ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მოდერნისტული ლიტერატურული პარალელები – ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“ და რიუნოსკე აკუტაგავას „ნანკინელი ქრისტე“

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოდერნისტულმა ლიტერატურულმა მიმდინარეობებმა სამყაროს აჩუქეს უდიდესი მწერლობა. არ ვიცი, რამდენად სუბიექტური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მსოფლიო მწერლობის ძირითად ლიტერატურულ ტენდენციებს შორის მოდერნიზმი თავისი სამი განშტოებით (იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, საიმბოლიზმი) ყველაზე ხელხვავიანი იყო. ის რამდენიმე ათეული წელი იყო გაბატონებული ლიტერატურული ესთეტიკა. რომ არა სტალინური აკრძალვები 30-იანი წლებიდან, ქართული მოდერნიზმი ალბათ კიდევ ბევრ შედევრს გვაჩუქებდა.

ჩემს მოსწავლეებს უჭირთ დაჯერება, რომ ოფიციოზის მიერ მოწვეულ მწერალთა ყრილობაზე (1932 წ.) თავისუფალი მიმდინარეობები ოფიციალურად აიკრძალა და ერთადერთ მეთოდად სოციალისტური რეალიზმი გამოცხადდა. თუმცა ვინც სტალინიზმის ბუნებას კარგად იცნობს, შორი წიაღსვლების გარეშე მიხვდება, რომ ამ პოლიტიკური რეჟიმისგან ეს სულაც არ იყო მოულოდნელი. ამ მოვლენამ და პოლიტიკურმა კონიუნქტურამ ალბათ მნიშვნელოვნად უცვალა სახე ქართულ მწერლობას, ქართველ მწერალთა ბედისწერაც ტრაგიკულისკენ შეცვალა, თუმცა ამაზე აქ ვერ შევჩერდებით.

ქართველმა მოდერნისტებმა თითქოს ჟანრულადაც გადაინაწილეს მწერლობა. სიმბოლისტებმა საყვარელ ჟანრად ლირიკა აირჩიეს, ექსპრესიონისტებმა – რომანი, ხოლო იმპრესიონისტებმა – ნოველა ან მოთხრობა.

ნიკო ლორთქიფანიძე ქართული იმპრესიონისტული ნოველის მამამთავარია უდავოდ. გარდა ევროპიდან ჩამოტანილი სტილური ნოვატორობისა, ეს მწერალი ჰუმანიზმისა და ხელოვნების ენაზე ადამიანური თანაგრძნობის საოცარ მაგალითად გვევლინება. მისი მოთხრობა „შელოცვა რადოთი“ მკითხველის დიდ ინტერესს აღძრავს არა მხოლოდ ორიგინალური სტილის, არამედ მასში გაცხადებული იდეურ-თემატური წიაღსვლების გამო.

მოდერნისტული მწერლობის ენა რეალისტური სამწერლო ტრადიციების შემდეგ ექსტრავაგანტური ინოვაციებით გამოირჩეოდა. რეალისტური თხრობა შეცვალა ავტორისეულმა მკვეთრად სუბიექტურმა ხედვამ, მწერლის თვალი და შეგრძნებები, მის მიერ მიგნებული ახალი ფორმები გახდა აქტუალური. იმპრესიონისტები სათქმელს ავტორის შთაბეჭდილებების სკივრიდან, მისი „ფოტოობიექტივიდან“ გადმოსცემდნენ მოკლე, ნაწყვეტ-ნაწყვეტი, მესიჯური, კოდირებული, ხშირად ურთიერთდაუკავშირებელი ფრაზებით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში ამ სტილის მიღმა, „სტრიქონებს შორის“ მკითხველი ცხადად „ხედავდა“ ვრცელ პანორამას გმირთა თავგადასავლებისა. მთავარი ასახვის თემა გახდა მეოცე საუკუნის დასაწყისის ადამიანის რთული ფსიქოპორტრეტები, სოციალური კატასტროფების ფონზე დაუძლურებული, დაცემული, სკეპსისით დაავადებული, თავდაუჯერებელი, მაძიებელი, ღმერთს დაშორებული ადამიანების სულიერი მსხვრევის გამოხატვა ეფექტური შტრიხებით. ხმაურიანი ურბანული ცხოვრება, რომელსაც ადამიანის ფაქიზი სულისთვის მოაქვს გაუცხოება, მარტოსულობა, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება  – მოდერნისტული პროზის სამყაროა. ე.წ. ზედმეტი ადამიანი მოდერნისტების საყვარელი პერსონაჟია.

ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის „შელოცვა რადიოთი“ მთავარი გმირის, ელი გორდელიანის გზა ისეთივე დაჩქარებული, მოულოდნელობებით სავსე და ხმაურიანი იყო, როგორც თავად ეს ეპოქა, სავსე გრიგალებით, მღელვარებებით, ომით, რევოლუციებით. ვლადიკავკასი-ვოლგის სანაპიროები-იასნაია პოლიანა-სკანდინავიის სალი კლდეები-ბერლინი-პარიზი-მიუნხენი – ელის გზა შთამბეჭდავი გეოგრაფიაა. ხოლო ეპოქა – მეოცე საუკუნის 20-იანი წლებია (მოთხრობა 1928 წელს დაიწერა).

1920 წელს დაიწერა რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობა „ნანკინელი ქრისტე“, სადაც აღიწერება ასევე ჩინური მეგაპოლისის – ნანკინის მაცხოვრებელი 15 წლის მეძავის, სუნ ძინხუას ცხოვრება. ელი და ძინხუა – ორი უაღრესად შთამბეჭდავი და ტრაგიკული სახე ცოცხლდება და ამ ორ გმირს ბევრი საერთო აქვს: სულიერი და ფიზიკური სილამაზე, მორალური კანონები, ადამიანთა სიყვარული, ბოროტებისა და ბოღმისგან თავისუფლება, მაძიებელი სული, ზრუნვა მოყვასზე.

ელის ავტორი გვიხატავს, როგორც ქართული სულისა და სილამაზის საოცარ სიმბოლოს: „დაიბადა ელი. სხვა არაფერი შემატებია იმ წელს ქართულ მშვენიერებას“…

ძინხუაზე კი ავტორი გვეუბნება: „ცინვეის მრავალრიცხოვან მეძავთა შორის მისნაირი გარეგნობის საკმაოდ ბევრი იყო, მაგრამ საეჭვოა, მისგვარი სათუთი ხასიათისა სხვა ვინმე გენახათ. ძინხუა, სხვა მეძავებისაგან განსხვავებით, არ იყო მატყუარა და ხუშტურიანი. ის მხიარული ღიმილით ართობდა სტუმრებს, რომლებიც ყოველ საღამოს ეწვევოდნენ ხოლმე მის პირქუშ ოთახს და თუ ხანდახან დაკანონებულზე მეტს უხდიდნენ, უხაროდა, რომ ამ ფულით შეეძლო ერთი ზედმეტი ჭიქა საკეთი გამასპინძლებოდა მამას, ერთადერთ ახლობელ ადამიანს“…

სამწუხარო ის არის, რომ ამ მშვენიერ ადამიანებს ეპოქა ართმევს სასიცოცხლო ძალებს, უსპობს თვითრეალიზების ყველა გზას, აიძულებს აკეთოს ის, რაც მისთვის სრულიად მიუღებელია. ძინხუას უძველესი პროფესიით უწევს თავისა და მოხუცი მამის რჩენა, მაგრამ რაღა რჩენაა ის ბინძური ყოფა, სადაც ის ცხოვრობს? მტვრიანი და ჭუჭყიანი გარემო, სიცივე, სისველე, შიმშილი, საზამთროს მარცვლების კნატუნი შიმშილის აუტანელი გრძნობის მოსაკლავად. გემრიელი საკვები – მხოლოდ სიზმარში.

ელის პარალელურად ნიკო ლორთქიფანიძე ხატავს მეძავ თინოს, რომელიც ძინხუას მდგომარეობაშია, ის იძულებულია საკონდიტროში ნამცხვრის საჭმელად სხეულით ივაჭროს, ბებიის გამოსაკვებად მრავალრიცხოვან კავალრებს გაუმკლავდეს. „ხასობაც სანატრელი გახდა?“ – კითხულობს ლამაზი თინოს სასოწარკვეთილი ბებია, რომელიც მზადაა, თავად იშიმშლოს, ოღონდ თინო არ დაურჩეს მშიერი. ელის მთლად თინოს ხვედრი ჯერ არ რგებია, მაგრამ მისი ელიტარული ოჯახის აღსასრული საზარელ მაჯლაჯუნასავით მოიწევს. ელიმ და მამამისმა შალვამ გაყიდეს და დააგირავეს ყველაფერი, უსაჭიროესიც კი. თითქოს თინოს ხვედრამდე მთლად არ დაცემულა ელი, მაგრამ მისი ყოფა, რომ იძულებულია ინგლისელ ჯონ ჰექსლეის, კინემატოგრაფიაში ადგილის მაძიებელი პრაგმატული ევროპელის ანტურაჟად იქცეს, ამერიკელი ბრომლეის ხელის შემყურე იყოს, დიდად არ განსხვავდება თინოს ხვედრისაგნ. ის სათამაშო თოჯინასავით გამოიყენა პირველმა ქმარმა, რუსმა ოფიცერმა ვლადიმერ ბორენკოვმა, მისი სილამაზე, სიყვარული, განათლება, ადამიანობა და პიროვნული ღირსება არაფრად ჩააგდო მეორე ქმარმა, იერონიმე შვინდაძემ, რომელმაც ისიც კი უთხრა, რომ მისთვის ელი და სხვა ქალი სულერთი იყო. საერთოდ გაუგებარია მისი ურთიერთობა ჯონ ჰექსლეისთან. ჰექსლეის, საკუთარი კარიერის გარდა, არავინ და არაფერი ანაღვლებს, სიყვარულისგან სრულიად დაცლილია. ელის სილამაზე ხიბლავს, მაგრამ მისადმი სექსუალურ ლტოლვასაც კი არ განიცდის, ელი არც ცოლად უნდა და არც საყვარლად. მის მიმართ ორი ინტერესი აქვს – დამაბრმავებელი სილამაზის ქალის კამპანია მომგებიანია მისი იმიჯისთვის და მეორე: ელის მედალიონი, ძველი საქართველოს ძვირადღირებული სიმბოლო. ჰექსლეი კარგად ანგარიშობს: ყველაფრის ფასი ამ ქალს ყელზე ჰკიდია, გული მიგრძნობს, რომ ეს თამარის დროინდელი  მედალიონი უძვირესიაო. თუ ელისთვის მედალიონი ისაა, რასაც სიცოცხლის ფასადაც კი არ გაყიდის, ჰექსლეისთვის ეს ნივთი მორიგი შანსია. მისთვის ყველაფერი იყიდება. ელის შეუძლია ივაჭროს საკუთარი სილამაზით. ბრომლეი, ეს დაკომპლექსებული, გაუთლელი, შემთხვევით გამდიდრებული მილიონერი ლამის შეეხვეწოს, რომ ფული აიღოს მისგან, რამდენსაც მოისურვებს, მაგრამ ელის უნდა, რომ საკუთარი შრომით შეძლოს იძულებით მიტოვებული მამისა და შვილის რჩენა. არ უნდა ბრომლეის ნაჩუქარი ფული, უნდა, რომ გამოიმუშაოს, დაიმსახუროს. ამიტომაც მიდის ის ვა-ბანკზე – გველებთან ცეკვა კაფეში დიდი პროვოკაცია იყო. ელიმ თითქოს რუსული რულეტკა გაითამაშა, სიცოცხლე სასწორზე შეაგდო, ვერც გაფრთხილებამ დაახევინა უკან და გველებთან ცეკვის კულმინაციური სცენით, თავისი ჯადოქრული სილამაზითა და გრაციით გააოგნა ყველა. თითქოს იცოდა, რომ ეს ცეკვა მისი უკანასკნელი გაბრწყინება იყო, რადგან ცხოვრება მომაბეზრებელი გახდა. მოთხრობაში ხშირად ვხვდებით „ვეფხისტყაოსნის“ ალუზიებს. ელი თანამედროვე ნესტან-დარეჯანია. მაგრამ თუ რუსთველის პოემაში ნესტანის გამოსახსნელად იბრძვის ყველა, ელი არავის აინტერესებს, ის მოთმინებით იტანს მეოცე საუკუნის დასაწყისის მარტოსული ადამიანის სპლინს, ნევროტულ გარემოს, გაუსაძლის სულიერ ტკივილს სამყაროს თავზე ჩამომხობის გამო.

რა შერჩათ ელის და ძინხუას ამ კოშმარულ ყოფაში? ელის – მედალიონი, ძინხუას – ჯვარცმა! ჭუჭყსა და სიღატაკეში, ღირსების შემლახველ ყოფაში ქრისტეს ჯვარცმა იყო ერთადერთი ნუგეში. როცა მორიგმა კლიენტმა დასცინა, თუ ქრისტეს მორწმუნე ხარ, ამ ხელობით ზეცაში ვეღარ მოხვდებიო, ძინხუამ მიუგო: „ვფიქრობ, რომ უფალი ქრისტე იქ, ცაში, თვითონ ხვდება ჩემს გულისნადებს, ასე რომ არ იყოს, უფალ ქრისტესა და იაძაიკოს პოლიციელს შორის რაღა განსხვავება იქნება?“

ელისა და ძინხუას ნებისყოფა და ღირსება მკითხველის აღფრთოვანებას იწვევს: თუ ელი ბრომლეის  ფულებს არ დახარბდა, ძინხუამ გმირული მოთმინება გამოიჩინა, როცა სიფილისით დაავადებულმა გადაწყვიტა, სხვისთვის არ გადაედო ეს დაავადება, რაც მისი განკურნების ერთადერთი გზა იყო. მეგობრები, ინჩუნი და შანჩა, ძინხუას ურჩევენ, რომ სხვას გადასდოს დაავდება, შანჩას დაც მხოლოდ ასე განკურნებულა, მაგრამ მარტო დარჩენილი ძინხუას პასუხი ასეთია: „იესო მაცხოვარო, უზენაესო! მამა რომ ვარჩინო, ბინძურ ხელობას ვეწევი, მაგრამ ჩემი ხელობა გამანადგურებს მხოლოდ მე, სხვას კი არას ვავნებ“.

მეძავის ნაცვლად ამ გმირის სახით მკითხველის წინაშე წარმოდგება წმინდანი, უმაღლესი მორალურ-ზნეობრივი კატეგორიებით. ძინხუას „თავისი“ ქრისტე ჰყავს, რომელიც მუდამ ახლოს არის მასთან. ეს განასხვავებს მას ელისგან და სწორედ ამის წყალობით ძინხუა ახერხებს ფიზიკურად გადარჩენას. მან იაპონელ-ამერიკელ მეტისში ქრისტე დაინახა, ილუზია შეიქმნა, რომ მისი სახით ქრისტე მოვიდა. იმ ღამეს სიზმარში გამოცხადებულმა ნანკინელმა ქრისტემაც უგემრიელესი კერძები მიართვა ძინხუას, თავის თავზე კი უთხრა, რომ „იესო ქრისტეს არასოდეს უჭამია ჩინური კერძები“…

სინამდვილეში ეს კაცი მხოლოდ საზარელი თაღლითი იყო, ჯორჯ მერი ერქვა და ინგლისური გაზეთის კორესპონდენტად ასაღებდა თავს, ძინხუა მოატყუა, 10 დოლარს გადაგიხდიო და მერე გაეპარა, მაგრამ გოგონას მაინც არ გაუვლია ცუდი გულში. მან თავისი ქრისტე „გამოაქანდაკა“ სულში და ურყევად სწამდა მისი. თუმცა ეს თაღლითი უნებლიე მხსნელად მაინც ექცა ძინხუას. მან თან „წაიღო“ პატარა მეძავის სიფილისი და თავად შეეწირა ამ დაავადებას, ჭკუიდან შეიშალა… გოგონას კი მისი სტუმრობის შემდეგ არ უავადმყოფია. სწორედ ამ ნარატივშია მიმალული მოდერნისტული პროზის იდეა – მეოცე საუკუნის დასაწყისის პერსონაჟისთვის ღმერთი ან მკვდარია (ნიცშეანური ხედვა) ან დეფორმირებული, მახინჯი, ეფემერული.

35 წლის აკუტაგავამ 1927 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უკურნებელი დეპრესია, ფსიქიკური პრობლემები, რაც სულით ავადმყოფი დედისგან ერგო მემკვიდრეობით, მან ვერ დაძლია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე წარმატებული და აღიარებული მწერალი იყო, მტკიცე და კარგი ოჯახიც ჰქონდა და თითქოს სუიციდის მიზეზი არ ჰქონია. მისი მოთხრობების გმირები დეპრესიული, აწეწილი სულის, სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანები არიან. ნანკინელი მეძავი მათგან განსხვავებულია. თუმცა, გადარჩენის მიუხედავად, ძინხუას ყოფას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ხსნას. ეს მაინც ცოცხლად სიკვდილია, ნელი სიკვდილი.  ელიმ კი ქართველი არისტოკრატის ამაყი პროფილით დაასრულა სიცოცხლე. ნიკო ლორთქიფანიძემ ეს უმშვენიერესი პერსონაჟი ბოლშევიზმის ეპოქაში თავადთა კლასის სიკვდილის სიმბოლოდ დაგვიხატა. მან თავისი უბრწყინვალესი მოთხრობით გადმოსცა მთელი ის კოშმარი, რაც ქართულ არისტოკრატიას ელოდა გავეშებული პროლეტარების ტალღაზე მოსული ბოლშევიკების ხელში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი