ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

საკლასო ოთახში, რომელშიც გაკვეთილს ვატარებთ, როგორც წესი, დგას მაგიდა და ამიტომ მოსწავლეებს – ადვილად რომ გაიგონ, რაზე ვესაუბრებით – ასეთი ანალოგია  მოვუყვანოთ: მაგიდას ყველა სხვადასხვანაირად აღწერს, გააჩნია, ვინ საიდან შეხედავს მას. რადგან ზევიდან დანახული მაგიდა სხვანაირია, ადამიანი, რომელიც ქვევიდან ან გვერდიდან უყურებს მას, სხვა დეტალებს აღმოაჩენს. ამიტომაცაა, რომ იმისათვის, რომ მაგიდა სრულყოფილად აღვიქვათ, შეძლებისდაგვარად უნდა შევიცვალოთ ხედვის კუთხე – ასე არცერთი დეტალი არ გამოგვრჩება და მაგიდის შესახებაც მეტი გვეცოდინება. ხედვის კუთხის შეცვლის დროს დამკვირვებელი ფორმალურად არ იცვლება, მაგრამ იცვლება მისი აღქმა, შესაბამისად, იცვლება ისიც. ასეა ლიტერატურული ნაწარმოებიც. მის გასაგებად აუცილებელია ხედვის კუთხის შეცვლა. ნაწარმოებს თუკი მხოლოდ ერთი კუთხით წავიკითხავთ, ანუ თუკი მას ისე გავაანალიზებთ, რომ ფოკუსში მხოლოდ ერთი პერსონაჟი მოვახვედროთ, გაგვიჭირდება სრულყოფილი აზრის ჩამოყალიბება. ნაწარმოების უკეთ გასაგებად ხედვა სხვადასხვა დეტალს უნდა მივაპყროთ, ვცვალოთ ხედვის რაკურსი და ფოკუსში ხან ერთი ასპექტი, ხანაც მეორე მოვათავსოთ. გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის კითხვის დროს ფოკუსში მოვაქციოთ ჯერ თამაზი, შემდეგ ვასიკო კეჟერაძე და ბოლოს კიმი და ვნახოთ, როგორ შეიცვლება ამის შედეგად მოთხრობის აღქმა.

ფოკუსშია თამაზი

არ მეგულება არცერთი მკითხველი, რომელსაც გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ბოლო სიტყვა დაავიწყდეს. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაწარმოების გარჩევის დროს ხშირად გვავიწყდება, რომ მოთხრობის ბოლო სიტყვა მოთხრობის ბოლო ფრაზაცაა და რომ ის დასასრულია არა მარტო მოთხრობის, ასევე ამბის, რომელიც ასე იწყება: „ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა…“ პირველი ფრაზაც და ბოლოც მიემართება პერსონაჟს – ჩვენ ვეცნობით პერსონაჟის ამბავს, რომელიც ამ ორ ფრაზას შორისაა რამდენიმე გვერდზე მოქცეული. არადა, ეს პერსონაჟი არის ამბის მთხრობელიც და ამბის მთავარი აქტორიც. მოთხრობა, მიუხედავად იმისა, რომ მას სათაურად მთხრობელის სახელი არ ჰქვია, ამ პერსონაჟზეა, მის თავგადასავალზე, რომელიც რამდენიმე საათში ჩაეტია, თუმცა ამ რამდენიმე საათმა შეცვალა მთელი მისი ცხოვრება, შეცვალა კი არა, ააყირავა – პერსონაჟი თავს გადამხდარი ერთი ამბის შემდეგ დაუბრუნდა იმ საწყის მდგომარეობას, რომლის შემდეგაც მან ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ამიტომაც რამდენიმე გვერდზე მოთხრობილ ამბავს უნდა მოსდევდეს მისი ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება, ეს ახალი ამბავი კი მკითხველის წარმოსახვაზეა დამოკიდებული – გაუბედურებულად წარმოიდგენს მთხრობელს თუ იღბლიანად, გაზრდილად თუ გაღარიბებულად. მოთხრობაში გადმოცემული ამბავი ამ ერთ პერსონაჟზეა და არა იმ პერსონაჟებზე, რომელთა წყალობით/დახმარებით/მიზეზით შეიცვალა გმირი, თუმცა ვერც მათ გარეშე შედგებოდა ამბავი და ვერც მათი ჩართვის გარეშე დაიწერებოდა მოთხრობა. რას გვეუბნება მოთხრობის დასასრული სიტყვა „ჩამოალაბორანტეს“? ერთი შეხედვით, ისე ჩანს, თითქოს პერსონაჟი წაგებულ მდგომარეობაშია, თუკი სიტყვის შინაარსს ვენდობით, მაგრამ თუკი სიტყვის ფორმას დავაკვირდებით, მაშინ მივხვდებით, რომ პერსონაჟი გაზრდილია და მან თავსგადამხდარი ამბიდან იმაზე მეტი გამოიტანა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ასევე თუკი მოთხრობის ბოლოს სიტყვას აღვიქვამთ, როგორც მოთხრობის დასაწყისი სიტყვების შედეგს, მივხვდებით, რომ სინამდვილეში პერსონაჟს შანსი მიეცა, აღმოაჩინოს ახალი „მე“ და დაიწყოს ახალი ცხოვრება. ამ ორი მინიშნებით (დასაწყისი და დასასრული ფრაზით) ირკვევა, რომ მოთხრობის ცენტრალური ამბის გმირი მთხრობელია და მისი ცხოვრების მთავარი ამბავი, რომელმაც მას მისცა შესაძლებლობა, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაეწყო, ვასიკო კეჟერაძესთან შეხვედრაა. ამ შეხვედრის შემდეგ პერსონაჟი-მთხრობელი გარდაიქმნა და შეიცვალა. თუკი მოთხრობას თამაზის შეცვლის კუთხიდან განვიხილავთ, მაშინ ეს მოთხრობა იმ რიგის ლიტერატურულ ნაწარმოებთა შორის დაიკავებს ადგილს, რომელთაც ბილდუნგსრომანს ვუწოდებთ (მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობასთან გვაქვს საქმე და არა რომანთან).

როგორც მივხვდით, ჩამოლაბორანტება კარიერულ იერარქიაში დაქვეითებაა, მაგრამ მთხრობელისთვის ეს დაქვეითება დასაწყისია. მოთხრობის ერთ-ერთი საკვანძო ფრაზაა „კარგად დაიწყო“. როგორც წესი, ადამიანები კარგად იწყებენ, მაგრამ მთავარი ისაა, როგორ გააგრძელებენ. სამწუხაროდ, უმეტესობა ვერ ახერხებს, რომ კარგად გააგრძელოს და კარგად დაასრულოს დაწყებული, უმეტესობას არც მეორე შანსი ეძლევა. თამაზი კი იღბლიანი აღმოჩნდება. მას შანსი ეძლევა, „ცხოვრებაში ჩამოლაბორანტებულმა“ახლიდან დაიწყოს. თამაზს, თუკი მანამდე არასწორად ეგონა, რომ ცხოვრებაში მთავარი დაწინაურება და სამსახურებრივი წინსვლაა, თუკი მას არასწორი მოდელები ჰყავდა ცხოვრებაში, ახლა, ამ შეხვედრის მერე მაინც უნდა მიხვდეს, რომ ჩარჩოში არ უნდა მოექცეს და წარმოსახვის განვითარებით და ამოძრავებით მეტი შეიცნოს და ცხოვრებაში მანამდე მიუწვდომელი განსხვავებული სიამოვნებებიც დაინახოს.

როდესაც „კარგად დაიწყო“-ზე ვსაუბრობთ, ცუდი არ იქნება, თუკი სოლონის და კროისოსის ამბავსაც გავიხსენებთ. სოლონმა ვერ უწოდა უმდიდრეს და ძლევამოსილ მეფეს ბედნიერი, რადგან მხოლოდ ადამიანის ცხოვრების უკანასკნელ წამს შეგვიძლია შევაფასოთ ადამიანი, რამდენად ბედნიერი იყო ის. ამდენად, სოლონის სიტყვების – „დააკვირდი დასასრულს“ – მიხედვით, დასასრული იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე დასაწყისი. ეს არ ესმოდა არც თამაზს და არც მის ენერგიულ ხელმძღვანელს, სამაგიეროდ, ეს იცოდა ვასიკო კეჟერაძემ, რადგან ისაა კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარს და მისთვის ლიტერატურა წიგნში კი არ რჩება, ის რეალურ ცხოვრებაში ცოცხლდება.

ფოკუსშია ვასიკო კეჟერაძე

ამ წერილის დასაწყისში მსჯელობისას გამიზნულად გამოვიყენე სიტყვები ხედვის კუთხე, ფოკუსი. ორივე სიტყვას მკითხველისთვის უნდა გაეხსენებინა ფოტოგრაფია, ხელობა, რომელიც გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი პერსონაჟის შემოსავლის წყარო იყო. ამ პერსონაჟის გატაცების მიხედვით ჰქვია მოთხრობას სათაური. ყველაზე უკეთ სწორედ მისი ხასიათი, თვისებები, გემოვნება იკვეთება ნაწარმოებში. ის, და არა სხვა პერსონაჟი, ხიბლავს მკითხველს, ამიტომაც მას (sc. მკითხველს), შესაძლოა, დაავიწყდეს კიდეც ფოკუსის გადატანა მეორე პერსონაჟზე, პერსონაჟზე, რომელიც იმავდროულად ამბის მთხრობელიცაა. რადგან ამ წერილში არ დავივიწყეთ თამაზი, ახლა ჩვენი ხედვა ვასიკო კეჟერაძისკენ მივმართოთ.

ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეებს პერსონაჟის ცხრილის ან ასოციაციური რუკის შედგენას ვთხოვთ. ამ ცხრილში მთელი ინფორმაცია უნდა მოთავსდეს, რომელიც ნაწარმოებში გვხვდება გმირის შესახებ, იქნება ეს თვისებები, გარეგნული ნიშნები, მეტყველების მახასიათებლები, პროფესია თუ სხვა რამ. რაში გვჭირდება ამგვარი ცხრილების შედგენა? რა თქმა უნდა, არაფერში, თუკი ის არ ამოგვაცნობინებს მწერლის სათქმელს, მწერალი კი სათქმელის გადმოსაცემად მის ხელთ არსებულ ყველა ხერხს მიმართავს და მათ შორისაა გმირის დახასიათებაც, რომელიც ზოგჯერ თავმოყრილია და პირდაპირაა მოცემული ტექსტში, ზოგჯერ კი ის გაფანტულია და მასზე ირიბი მინიშნებები გვაქვს. ცხრილები და რუკები გვეხმარება გამოვკვეთოთ პერსონაჟი და არ გამოგვრჩეს არაფერი. ვასიკო კეჟერაძის, ამ მხატვრული პერსონაჟის პიროვნების ასახსნელად ალბათ მისი პროფესიის გათვალისწინებაცაა საჭირო. ამიტომ ცხრილზე/რუკაზე ხელობა არ უნდა გამოგვრჩეს.

ვასიკო ფოტოგრაფია. რა არის ფოტოგრაფია? ფოტოგრაფია სიზუსტესთან ასოცირდება. ხელოვნების სხვა დარგებისგან განსხვავებით, ფოტოგრაფიას პრეტენზია აქვს სიზუსტეზე.

მხატვარი, თუნდაც ის პორტრეტს, პეიზაჟს ან ნატურმორტს ხატავდეს, ვერაფრით ვერ მიაღწევს სიზუსტეს, რადგან მან ერთი წამით (პირობითად) მაინც უნდა მოწყვიტოს თვალი დასახატ ობიექტს და ის ამ ერთი წამის განმავლობაში კარგავს სიზუსტეს, რადგან მზერას კი არა, თავის მეხსიერებას უნდა დაეყრდნოს. აღარაფერს ვამბობ ფერებზე, ზომაზე და სხვა დეტალებზე, რომლებიც სიზუსტეს უკარგავს ხელოვნების ნიმუშს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ დაკარგული სიზუსტის მიუხედავადაც გვიყვარს ხელოვნება, რადგან ხელოვნების მიზანი სულაც არაა სიზუსტე.

ლიტერატურა სიტყვებით აღწევს შედეგს. სიტყვის თვისება კი ისაა, რომ ის ყველას სხვადასხვანაირად ესმის. დავუბრუნდეთ მაგიდას და წარმოვთქვათ ეს სიტყვა. წარმოთქმისას გონებაში ყველას სხვადასხვანაირი მაგიდა წარმოუდგება, განსხვავებული ფორმით, ზომით, დანიშნულებით, ფერით, მასალით და სხვ. ამიტომაც თითქმის წარმოუდგენელია სიტყვით სიზუსტის მიღწევა.

ფოტოგრაფია აფიქსირებს მომენტს, რომლის შეცვლა, ჩანაცვლება და სხვაგვარი აღქმა თითქმის გამორიცხულია (რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს განაცხადი სადავოა და ამ წერილის ფარგლებში ამაზე ვერ ვისაუბრებ). თუმცა ფოტოზე, თუნდაც პასპორტისთვის განკუთვნილ ფოტოზე, აღბეჭდილია სახე, რომლის უკანაც დგას არაერთი ამბავი. ამ ამბების გამოცნობას წარმოსახვა სჭირდება. კარგი ფოტოგრაფის დამსახურებით, ფოტოზე აღბეჭდილ სახეში ამბავი უნდა დაინახოს მნახველმა ისევე, როგორც მკითხველი იგებს ამბავს ტექსტიდან.

ვასიკო კეჟერაძე, კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარს, კაცი, რომელსაც ესმის, რომ ლიტერატურა ფანტაზიაა, კაცი, რომელიც უნდა ხვდებოდეს, რომ ლიტერატურა წარმოსახვას უვითარებს მკითხველს და რომ ეს წარმოსახვა მკითხველიდან მკითხველში იდენტური ვერაფრით ვერ იქნება, არის ფოტოგრაფი – სიზუსტის მოყვარული. მაგრამ ის ამ სიზუსტეში ეძებს მეტს, რადგან ისიც იცის, რომ აბსოლუტური სიზუსტე არ არსებობს და ხელოვნებით მიღწეული სიზუსტის მიღმა დგას აღმქმელი და მასზეა დამოკიდებული აღსაქმელი ობიექტის შეცნობა. პასპორტის ფოტოც კი, რომელიც ყველაზე უფრო ზუსტი უნდა იყოს და რომელიც შემოქმედებითად ვერ გაზრდის ფოტოგრაფს, ვასიკო კეჟერაძისთვის წარმოსახვის განვითარების საშუალებაა – მას ლიტერატურა გადმოაქვს ხელოვნების ზუსტ დარგში.

ფოკუსშია კლიმი

ვასიკო კეჟერაძეს უნდა ესმოდეს, რომ ფოტოგრაფია სიზუსტეა და ლიტერატურას ვერ მოედავები, როცა მასში რამდენიმე სიმართლეს აღმოაჩენს განსხვავებულად მომზადებული მკითხველი (განსხვავებულად მომზადებაში იგულისხმება მკითხველის განათლება, შეხედულებები, ღირებულებები, კრიტიკული უნარი, სქესი, ეროვნება, აღმსარებლობა და სხვ. ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს მის თვალთახედვას და პოზიციას ლიტერატურული ტექსტის შეცნობის გზაზე). მაშინ უცნაურია, როგორ შეიძლება, ამ ცოდნით აღჭურვილ ადამიანს იმდენად მოსწონდეს კლიმი, რომ მას უნდოდეს, სამყაროში ბევრი კლიმი იყოს?

ვინ არის კლიმი? კლიმი ვასიკოს თანაშემწეა და მას უსიტყვოდ ესმის უფროსის, იმდენად, რომ მისი წარმოსახვაც კი ემთხვევა უფროსის წარმოსახვას. მას ზუსტად შეუძლია გამოიცნოს, ამა თუ იმ ადამიანში რომელი პერსონაჟი დაინახა ვასიკომ. კარგია ეს? შესაძლებელია ეს? ჩემი აზრით, ეს არც კარგია და შეუძლებელიცაა. წარმოუდგენელია, ორი ადამიანის – როგორი ერთნაირი გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეთ მათ – წარმოსახვა ერთმანეთისას დაემთხვეს. მაშ რასთან გვაქვს საქმე კლიმის შემთხვევაში? ხომ არ არის კლიმი ის ადამიანი, რომელმაც სახე დაკარგა უფროსის გვერდით, თუნდაც ისეთი უფროსის გვერდით, როგორიც ვასიკო კეჟერაძეა?

ნუ შეგვაშინებს ამ კუთხით ნაწარმოების წაკითხვა, ნუ შეგვაშინებს, რომ ის ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს მოულოდნელი კუთხით დაგვანახებს. მერე რა, რომ ვასიკო კეჟერაძე თითქმის ყველა მკითხველს მოგვწონს. როგორია ვასიკო კეჟერაძის საოცნებო სამყარო? უამრავი კარცერლუქსი, რომელთაც რომელიმე კლიმი განაგებს. დიახ, რომელიმე კლიმი – დაე, ყოჩაღი, დაე, ნაკითხი, მაგრამ მაინც კლიმი. გვინდა დანარჩენებსაც ასეთი კლიმებით გავსებული სამყარო, რომელშიც ადამიანები იმისთვის კი არ კითხულობენ, რომ საკუთარი აზრი შეექმნათ, არამედ სამყარო, რომელშიც ყველას აზრი და წარმოსახვა უფროსისას წააგავს. ვინაა ამ სამყაროში უფროსი? ვასიკო კეჟერაძე? კლიმისთვის ალბათ უფროსი ვასიკო კეჟერაძეა, მაგრამ ვასიკოს მრავალკლიმიან სამყაროში უფროსი უკვე მწერალია. მაგრამ ვის რად უნდა კლიმებადქცეული მკითხველები? კლიმებადქცეულ მკითხველებსა და პოლიტიკური სასტიკი რეჟიმის მიერ ერთმანეთს დამსგავსებულ ადამიანებს შორის არცთუ ისე დიდი განსხვავებაა – ისინიც და ესენიც ინდივიდუალობას კარგავენ და მათ თავიანთი აზრი არ გააჩნიათ.

ვასიკო კეჟერაძე სოკრატეს წააგავს, რომლის სახელმწიფოშიც რომელიღაც პაწია კლიმი მოდარაჯე ძაღლია, ამ სახელმწიფოს რომ უფრთხილდება. მისი პაწიობა უბრალო გარეგნული მახასიათებელი კი არაა, მისი პაწიობა მისი გაქანების აღმნიშვნელია. კლიმი კლიმად დარჩება, იმ კლიმად, რომელიც ვასიკოს განკარგულებებს შეასრულებს და ისე იქნება უფროსის გავლენის ქვეშ მოქცეული, რომ ვასიკოს წარმოსახვა საკუთარი წარმოსახვა ეგონება. მაგრამ სოკრატე, სანამ ის გუშაგებით დაცულ სახელმწიფოს იდეას შემოგვთავაზებს, გამოქვაბულს აღწერს, რომელშიც პატიმრები ცხოვრობენ. ამ გამოქვაბულში პატიმრებს სხვადასხვა საგნებს უჩვენებენ, პატიმრები კი ამ საგნების ანარეკლს უყურებენ კედელზე. ვასიკო კეჟერაძის სამყარო კარცერლუქსი გამოქვაბულია, რომელშიც მწერლები უჩვენებენ სასურველ სურათ-ხატებს პატიმრებს/მკითხველს. სამწუხაროდ, კლიმისნაირ მკითხველს მწერალი კი არა, ვასიკო უჩვენებს სურათ-ხატებს და ესაა მისი პრობლემა. ის ამ სურათ-ხატების შთაბეჭდილების ქვეშ იმდენადაა  მოქცეული, რომ გათავისუფლება უჭირს. შესაძლოა, ერთეულმა ვასიკოებმა/პატიმრებმა შეძლონ გათავისუფლება, მაგრამ გათავისუფლებული პატიმარი პაწია კლიმი კი არაა, გათავისუფლებული პატიმარი თამაზია, თამაზი, რომელიც ჩამოლაბორანტების შემდეგ ცხოვრების ახალ ფურცელს გადაშლის. გათავისუფლებული პატიმარი რომ კლიმი იყოს, მას ისეთივე ასოციაცია არ გაუჩნდებოდა ადამიანზე შეხედვისას, როგორც ეს მის უფროსს უჩნდება.

დასკვნა

შესაძლოა, არ დამეთანხმოთ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის წაკითხვისას ფოკუსში მოქცეული პერსონაჟების ასე აღქმაში, მაგრამ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ჩემთვის ლიტერატურის აღქმა წინააღმდეგობრივია. ამიტომ კითხვას ასე დავსვამ: ვის გინდათ კლიმებით გადავსებულ სამყაროში ცხოვრება? ვის გინდათ, რომ თქვენ ან თქვენი შვილი, თქვენი ახლობელი რომელიმე კლიმი იყოს? ალბათ ამ წერილის წაკითხვის მერე აღარ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ მე პირადად არ მინდა და სრულიად არ აღმაფრთოვანებს ასეთ სამყაროში ცხოვრება. მირჩევნია, ადამიანებს არ უჭირდეთ ხელმძღვანელებთან კამათი, არ ეთანხმებოდნენ მათ ყველაფერში, მკითხველებსაც არ უჭირდეთ მწერლებთან დაპირისპირება და უხერხული არ იყოს იმის თქმა, რომ რომელიღაც ავტორიტეტული მწერლის აზრი შენთვის მიუღებელია (რა თქმა უნდა, არგუმენტები საჭიროა ამ „დაპირისპირების“ დროს). სხვა რა არის დიადი აზრების ისტორია? ერთი მოაზროვნე მეორეს უპირისპირდება არგუმენტირებულად და ასე ვითარდება აზრი. სამყარო რომ დაპირისპირებაზე არ იყოს აგებული, როგორ განვვითარდებით და როგორ წავიწევთ წინ? რა განსხვავება იქნება ასეთ სამყაროში ვასიკო კეჟერაძესა და ახალგაზრდა ენერგიულ ხელმძღვანელს შორის, რომელმაც კარგად დაიწყო, თუკი ერთს თანაშემწედ კლიმი ჰყავს, მეორეს კი ხელქვეითად თამაზი. რა განსხვავებაა ორ ხელმძღვანელს შორის, თუკი მათ თანაშემწეები და ხელქვეითები სანიმუშო მოდელებად აღიქვამენ? ძველი თამაზი იმიტომ კი არ უნდა იყოს ჩვენთვის მიუღებელი, რომ მას მარკესი არ წაუკითხავს, არამედ იმიტომ, რომ მისთვის  ხელმძღვანელია მოდელი, მის წარმოსახვით კარიერულ კიბეზე ხელმძღვანელობამდე ამაღლებაა ცხოვრების მიზანი. კლიმის მოდელიც მისი ხელმძღვანელია. მას ლამის უსიტყვოდ ესმის ვასიკო კეჟერაძის (ცხადია, ლიტერატურის კითხვა სიტყვით გაგებასთან ერთად უსიტყვოდ გაგების უნარსაც უნდა ავითარებდეს – უსიტყვოდ გაგებაში ქვეტექსტებს და სტრიქონებს შორის აზრის ამოკითხვას ვგულისხობ). მაგრამ კლიმის ნაკლი ისაა, რომ მისი წარმოსახვა ხელმძღვანელის წარმოსახვას იმდენად დამსგავსებია, რომ მას სახე დაუკარგავს. ის პაწია კლიმია, ალბათ დაპატარავებული ვასიკო, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ვასიკოს დაპატარავებით კლიმი მიიღება. ასე რომ, ვასიკო კეჟერაძისგან გამოსული თამაზი, როცა ის წიგნების კითხვას დაიწყებს, თუ მისგან კლიმს მივიღებთ, რამდენად გაამდიდრებს სამყაროს? უკეთესი გახდება სამყარო მორიგი პაწია კლიმის შემატებით? თამაზი მთხრობელია. ის ხვდება, რომ შანსი ეძლევა, იპოვოს ახალი მე და სახე, ერთადერთი და განსაკუთრებული. აი, მე როგორი სამყარო მინდა – წიგნის კითხვამ მე რომ არ დაგვაკარგინოს და მე გვაპოვნინოს. თქვენ? თქვენ როგორი სამყარო გინდათ?

 

ტერმინები, რომელთა მნიშვნელობაც ამ მოთხრობის გარჩევის დროს უნდა მოიძიონ მოსწავლეებმა:

მთხრობელი (ნარატორი) – ზოგჯერ მთხრობელი უდრის ავტორს, ზოგჯერ მთხრობელი უდრის პერსონაჟს, ზოგჯერ სამივე ერთში ერთიანდება, ამიტომ ნაწარმოების გარჩევისას აუცილებლად უნდა გამოვკვეთოთ, რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: მთხრობელი=ავტორი; მთხრობელი=პერსონაჟი; მთხრობელი=ავტორი=პერსონაჟი. რატომ არ უნდა გამოგვრჩეს ეს მომენტი ანალიზის დროს? სამწუხაროდ, როცა მთხრობელი პერსონაჟია და ის პირველ პირში ყვება ამბავს, მკითხველს ავიწყდება, რომ საქმე ლიტერატურულ ნაწარმოებთან აქვს და ავტომატურად სვამს ტოლობის ნიშას მთხრობელსა და ავტორს შორის, ეს დაუშვებელია. ასევე მკითხველი, რომელიც იაზრებს, რომ მთხრობელი პერსონაჟია, ერთმანეთისგან გამიჯნავს მთხრობელის პრიზმაში გატარებულ სიმართლეს ფაქტისგან და შეძლებს „მთხრობელის გავლენისგან თავის დაღწევას“ და „ობიექტური ჭეშმარიტების“ დადგენას.

კომპოზიცია  და სტრუქტურა – მოკვლევის შემდეგ მოსწავლემ უნდა იმსჯელოს ლიტერატურული ნაწარმოების აგებულებაზე, მისი შემადგენელი ნაწილების განლაგებასა და ურთიერთშეფარდებაზე. მოსწავლემ უნდა შეძლოს დანახვა, რა კავშირშია ერთმანეთთან ნაწარმოების დასაწყისი და დასასრული, როგორ რეალიზდება მათი დახმარებით ერთ-ერთი ცენტრალური იდეის ხორცშესხმა.

ბილდუნგსრომანი – მიუხედავად იმისა, რომ შესასწავლი ნაწარმოები არაა რომანი და ის მოთხრობაა, ის ბილდუნგრომანის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს და მასში აღწერილია პერსონაჟის ფორმირება, მის მიერ „მე“-ს, საკუთარი თავის პოვნა. ბილდუნგსრომანი ისეთი ნაწარმოებია, რომელიც პერსონაჟის ფორმირებაზეა. ეს პროცესი სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი. ბილდუნგსრომანების შესწავლისას ნიმუშად მოჰყავთ დიკენსის რომანები, სელინჯერის პოპულარული მოთხრობა და სხვ. ბილდუნგსრომანის ქვესახეობებია სათავგადასავლო, აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო, კარიერული ნაწარმოებები – ყველა ის ნაწარმოები, რომელიც იმ ამბავს აღწერს, რამაც ასწავლა ჭკუა, გაზარდა, გარდაქმნა მთავარი გმირი. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუკი მოსწავლეები ბილდუნგსრომანის შესახებაც მოიძიებენ ინფორმაციას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი