პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„მაინც რა არის ჩვენი ყოფა-წუთისოფელი…?“

წერილი ტატოს

გამარჯობა, ტატო… იცი, რამდენი ხანია, შენთან ფიქრით ლაპარაკი დავიწყე?  ჯერ კიდევ მეექვსე-მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ჩემი სოფლის (ხაშურის რაიონი, სოფელი ოსიაური) ერთმა უხუცესმა მასწავლებელმა, ლევან ჩერქეზიშვილმა, საგანგებოდ თავისთან მიმიხმო და მითხრა, წამოდი, სასაფლაოზე, რაღაცას გიჩვენებო. სასაფლაო პირდაპირ ჩვენი სახლის წინ იყო, მხოლოდ გზა გვყოფდა. მოკლედ, გადავედით სასაფლაოზე, მივყვები დუმილით და ინტერესით. მიმიყვანა ეკლესიასთან ახლოს, ძველ საფლავებთან და მითხრა: „-ხედავ, ამ სასაფლაოს?“, – კი, ვხედავ… ეს იცი, ვისი საფლავია? – არაააა…. და საფლავს მივუახლოვდი, რომ ამომეკითხა რაიმე. ზედ მკრთალად ეწერა: მელიტონ ბარათაშვილი. ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნებოდა… ეს იცი, შვილო, ვინ არის? ეს დიდი ტატო ბარათაშვილის მამაა! – როგორ ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის მამაა? აი, „მერანი“ რომ დაწერა, იმ ბარათაშვილის…? ზუსტად…ზუსტად…ეგაა!

ახლაც მახსოვს, ჩემი გაოცება… – როგორ…? იმ გენიოსი პოეტის მამა ოსიაურის სასაფლაოზე? საიდან… როგორ…?

მაშინ დაწვრილებით მიამბო ლევან მასწავლებელმა, როგორ მოხვდა მელიტონი ოსიაურში… და ანდერძად დამიტოვა: ჩემი სიკვდილის შემდეგ ამ სოფელში ეს ამბავი არავის ეცოდინება და შენ გაბარებ, რომ მისი კვალი არ წაიშალოსო!

ეჰ, ტატო…. შენ კი არ გეცოდინება ეგ ამბავი… ყველაფერი შენ შემდეგ მოხდა. შენს დას, ბარბალეს, მდიდარი სასიძო შეურჩიეს, ეს მდიდარი სასიძო იყო ოსიაურელი თავადი, დიმიტრი ვეზირიშვილი… მერე მელიტონი შენზე დარდმა რომ დაასუსტა და ქონებაც შემოაკლდა, შენს დასთან გადმოსულა ოსიაურში… იცი, იმ სასახლეში, სადაც მამაშენმა ბოლო წლები გაატარა, ჩემი სკოლა იყო… დერეფნებში რომ დავაბიჯებდი, სულ მახსოვდა, რომ ცოტა შენც  აქ ცხოვრობდი… რადგან მამას სულ ახსოვდი და სულ შენზე ფიქრობდა ალბათ… ეს ისეთი სტიმული იყო ჩემთვის… უუჰ… ვერც აგიხსნი.

იცი, რომ შავი ჭირი შეეყარა მელიტონს… მერე ამის გამო თბილისში ვეღარ გადმოასვენეს და იქვე დამარხეს. მოკლედ, იმ დღიდან, რაც გავიგე მამაშენის საფლავი, მის „პატრონად“ ვიქეცი… ვუვლიდი – ბალახებს ვწიწკნიდი, ვასუფთავებდი, წითელ კვერცხებს ვუგორებდი აღდგომას… სოფელმაც ყურადღება მიაქცია ამ ამბავს.  ბოლოსდაბოლოს, გაარკვიეს, ვის საფლავს უვლიდა რობერტას გოგო. მეორე წყარო, საიდანაც ეს ამბავი გავიგე, ჩემი მურადი მა

სწავლებელი იყო… ხშირად გადავდიოდით საფლავზე სკოლიდან და შენს ლექსებს ვკითხულობდით, – ეს შენთან შეხვედრა იყო.

ამ პანდემიის დროს, მიხვდები, რატომ გამახსენდებოდა შავი ჭირით გარდაცვლილი მელიტონი… ჰოდა, მომინდა ეს ყველაფერი შენთვისაც მომეყოლა.

ტატო, კიდევ იცი, რა არის? ამ დღეებში კიდევ ერთხელ შენი ლექსების სტრიქონები ამოტივტივდა ცნობიერების ზედაპირზე: „მაინც რა არის ჩვენი ყოფა, წუთისოფელი?“… სტუდენტებსაც ხშირად ვაფიქრებ ამაზე და მეც ვფიქრობ… პასუხები ბავშვობიდან მოყოლებული, სულ სხვადასხვანაირი მაქვს…

ახლაც მთელი ძალით ითხოვს პასუხს ეგ კითხვა… და მე ახლა პასუხი არ მაქვს… რა ვიცი, იქნებ ასე უფრო ადვილია ცხოვრება?

 

ამ გახსენებაზე,  გაზეთ „ჩვენი მწერლობაში “  (#74, 17 ოქტომბერი, 1998 წელი ) ამ თემაზე წერილი დავწერე. ვფიქრობ, ყველა მასწავლებლისთვის ეს ინფორმაცია საინტერესო უნდა იყოს>

 

 

სად განისვენებს ნიკოლოზ ბარათაშვილის მამა?

 

„მელიტონი როგორ არის, ტფილისისთვის ხომ არ ოხრავს?“- კითხულობს გრიგოლ ორბელიანი (მელიტონ ბარათაშვილის ცოლის ძმა) 1860 წლის 6 დეკემბრით დათარიღებულ წერილში.

„ვინ იცის, იქნებ ოხრავდა კიდეც. ამ დროს კი მელიტონ ბარათაშვილი ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურშია – ქალიშვილის – ბარბარეს ოჯახში, რომელიც გათხოვილი იყო ამ სოფლის დიდებულზე- მეფის რუსეთის გენერალ-მაიორზე – დიმიტრი ვეზიროვზე (ვეზირიშვილი).

მელიტონსა და ეფემიას 15 შვილიდან მხოლოდ 5 დაურჩათ: ტატო, ეკატერინე, ბარბარე, ნინუცა და სოფიო; ოთხ დათაგან ორი ხაშურის რაიონში იყო გათხოვილი- ქვიშხეთსა და ოსიაურში, სადაც სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად სტუმრობდა მელიტონი.

 

ცოტა რამ ისტორიიდან

პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის მამა- მელიტონ ნიკოლოზის ძე ბარათაშვილი წარმოშობით ქართლიდან იყო. ბარათაშვილების ძველი არისტოკრატიული გვარეულობის სამკვიდრო იყო ქვემო-ქართლი. საქართველოს სამეფოს არსებობის უკანასკნელ საუკუნეებში ბარათაანთ გვარეულობა პირველობდა ქვემო ქართლში და ეს მხარე „საბარათიანოს“ სახელით წოდებული ქართლის სამეფოს „მოწინავე სადროშოში“ შედიოდა (XVI-XVII საუკუნეებში).

მელიტონ ბარათაშვილი დაიბადა 1794 წელს, 1803 წელს, როცა მელიტონის მამა- ნიკოლოზი, დიდი რაინდული ბუნების ადამიანი და პატრიოტი ქვეყნისა, რუსეთში გაჰყვა გადასახლებულ მარიამ დედოფალს, მელიტონიც თან წაუყვანია. როდის დაბრუნდა იგი საქართველოში, ამის შესახებ პირდაპირი ცნობები არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მე-19 საუკუნის პირველი ათეულის ბოლო წლებში იგი თბილისშია და სწავლობს „კეთილშობილთა სასწავლებელში“.

სრულიად ახალგაზრდა მელიტონი შედის სახელმწიფო სამსახურში და 1810 წელს ინიშნება თარჯიმნის თანამდებობაზე საქართველოს მთავარმართებლის სამმართველოში, იგი იყო მაღალი რანგის თარჯიმანი. 1837 წელს, როდესაც იმპერატორი ჩამოვიდა თბილისში, მელიტონი თარჯიმნობდა.

1820 წელს მელიტონმა კაპიტნობა მიიღო, მუშაობდა ქალაქ განჯის პოლიცმეისტერად, შემდეგ განჯის ოლქის მმართველად. 1832 წელს მელიტონს უბოძეს მაიორობა, დაუნიშნეს პენსია 900 მანეთი. ამ დროიდან მელიტონი თავს ანებებს სახელმწიფო სამსახურს და გადადის თავად-აზნაურობის არჩევნებითს სამსახურში. „მელიტონი, როგორც გადმოგვცემენ, და ეს ყველაფერი დასტურდება, დიდი გავლენით სარგებლობდა თავადაზნაურობის წრეებში და მის სიტყვას დიდი გასავალი ჰქონდა“. მოგვიანებით მელიტონს ირჩევენ თბილისის თავად-აზნაურობის მარშლად. იგი საშუალო შეძლების თავადიშვილი ყოფილა. ცხოვრობდა დიდი ხელგაშლით. „მისი ოჯახი, – წერს იონა მეუნარგია, – ფართოდ გაშლილი ოჯახი იყო და სუფრა ღონეზე გადამეტებულად მდიდარი და ნაქები მთელს ქალაქში. ხშირმა სტუმარმა და წვეულებამ თან წარიღეს მისი ავლა-დიდებაც, მელიტონი ჩავარდა დიდ გადაუხდელ ვალში“.

თანამედროვეთა ცნობით, მელიტონ ბარათაშვილი ყოფილა ქართულ ენაზე განათლებული კაცი, კარგად მცოდნე ქართული ლიტერატურისა, საუცხოო მოსაუბრე და მჭერმეტყველი; ბუნებით- კეთილი, მაგრამ, ამასთან ერთად, პირდაპირი, მიუდგომელი, ზოგჯერ კი- გადამეტებულად ფიცხი, ზვიადი და მრისხანე. ორბელიანთა საოჯახო გადმოცემის მიხედვით მოგვითხრობენ, რომ მაზრის მარშლად ყოფნის დროს მელიტონს გუბერნატორის მდივანი გაულახავს, რომელსაც რაღაც ქაღალდის მოძებნაზე უარი უთქვამს.

გადმოგვცემენ როგორც კურიოზს, რომ როდესაც მელიტონი ანჩისხატიდან შუა-ბაზარში გამოვიდოდა, ზოგი ვაჭარი დუქანსაც კი კეტავდა, ვაი თუ მელიტონს რაიმე არ მოეწონოს და გაგვირისხდესო.

მელიტონისა და ეფემიას ოჯახში, რომელიც წარჩინებულად ითვლებოდა 20-იან- 40-იან წლების თბილისში, იკრიბებოდა იმდროინდელი რჩეული ქართული საზოგადოება. კ. მამაცაშვილის გადმოცემით, „მელიტონის სახლში ნახავდით ძველს ჩვენს სწავლულ ქართველებს; იმათ შორის, თითქმის ყოველდღე მელიტონთან დაიარებოდა ეგნატე იოსელიანი, მამა ჩვენის მწერლის პლატონისა… ..აქ ხშირად დადიოდნენ: პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ორნი ძმანი ნიკოლოზ და მიხეილ ფავლენიშვილები, სოლომონ მეითარი თარხნიშვილი, გიორგი და ალექსანდრე საგინაშვილები და ბევრნი მაშინდელის დროის განათლებულნი ქართველნი.

 

სიღატაკეში

1844 წლისთვის ბარათაშვილების ოჯახი სრული სიღატაკის პირას დადგა. თუ სადამდე იყო მისული ოჯახის გაღატაკება, შესაძლოა წარმოვიდგინოთ იმის მიხედვით, რომ, როდესაც ნ.  ბარათაშვილი გარდაიცვალა, ოჯახს არ ჰქონდა იმის შეძლებაც კი, რომ შავებით შემოსილიყო.

ახალგაზრდა პოეტს- ტატოს სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმე ტვირთი დააწვა მხრებზე. მელიტონი ცდილობდა, რომ შვილისთვის როგორმე შეემსუბუქებინა ხვედრი. 1844 წელს მან  მიმართა კავკასიის მთავარმართებელს ნეიდგარდტს თხოვნით, რომ დაენიშნათ იგი რაიმე თანამდებობაზე, რაც მის დამსახურებას შეეფერებოდა. მთავარმართებელმა არ ისურვა ნიკოლოზ ბარათაშვილის მამის სამსახურში განწესება.

მელიტონმა ვერ აიტანა ეს დარტყმა და დარდით შეპყრობილს დამბლა დაეცა. ამის შემდეგ იგი აღარ გამობრუნებულა და ლოგინად იყო ჩავარდნილი.

შეწუხებული გრიგოლ ორბელიანი, რომელიც ამ დროს დაღისტანში იმყოფებოდა, წერს ძმას- ზაქარიას: „ილიასაგან მომივიდა წიგნი, რომელშიაც მაცნობებს მელიტონის დამბლობას. შენი მტერი შეწუხდეს ისე, როგორც მე ამ ამბითა, რა უნდა ქნას სიყმითვე ეფემიამ (იგულისხმება მელიტონის მეუღლე, გრიგოლ ორბელიანის და), რით შეინახოს ესოდენი წვრილი შვილები, სრულიად ღატაკად დაშთომილნი…რა ვუყოთ, რითა ან როგორ შევეწივნეთ უსახლკაროს, უპუროს, უტანისამოსოსა ჩვენსა დასა. ეს ფიქრი მაგიჟებს სრულიად, ნეტავ მოვკვდე და მოვრჩე.

 

რა უნდოდა მელიტონს სოფელ ოსიაურში, ვინ იყო დიმიტრი ვეზირიშვილი?

1849 წელს მელიტონის მეუღლე- ეფემიაც გარდაიცვალა. გრიგოლ ორბელიანმა ითავა დიშვილთა დაოჯახება; 1852 წელს იგი თავის რძალს, ზაქარიას ცოლს- ქეთევანს წერს: „გეთაყვანე, ერთი იფიქრე კარგად და უშოვე შესაფერისი ქმარი ჩვენს დისწულს, – ბარბარეს, ესე იგი ეფემიას ქალს, ჩემის მხრივ, შემიძლია მივცე ასი თუმანი თეთრ მზითვად“, როგორც ჩანს, ახლობლები მართლაც დატრიალებულან და შესაფერისი საქმროც ამოურჩევიათ ბარბარესთვის- ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურის მკვიდრი, შემდგომში მეფის რუსეთის გენერალ-მაიორი დიმიტრი ვეზიროვი (იგივე ვეზირიშვილი).

ქორწინება 1852 წელს შემდგარა, დიმიტრი ვეზირიშვილი გასული საუკუნის 90-იან წლებში ბათუმში მსახურობდა. ამავე დივიზიაში იმყოფებოდა დავით კლდიაშვილი, რომელიც ასე ახასიათებს დიმიტრისა და ბარბარეს: „ჩვენი ნაწილის უფროსი იყო პოლკოვნიკი ვეზირიშვილი, ცოლად ჰყავდა პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის და…თვით ვეზირიშვილი ახირებული ადამიანი იყო, ყმაწვილი ქალები ჩააცივდებოდნენ ხოლმე გამოეყვანა ბატალიონი სავარჯიშოდ- საპარადოდ.. ვეზირიშვილიც უსრულებდა მათ თხოვნას- გამოჰყავდა როტები და ამათ წინაშე ცერემონიალით არონინებდა წინ და უკან“.

 

მელიტონის გარდაცვალება

მარტოდარჩენილი მელიტონი სიძეების ხშირი სტუმარი ყოფილა. ერთ დროს ხელგაშლილს, ბედმა უმტყუნა. გაღარიბებასთან ერთად შვილი და მეუღლეც გამოეცალა ხელიდან და ქალიშვილების ამარა დარჩა. თბილისში ყოფნა მელიტონს ბოლო ხანებში აღარ შეეძლო და ხშირად ვეზირიშვილების ოჯახში იმყოფებოდა. 1860 წლის შემოდგომა მან ოსიაურში გაატარა, აქვე მოუსწრო ზამთარსაც. დეკემბრის თვე ავბედითი გამოდგა მელიტონისთვის, აქ, ოსიაურში, დაასრულა სიცოცხლე თბილისის მაზრის თავადაზნაურობის ყოფილმა მარშალმა, უმაღლესი რანგის თარჯიმანმა- მელიტონ ბარათაშვილმა, როგორც ამბობენ, შავი ჭირი შეყრია და ამიტომ ვერ წაუსვენებიათ თბილისს. უხვთოვლობისას ვინ იზრუნებდა მის წასვენებაზე და აქვე აუგიათ წესი და სოფელ ოსიაურის სასაფლაოზე- საყდრის ჩრდილოეთ მხარეს მიუბარებიათ იგი მიწისთვის. შემდეგში მელიტონის გვერდით დაუკრძალავთ სიძე- დიმიტრი ვეზირიშვილი.

 

დაკარგული საფლავები

მელიტონის ქალიშვილებმა დიდხანს იცოცხლეს. ბარბარე 1919 წელს გარდაიცვალა 84 წლის, სოფიო- 1916 წელს 75 წლის.

როგორც ჩანს, ბარბარე ბოლო ხანებში თბილისში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა. მისთვის წესი აუგია საქართველოს მომავალ პატრიარქს- კალისტრატე ცინცაძეს (მაშინ დეკანოზი იყო). პოეტის და ბარბარე დაუსაფლავებიათ ვერის იოანე ღვთისმეტყველ ეკლესიის გალავანში, ამჟამად საფლავი აღარ ჩანს. ეფემიას საფლავიც დაკარგულა ქაშვეთის ეკლესიის გალავანში.

 

P.S. მელიტონის საფლავზე მემორიალური დაფა გააკეთა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მაგრამ, როგორც ბოლოს ვნახე, კიდევ ესაჭიროება შეკეთება…  ხომ შეიძლება, ერთხელ ისე საფუძვლიანად გააკეთონ, რომ შეკეთება 1 საუკუნე აღარ დასჭირდეს მაინც…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი