პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

,,ბუნება მბრძანებელია…”

ბუნება ღმერთიც ეგონათ ზოგიერთ ფილოსოფიურ მიმდინარეობაში, მისი მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე. მასში საოცარი, ღვთაებრივი წესრიგია, ჰარმონია, კანონზომიერი ურთიერთმიმართება საგნებისა და მოვლენებისა. ხანდახან გრძნობ კიდეც იმ ფარულ ინტელექტს მასში, რომელიც ამ მიზეზ-შედეგობრიობას ამჟაღავნებს.

ჩვენ, ქართული ბუნებით განებივრებულებს, ვერ წარმოგვიდგენია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში თუნდაც მტკნარი (სასმელი) წყლის პრობლემაა ან ზოგან რომ ,,ბუნებრივ” ლანდშაფტს ხელოვნურად ქმნიან, ,,ოაზისებს” აწყობენ. სხადასხვაგვარად ფიქრობენ ადამიანები: ზოგი მიიჩნევს, რომ ქართველთა მთავარი სიმდიდრე ფოლკლორია. ზოგი ფიქრობს, რომ ქართული ხასიათი (სტუმართმოყვარეობა, ჰუმანიზმი და ა.შ.), ზოგი ასეთად ენას მიიჩნევს, ზოგი – ისტორიას, ზოგი – საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას (ქრისტიანობის დამცავი გოდოლი, ბოროტების იმპერიის დემონტაჟში დასავლეთის მთავარი პარტნიორი) და მრავალი სხვა. ბევრს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრე ბუნებაა და მისი როლი ჭარბობს.

საქართველოს ბუნების ისტორია განსაკუთრებულია და თავისი მრავალფეროვნებით დღემდე გამორჩეული. დაახლოებით 15 მილიონი წლის წინ საქართველოს დიდი ნაწილი ზღვით იყო დაფარული. ამიტომაც აქ, ძირითადად, ზღვის ორგანიზმები ბინადრობდნენ. ხმელეთის ორგანიზმები კი მხოლოდ მცირე კუნძულებზე ცხოვრობდნენ და იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

ამის შემდეგ კლიმატი დედამიწაზე ბევრჯერ შეიცვალა. შესაბამისად, ხდებოდა ზღვის დონის დაკლება ან მომატება. საქართველო და კავკასია ხან კუნძულად რჩებოდა, ხან ისევ უერთდებოდა ხმელეთის სხვა ნაწილებს. ამ პროცესების შედეგად აქ მობინადრე სახეობები ზოგჯერ ხანგრძლივ იზოლაციაში რჩებოდნენ. ასეთმა იზოლაციამ ბევრი სახეობის დამოუკიდებლად განვითარება და ენდემურ სახეობად ჩამოყალიბება გამოიწვია. უამრავი მათგანი გადაშენდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დღესაც არსებობენ რელიექტური სახეობები. ორი მილიონი წლის წინ კი დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილება დედამიწაზე – გამყინვარება, რომელიც 10-15 ათასი წლის წინ დასრულდა. ამის შედეგად აზიისა და ევროპის ნაწილი ყინულმა დაფარა, მათ შორის კავკასიონის მთებიც და ეს თოვლის საფარი დღევანდელთან შედარებით 300 მეტრით დაბლა იყო. თუმცა კავკასიონმა გამყინვარების ნაწილობრივ ,,შეჩერება” შეძლო – გამყინვარებასა და სხვა კლიმატურ ,,კრიზისებს” გადარჩენილი ხეობები და დაბლობი ტყეები დღემდე შემონახულია.  ასეთი ადგილები მსოფლიოში ძალიან იშვიათია და რეფუგიუმებს უწოდებენ. ჩვენი ბუნება გამორჩეულია არა მარტო სილამაზით, მასში მობინადრე მცენარეთა თუ ცხოველთა იშვიათი სახეობებით. ამიტომ ქართველებს ბუნებითაც მოგვწონს თავი და მის განსკუთრებულობაზე საუბრითაც… მაგრამ არ ვუვლით ამ ბუნებას, რადგან მასში ცხოვრება მარტო მისით ტკბობას როდი ნიშნავს, არამედ მის გონივრულ მოხმარებასაც. ბუნებასთან დამოკიდებულებასაც სჭირდება კულტურა, რომლითაც ჩვენ, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, აღარ გამოვირჩევით და ის ჩვენი მოქალაქეების ზოგად კულტურას ჩამორჩება. ძნელი სათქმელია, რამ განაპირობა ეს – ადამიანთა სამყაროსადმი ზოგადმა გაგულგრილებამ თუ მძიმე რეალობით ნაკარნახევმა აგრესიამ, განურჩევლობამ.

1990 წლიდან, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს, მაშინდელი პრეზიდენტის სურვილით, საქართველოს ბუნების დაცვის საქმეში აქტიურად ჩაერია საერთაშორისო ორგანიზაცია, სახელწოდებით „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი”, რომელსაც მთავრობამ სთხოვა, აღეწერა და მიეხედა საქართველოს მთა-ბარისთვის. არ შეიძლება არ ვახსენოთ უდო ჰირში – კაცი, რომელმაც, „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის” დავალებით, ბუნების დამცველთა პირველსავე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ფონდმა მიზნად დაისახა, განესაზღვრა საქართველოს 7 დიდი ნაკრძალი. 1991 წელს, როცა საქართველოში პოლიტიკური გადატრიალების შემდეგ, იმ დროისთვის უკვე შედგენილი რუკები განადგურდა, ახალმა ხელისუფლებამ ფონდს დაწყებული საქმის გაგრძელება სთხოვა. ამჟამად ნაკრძალთა უმეტესობის საზღვრები განსაზღვრულია. სულ მცირე, ქაღალდზე მაინც დაცულია მაღალი და საშუალო მთიანეთის, ასევე, შავი ზღვისპირა ტენიანი, სუბტროპიკული რეგიონები. მხოლოდ ქაღალდზე, რადგან რეალურად საქართველოს სახელმწიფოს ამგვარი მიზნებისთვის სახსრები არ გააჩნია. ,,ბუნების დაცვისთვის მსოფლიო ფონდი” სახსრებს არ იშურებს საქართველოს ბუნების დასაცავად. მან კავკასია, მისი სამხრეთი რეგიონები მსოფლიოს იმ 25 კრიტიკულ არეალს მიაკუთვნა, რომლებიც სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ამიტომაც მისი გაფრთხილება, მოვლა და შენარჩუნებაა საჭირო. იქიდან გამომდინარე, რომ კავკასიონის მაღალი ქედი ჩრდილოეთიდან მომავალი ჰაერის ცივ მასებს აკავებს, აქ გადარჩა ისეთი მცენარეები, რომლებიც ყველგან დაიღუპა და ევროპაშიც შემდგომ კავკასიიდან, ამ ,,მცენარეთა აკვნიდან”, გავრცელდა.  1992 წელს უდო ჰირშისა და აწ გარდაცვლილი ენათმეცნიერის, პროფესორ გურამ რამიშვილის ინიციატივით შეიქმნა საზოგადოება, არაპოლიტიკური ორგანიზაცია ზუგდიდსა და მესტიაში თავისი წარმომადგენლობით,  “CUNA Georgica”, რომლის მიზანი საქართველოს კულტურისა და ბუნების დაცვაა. ეს პროექტი ემსახურება სოციალურ-ეკონომიკური პირობების იმგვარ განვითარებას, რომ ისინი ტრადიციული ფორმით გამოიყენონ ინფრასტრუქტურის სამომავლო გარანტიით.

სიტყვა ეკოლოგია წარმოიშვა ბერძნული სიტყვისგან ,,oikos”, რომელიც ნიშნავს საცხოვრებელ ადგილს ანუ ,,სახლს”, ხოლო ,,logos” მოძღვრებას. ეს ტერმინი 1866 წელს გერმანელმა ზოოლოგმა ე. ჰეკელმა შეიმუშავა და ასე დაუდო სათავე მეცნიერების ახალ დარგს. მან ასე განმარტა: ,,ეკოლოგია – ესაა მეცნიერება ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან”. სხვაგვარად კი ეკოლოგია არის მეცნიერება ცოცხალი ორგანიზმების შესახებ მათ ,,საკუთარ სახლში”. ინგლისელი ეკოლოგის, ტენსელის მიხედვით, ეკოლოგია, ფართო გაგებით, არის მცენარეთა და ცხოველთა ცხოვრების შესწავლა მათ ბუნებრივ ადგილსამყოფელში. ეს მეცნიერება ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, მათ მათივე გარემოსთან ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.

ტერმინი „ეკოლოგია” ზოგჯერ „გარემოს დაცვის” აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში შეიმჩნევა ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია: „ეკოლოგია” აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო „გარემოს დაცვა” – ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. არც ისე დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ე. ჰეკელის ეს ტერმინი დედამიწაზე შექმნილი საშიში სიტუაციის სინონიმი გახდა.

როგორც მსოფლიოს მრავალ რეგიონში, კავკასიაშიც მწვავედ დგას ეკოლოგიური პრობლემები, მათ შორის: ატმოსფეროსა და წყლის რესურსების დაჭუჭყიანება, მინერალური რესურსების არარაციონალური გამოყენება, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება, პლაჟების გარეცხვა-დაშლა, მიწების ეროზია, ტყეების ფართობების შემცირება და სხვა. მე-19 საუკუნის 70-80-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში ატმოსფერული ჰაერის დაჭუჭყიანების მთავარ წყაროებს მრეწველობა და ტრანსპორტი წარმოადგენდა. ჰაერის დაბინძურების ხარისხი განსაკუთრებით მაღალი იყო დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში, თუმცა XX საუკუნის მიწურულს ეს მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. დიდ ქალაქებში განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დედაქალაქებში ჰაერს სმოგი აბინძურებს. ეს უკანასკნელი კვამლის, ნისლისა და მტვრის ნარევია, რომელიც ფაბრიკა-ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვისგან წარმოიქმნება. ამის მიზეზი კი ქუჩებში ტრანსპორტის სიმრავლეა.  მოიმატა და ფართო ხასიათი მიიღო წყლის დაჭუჭყიანებამაც, რასაც მდინარეებსა და წყალსატევებში ჭუჭყიანი წყლის შერევა იწვევს. დაჭუჭყიანების შედეგად წყალს ეცვლება გემო და სუნი, მცირდება მასში შემავალი ჟანგბადი, რაც წამლავს წყლის ორგანიზმებს და ა.შ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ერთ-ერთი მწვავე ეკოლოგიური პრობლემაა მინერალური რესურსების არარაციონალური გამოყენება. წიაღისეულის მოპოვების ადგილებში სამრეწველო ნარჩენები – ფუჭი ქანები გროვდება და დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდ ტერიტორიებს იკავებს. ნაგავსაყრელებიც სერიოზული სირთულეა, ხმელეთის დანაგვიანების ერთ-ერთი წყარო. თბილისს რაც შეეხება, დღეს ის მთლიანად საწვავის გამონაბოლქვისა და მტვრის კორიანტელშია გახვეული, იყიდება ტყეები, რომლებიც დედაქალაქის ფილტვებია. დიდი პრობლემაა გენმოდიფიცირებული პროდუქტებიც და სხვა მრავალი. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაცვაზე პრიორიტეტული სხვა პრობლემებია, სამწუხაროდ. თუმცა ვითარების გაუმჯობესების ტენდენციაც არსებობს, ადმინისტრაციული ღონისძიებებისა (ჯარიმები და სხვა.) და სამრეწველო ობიექტების შემცირების ფონზე.

დღეს ხშირად გაისმის „ეკოლოგიური ინსულტი”, „ეკოლოგიური ინფარქტი”, რადგან ბუნება თითქოს მიექანება აქეთკენ. როგორი იქნება ჩვენი გარემო უახლოეს თუ შორეულ მომავალში? რას გამოიწვევს მოწამლული გარემო, ჰაერი, წყალი, ოზონის დამცავი ფენის ნელ-ნელა შეთხელება, ნუთუ, სიცოცხლის გაქრობას? ან იქნებ შეძლოს ადამიანმა, დაიცვას პლანეტა, საკუთარი ქვეყანა გაჭუჭყიანებისგან; გონივრულად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები; არ იძალადოს გარემოზე, რაც შეიძლება ბუმერანგივით შემოუბრუნდეს. ჩვენ თუ არ შევიგრძენით და შევიგნეთ ეს საფრთხე, კატასტროფას უნდა ველოდოთ. ჩვენ, როგორც ბუნების შვილები, მის კანონებს უნდა დავემორჩილოთ, რადგან მასში ჰარმონიის დარღვევამ უმართავი, საშიში, ქაოსური პროცესები შეიძლება გამოიწვიოს.

ყური მივუგდოთ დედამიწის, ბუნების გულისცემას…

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი