იმავე ფორმებით და სასწავლო რესურსებით.  ამაში არაფერია გასაკვირი, ვინაიდან ჩვენ მოსწავლეთა განსხვავებულ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, განსხვავებული ინტერესების, ღირებულებების, შესაძლებლობების, მოტივაციის ჯგუფებთან.  ცნობილია, რომ თანატოლთა ჯგუფი სერიოზულ გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე, მის სასწავლო მოტივაციაზე, რაც ძალიან კარგად ვლინდება, როცა ბავშვი ამა თუ იმ მიზეზის გამო კლასს იცვლის. ასეთ დროს ერთ კლასში საკმაოდ დაბალი სასწავლო მოტივაციის მქონე მოსწავლე შეიძლება პარალელურ კლასში გადასვლისას ბევრად უფრო მოტივირებული  და დაინტერესებული გახდეს. ასე, რომ პარალელურ კლასებში მომუშავე პედაგოგს კონკრეტულ თემაზე გაკვეთილის დაგეგმვისას, როგორც წესი,  უწევს მოსწავლეთა არა მხოლოდ ინდივიდუალური თავისებურებების, არამედ ჯგუფის ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება. რეალურ სასკოლო გარემოში მუშაობისას პედაგოგს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები აქვს გაკვეთილის ეფექტიანად  ჩასატარებლად არა მხოლოდ სასწავლო მეთოდების, არამედ აქტივობების, მოსწავლეთა ორგანიზების ფორმების  და სასწავლო რესურსების შესარჩევადაც.

რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით დისტანციური სწავლების დროს, როდესაც პედაგოგს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლების კონკრეტული ეტაპის დასრულებისთვის შედეგად სამი აუცილებელი პროდუქტის მიღება ევალება – მის მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა, უნარები და განწყობა-დამოკიდებულებები. ეს იმ დროს, როცა გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში ის საკმაოდ შეზღუდულია, როგორც უკვე აღინიშნა, არა მხოლოდ სასწავლო მეთოდების, არამედ საგაკვეთილო აქტივობების, მოსწავლეთა ორგანიზების ფორმებისა და სასწავლო რესურსების შერჩევისას. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები, რომლებიც დისტანციური სწავლების დაწყებამდე სპეციალურად მოწყობილ ლაბორატორიებში ატარებდნენ გაკვეთილებს. თუმცა, ნებისმიერი საგნის მასწავლებლისთვის საგაკვეთილო სასწავლო პროცესში ბავშვში სოციალური და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების  განვითარება დისტანციური სწავლების პროცესში მალე შეიძლება მხოლოდ საოცნებო გახდეს. და ამაში, ვფიქრობ, არც არაფერია გასაკვირი, ვინაიდან, როგორც დაკვირვება და შექმნილი სიტუაციის ანალიზი გვიჩვენებს, ონლაინსწავლების ერთ-ერთი სუსტი მხარე სწორედ ის არის, რომ მისი ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლოა ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებაში სერიოზული პრობლემების დაფიქსირებამდე მიგვიყვანოს. ასეთ დროს, ალბათ კარგი იქნება, თუ საგაკვეთილო პროცესში გამოსაყენებელი მეთოდების შერჩევისას და გაკვეთილის დაგეგმვისას ისეთ სტრატეგიებზე ვიქნებით ორიენტირებული, რომლებიც ზემოაღნიშნული ხარვეზების კიდევ უფრო გამწვავების ნაცვლად, მის ერთგვარ კომპენსირებას მოახდენს. რასაკვირველია, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ გარემოში, მოდიფიცირებული სახით მაინც, შეიძლება ამა თუ იმ სასწავლო მეთოდის გამოყენება, მაგრამ საუბარია მის ეფექტიანობაზე და მისი დახმარებით სასწავლო შედეგების უფრო ადვილად მიღწევაზე.

რომელია ის სასწავლო მეთოდები, რომლებზეც პედაგოგები უფრო ხშირად აკეთებენ არჩევანს ონლაინსწავლებისას და როგორია მათი გამოყენების ეფექტიანობა:

  • პრეზენტაცია – როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დისტანციური სწავლების პერიოდში, პრეზენტაცია ონლაინგაკვეთილებზე ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდია. გამომდინარე იქიდან, რომ თვალსაჩინოდ მიწოდებულ მასალა, სადაც ძირითადად მნიშვნელოვან და არსებით მომენტებზეა გამახვილებული ყურადღება, მოკლედ და ლაკონურად არის გადმოცემული სათქმელი, არა მხოლოდ ბავშვს, არამედ ზრდასრულსაც ბევრად უფრო უადვილებს სასწავლო მასალის გაგებას და დამახსოვრებას. სწორედ ამიტომ, დისტანციურ სწავლებამდეც ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენებოდა არა მხოლოდ მოზარდთა, არამედ ზრდასრულთა სწავლებაშიც.  მაგრამ, თუ ბავშვი 5-6 ონლაინ გაკვეთილს ესწრება და  ყველა გაკვეთილზე მასწავლებლის ან თანაკლასელის მიერ, PowerPoint-ში მომზადებული და ეკრანზე გამოტანილი საპრეზენტაციო მასალის ყურება და პრეზენტატორის მოსმენა უწევს, ძნელი არ იქნება იმის მიხვედრა, თუ ასეთ დროს, დისტანციური სწავლების პირობებში როგორ შეიძლება დაზარალდეს მისი, როგორც სოციალური, ასევე ემოციური განვითარება.  ასე, რომ მართალია ამ მეთოდის გამოყენებას, განსაკუთრებით ცალკეულ საგნებში, ონლაინგაკვეთილებზე გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ მისი გამოყენების დროს გარკვეული პირობების დაცვა აუცილებლად მოგვიწევს; უპირველეს ყოვლისა, კარგად განვსაზღვროთ საპრეზენტაციო მასალის მოცულობა და ის დრო, რა დროის განმავლობაშიც მისი ჩვენება მოგვიწევს. ამასთან, კარგი იქნება, თუ ზედმეტად არ გაგვიტაცებს საპრეზენტაციო მასალის დემონსტრირება და აუდიტორიასთან მუდმივად გვექნება ინტერაქტიური კავშირი და იმის შემოწმების შესაძლებლობა, თუ როგორ იგებენ ისინი მიწოდებულ მასალას, ან უბრალოდ რამდენად საინტერესოა მათთვის ის, რასაც ვუჩვენებთ და რამდენად არიან ჩართული  საგაკვეთილო პროცესში;
  • ლექცია – ონლაინგაკვეთილებზე, პრეზენტაციის შემდეგ, ასევე საკმაოდ ხშირად გამოყენებად მეთოდთა შორის მოიაზრება ლექციური მეთოდი. ვფიქრობ, დისტანციური სწავლებისდროს ამას თავისი გამართლება მოეძებნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ონლაინგაკვეთილის ხანგრძლივობა საკმაოდ შემცირებულია, მასწავლებელს კი სრულიად განსხვავებულ სასწავლო რეჟიმზე გათვლილი პროგრამის გავლა უწევს, ლექციური გაკვეთილი შეიძლება კარგი გამოსავალი აღმოჩნდეს, რადგანაც ლექციის ძლიერი მხარე სწორედ ის არის, რომ დიდი მოცულობის სასწავლო ინფორმაციის მცირე დროში გადაცემის შესაძლებლობას იძლევა. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ადამიანების მეხსიერებას მოცულობა აქვს და ამასთან, ბავშვის მეხსიერების მოცულობა ზრდასრულის მეხსიერების მოცულობასთან შედარებით ბევრად უფრო მცირეა, მოზარდებთან ონლაინგაკვეთილის ჩატარების დროს ლექციური მეთოდის გამოყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ დიდი მოცულობის ინფორმაციის გადაცემა მოვახერხოთ, ნამდვილად არ იქნება ეფექტიანი. თუმცა, აღნიშნულ მეთოდზე საერთოდ უარის თქმაც  არ არის გამართლებული. არის შემთხვევები, როცა საგაკვეთილო პროცესში ლექცია შეიძლება საუკეთესო სასწავლო მეთოდად იყოს აღიარებული, მაგრამ აქ მოიაზრება ინტერაქტიური ლექცია, მინი ლექცია  და არა ტრადიციული ლექცია. ასე რომ ლექციური მეთოდის გამოყენების დროსაც საჭირო იქნება გარკვეული პირობების დაცვა, უპირველეს ყოვლისა, დროის კონტროლი, რომ ძალიან არ გაგვიგრძელდეს და მოსწავლეები არ „მივაძინოთ“ და ასევე მივცეთ ჩვენ სალექციო საუბარს ინტერაქტიური სახე, რომ მუდმივად ვგრძნობდეთ აუდიტორიის „მაჯისცემას“;
  • კითხვა-პასუხი – სწორად დაგეგმილ და კარგად ორგანიზებულ გაკვეთილზე მოსწავლეთა გააქტიურების, მათი ჩართულობის გაზრდის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს კითხვა-პასუხის მეთოდი. მისი მნიშვნელობა და ღირებულება კიდევ უფრო იზრდება ონლაინგაკვეთილზე, სადაც ჩვენი ურთიერთობები ბავშვთან საკმაოდ შეზღუდულია და სასწავლო პროცესის კითხვა-პასუხის რეჟიმით წარმართვა ურთიერთობის დეფიციტის ერთგვარად შევსების კარგ საშუალებას წარმოადგენს. თუმცა, რასაკვირველია აღნიშნული მეთოდის გამოყენებაც გარკვეული წესების დაცვას მოითხოვს; უპირველეს ყოვლისა, შეკითხვების სწორად შერჩევა, სავარაუდო პასუხებზე წინასწარ დაფიქრება და ყოველი მომდევნო შეკითხვის ამის გათვალისწინებით ფორმულირება;
  • დისკუსია – დისკუსიას, როგორც სასწავლო მეთოდს ბევრი პედაგოგი დისტანციურ სწავლებამდეც აქტიურად იყენებდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მეთოდი ბევრი ისეთი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშემწყობი ხდება, რომელთა განვითარებაც სხვა სახის სასწავლო მეთოდების გამოყენებით ნამდვილად გაჭირდებოდა. თუმცა, იმის გამო, რომ დისკუსიის ჩატარება საკმაოდ რთულია და გარკვეულ შემთხვევებში ის კლასის მართვის მიმართულებით სერიოზულ პრობლემებს ბადებს, არცთუ ისე იშვიათად პედაგოგები თავს არიდებენ სასწავლო მეთოდად მის გამოყენებას. მაგრამ, გავითვალისწინოთ, რომ ონლაინსწავლების დროს ბავშვის ემოციური და სოციალური განვითარების მიმართულებით დაფიქსირებული ხარვეზების კომპენსირების ძალიან კარგი საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს დისკუსია, როგორც  სასწავლო მეთოდი.

რასაკვირველია, განხილული მეთოდების გარდა პედაგოგმა შეიძლება უამრავი სასწავლო მეთოდი გამოიყენოს სწავლების პროცესში, უბრალოდ, ამჯერად მკითხველის ყურადღება გავამახილეთ იმ მეთოდებზე, რომლებიც დღეს, ონლაინსწავლების პირობებში ყველაზე გამოყენებად მეთოდებად ითვლება. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმ ფაქტს, რომ არ არსებობს ერთი უნიკალური მეთოდი, რომელიც ერთნაირად ეფექტიანი იქნებოდა ნებისმიერ სასწავლო გარემოში, მოსწავლეთა ნებისმიერ ჯგუფთან გამოყენებისას. მეთოდის შერჩევისას სასურველია დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამდენად მოგვცემს ის სასწავლო მიზნების მიღწევის საშუალებას და რამდენად გაზრდის მოსწავლის სასწავლო მოტივაციას. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთფეროვნება სასწავლო პროცესში საკმაოდ აქვეითებს ბავშვის სასწავლო ინტერესს და მოტივაციას. როგორი მოსაწონი და მისაღებიც არ უნდა იყოს ესა თუ ის სასწავლო მეთოდი, მუდმივად, ნებისმიერ სიტუაციაში, ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში ბავშვისთვის ის კარგავს მიმზიდველობას და მომხიბვლელობას. ასე რომ, რაც უფრო მეტ მრავალფეროვნებას შევიტანთ საგაკვეთილო პროცესში სასწავლო მეთოდების გამოყენებაში, მით უფრო ადვილად აღვძრავთ და შევინარჩუნებთ მოსწავლის დადებით დამოკიდებულებას გაკვეთილის მიმართ. თუმცა, ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, ბავშვის ინტერესს სასწავლო პროცესის მიმართ და ჩატარებული გაკვეთილის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოზარდისა და პედაგოგის ურთიერთდამოკიდებულება. ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო და საყურადღებო იქნება ერთი მოსწავლის სიტყვები, რომელმაც ჩვენთან საუბრისას ასეთი რამ განაცხადა: „თუ გაკვეთილს ჩემი საყვარელი მასწავლებელი ატარებს, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რა მეთოდებს გამოიყენებს ის“. ასე რომ, ვიყოთ ბავშვისთვის საყვარელი მასწავლებელი და ეს ჩვენ მიერ ჩატარებული გაკვეთილის ეფექტიანობის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი