პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოზარდები და უშინაარსო დღეების შინაარსი

ზამთრის არდადეგები რომ დამთავრდა, ეტყობა, კარგად დასვენებული არ ვიყავი, – დიდად ორიგინალური იდეებით არ შევსულვარ საკლასო ოთახებში. უბრალოდ, ვთხოვე ბავშვებს, გაეხსენებინათ არდადეგების ერთი საინტერესო დღე. ჩემს გაოცებას და სასოწარკვეთილებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა აღმოვაჩინე, რომ სულ რამდენიმეს ახსოვდა, რა მოხდა არდადეგების განმავლობაში. ეს განსაკუთრებით მოზარდებთან, მერვე- მეცხრე-მეათეკლასელებთან იგრძნობოდა. ეს ის ასაკია, როცა ბავშვები ცდილობენ, თავი დაიძვრინონ უფროსების გადაჭარბებული ყურადღებისგან, მზრუნველობისგან, ოჯახური ტრადიციებისაგან და ხშირად რჩებიან საკუთარი თავის ამარა.

როცა შევატყვე, რომ გახსენება უჭირდათ, ვცადე, კითხვებით დავხმარებოდი: მეგობრებთან შეხვედრა? ოჯახთან ერთად გასეირნება? ვინმეს  გაცნობა? უცნობი ადგილის მონახულება? ფილმი? წიგნი?..

უმეტესობა მპასუხობდა: „არა, მას, მთელი ღამე კომპიუტერზე ვთამაშობდი (ან სოციალურ ქსელში ვსაუბრობდი), მერე მთელი დღე მეძინა“. კითხვაზე, რას ეუბნებოდნენ ამ დროს მშობლები, მესმოდა: „მეჩხუბებოდნენ, მაგრამ…“ ერთმა მეცხრეკლასელმა გოგონამ მითხრა: გუდაურში ვიყავი, მაგრამ გარეთ ერთხელაც არ გავსულვარ, მაინც ტელეფონში ვიყავი ჩამძვრალიო.

რამდენიმე დღე დავდიოდი ენაჩავარდნილი და დაზაფრული, საშინელი უმწეობის განცდით შეპყრობილი. ყველაფერი: ლიტერატურა, გრამატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია – ამაოა, თუ ბავშვის ცხოვრებას შინაარსს არ სძენს.

მერე ინტერნეტში გადავაწყდი სტატიას, რომელიც მოზარდების სმარტფონებზე დამოკიდებულებას ეხებოდა. ავტორი წერდა, რა საშიშია ვირტუალურ სამყაროზე მიჯაჭვა, როგორ სჭირდება ტვინს განვითარებისთვის მრავალფეროვანი გარეგანი სტიმულები, გარემოსთან, ბუნებასთან კონტაქტი; რომ არსებობს ცნება „ციფრული დემენცია“…

გადავწყვიტე, ამ თემაზე ბავშვებთან მესაუბრა – იქნებ სხვა კუთხით შეეხედათ თავიანთი ცხოვრების წესისთვის. ერთი გაკვეთილი დავუთმეთ იმაზე საუბარს, რომ უკვე დიდები არიან და შეუძლიათ, ბევრი რამ თავად, უფროსების ჩარევის გარეშეც, შეცვალონ საკუთარ თავში სასიკეთოდ.

მასწავლებლებისთვის ადვილი შესამჩნევია, რომ ამ ასაკში ბავშვები თითქოს გაურბიან, მაგრამ სინამდვილეში მათ მოსწონთ და სჭირდებათ საკუთარ თავზე დაკვირვება და ლაპარაკი. ფილმი „თავისუფლების მწერლები“ რომ ნახეს, ძალიან მოეწონათ. ამ ფილმის ერთ ეპიზოდში მასწავლებელი ავლებს ხაზს, რომლის აქეთ-იქით დგებიან ერთმანეთთან დაპირისპირებული (სხვადასხვა რასის, სხვადასხვა კლანის წარმომადგენელი) მოსწავლეები. მასწავლებლის ინსტრუქცია მარტივია: ის სვამს კითხვებს, რომლებზეც დადებითი პასუხის შემთხვევაში მოზარდებმა ხაზისკენ უნდა გადადგან ნაბიჯი, უარყოფითის შემთხვევაში – უკან. მასწავლებლის მიზანია, ბავშვებმა დაინახონ, რამდენი საერთო აქვთ: ინტერესებიც, პრობლემებიც და ტკივილიც. ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, მიუახლოვდნენ და თვალებში ჩახედონ ერთმანეთს. ერთგვარი ფსიქოლოგიური ფანდია ისიც, რომ ამ თამაშში ბავშვებს არ უწევთ საუბარი მათთვის მტკივნეულ, ტაბუდადებულ თემებზე, მაგრამ სინამდვილეში თითოეულის პრობლემა ყველასთვის ცხადი ხდება.

მტკივნეული საკითხები ყველა კლასშია, ამიტომ გადავწყვიტე, ეს თამაში ჩემს ბავშვებთანაც მომესინჯა და კითხვები იმ პრობლემების მიხედვით შემედგინა, რომლებსაც ამა თუ იმ კლასში ვამჩნევდი.

მოსწავლეებს თავიდანვე ვაფრთხილებ, რომ ამ ფსიქოლოგიურ თამაშში გულწრფელობა გადამწყვეტია, მაგალითად:

ნაბიჯი წინ გადმოდგას მან:

  • ვისაც სიმღერა უყვარს;
  • ვისაც ერთხელ მაინც უთამაშია ფეხბურთი;
  • ვისაც კითხვას ფილმების ყურება ურჩევნია;
  • ვისაც მათემატიკა უყვარს;
  • ვისაც მიაჩნია, რომ სკოლა უსარგებლოა;
  • ვისაც მიაჩნია, რომ სკოლაში ისე არ ექცევიან, როგორც იმსახურებს;
  • ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ბულინგის მსხვერპლი;
  • ვისაც მიაჩნია, რომ ერთხელ მაინც უსამართლოდ მოვექეცი;
  • ვისაც მიაჩნია, რომ ცხოვრებაში არაფერი გამოსდის;
  • ვისაც მიაჩნია, რომ ყველაფერი გამოუვა, თუ მოინდომებს;
  • ვისაც მიაჩნია, რომ მშიშარაა;
  • ვისაც მიაჩნია, რომ შეცდომებს ხშირად უშვებს;
  • ვისაც მიაჩნია, რომ უპატიებელი შეცდომა ჩაიდინა;
  • ვისაც სჯერა, რომ კარგი მომავალი ექნება;
  • ვისაც მიაჩნია, რომ სწავლა მისი საქმე არ არის;
  • ვინც დარწმუნებულია, რომ საზღვარგარეთ ისწავლის;
  • ვისაც მიაჩნია, რომ რასაც ახლა ვაკეთებთ, რაღაც მიზანს ემსახურება.

ბავშვები ინტერესით აკვირდებოდნენ ერთმანეთს. თამაში რამდენჯერმე გამამეორებინეს სხვადასხვა სიტუაციაში და სხვადასხვა კითხვებით. მერე შემჩნეულ პრობლემებზე ვმსჯელობდით. წაკითხულ ნაწარმოებებსაც ვიშველიებდით.

მას შემდეგ ვცდილობდი, ხშირად გამომენახა დრო ისეთი აქტივობისთვის, რომელიც მათ საკუთარ თავსა და ერთმანეთზე დააფიქრებდა.

როცა იძულებითი არდადეგები გაგრძელდა, ყველაფერთან ერთად, იმაზეც მეფიქრებოდა, რას აკეთებდნენ სახლებში გამოკეტილი ბავშვები. ამიტომ ვთხოვე, არდადეგების დღიურები შეედგინათ, რათა მათაც მეტი ეფიქრათ საკუთარ თავზე და მათთვის საინტერესო რამეებზე და მეც მეტი გამეგო მათ შესახებ.

ასეთი დავალება შევთავაზე – ბლიცინტერვიუ მაიასთან:

  • სახელი, გვარი;
  • ფრაზა, რომელსაც ხშირად ამბობ;
  • შენი მეტსახელია…
  • საქმიანობა, რომელიც ძალიან გეხალისება;
  • ფილმის ან წიგნის პერსონაჟი, რომელსაც ადარებ საკუთარ თავს; რატომ?
  • შენი ჩვევა, რომელიც სხვებს აღიზიანებთ;
  • გწყინს, როცა გეუბნებიან…
  • ვერ თოკავ ბრაზს, როცა…
  • გიყვარს…
  • იტირე, როცა …
  • ყველაზე სასაცილო მომენტი იყო…
  • მეგობარი შენთვის ნიშნავს…
  • ოჯახის წევრებიდან ყველაზე ახლოს ხარ….
  • შენთვის მიუღებელია, როცა მასწავლებელი …
  • ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ …

მეორე დავალება შინაარსიანი დღის დაგეგმვა და განხორციელება იყო. მაგალითიც მივეცი – ჩემს სიცოცხლეში პირველად დავწერე, რას ვაპირებდი და რას ვაკეთებდი დღის განმავლობაში.

უცვლელად გადმომაქვს დავალების პირობა:

 

დაგეგმეთ ერთი შინაარსიანი დღე. „შინაარსიანი“ გულისხმობს, რომ დღის განმავლობაში ბევრი სხვადასხვანაირი რამის გაკეთება უნდა მოასწროთ (მაგალითად, ფილმის ნახვა, წიგნის წაკითხვა, მუსიკის მოსმენა, ოჯახის წევრების დახმარება…).

I ნაწილი: წინა ღამით პუნქტებად უნდა ჩამოწეროთ, რის გაკეთებას აპირებთ მეორე დღეს;

II ნაწილი: მეორე საღამოს დაწერეთ, რისი გაკეთება მოახერხეთ და რისი – ვერა.

აბა, წარმატებები და დაიმახსოვრეთ, შინაარსიანი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია!

P.S. არ ჩაითვლება ასეთი გეგმა: „დღის ხუთ საათამდე უნდა მეძინოს, მერე გავიღვიძებ, ვჭამ და დილის 5 საათამდე რობლოქსს ვითამაშებ!!!“

ხალისით მიგზავნიდნენ შესრულებული დავალების ფოტოებს. მათ ნაწერებში კარგად ჩანდა, როგორ ცდილობდნენ, საინტერესო დღე დაეგეგმათ. თუ გამოუვიდოდათ, მათი კმაყოფილებაც იკითხებოდა ნაწერებში, თუ არა – გულის დაწყვეტაც.

 

მომდევნო დავალება ასეთი იყო:

იყო ასეთი სატელევიზიო პროექტი – „1 წუთი მაესტროზე: სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ერთ წუთს აძლევდნენ იმისთვის, რომ მათთვის საინტერესო თემაზე ელაპარაკათ.

თავდაპირველად მოუსმინეთ მწერალ დათო ტურაშვილს, სპორტსმენ გიგა ჭიკაძეს და ბათუმელ გამომცემელსა და წიგნების მაღაზიის მფლობელ ირაკლი ბაკურიძეს („წიგნები ბათუმში).

წარმოიდგინეთ, რომ ახლა თქვენ ხართ ამ გადაცემის მონაწილეები (მოსმენილიდან გამომდინარე, მიხვდებით, როგორ უნდა ააგოთ თქვენი მონოლოგი), შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო თემა, რომელზეც ერთი წუთის განმავლობაში ისაუბრებთ. გადაიღეთ ვიდეო და გამომიგზავნეთ.

მონოლოგის შეფასების კრიტერიუმებია:

  • შერჩეული თემა საინტერესოა;
  • მოჰყავს მაგალითები პრობლემის წარმოსაჩენად;
  • საუბრობს გამართულად, მეტყველებისას არ უშვებს უხეშ შეცდომებს.

 

ჩამოგითვლით რამდენიმე თემას, რომლებსაც ბავშვებმა ხალისით დაუთმეს თავიანთი ერთი წუთი:

  • რატომ და როგორ უნდა ვიზრუნოთ შინაურ ცხოველებზე;
  • რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნება და მუსიკა და რა არასწორი ტენდენციაა სკოლებში მათი მეორეხარისხოვან საგნებად მიჩნევა;
  • რატომ უნდა დავაფასოთ ჩვენი გარეგნობა და ხშირად რა სავალალო შედეგი მოაქვს აკვიატებულ პლასტიკურ ოპერაციებს;
  • რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის როლი გარემოს სასიკეთო ან სავალალო ცვლილებაში;
  • ემიგრანტობა.

 

ამ დავალებებს მივაყოლე ფილმები მარტივ სქემებთან ერთად:

ამ ფილმა დამაფიქრა იმაზე, რომ …  

 

 

 

 

 

 

განსაკუთრებით მომეწონა პერსონაჟი …, რადგან…

 

 

 

 

 

 

 

 

ამ ფილმის საშუალებით გავიგე, რომ…

 

 

 

 

 

 

 

 

მე რომ ამ ფილმის რეჟისორი ვყოფილიყავი…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფილმის სათაური, რეჟისორი:

ამ ფილმმა გამახსენა:

 

რა თქმა უნდა, წავაკითხე პატარ-პატარა მოთხრობებიც, ამონარიდებიც ნაწარმოებებიდან რამდენიმე სააზროვნო კითხვით ან სავარაუდო დასასრულით.

მერე ისევ მულტიმედიური დავალება მივეცი: დავავალე ვიდეოკოლაჟების შექმნა ლექსებზე, რომლებიც მოსწონდათ და უყვარდათ. უმეტესობას მშვენივრად გამოუვიდა.

ამ ყველაფერს ერთვოდა ჩემი რეკომენდაციები, რჩევები იმ ნაწარმოებების თაობაზე, რომლებიც მათთვის, შესაძლოა, საინტერესო აღმოჩენილიყო.

დავალებები მარტივია, მაგრამ მოსწავლეებს ეხმარება, შინაარსიანად გაატარონ დღე, ნააზრევის სტრუქტურულად დალაგებას, წერილობით ჩამოყალიბებას ასწავლის, მულტიმედიური უნარების განვითარებაში ეხმარება. მთავარი კი ის არის, რომ ბავშვები ამ დავალებებს მხოლოდ შინაგანი მოტივაციით ასრულებენ და არა ნიშნებისთვის.

ის დროა, მასწავლებლებმაც და მშობლებმაც დავიჯეროთ, რომ ნიშნები დიდი პირობითობაა.

პატარა გრეგუარის სიტყვები გამახსენდა ერთი წიგნიდან: „მე ვფიქრობ, რომ ქულები არაფერსაც არ ნიშნავს. არსებობს კიდევ მოტივაცია. ძალიან მინდა გრანშამში მოვხვდე, რადგან, ჩემი აზრით, მანდ ვიქნები ყველაზე ბედნიერი. არც დიდი ვარ და არც მოსული. მხოლოდ 35 კილო იმედს ვიწონი. შეხვედრამდე!”

იმედი კი ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება.

შეხვედრამდე, ბავშვებო!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი