შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

დაკვირვება – დაბრუნება გაუცხოებულთან. როგორ განვავითაროთ დაკვირვების უნარი მოსწავლეებში?

ჩემს შავ კატას სარკის ანარეკლებით ვეთამაშებოდი, როდესაც მის ქცევაში ერთი უცნაური რამ შევნიშნე. მიუხედავად იმისა, რომ ამ შავ კატამდე უამრავი კატა მყავდა, არასდროს აღმომიჩენია ის, რაც მაშინ აღმოვაჩინე. როგორც აღმოჩნდა, არც იმას შევსწრებივარ ოდესმე, როგორ ნადირობს კატა ჩიტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქცევას აუცილებლად შევნიშნავდი: დრუნჩი აღელვებით მოძრაობს, მისი თვალები ერთ წერტილსაა მიშტერებული, გუგების ზომა იცვლება, თავი დახრილი და წინ წაწეული აქვს, სხეული თითქმის ბოლომდე ეკვრის ზედაპირს, რომელსაც ეყრდნობა, კუდი და სხეულის უკანა ნაწილი, დროდადრო, მოძრაობს. ამ ყველაფერს კი ნახტომი მოსდევს. კატა უცნაურ, წყვეტილ ხმებს გამოსცემს. თითქოს, ეს ქცევა სასურველთან დაახლოების, ხელში ჩაგდების და მონადირებამდე მის მიერ შესრულებული რიტუალია. თუმცა, დღემდე არ ვიცი ამ ქცევების ზუსტი ფუნქცია. განსაკუთრებით, იმ ხმის, რომელსაც ამ დროს კატა გამოსცემს.

დაკვირვების ბედნიერება იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლია, აქამდე უცნობი რამ აღმოაჩინო. აჩქარებულ სამყაროში, რომელშიც ერთი გამღიზიანებელი მეორეს საოცარი სისწრაფით ცვლის, თითქოს, არც დრო გვაქვს და არც – ფუფუნება, ჩვენსავე გარემოს დავაკვირდეთ.

ემოციური ინტელექტისა და სოციალური ინტელექტის მნიშვნელობის გაცნობიერება და ამ ორი უნარის შესახებ ადამიანების ცოდნის გამდიდრება კი იმაზე გვაფიქრებს, რომ ისევ და ისევ ვაღიარებთ იმ საწყისების მნიშვნელობას, რომლისგანაც მოვდივართ.

დაკვირვების უნარი ძირძველი და კეთილშობილი უნარია. როგორ შეძლებდა ადამიანი გარეულ ცხოველებთან ერთად თანაცხოვრებას მათზე დაკვირვება რომ არ შეძლებოდა? წარმოიდგინეთ, თქვენ ცხოვრობთ გარემოში, რომელშიც მტაცებლები ცხოვრობენ. თქვენი ყოველდღიური ამოცანაა, ამ გარემოში გადარჩეთ. ხოლო, გადარჩენა, ერთი მხრივ, მათგან თავდაცვას გულისხმობს, ხოლო, მეორე მხრივ, თქვენ საკვების მოპოვებაზეც უნდა იზრუნოთ. მხოლოდ განრიდებით ვერ შეძლებთ დიდხანს იცოცხლოთ. შესაბამისად, სხვა უნარების განვითარებაც უნდა სცადოთ იმისათვის, რომ ამ გარემოში გადარჩეთ. როგორ შეძლებთ, ამ ორ ამოცანას თავი გაართვათ მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ გამოცალკევებიხართ იმ გარემოს, რომელშიც ბევრი, სხვადასხვა თავისებურების მქონე არსება ცხოვრობს?

ეს ჩვენი განვითარების ის ხანაა, რომელიც, ერთი შეხედვით, შორეული წარსულია. რისთვის სჭირდება თანამედროვე ადამიანს დაკვირვების უნარი? ისეთი საფრთხეები ჩვენ ირგვლივ თითქმის აღარ არსებობს, რომლებიც შორეულ წარსულში უქმნიდა ჩვენს არსებობას საფრთხეს, არც ისეთი შენიღბვა გვჭირდება დღეს, როგორიც მაშინ, როდესაც გარემოსთან უნაკლო შერწყმაზე უნდა გვეზრუნა. სუპერმარკეტის თაროებზე, თვალწარმტაცად შეფუთული საკვები სულ რამდენიმე წუთში იქნება თქვენს სახლში და იმაზე მეტად დამუშავებული და დანაწევრებული, ვიდრე – ოდესმე. ადამიანების უმრავლესობა იმაზე არ ვფიქრობთ, რომელი ნაბიჯები გადავდგათ საკვების მოსაპოვებლად – როგორ ავცოცდეთ ქოქოსის ხეზე ქოქოსის ნაყოფის მოსაწყვეტად, ან რამდენი ხანი უნდა ჩავუსაფრდეთ არსებას, რომელიც საკვებად გვემსახურება. ჩვენ გაცილებით მეტს ვფიქრობთ იმაზე, როგორ გამოვიმუშაოთ და არა იმაზე, როგორ მოვიპოვოთ.

რა დარჩა დაკვირვების უნარისგან დღეს?

ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ ემოციების ცნობის უნარი, ისევ და ისევ, იმისათვის განვითარდა, რომ გარემოს შევგუებოდით. მაგალითად, ჩვენ უნდა გვეცნო არა მხოლოდ ადამიანის ემოციები და მათი შესატყვისი ქცევები, არამედ – იმ არსებების ემოციებიც და მათგან გამომდინარე ქცევები, რომლებიც ჩვენ ან საფრთხეს გვიქმნიდნენ, ან – ადამიანის საკვებს წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ჩვენ უნდა შეგვძლებოდა, არა მხოლოდ ჩვენგან განსხვავებული არსებების ემოციებისა და შესატყვისი ქცევების ცნობა, არამედ – შესატყვისი ემოციებით გამოხმაურება და შესაბამისი ქცევის დაგეგმვა და აღსრულება.

დღესდღეობით, ემოციების ცნობის უნარი, ძირითადად, მისი სოციალური მნიშვნელობისგან გამომდინარე გვჭირდება. ანუ, ისევ და ისევ იმისათვის, რომ ჩვენივე სახეობის წარმომადგენლებთან ჩვენთვის და მათთვის ნაყოფიერი და სასარგებლო ურთიერთობა დავამყაროთ.

თუმცა, ნამდვილად ამდენად გამოვეყავით დაკვირვების საწყის მნიშვნელობას? რამდენად უსარგებლოა, მაგალითად, ცხოველების ქცევაზე დაკვირვების უნარი?

როგორც აღმოჩნდა, არათუ უსარგებლოა, არამედ – პირიქით, ზოგჯერ იმაზე მეტად საჭიროა, ვიდრე – ჩვენ წარმოგვიდგენია.

მაგალითად, იმისათვის, რომ სხვადასხვა ვირუსული დაავადებისგან თავი დავიცვათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს, იმ ცოცხალი არსებების ქცევაზე დაკვირვება ვისწავლოთ და ბავშვებსაც ვასწავლოთ, რომლებიც, შესაძლოა, სხვადასხვა ვირუსული ინფექციის გამავრცელებლები იყვნენ. მაგალითად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ადამიანებს ასწავლიდა, რა შემთხვევაში როგორ იქცევა ძაღლი. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ პრევენცია ყველაზე გონივრული გამოსავალია, მაშინ სხვადასხვა არსების ქცევაზე დაკვირვებაც შეიძენს მნიშვნელობას.

იმისათვის, რომ, მაგალითად, ჩვენ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან მშვიდი და ბედნიერი თანაცხოვრება შევძლოთ, მათ ქცევაზე დაკვირვებაც უნდა შეგვეძლოს. მაგალითად, იმისათვის, რომ თავი დავიცვათ ცხოველის ნაკბენისგან, რა თქმა უნდა, შეძლებისამებრ, სწრაფად უნდა შევძლოთ მის ქცევაში იმაზე მანიშნებელი ქცევების ცნობა, რომლებიც ჩვენ სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს და მიგვანიშნებს იმაზე, რომ ცხოველს ჩვენთან ურთიერთობა არ სურს ან მისთვის ჩვენთან ურთიერთობა შემაშინებელია და ამ შემთხვევაში მასთან დაახლოებისგან თავშეკავება გონივრული გამოსავალია.

ზემოთ დასახელებული მნიშვნელობების გარდა, დაკვირვების უნარის განვითარებას ჩვენი ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნებაც შეუძლია. ბევრი მიდგომა, მაგალითად, მღვიძარებაზე[1] დაფუძნებული დაკვირვების უნარის გამომუშავება იმას გულისხმობს, რომ დღეში სულ რამდენიმე წუთი დავაკვირდეთ ჩვენს შეგრძნებებს, გარემოს. ამ მიდგომის წარმომადგენლები გვათავაზობენ, რომ „ჩაურევლად“, დასკვნის სწრაფად გამოტანის გარეშე დავაკვირდეთ ფოთლის ფერს, მის ფორმას. თუ ამ მიდგომას ვენდობით, დაკვირვება თავს იმ მთლიანის ნაწილად გვაგრძნობინებს, რომლისგანაც დიდი ხნის წინ დავიწყეთ განცალკევება და განყენება. დაკვირვება კი გვეხმარება, ერთი მხრივ, ხელახლა გავუუცხოვდეთ იმ წარმოდგენებს, რომლებიც ჩვენ ოდესღაც გავიშინაგნეთ. მაგალითად, შესაძლოა, მეზობლად მდგომი თუთის ხის ნაყოფისთვის, დიდი ხნის მანძილზე, არც კი შეგვიხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს, ერთი თვის მანძილზე მაინც, მაყვლისფერი თუთები ხმაურით ცვივა მეზობლის მანქანაზე.

დაკვირვების უნარის განვითარება აფართოებს ემოციურ და სოციალური ინტელექტში ნაგულისხმევ უნარებს. მაგალითად, ადამიანები, რომლებსაც განვითარებული აქვთ დაკვირვების უნარი, გაცილებით მდიდარ ცოდნას აგროვებენ ადამიანების ქცევაზე, გაცილებით მარტივად შეუძლიათ, დაკვირვების მონაცემები სწორ დასკვნებს შეუსაბამონ და იმოქმედონ სწორად ურთიერთობებში, ვიდრე ადამიანებს, რომელთაც დაკვირვების უნარი ნაკლებად აქვთ განვითარებული. დაკვირვების უნარი ავითარებს ქცევისა და ქცევის მამოძრავებლების შესახებ ვარაუდების გამოთქმის უნარს. გარდა ამისა, დაკვირვების უნარი საშუალებას გვაძლევს, სწრაფად შევნიშნოთ ისეთი ემოციებიც, როგორიცაა ბრაზი, უკმაყოფილება, სევდა და ა. შ., რაც, შესაძლოა, საგრძნობლად დაგვეხმაროს, თუნდაც, ჩვენს ახლობელ ადამიანზე ზრუნვაში, საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერებაში და ა. შ.

როგორ შეგვიძლია, განვავითაროთ დაკვირვების უნარი მოსწავლეებში?

შესთავაზეთ თქვენს მოსწავლეებს რამდენიმე მოსამზადებელი საფეხური იმისათვის, რომ დაკვირვების უნარის გავარჯიშების ხელშემწყობი სავარჯიშო წარმატებით შეასრულონ.

  • დაკვირვების წარმოებამდე შესთავაზეთ საკითხის შესახებ მოკლე წარდგენის მომზადება – მაგალითად, თუ თქვენი გაკვეთილის თემა რომელიმე სახეობის ცხოველის ქცევის თავისებურებებია, შეგიძლიათ, თქვენს მოსწავლეებს სთხოვოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოკლე, არა უმეტეს, 5 წუთიანი პრეზენტაციის მომზადება. ეცადეთ, თქვენმა მოსწავლეებმა პასუხი გასცენ ისეთ ძირეულ კითხვებს, როგორიცაა, მაგალითად, რომელი სახეობის წარმომადგენელია ცხოველი ან რომელი ქცევები განასხვავებს მას სხვა სახეობის წარმომადგენლებისგან.
  • სთხოვეთ მოსწავლეებს, დაკვირვების წარმოებამდე გათავისუფლდნენ ხელის შემშლელი ნივთებისგან და გამღიზიანებლებისგან – ხშირად, დაკვირვების დროს, ჩვენ ვერ შევძლებთ ქცევა გავამეორებინოთ დაკვირვების ობიექტს. მაგალითად, შესაძლოა, ჩვენი კატა დღის მანძილზე, მხოლოდ ერთხელ იყოს განწყობილი სანადიროდ. შესაბამისად, თუ ჩვენ მის ქცევას არ ვიწერთ ვიდეოჩანაწერის სახით, გაგვიჭირდება, ის მნიშვნელოვანი წუთი აღვწეროთ ჩვენი დაკვირვების მონაცემებში, რომლებიც მისი ქცევის შესწავლისთვის ასეთი მნიშვნელოვანია. ეს მას ყურადღების ერთ, კონკრეტულ აქტივობაზე კონცენტრირებაში დაეხმარება.
  • სცადეთ მშობლების მონაწილეობის გაზრდა – სთხოვეთ მშობლებს, მოსწავლესთან ერთად, გააკეთონ დაკვირვების სამიზნე ქცევის ჩანაწერი. მაგალითად, თუ თქვენს მოსწავლეს სთხოვეთ, დააკვირდეს როგორ იქცევა მისი ლეკვი დილის, შუადღის და საღამოს საათებში და დაკვირვებისთვის დღის თითოეულ მონაკვეთში, 5 – 10 წუთის მანძილზე დაკვირვებაზე შეთანხმდით, სთხოვეთ მის მშობელს ვიდეოჩანაწერი უზრუნველყოს. ვიდეოჩანაწერი მოსწავლეს დაეხმარება დაკვირვების მისეული ჩანაწერები შეადაროს ვიდეორგოლში აღწერილ ქცევებს. ხშირად, ადამიანები მცდარ მნიშვნელობას ვანიჭებთ დაკვირვების მონაცემებს. მაგალითად, შესაძლოა, სხვადასხვა ქცევა ერთი და იმავე კატეგორიაში გავაერთიანოთ.
  • აუხსენით მოსწავლეს დამკვირვებლის ქცევის მნიშვნელობა – აუხსენით თქვენს მოსწავლეს, რომ, როდესაც ის დამკვირვებლის საქმიანობას ასრულებს, მან კონკრეტული წესები უნდა დაიცვას. დაუსვით შემდეგი კითხვები და სთხოვეთ, დაკვირვების დაგეგმვის ნაწილში ამ კითხვებზე თქვენთან ერთად შემუშავებული პასუხები გაითვალისწინოს.
    ა) როგორ ფიქრობ, სად უნდა იმყოფებოდეს დამკვირვებელი დაკვირვების დროს?

ბ) როგორ ფიქრობ, შეძლებ, ისეთი ადგილი შეარჩიო, საიდანაც ქცევას ან მოვლენას დააკვირდები?

გ) როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა შეცვალოს შენმა სიახლოვემ შენი დაკვირვების ობიექტის ქცევა? რატომ?

დ) რომელ სიტყვებს გამოიყენებ დაკვირვების შედეგების ჩასაწერად?

ე) როგორ ფიქრობ, არსებობს სიტყვები, რომელთა გამოყენებაც დამკვირვებელს ხელს შეუშლის სწორი დასკვნის გამოტანაში? რომელი?

ვ) როგორ ფიქრობ, შეუძლია, თუ არა დამკვირვებელს მიუახლოვდეს დაკვირვების ობიექტის? თუ ფიქრობ, რომ კი, შეგიძლია, დაასაბუთო შენი აზრი? თუ ფიქრობ, რომ მას ეს არ შეუძლია, შეგიძლია, მითხრა, ასე რატომ ფიქრობ?

ეს კითხვები მოსწავლეს უბიძგებს დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება სანდო დაკვირვების წარმოება. გარდა ამისა, მას უბიძგებს შესატყვისი სიტყვები მოძებნოს ქცევის აღწერისთვის და თავი შეიკავოს ქცევის შეფასებისგან.

  • შეაქეთ მოსწავლის ძალისხმევა. თუმცა, საჭიროებისამებრ, განუმარტეთ, რისი გაუმჯობესება იქნებოდა სასურველი – ხშირად, ადამიანებს ძლიერი სურვილი მოგვიცავს, ქცევები კი არ აღვწეროთ, არამედ შევაფასოთ. მაგალითად, ვთქვათ არა ის, რომ ჩვენი მოსწავლე მერხზე ურტყამს ხელს ან კალამს, არამედ ის, რომ ჩვენი მოსწავლე ყურადღებაგაფანტული ან აგრესიულია. ქცევის დასაწყისშივე ყურადღებაგაფანტულობის ან აგრესიულობის გამომხატველად შეფასება სწრაფად გამოტანილი დასკვნაა. დაკვირვების უნარის განვითარება მსგავსი მიკერძოებებისგან რამდენადმე მაინც გვიცავს. მაგალითად, შესაძლოა, რომელიმე მათგანმა რომელიმე ცხოველის ქცევა შეაფასოს, როგორც ნადირობისთვის მზადება, როდესაც შესაძლოა, ის, უბრალოდ, თამაშობს ან „ვარჯიშობს“ ნადირობაში. ასეთი მიკერძოებული დასკვნები ჩვენი გონების ბუნებრივი მიდრეკილებების შედეგია, თუმცა, აუცილებელია, მოსწავლეებს განვუმარტოთ, რომ ზოგჯერ დასკვნის სწრაფად გამოტანისკენ მიდრეკილებას მცდარ დასკვნამდე მივყავართ და შესაძლოა, ასეთივე მიკერძოების გავლენის ქვეშ ისინიც აღმოჩნდნენ.
  • ვიდეორგოლში აღწერილ ქცევაზე ან მოვლენაზე დაკვირვება – შესთავაზეთ მოსწავლეებს ვიდეორგოლის ნახვა. სასურველია, ვიდეორგოლის ნახვა გამხმოვანებლის სიტყვების გარეშე შესთავაზოთ, რადგან, ხშირად, ისინი დაკვირვების შეფასებებს გვთავაზობენ. თქვენი მიზანი კი ისაა, მოსწავლემ არა აღწერილი მოვლენის ან ქცევის შეფასება მოისმინოს და სწორი დასკვნა გამოიტანოს, არამედ თავად შეძლოს დაკვირვების დახმარებით ვიდეორგოლში აღწერილი ქცევის სწორად დასახელება. შეგიძლიათ, მოსწავლეებს შესთავაზოთ, დაითვალონ, რამდენჯერ ახორციელებს დაკვირვების ობიექტი ერთსა და იმავე ქცევას, რომლის რაოდენობის აღრიცხვაზე შეთანხმდით. ეცადეთ, მოსწავლეებს შესთავაზოთ ქცევის ან მოვლენის, შეძლებისამებრ, ზუსტი, ორაზროვნების გამომრიცხავი აღწერა. ასევე, სასურველია, გაითვალისწინოთ, რომ ქცევის აღწერა უნდა მოიცავდეს ერთ, განცალკევებულ ქცევას და არა – მთელი ქცევის ჯაჭვის აღწერას. მაგალითად, თუ თქვენ აღრიცხავთ, რამდენჯერ მიაწოდეს მონაწილეებმა ბურთი ვიდეორგოლში ერთმანეთს, დაკვირვებისთვის ქცევის განსაზღვრა შემდეგ საკითხებზე იქნება დამოკიდებული:

ა) რა გაინტერესებთ კონკრეტულად? – მაგალითად, რა გაინტერესებთ თქვენ და თქვენს მოსწავლეებს? ვიდეორგოლის ყველა მონაწილე თუ ვიდეორგოლის მონაწილე გოგონები რამდენჯერ აწვდიან ერთმანეთს ბურთს?

ბ) როგორ ისვრიან მონაწილეები ბურთს? – მონაწილეები ერთმანეთს მხოლოდ ხელებში აწვდიან ბურთს, თუ მას ფეხებისკენაც ისვრიან? თუ ეს ასეა, მაშინ, სცადეთ, თქვენი არჩევანი ერთი სახის ქცევაზე შეაჩეროთ. მაგალითად, აირჩიეთ, დაითვალოთ რამდენჯერ აწვდიან ბურთს ვიდეორგოლში მონაწილე გოგონები ერთმანეთს.

გ) გაითვალისწინეთ სხვა ცვლადები – მაგალითად, თუ ვიდეორგოლში რამდენიმე ფერის ბურთი გამოიყენება, ესეც დამატებითი ცვლადი იქნება, რომელიც, სასურველია, გაითვალისწინოთ და მოსწავლეებთან შეათანხმოთ. პირობის თანახმად, რომელიმე ფერის ბურთზე უნდა იყოს კონცენტრირებული მისი ყურადღება, თუ, ამ შემთხვევაში, ბურთის ფერს მნიშვნელობა არ აქვს?

გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მეტ ცვლადს შეიტანთ პირობაში, მით უფრო რთული იქნება დაკვირვების პროცესი, რადგან მოსწავლეებს, ერთდროულად, რამდენიმე პირობის დამახსოვრება და მის მიხედვით ამოცანის შესრულება დაევალებათ. ამდენად, დასაწყისისთვის, შეგიძლიათ, მხოლოდ ერთი ცვლადის მიხედვით დაკვირვების წარმოება სთხოვოთ მოსწავლეებს. მაგალითად, რამდენჯერ აწვდიან გოგონები (თუ ვიდეორგოლში ბიჭებიც მონაწილეობენ) ერთმანეთს ბურთს?

ასეთი სავარჯიშო დაგეხმარებათ, გამოავლინოთ, რამდენად ურთიერთგანსხვავებული მნიშვნელობა მიანიჭეს ვიდეორგოლში მოცემულ ქცევებს. შემდეგ კი, შეძლებთ, განიხილოთ, რატომ შეიძლებოდა, სხვადასხვა მნიშვნელობა მიენიჭებინა ერთი და იმავე ქცევისთვის სხვადასხვა მოსწავლეს.

დ) გაიზიარეთ აღმოჩენის სიხარული – ხშირად, დაკვირვება სასიამოვნო სწორედ იმიტომაა, რომ გაუცნობიერებლად  იმ კავშირს ვგრძნობთ, რომელიც გულდასმით დაკვირვების დროს ჩვენსა და გარემოს შორის მყარდება: ჩვენ არ ვცვლით დაკვირვების შედეგებს შეფასებებით, არ ვერევით მოვლენების მიმდინარეობაში, არც რომელიმე ადამიანის ან სხვა არსების ქცევაში, მხოლოდ აღვიქვამთ. შესაბამისად, დაკვირვებას თან ახლავს ცნობისმოყვარეობის და დაკვირვების შედეგებთან დაკავშირებული სიხარულის გაზიარების სურვილი. ქიმიური ნივთიერებების ურთიერთქმედების შედეგად შექმნილი სანახაობაც, ალბათ, ამის გამო აღგვაფრთოვანებს და გვიყვარს: რაღაც მოულოდნელი ხდება ჩვენ თვალწინ, ჩვენ კი ზოგჯერ მხოლოდ ის გვევალება ამ სანახაობას დავაკვირდეთ.

დაკვირვება მანძილზე სწავლების დროს

მანძილზე სწავლების დროს, შეგვიძლია, მოსწავლეებს მარტივი დავალება მივცეთ: მაგალითად, მათ ვთხოვოთ, დააკვირდნენ მცენარეს, რომელიც თავად დარგო ან დათესა, მის ზრდას, როგორ ისრუტავს ნიადაგი წყალს, როგორ მოქმედებს წყლის ნაკლებობა მცენარეზე და ა. შ. ამ სახის დაკვირვებაში მოსწავლე თანამონაწილეობს და, შესაბამისად, გარემოზე ზრუნვასაც სწავლობს.
ვისაც შინაური ცხოველი ჰყავს, შეგვიძლია, ვთხოვოთ, მათი კვების შესახებ საკითხის მომზადება, ხოლო შემდეგ, ამ ცოდნის გამოყენება და ცხოველის ქცევაზე დაკვირვება. მაგალითად, რამდენჯერ სვამს ცხოველი წყალს, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ შია ან სწყურია, რაზეა დამოკიდებული მისი კვების თავისებურებები და ა. შ. ეს ყველაფერი კი მოსწავლეში თანაგანცდისა და ზრუნვის უნარებსაც აძლიერებს.

იქნებ, სწორედ დამკვირვებლის გაღვიძება გვჭირდება ზოგჯერ იმისათვის, რომ გაუცხოებულთან დაბრუნება შევძლოთ?

[1] Mindfulness

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი