პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ეკრანის იქით მყოფი ბებია-ბაბუა და ჩვენ

პანდემიის პირობებში მთავარ რისკჯგუფს ხანდაზმულები – ჩვენი შვილების უსაყვარლესი ბებიები და ბაბუები წარმოადგენენ. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იზოლაციის რეჟიმი. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ამ დროს თავი ვარიდოთ მოხუცებთან კონფლიქტს, მეტი მოთმინებით მოვეკიდოთ მათ ნებისმიერ თხოვნას. ხანდაზმულებთან მშვიდობიანი დიალოგი საშუალებას მოგვცემს, სიტუაციაზე კონტროლი არ დავკარგოთ.

თუ ბებიები და ბაბუები ცალკე ცხოვრობენ და ინტერნეტზე ხელი მიუწვდებათ, მათ გამხნევებაში უდიდეს როლს ითამაშებენ შვილიშვილები. მანამდე კი, ვიდრე გიამბობდეთ, რა გზით შეგვიძლია ბავშვებსა და ხანდაზმულებს შორის სასარგებლო კავშირის განმტკიცება დისტანციურად, არ დაივიწყოთ: ხანდაზმულების მომარაგება საჭიროა არა მხოლოდ სურსათით და ჰიგიენის ნივთებით, არამედ დროის გასაყვანი საშუალებებითაც – წიგნებით, მარტივი სამაგიდო თამაშებით, კროსვორდებით და სხვა თავშესაქცევით.

იმისთვის, რომ ჩვენი ხანდაზმული მშობლების ვიდეოზარები არ იქცეს ერთფეროვან, მოსაწყენ მოკითხვებად („დღეს რა ჭამეთ?“, „ბავშვებმა როგორ იმეცადინეს?“), შეგვიძლია, კომუნიკაციას მრავალფეროვნება და ეშხი შევმატოთ, ამაში კი ბავშვების ჩართვა აუცილებელია.

 

გრაფიკული კარნახი

შესაძლოა, ბავშვობიდან გახსოვდეთ უჯრედებში ხატვა კარნახით. ეკრანის იქით მყოფი ბებია-ბაბუა კარნახობს შვილიშვილს: „ორი უჯრედი ქვემოთ, სამი უჯრედი მარჯვნივ, ერთი უჯრედი მარცხნივ…“ შვილიშვილი ხატავს, აფერადებს უჯრედებს და საბოლოოდ რაღაც ფიგურას იღებს, ვთქვათ, პეპელას ან გველს. ასეთი კარნახი შესანიშნავია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და უმცროსკლასელების გონებრივი განვითარებისთვის. ინტერნეტში მაგალითებს იოლად ნახავთ.

სთხოვეთ ბავშვს, წინასწარ მოამზადოს უჯრედებიანი რვეული, სახაზავი, საშლელი, ფანქრები. დააზუსტეთ ბებია-ბაბუისა და ბავშვის ონლაინ კავშირის დრო. პირველ ჩართვაზე ბავშვს შესაძლოა მშობლის დახმარება დასჭირდეს, მაგრამ თანდათან დამოუკიდებლად შეძლებს ხატვას და სიამოვნებით დაელოდება ბებია-ბაბუის მორიგ ვიდეოზარს.

 

აუდიოზღაპარი

ბავშვებისთვის საჯაროდ კითხვის ხელოვნება უკვე ბევრმა ზრდასრულმა აითვისა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, სხვა დონეზე ახვიდეთ და სთხოვოთ ბებია-ბაბუას, საკუთარი აუდიოზღაპარი ჩაწერონ. ამისთვის კარგად უნდა მოემზადონ, წინასწარ რამდენჯერმე გადაიკითხონ ზღაპარი, შეარჩიონ სხვადასხვა ხმა, პერსონაჟების დიალოგებს საკუთარი ინტერპრეტაციები მოარგონ, თუნდაც ტრადიციულ ზღაპარს შესძინონ განსხვავებული ჟღერადობა და გამოაცოცხლონ. თუ ზღაპარი ან მოსაყოლი ამბავი დიდია, დაყონ ნაწილებად და ისე გაუგზავნონ აუდიოფაილები ბავშვ. გარწმუნებთ, შვილიშვილები მადლიერები იქნებიან.

 

საკუთარი ისტორიები

ბავშვებს უყვართ უფროსების მონათხრობის მოსმენა მათი ბავშვობის შესახებ. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ამისთვის იშვიათად ვიცლით, გაჯეტებში თავჩარგულ ბავშვებსაც არ სცალიათ ჩვენს მოსასმენად. თვითიზოლაცია კი მშვენიერი პერიოდია თუნდაც საოჯახო ფოტოარქივის გადასათვალიერებლად, ძველი, მაგრამ საინტერესო ამბების გასახსენებლად, ჩანაწერების გასაკეთებლად, დეტალების დასაზუსტებლად.

ვიდეოჩართვის დროს ბებიას და ბაბუას შეუძლიათ, ბავშვს გაუზიარონ თავიანთი მოგონებები სკოლაზე, საყვარელ მასწავლებლებზე, მეგობრებზე, პირველ სიყვარულზე.

 

წვეულება

ალბათ გახსოვთ, რომ ფსიქოლოგები გვირჩევენ, უარი არ ვთქვათ იმ ყოველდღიურ ყოფით რიტუალებზე, რომლებიც პანდემიამდე გვქონდა. მაგალითად,, შაბათ-კვირას ბავშვები ბებია-ბაბუასთან მიგვყავდა. ახლაც შეგვიძლია უქმეების გამოყენება და ბებია-ბაბუათან ერთად, ონლაინკავშირის თანხლებით და ბავშვის აქტიური მონაწილეობით, მაგალითად, მარტივი კექსის გამოცხობა. ვისი კექსი აჯობებს? იქნებ ერთნაირიც გამოგივიდეთ? ერთად ცხობა ძალიან სახალისო პროცესია. ცხობის დასრულების შემდეგ მოადუღეთ ჩაი, ჩართეთ მუსიკა და ონლაინწვეულება მოაწყეთ.

 

ინტერვიუ

გაითამაშეთ ინტერვიუ. ბებიამ ან ბაბუამ რომელიმე სახელგანთქმული ადამიანის როლი შეასრულონ, შვილიშვილმა კი ჟურნალისტისა, ან პირიქით.

ამ თამაშის მთავარი წესი ის არის, რომ მისი ერთ-ერთი მონაწილე საინტერესო კითხვებს სვამს, ხოლო მეორე რაც შეიძლება დაწვრილებით პასუხობს. უმჯობესია, თამაშისთვის წინასწარ მოემზადოთ. მაგალითად, მომავალი ინტერვიუს თემა წინასწარ შეათანხმოთ (სკოლა, სახლი, მეგობრობა და ა.შ.), მოამზადოთ კითხვები. ახლა ბევრი ჟურნალისტი სწორედ ასე მუშაობს. შეგიძლიათ, თქვენს შვილს მსგავსი ინტერვიუები ინტერნეტით მოაძებნინოთ, რომ პროცესის არსზე წარმოდგენა შეექმნას. სთხოვეთ ბებია-ბაბუას, შესაბამისად ჩაიცვან, რათა უფრო ადვილად შევიდნენ როლში და რეალობასთან მიახლოებული სიტუაცია გაითამაშონ.

 

სიტყვებით თამაში

სახალისოა რითმებით იმპროვიზაცია, პატარ-პატარა ლექსების წერა და ერთმანეთისთვის გაზიარება. ჩაიწერეთ ბებია-ბაბუისა და თქვენი შვილების ლექსები. რამდენიმე წელიწადში იზოლაციის ლირიკის გადათვალიერება გულისამაჩუყებლად სასიამოვნო იქნება.

კიდევ ერთი თამაში სიტყვებით – ყველა მონაწილე წინასწარი შეთანხმებით წერს გრძელ სიტყვას. მნიშვნელოვანია, ეს სიტყვა რაც შეიძლება მეტ ასოს შეიცავდეს. მაგალითად, „თავზეხელაღებული“. მერე ამ სიტყვაში არსებული ასოებისგან ცდილობთ სხვა სიტყვების შედგენას. ვინც უფრო მეტს შეადგენს, ვთქვათ, სამ წუთში, მოგებულია.

 

ბონუსად

ეს ამბავი უკვე არა ვიდეოჩათს, არამედ, დისტანცირების მიუხედავად, სიყვარულისა და სითბოს გამოხატვას ეხება. როდესაც ხანდაზმულ მშობლებს მიაკითხავთ, რომ სურსათი დაუტოვოთ, გადაეცით შვილიშვილების წერილები, რომლებსაც ბავშვებთან ერთად წინასწარ მოამზადებთ. ყველა წერილი ერთბაშად არ უნდა გაიხსნას. ვთქვათ, თითო წერილი თითო დღეს. წერილები თემატურად მრავალფეროვანი უნდა იყოს, ბავშვის ნახატებით ლამაზად გაფორმებული და თბილი სიტყვებით სავსე.

ასეთივე წერილების მომზადება ბებია-ბაბუასაც შეუძლია.

წერილები შეიძლება ხელნაკეთ კონვერტებში მოთავსდეს. ეს არა მხოლოდ შემოქმედებითი ენერგიის კონცენტრირების, არამედ სიყვარულის გამოხატვის ორიგინალური და დაუვიწყარი გზაცაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი