პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

პროფესია – ფილოლოგი

დღეს ერთი კარგი და ნიჭიერი გოგო, საოცრად შთამებეჭდავი ლექსების ავტორი, ფეისბუქზე წერდა: „დაკვირვებული ვარ, ყველას განსაკუთრებით უყვარს და ახსოვს თავისი ქართულის მასწავლებელი. ყველას ჰგონია, რომ მისია გამორჩეული და საუკეთესო“…

ყველა საგნის მასწავლებელს სჭირდება განსაკუთრებული უნარები, რომ ცოდნა მოსწავლეებს რაც შეიძლება ეფექტურად გადასცეს, მაგრამ ლიტერატურის მასწავლებელი სულ სხვაა. პროფესიული სიამაყით ვიტყვი და ალბათ დამეთანხმებიან კოლეგებიც, რომ ჩვენ უპირატესობას გვანიჭებს საგანი, რომელსაც ვასწავლით. ლიტერატურა სამყაროს ყველაზე დიდი ხელოვნებაა… სიტყვას, ლოგოსს უდიდესი ძალა და მაგია აქვს და ამაზე თითქმის არავინ დავობს, ამის უარყოფა უბრალოდ ძნელია. მხოლოდ ეს სიტყვები საკმარისია ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტად: „პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“…  ამაზე აღარ გავაგრძელებ. სიტყვა ფილოლოგიც საოცარი სემანტიკის მატარებელია. ჩემი, როგორც ქართული ლიტერატურის მასწავლებლის სიამაყე, უპირველესად ამ სიტყვიდან იწყება. ფილოს ლოგოს – სიტყვის სიყვარული. ამ პროფესიის სახელიც კი იტევს მის შინაარსსა და სიღრმეს.

მათემეატიკისა და სხვა ტექნიკური დისციპლინების მოყვარული ფილოლოგებიც არსებობენ, ასეთებს მეც ვიცნობ, მაგრამ ძირითადად ფილოლოგებს არ გვიყვარს ზუსტი მეცნიერებები, რადგან სიტყვათა ჯადოქრულ სამყაროში ხეტიალი შორსაა სწორხაზოვნების, ურყევი ლოგიკისა და სიზუსტისგან. აქ მთავარი უსასრულო ფიქრი, ძიება, ჭვრეტა, შეგძნებები, განცდები, ემოციები და ფსიქოლოგიზმია, რაც ადამიანს იდუმალის, შეუცნობლის, მისტიკურის კარებთან აყენებს ხშირად…

წლების წინ ერთ კერძო სკოლაში მუშაობისას მათემატიკოსი კოლეგა და მეგობარი მყავდა, ასაკითაც ტოლები ვიყავით და ბევრი საერთო გამოვნახეთ. აქტიური, შემოქმედებითი და საუკეთესო მასწავლებელია. ერთხელ ვუთხარი, როგორ მშურს შენი მათემატიკური ტვინის, რა რთულ სააზროვნო სისტემებს მკლავდები? ნეტავ ამის ნიჭი მეც მქონდეს-მეთქი….

  • რას ამბობ! – მითხრა მან მღელვარედ, – მათემატიკის მწყობრი სისტემების დასწავლას რა უნდა? ყველაფერი ითვლება, ყველაფერი ლოგიკას ემორჩილება, ყველაფერი ფორმულებში ჯდება. რთული და საოცნებო სწორედ ის უნარებია, რომელთაც ფილოლოგები ფლობთ. რომ არაფერი იზომება და იანგარიშება, ყველაფერი ინტუიციას, განცდასა და ემოციას ეფუძნება… ასეთი იდუმალი სამყაროს წვდომა არის ჩემი აზრით მიუღწეველი ფუფუნება. გამართული მეტყველება. წერილობითი ტექსტების შედგენის ნიჭი. ამაზე კარგი რა უნდა იყოს? ასე რომ, მეგობარო, დატკბი იმით, რასაც შენი პროფესიული უნარები გაძლევენ…

ალბათ მათემატიკოსისა და ფილოლოგის ეს დიალოგი იმის გამომხატველია, რომ ადამიანებს სწორედ ის გვენატრება ხშირად, რაც არ გვაქვს ან ნაკლებად გვაქვს. რასაკვირველია, იმ აზრზე ვარ, რომ რა ცოდნაც კაცობრიობას შეუქმნია სხვადასხვა დისციპლინებში, აბსოლუტურად ყველა არის უნიკალური, ღრმა, საინტერესო, მიმზიდველი და ინდივიდებიც ჩვენი კოგნიტური უნარებისა და ინტერესების მიხედვით ვირჩევთ ამ დისციპლინებს, შემდეგ კი – პროფესიებს.

სამაგიეროდ ლიტერატურული აზროვნებით აღფრთოვანებული ჩემი მათემატიკოსი კოლეგის თვალსაზრისს კატეგორიულად ემიჯნება ჩემი ერთი მოსწავლე, რომელიც ისტორიით არის დაინტერესებული. როგორც კი  ახალი მხატვრული ნარატიული ტექსტის ახსნას ვიწყებთ გაკვეთილზე, ჩემი მოსწავლე, რომელსაც პირობითად ბექას დავარქმევ, უპირველესად იმას მეკითხება: მასწავლებელო, ეს ტექსტი რეალურ ამბავს ეფუძნება თუ ავტორის ფანტაზიის ნაყოფია?

არ ვიცი, მერამდენედ ვეუბნები ბექას, რომელსაც უკვე ზედიზედ 5 წელია ვასწავლი, რომ ლიტერატურისა და მკითხველისთვის აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, ტექსტში მოთხრობილი ამბავი ნამდვილია თუ გამონაგონი. მერამდენედ შევახსენებ უილიამ სომერსეტ მოემის სიტყვებს: „არცერთი ნამდვილი ამბავი არ არის გამოგონილ ამბავზე უფრო ნამდვილი“, მაგრამ ბექას ამასთან შეგუება ჯიუტად არ სურს თუ არ ძალუძს. მისთვის ფასეულია მხოლოდ ის ამბავი, რომელიც რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და შეულამაზებლად წარმოაჩენს სინამდვილეს. რამდენიმე თვის წინ მე და ბექა ცალკე ვსაუბრობდით ამაზე, საუბარი ცხარე კამათში გადაგვეზარდა და მან ამ კამათის კულმინაციისას მითხრა: ესე იგი, თუ მწერლის მონათხრობი სინამდვილეს დაშორებულია და მისი ფანტაზიის ნაყოფია, ეს ამბავი ზღაპარი გამოდის და თქვენ…

  • დიახ, ბექა, მე ზღაპრის მასწავლებელი ვარ, ზღაპრებს გასწავლი და მიიღე ეს ზღაპრები, როგორც სინამდვილის უნივერსალური ტრანსფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, ბევრად ახლოს იყოს სინამდვილესთან, ვიდრე კონკრეტულ დროსა და სივრცეში კონკრეტულ პირებს გადახდენილი ამბავი…

ბექა სახტად დარჩა. მას დღემდე არ სურს შეგუება იმასთან, რომ მწერლები ამბებს ზოგჯერ იგონებენ და ვერაფრით აუხსნია, რა საჭიროა ამბის გამოგონება, როცა უამრავი რეალური თუ წარსულში მომხადარი ისტორიული ამბავი არსებობს? მე შევეგუე იმას, რომ ბექასთვის მთავარი ისტორიზმის პრინციპია. ის რეალისტია ამ სიტყვის ყველაზე რეალისტური გაგებით. ეს მისი ხედვა და არჩევანია, რომელიც, ვფიქრობ, უმჯობესია შეცვალოს, რადგან ასე ხელოვნების აღქმა ზოგადად გაუჭირდება, ხოლო ადამიანი ხელოვნების შემეცნების უნარის გარეშე ზედმეტად ბიურგერულ რეალობაში იცხოვრებს. თუმცა არჩევანის თავისუფლება მისია. მე და ბექას ჯერ კიდევ წინ გვაქვს სასწავლო სემესტრები და დიდი იმედი მაქვს, რომ ისიც გაიგებს ზღაპრის მასწავლებლის სულისკვეთებას – მოსწავლეებთან ერთად ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში  დაუვიწყარ მოგზაურობად აქციოს ყოველი გაკვეთილი.

იყო დრო, არაპრესტიჟული და არაკომერციული პროფესია იყო. როცა ეს პროფესია ავირჩიე, ბევრ კეთილისმსურველს უთქვამს, რომ თავს ვწირავდი ღარიბი მასწავლებლის არასასურველი ყოფისთვის, რომ ძნელია ამ პროფესიით კარიერის გაკეთება, რომ არასერიოზული საქმეა მხატვრული ტექსტების სიყვარული, მათი ახსნა და სწავლება.

რა შესაძლებლობები აქვს დღეს კარგ ფილოლოგს? ის ყოველთვის საჭიროა სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის/ლექტორის პოზიციაზე. ასევე მას შეუძლია იყოს მკვლევარი, მეცნიერი, კრიტიკოსი. ფილოლოგები ძირითადად კარგად წერენ, აქვთ პუბლიცისტის, ბლოგერის, ესეისტის, ლიტერატურათმცოდნე კრიტიკოსის წერილობითი უნარ-ჩვევები, რაც თანამედროვე ბაზარზე კარგად იყიდება. თუ საინტერესო პროდუქტს შექმნი, ინტერესი მისადმი დიდია, კვლევის არეალი – უკიდეგანო, შემოქმედებითი თავისუფლება – უსაზღვრო… მიდი, გაშალე იალქნიანი ნავი და შეცურე მსოფლიო ლიტერატურის ოკეანეში… შენი ნავი შეგიძლია ვეშაპმჭერ გემად აქციო, ითევზაო ამ სიტყვის საუკეთესო მეტაფორული გაგებით და ამ პროცესით არა მხოლოდ შენ დატკბე და გამდიდრდე, არამედ სარგებლობა და სიამოვნება მოუტანო სხვებსაც. ყველას აინტერესებს ტექსტების ინტერპრეტაციები. საზოგადოების ცხოველ ინტერესს იწვევს ტექსტების წაკითხვები, ე.წ. დეკოდირება, სახეობრივი თუ იდეური ანალიზი, ლიტერატურული პარალელების ძიება, რაც ევრისტიკის უაღრესად მიმზიდველ საიდუმლობებს გვაზიარებს.

რამდენი მკითხველიც ჰყავს ტექსტს, იმდენნაირად განსხვავებული შეიძლება იყოს მისი აღქმა. ეს უაღრესად სუბიექტური და, ვიტყოდი, ინტიმური პროცესია, როგორც ღვთის შემეცნება. ლიტერატურის სახეობრივი ბუნება სიმბოლურ-ალეგორიული ძიებების დაუშრეტელ წყაროებს იძლევა. აი, მაგალითად ავიღოთ გალაკტიონ ტაბიძის ერთი მცირე ფორმის ლირიკული ტექსტი. ვერავინ და ვერაფერი ამოწურავს მისი სახეების ქვეტექსტებს, ფსიქოლოგიურ წიაღსვლებს, რადგან ყოველ წაკითხვაზე ახალ-ახალი ემოციებით გამამდიდრებელია. შორს რომ არ წავიდეთ, მარად ახალი ჩვენი „ვეფხისტყაოსანი“ გავიხსენოთ, რომელსაც ლამის 900 წელია ვუკირკიტებთ და არ გველევა აღმოჩენები, მიგნებები. ყველაზე საინტერესო კი სწორედ ეს განსხვავებული ინტერპრეტაციებია.

კიდევ რა უპირატესობა აქვს ფილოლოგს? ის ენის სპეციალისტია და სალიტერატურო ენის ნორმებს კარგად ფლობს. ორთოეპიისა და ორთოგრაფიის უნარების დახვეწა კი ყოველთვის ყველას სჭირდება, მიუხედავად პროფესიისა თუ დაკავებული თანამდებობისა. კარგი ფილოლოგი ყველგან საჭიროა, როგორც სტილისტი, კორექტორი, რედაქტორი. ამ მხრივაც ჩვენი პროფესიის ადამიანებს თვითრეალიზაციის ფართო ასპარეზი აქვთ.

პროფესია ფილოლოგი – მიხარია, რომ დღეს ვერავინ უწოდებს მას არარეალიზებული ადამიანების თავშესაფარს, არასერიოზულს, უპერსპექტივოს. მართალია, ჩვენს განვითარებად ქვეყანაში, ისევე როგორც სხვა პროფესიებში, ჯერჯერობით ანაზღაურება შრომის შესაბამისი არ არის არც კერძო და არც საბიუჯეტო სექტორში, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თუკი ფილოლოგს მუშაობა არ დაეზარება, სამუშაო ყოველთვის არის და საუკეთესო სპეციალისტებს სანთლით ეძებენ. ბოლო დროს ჩემს მოსწავლეებშიც ვამჩნევ მზარდ ინტერესს ამ პროფესიისადმი, რაც განსაკუთრებით მახარებს და სიამოვნებით დავულოცავ გზას ახალგაზრდა კოლეგებს. როგორც შემეძლება, შევეცდები ჩემი პროფესიული და პედაგოგიური გამოცდილება ყველა რესურსით გავუზიარო. აი, ხედვის, აღმქმელობის, ენისა და ლიტერატურის საკითხებისადმი მიმართებების გაზიარება კი ჩვენს პროფესიაში ნამდვილად უმნიშვნელოვანესია პროფესიული ზრდის გზაზე. ხოლო თუ ვინმე ამ წერილს პროფესიული ეგოიზმის გამოხატულებად ჩამითვლის, ვუპასუხებ, რომ მე ჩემი პროფესიისა ვთქვი, სხვამ თავისი თქვას…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი