შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

როგორ დაიწყებს სწავლას პანდემიის პირობებში ნიუ-იორკი. საერთაშორისო გამოცდილება.

კოვიდ-19-ის პანდემიის ახალი ტალღის შესაჩერებლად ნიუ-იორკი ქალაქის   შესასვლელებში საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს აწესებს. 35 შტატიდან შემოსულ მოგზაურებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. წესების დამრღვევი ჯარიმის სახით 10 ათას დოლარამდე გადაიხდის. მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სასწავლო წელი მაინც დაიწყება – ახლახან ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტის უფროსმა, რიჩარდ კარანსმა, სიტყვით მიმართა მეგაპოლისში მცხოვრებ ყველა ოჯახს და სკოლების გახსნის 2020-2021 წლის გეგმაც წარადგინა. რა განცხადება გაავრცელა მან და რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ სკოლებმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში? რიჩარდ კარანსის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო ოჯახებო, ვიმედოვნებ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში კარგად ისვენებთ და ატარებთ ზაფხულს, ხართ ჯანმრთელად და უსაფრთხოდ. გწერთ, რათა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდება შემოდგომაზე, როდესაც სკოლები გაიხსნება. სპეციალურ ბმულზე მას ალბათ თქვენთვის მოინიშნავთ, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ყველა ინფორმაციასა და სიახლეს არსებული სიტუაციის ირგვლივ.

 

ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ვითვალისწინებთ თქვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მდგომარეობას. ამავე მოსაზრებით ჩვენ მარტშივე გადავწყვიტეთ, გადავსულიყავით დისტანციურ სწავლებაზე. მაშინდელი მონაცემების მიხედვით, სკოლების დახურვას შეეძლო, გავლენა მოეხდინა ნიუ-იორკში COVID-19-ის გავრცელებაზე. ჩვენთვის ეს ნამდვილი გამოწვევა იყო, მაგრამ თქვენ და თქვენმა შვილებმა ეს გააზრებულად მიიღეთ. ასევე, სამაგალითოდ გაერთიანდა სხვადასხვა სასკოლო საზოგადოება, რათა სისტემას ჩვეულ რეჟიმში ემუშავა.

ჩვენ ახალ სასწავლო წელს ახალი სანიტარული პროტოკოლით, სოციალური დისტანცირებითა და სხვა საკითხების მოგვარებით დავიწყებთ.

თუმცა მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად, კვირაში მხოლოდ ხუთ დღეს ვისწავლით. მთავარი განსხვავება ის იქნება, რომ მოსწავლეებს მივცემთ შესაძლებლობას, გამოიყენონ შერეული სწავლის მოდელი: ისინი კვირის გარკვეულ ნაწილს სკოლაში გაატარებენ, ნაწილს კი დისტანციურად ისწავლიან.

გარდა ამისა, ნებისმიერ ოჯახს რჩება უფლება, აირჩიოს სრულად დისტანციური სწავლება. ჩვენ ვიცით, რომ ოჯახების უმეტესობას უამრავი პერსონალური ინსტრუქცია სჭირდება. ასე რომ, ვიმუშავებთ ამ ინსტრუქციებზე, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით. ჩვენ არ ვაპირებთ ლიდერის პოზიციის დათმობას მაქსიმალური საგანმანათლებლო თანასწორობისა და სამართლიანობისკენ მავალ გზაზე. თქვენს შვილებს მივცემთ იმას, რაც წარმატების მისაღწევად დასჭირდებათ. ვაღიარებთ, რომ ბავშვს შეიძლება თავისივე კლასელებისგან განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდეს. არ ვაპირებთ უყურადღებოდ დავტოვოთ ის ფაქტი, რომ ვირუსმა საზოგადოებაში სისტემური რასიზმი გააძლიერა. შევისწავლით შესაძლებლობებს უთანასწორობის, ციფრულ გარემოზე წვდომის მოსაგვარებლად.

ჩვენი გეგმები უნდა იყოს მოქნილი, რომ მოხდეს მათი კორექტირება და საჭიროებისამებრ განახლება. ველოდებით ბრძანებებს ნიუ-იორკის შტატიდან, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ ჩვენი მოქმედებისას. ყველა ინფორმაცია გამოვაქვყნდება სპეციალურ ვებსაიტზე. ეს ინსტრუქციები შეიძლება შეიცვალოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად. მინდა იცოდეთ, რომ მეც ისევე ვშფოთავ და განვიცდი ამ ყველაფრის გამო, როგორც თქვენ.

მესმის, რომ შერეული სწავლება უკეთ ჟღერს, ვიდრე დისტანციური, მაგრამ ეს უკანასკნელი ჯერ მაინც პრობლემურია და უამრავ შეკითხვას ბადებს.

თითოეულ ეტაპზე ერთად ვიმუშავებთ და ყველა საკითხს გადავწყვეტთ – მაგალითად, დედ-მამიშვილების – და-ძმის კლასტერიდან დაწყებული იმ სიტუაციამდე, როდესაც სკოლაში დადასტურდება კორონავირუსის შემთხვევები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მდგომარეობა გაგიადვილოთ და არ წავიდეთ არანაირ კომპრომისზე  ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ყოველთვის ვამბობ, რომ ნიუ-იორკში გვყავს საუკეთესო პედაგოგები, მოსწავლეები და მათი ოჯახები. ამას ვერაფერი შეცვლის. სიტუაცია მოითხოვს, რომ ვიმუშაოთ პარტნიორების მსგავსად. ყველას ერთად შევძლებთ იმას, რომ 1.1 მილიონმა მოსწავლემ, თქვენმა შვილებმა, მიიღონ ხარისხიანი განათლება ქალაქის საჯარო სკოლებში, უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოში.

სანიტარული მოთხოვნები (ამონარიდი):

  • სკოლებმა ისე უნდა შეცვალონ სასწავლო სივრცე (ზოგიერთ შემთხვევაში ეს გაიწერება კიდეც), რომ დაიცვან სოციალური დისტანციის ნორმები;
  • ყველა სკოლას ექნება იზოლატორი, ეყოლება ამ ობიექტზე პასუხისმგებელი პერსონალი;
  • სკოლის ჯანმრთელობის ცენტრები შეძლებენ დამატებითი დახმარების გაწევას;
  • სკოლებმა უნდა უზრუნველყონ ზედაპირების წმენდა და დეზინფექცია სკოლის პერსონალის, პედაგოგებისა და ბავშვების უსაფრთხოებისთვის;
  • სკოლებს უნდა ჰქონდეთ გაწმენდისა და დეზინფექციისთვის საჭირო მარაგი (ან უნდა დაგეგმონ მარაგის შეძენა);
  • ყოველ ღამე სასწავლო დაწესებულება უნდა დამუშავდეს ელექტროსტატიკური საწმენდით;
  • მაქსიმალურად უნდა გაუმჯობესდეს ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემა;
  • საკლასო ოთახებში, სველ წერტილებსა და სხვა ადგილებში, სადაც ბავშვები და პედაგოგები მუდმივად ეხებიან სხვადასხვა ზედაპირს (კარის სახელურები, ლეპტოპები), უნდა შემუშავდეს რაც შეიძლება ეფექტიანი წმენდის პროცედურა;
  • მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ საკლასო ოთახების დასუფთავების საშუალებები;
  • ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ ადამიანების გადაადგილების ტრაექტორია შენობებსა და სკოლის სხვა ტერიტორიაზე;
  • სკოლებს გაეწევათ მკაცრი რეკომენდაცია, რომ მათ ტერიტორიაზე არ გადაადგილდებოდნენ უცხო პირები;
  • დაავადების სიმპტომების გამოვლენის მიზნით ყოველდღე უნდა შემოწმდეს ყველა, ვინც სკოლის კარს შეაღებს – ბავშვები, მასწავლებლები, სკოლის თანამშრომლები“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი