ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სილამაზე, რომელიც სკოლაში ვერ ვისწავლეთ

ყველას მოგვეპოვება რაღაც – პირადი ტრადიციისმაგვარი. ჩემი პროფესიული ტრადიცია ასეთია:

სოფოკლეს „ოიდიპოს მეფეზე“ საუბრისას, ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვთხოვ ნახონ ორი ფილმი – ერთი ძალიან ცნობილი, მეორე – არც თუ ისე. ტრადიცია მოითხოვს,  სტუდენტებს ამ თხოვნით მაშინ მივმართო, როდესაც სოფოკლეს ტექსტში ოიდიპოსის მიერ თვალების დათხრის ეპიზოდის განხილვას მივადგებით ხოლმე.

ამ ეპიზოდში თვალდათხრილი, მაგრამ უკვე ჭეშმარიტების მწვდომი ოიდიპოსი ამბობს:  „რად მინდა თვალის სინათლე, თუკი თვალხილულს არაფერი მინახავს ტკბილი?“[1].

ოიდიპოსის ეს ერთი ფრაზა საუკეთესო ეპილოგად გამოდგებოდა, ადამიანთა მოდგმის ზოგადი ტრაგედია რომ დაეწერა ვინმე დიდებულ დრამატურგს, რომლის ფაბულაშიც სხვა მრავალ მოტივთან ერთად აუცილებლად ამოიკითხავდით ამბავს „ლამაზი“ და „მახინჯი“ ადამიანების შესახებ:

ცოტა ხნის წინ, ერთი ძალიან ცნობილი მსახიობი ქალის ფოტო ააფრიალეს სოციალურ ქსელში, როგორც სიმბოლო სიმახინჯისა, რასაც ამ მშვენიერი და ნიჭით უხვად დაჯილდოებული ქალის მიმართ და საერთოდ, ქალთა მოდგმის მიმართ განმაქიქებელი კომენტარები მოჰყვა.  მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა აღნიშნა, რომ მათი აზრით, ეს მსახიობი ლამაზია, რასაც არანაკლებ განმაქიქებელი პასუხები მოჰყვა და როგორც ხდება ხოლმე, ატყდა დიდი ხოხრხოცი და ლანძღვა-გინება. ალბათ არ მივაქცევდი ამ ამბავს ყურადღებას, ეს სტატუს-კომენტარები „სილამაზის ტრფიალ“ პოეტთა საზოგადოებაში რომ არ დატრიალებულიყო.

ამ დროს ძალიან მინდოდა, გაცოცხლებულიყო სოკრატე და მისთვის ჩვეული ირონიით, თითოეული განმაქიქებელი კომენტარის ავტორისთვის დაესვა ერთი „სულელური“ კითხვა – „მეგობრებო, რა არის სილამაზე?“

არ ვიცი რას უპასუხებდნენ ჩვენი თანაფეისბუქელნი სოკრატეს ამ კითხვაზე, მაგრამ ერთ რამეში თითქმის დარწმუნებული ვარ – აუცილებლად ანატრებინებდნენ ათენურ სასამართლოს – ფეისბუქსასამართლოს ფონზე.

„სულელური“ ტყუილად არ ვახსენე. ალბათ მხოლოდ სულელი შეეცდება ახსნას რა არის სილამაზე. და ვინაიდან მეც თავს სულელთა კატეგორიას მივაკუთვნებ, შევეცდები -რამდენიმე ეპიზოდის მოშველიებით ავხსნა, თუ რა არის სილამაზე და რატომ არ არსებობს სიმახინჯე იქ, სადაც ადამიანია – მითუმეტეს, თუ გჯერათ, რომ – ღმერთის მიერ საკუთარ სახედ და ხატად შექმნილი ადამიანი.

სანამ ამას ვიზამდე, წინასწარ ვითხოვ პატიებას მამაკაცებისგან და ლამაზი ქალებისგან იმისთვის, რომ მაქვს:

  • ზედმეტი წონა
  • კეხიანი ცხვირი
  • ჩაშავებული თვალის უპეები
  • არცთუ გრძელი თითები
  • ყველა სიკეთესთან ერთად – დაბალი ვარ
  • თმაც არეულ-დარეული სტრუქტურისა მაქვს
  • თვალის ფერიც – არაფრით გამორჩეული
  • სხეულზე რაღაც ლაქებიც აღმენიშნება
  • არც პრიალა კანი მაქვს
  • არც გამოქანდკებული ტუჩები
  • არც მშვილდივით მოზიდული წარბები

და მოკლედ, ძალიან რომ არ დაგღალოთ, პატიებას ვითხოვ კაცებისგან და ლამაზი ქალებისგან, რომ ლამაზი არ ვარ და ჩემდა სამარცხვინოდ, არც ვცდილობ როგორღაც გავლამაზდე და მათ თავი მოვაწონო.

დაიჯერეთ რაც გითხარით? მშვენივრად მომიტყუებიხართ. არა, იმ ჩამონათვალში კი არა, ბოლოსკენ – დასკვნაში ანუ ეპილოგში, ლამაზი არ ვარ-მეთქი. ახლა თავიდან უნდა მოგიბოდიშოთ, იმიტომ რომ არც გამხდარი ვარ, არც მაღალი, არც კანპრიალა, არც ნაქანდაკარი ნაკვთების მქონე  და ასე შემდეგ – მაგრამ იცით, ლამაზი ვარ – და ამას, თქვენდა გასაკვირად, საკმაოდ ხშირად მეუბნებიან. თუ არ გჯერათ, გამიცანით, რა პრობლემაა!

სინამდვილეში, პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გარშემო არის უამრავი ადამიანი – რა თქმა უნდა კაცებიც, მაგრამ ძირითადად მაინც ქალები, რომლებსაც რაღაც უცნაურ სილამაზის სტანდარტებში ჩაკვეხებას აიძულებს ჩვენი კეთილი და სილამაზის ტრფიალი საზოგადოება, უხმო თუ ხშირად საკმაოდ ხმაურიანი მოწოდებებით:

  • აბა, კარგად შეისუნთქეთ, თუ საჭირო გახდა, საერთოდაც ნუ ისუნთქებთ, იქნებ როგორმე ჩაეტიოს თქვენი სხეული „სილამაზეში“.
  • აბა, თმა ათასი სურნელოვანი ზეთითა და კრემით დაიმუშავეთ, იქნებ როგორმე ჩაიშალოს თქვენი თმები „სილამაზეში“
  • აბა, კანი ლაზერებითა და ბოტოქსით (და სხვა სახელები არ მახსენდება) დაიმუშავეთ, იქნებ როგორმე ჩაიჭიმოს თქვენი კანი „სილამაზეში“.
  • აბა, ცხვირი მიიჭერ-მოიჭერით ან აიპრიხეთ, იქნებ როგორმე ცხვირიც ჩაყოთ „სილამაზეში“.
  • აბა, კბილები ჩაისწორეთ ან ყბა მთლიანად გამოიცვალეთ, იქნებ როგორმე ამოივსოს თქვენი პირი „სილამაზით“.
  • აბა, ქუსლებიც არ დაგავიწყდეთ, თუ ჩამოვარდით, არაუშავს – სილამაზე ხომ მსხვერპლს მოითხოვს, იყავით მსხვერპლი, მთავარია ჩაეკვეხოთ „სილამაზეში“.

და ასე შემდეგ დაუსრულებლად.

თუმცა დასასრული არის ხოლმე ყოველთვის ერთი: მას ანტიკურ ტრაგედიაში ეპილოგი ჰქვია და როგორც წესი, კატასტროფასა და მთავარი გმირის მიერ საკუთარი შეცდომის გააზრებას მოჰყვება ხოლმე. ფაქტობრივად, აქ მთავრდება გმირის სიცოცხლეც – ის ძველი სიცოცხლე და იწყება ახალი, რომელშიც ტრაგიკულმა გმირმა უკვე იცის რა არის ნამდვილი სილამაზე, სინათლე და ჭეშმარიტება.

არისტოტელეს თანახმად, სოფოკლეს ზემოთ დასახელებული ტრაგედიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ოიდიპოსი – დადებითი პერსონაჟი, რომელიც ყველასთვის პატივსაცემ ფიგურად აღიქმება, შეცდომას სჩადის. ოიდიპოსის მთავარი შეცდომა კი ისაა, რომ მას შეუვალად ჰგონია – იცის, რა არის ჭეშმარიტება. მას ჰგონია, რომ მართლა ბრძენია. იგივე პრობლემა აქვს კრეონსაც, რომელსაც სოფოკლეს „ანტიგონეში“ საკუთარი შვილი შეახსენებს: „ვისაც ჰგონია, რომ მარტოდენ ის ფიქრობს სწორად, ან მართალს ამბობს, ან მარტოა სულით მდიდარი, როგორც კი გახსნი, ცარიელი შეგრჩება სულაც. ადამიანი, რაც არ უნდა ბრძენკაცი იყოს, მეტის შეცნობა სამარცხვინო როდია მისთვის“[2].

ოიდიპოსს კი ამ მოჩვენებით სიბრძნეში თავისი უმეცრების აღმოჩენისას მარადიულ საყვედურად აღმოხდება საკუთარი თვალების მიმართ – რომ მაშინ, როცა მათ მზერის უნარი გააჩნდათ, სიმართლე ვერ დაანახეს.

ჩემი ტრადიცია მოითხოვს, პირველი ფილმად, რომელსაც სოფოკლეს „ოიდიპოს მეფის“ ამ ეპიზოდზე საუბრისას შევთავაზებ ჩემს სტუდენტებს, პიერ პაოლო პაზოლინის „ოიდიპოს მეფე“ (Edipo Re, 1967) დავასახელო.  მიუხედავად ფროიდისეულ „ოიდიპოსის კომპლექსზე“ მკაფიო ხაზგასმისა, პაზოლინის ეს ფილმი თავიდან ბოლომდე მზერაზეა – უფრო ზუსტად კი ჭვრეტაზე. საამისოდ ფილმის პირველი და ბოლო სცენების გახსენებაც კმარა: პაზოლინის სურათი იწყება დაბადების სცენით და მას მოსდევს ხედი მდელოზე მიწვენილი ბავშვით, რომელიც თვალებს ახელს. ეს ბავშვი ოიდიპოსია, ანუ ის ბრმა მუსიკოსი, რომელიც ბოლო სცენაში იმავე ადგილას ბრუნდება და ამბობს: „სიცოცხლე მთავრდება იქ, სადაც დაიწყო იგი“ და პირველად სწორედ ახლა ხედავს იმ მდელოს, ხეებსა და სინათლეს, რომელსაც ჩვილმა ბევრი წლის წინ შეხედა, მაგრამ ვერ დაინახა, იმიტომ რომ არ გააჩნდა ჭვრეტის უნარი. და ესაა ადამიანთა მოდგმის ტრაგედიის მთავარი ამბავი – უყურებ და ვერ ხედავ, დაინახავ – და სიცოცხლე მთავრდება. თუმცა ალბათ აქვე იწყება სხვა სიცოცხლე – უფრო დიდი და მარადიული, ისეთი, როგორიც ოიდიპოსს კოლონოსში მოევლინა. თუმცა მთავარი აქ ჭვრეტაა ჭეშმარიტებისა, რომელიც სილამაზის ენაზე რომ ვთარგმნოთ, ტამარ ვან დენ დოპის ფილმს მივიღებთ – ანუ ჩემი ტრადიციის შემდეგ ნაწილს:

ფილმში „ბრმა“ (Blind, 2007) მე-19 საუკუნის ამბავია მოთხრობილი – ამბავი სილამაზის შესახებ, რომლის დანახვასაც თვალხილულობა სულ არ სჭირდება, უფრო პირიქით. „პატარა პრინცის“ მელაკუდაც ხომ ამას გვასწავლის – რომ მხოლოდ გული ხედავს კარგად, რადგან თვალისთვის ხშირად შეუძლებელია დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.

ტამარ ვან დენ დოპის ფილმის პერსონაჟს – უსინათლო რუბენს ამბის დასაწყისში ეს პრობლემა არ უდგას – იგი სწორედაც რომ გულით ხედავს და მთელი არსებით უყვარდება ქალი, რომელიც მისი და ჩვენი სამყაროს მიერ დაწესებულ სილამაზის სტანდარტებში სულაც ვერ ჯდება. მარი რუბენს წიგნებს უკითხავს, ამბებს უყვება და ახალგაზრდა კაცსაც მასავით ლამაზი არავინ ჰგონია დედამიწაზე. სიყვარულის ეს ამბავი მაშინ წყდება, როცა რუბენს ოპერაციას უკეთებენ და მხედველობა უბრუნდება. წყდება იმიტომ, რომ მარი საკუთარი ნებით მიდის ამ დროს მისი ცხოვრებიდან, ვინაიდან იცის – ვერ ჯდება რუბენის სილამაზის სტანდარტებში და რაღატომღაც, სურს სამუდამო ილუზიურ სილამაზედ დაამახსოვროს თავი საყვარელ არსებას. თუმცა ამბავი მაინც გრძელდება. გრძელდება მათი შემთხვევითი შეხვედრით, როცა რუბენი მარის ხმაში ამოიცნობს იმ სილამაზეს, ასე ძალიან რომ უყვარდა. გრძელდება ცუდად, რადგან თვალხილულ რუბენს ოიდიპოსის ტრაგედია დაატყდება თავს, ოღონდ უკუღმა – მხედველობის დაბრუნების კვალდაკვალ, იგი სილამაზის ჭვრეტის იმ უნარს კარგავს, რომელიც მხოლოდ გულს გააჩნია.

იცით რას შვება ბოლოს რუბენი?  – მაპატიეთ, დასასრულიც უნდა გიამბოთ: მას მთელი ცხოვრება ოცნებად ჰქონდა, გაზაფხულზე – აყვავებული ხეები და ყვავილები დაენახა, სილამაზე ასე შეეგრძნო. მაგრამ რუბენი სილამაზის შეგრძნების უნარს მხოლოდ მაშინ იბრუნებს, როცა ნანატრ გაზაფხულზე – აყვავებულ ხეებსა და ყვავილებს შორის, საკუთარი ნებით თვალებდათხრილი ზის და მისთვის ყველაზე უფრო დიდი და ჭეშმარიტი სილამაზის – მარის დაბრუნებას ელის.

ეს ფილმი სევდიანი ფილმია, მაგრამ იმედისმომცემიც, იმიტომ რომ მისი ნახვისას ვხვდებით – არსებობენ ადამიანები, რომელთაც იციან, რომ სილამაზე არა ფიზიკური, არამედ სულიერი მოცემულობაა, რომ სილამაზე მხოლოდ მაშინაა სილამაზე, თუ მის დასანახად მხედველობა კი არა, ჭვრეტა გჭირდება.

ეს ყველაფერი იმიტომ გიამბეთ, რომ ჩემ გარშემო უამრავი ლამაზი ადამიანია, რომლებსაც ეპოქებისგან, წყობათაგან, სოციუმისგან თავს მოხვეული სულელური სტანდარტების გამო, თავი ლამაზებად არ მიაჩნიათ, უფრო მეტიც – რაღაც „ზედმეტი“ კილოგრამი თუ რაღაც „ზედმეტი“  თმის ღერი მძიმე ემოციურ ფონად ექცევათ ხოლმე, იმიტომ რომ ვიღაცამ ერთხელ ან ბევრჯერ უთხრა – სილამაზე ასეთია და არა ისეთიო.

ეს კი ყველაზე მეტად მიკვირს, განსაკუთრებით მათგან, ვისაც სკოლაშიც კი გვასწავლიდნენ დიდი ბარათაშვილის უკვდავ სიტყვებს: „სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების / და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების, / აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისგან შენამჭვალები, / ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!…“ – მიკვირს მათგან, ვინც ბარათაშვილს დიდ პოეტად მიიჩნევს, საკუთარ თავს – მისი გზის გამგრძელბლად და მიუხედავად ამისა, მაინც ჯიუტად აფრიალებს ვინმე რიგითი ადამიანის ფოტოს, როგორც თვალსაჩინო ნიმუშს „სიმახინჯისა“.

მე უკვე გიამბეთ ჩემს პროფესიულ ტრადიციაზე, მაგრამ აქ ჩვენი საზოგადოების თითქმის პროფესიულ ტრადიციასაც მივადექი – დაცინვას იმ კაცებისა და უფრო მეტად – ქალების მიმართ, რომლებიც ამ საზოგადოების მიერ დასწავლილ სილამაზის სტანდარტებში ვერ ან არ თავსდებიან: ეს ნაწილი ადამიანთა მოდგმის იმ ტრაგედიის კულმინაციაა, ზემოთ რომ ვისურვე, ვინმე დიდ დრამატურგს დაეწერა. გნებავთ, არისტოტელესეული ტერმინით – ჰამარტია ანუ შეცდომა ვუწოდოთ, ვინაიდან საბედისწერო შეცდომაა, როცა ფიქრობ, რომ სილამაზე:

  • სხეულის ამ თუ იმ ფორმაში ძევს
  • თვალის ფერში სუფევს
  • თმის ღერში განისვენებს
  • წარბის მოზიდულობაში გაიშოლტება
  • აპრეხილ ცხვირზე ჩამოესვენება
  • პრიალა კანზე განივრცობა
  • და ასე შემდეგ

შეცდომაა, ვინაიდან ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება აღმოაჩინო, რომ:

  • სხეულმა ფორმა იცვალა
  • თვალის ფერი გადახუნდა
  • თმის ღერი გაქრა
  • წარბი გაცვდა
  • აპრეხილი ცხვირიც ჩამოდნა
  • პრიალა კანი დაიჭმუჭნა
  • და ასე შემდეგ.

და როცა ამას აღმოაჩენ, შეგიძლია მიულოცო საკუთარ თავს, რომ მთავარი უკვე მოხდა – მოჩვენებით სილამაზეს, მოჩვენებით სიბრძნეს თავი დააღწიე, ჭვრეტა ისწავლე. და ამ დროს გირჩევთ, გაიხსენოთ მშვენიერების შესახებ შექმნილი ყველაზე დიდი წიგნი – პლატონის „ნადიმი“ და ამ წიგნში სოკრატეს პირით მოთხრობილი მარადიული სწავლება დიოტიმასი: „თუ სიცოცხლეს რამე აზრი აქვს, ჩემო ძვირფასო სოკრატე, ამ აზრს აბსოლუტური მშვენიერების ჭვრეტა იძლევა მხოლოდ“[3], სულის სალბუნად კი ბარათაშვილის უკვდავი ლექსის პლატონური სულისკვეთების სტრიქონებიც მოიშველიოთ, რომელსაც სკოლაში კი გვასწავლიდნენ, მაგრამ ვერაფრით ვერ ვისწავლეთ:

„თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,

მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს…

… მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენიერება

და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება“.

 

 

[1] სოფოკლე, „ოიდიპოს მეფე“, გია ხომერიკის თარგმანი, სტრ. 1334-1335.

[2] სოფოკლე, „ანტიგონე“, გია ხომერიკის თარგმანი, სტრ. 707-711

[3] პლატონი, „ნადიმი“, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი, XXIX თავი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი