შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ინტერვიუ, როგორც სასწავლო მეთოდი

არაერთ ახალ სახელმძღვანელოში შეხვდებით დავალებებს, რომლებიც ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას ითხოვს. რა თქმა უნდა, ჩვენი საგანი გეოგრაფიაც არ გამოირჩევა სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებებიდან და ხშირად, ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს სხვადასხვა დისციპლინებში გამოყენებულ მეთოდებს. ამ მეთოდებს შორისაა ინტერვიუ. “ინტერვიუ” ითარგმნება როგორც “საუბარი”. მართლაც, ინტერვიუ არ არის მხოლოდ ჟურნალისტიკის საინფორმაციო ჟანრი, არც მხოლოდ ერთი ადამიანის მეორესთან საუბრის გადმოცემის სალიტერატურო ხერხი, რაც მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი. ინტერვიუ, ამავდროულად, ადამიანების ურთიერთობის გზით მონაცემების, ინფორმაციის მოპოვებაცაა.
ვიდრე ინტერვიუს სხვადასხვა სახეებზე დავიწყებთ საუბარს, უნდა აღინიშნოს, რომ რა ფორმითაც არ უნდა წარიმართოს იგი, მას ესაჭიროება სერიოზული მომზადება, მით უმეტეს როდესაც მას უნდა გაუძღვეს მოსწავლე საგაკვეთილო მიზნის მისაღწევად.
მოსწავლეებს ამ დროს უვითარდებათ ინფორმაციის მოპოვების, ორგანიზების, კომუნიკაციის, თანამაშრომლობის და კვლევითი უნარ-ჩვევები.
სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებს შორის ადამიანი არის მთავარი, ყველაზე ფასეული, ე.წ. “ცოცხალი წყარო”, რომელიც ფაქტობრივად უშრეტია. პირველ რიგში ადამიანი არის თვითმხილველი და მონაწილე მიმდინარე მოვლენების, იგი ასევე არის საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის მატარებელი და ამავდროულად სხვისგან მიღებული ინფორმაციის გადმომცემი.
ინტერვიუს სახეები
1. ინტერვიუ თვითმხილველთან
თუკი რაიმე მნიშვნელოვანი, საგნისათვის საინტერესო მოხდა და მას ჰყავს თვითმხილველები, ამ შემთხვევაში მიმართავენ ინტერვიუს ამ ფორმას. გეოგრაფიისთვის ეს შეიძლება იყოს მაგ.: ბუნებრივი კატასტროფის თვითმხოლველი. ამ დროს შეკითხვები შესაძლოა დაიწყოს შემდეგი კითხვითი სიტყვებით – რა? სად? როდის? როგორ?. თუკი თვითმხილველის პასუხებიდან ამა თუ იმ მოვლენის შესახებ გვინდა შევქმნათ გარკვეული სურათი, სასურველია სხვა თვითმხილველებიც მოვიძიოთ და მათაც დავუსვათ ანალოგიური კითხვები.
2. აზრის გამოკითხვა რაიმეს შესახებ
ნებისმიერი სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური საკითხების ირგვლივ საინტერესო ხდება მოსახლეობის აზრის შესწავლა, ამ შემთხვევაში კითხვა იწყება “რატომ” კითხვითი სიტყვით და ვცდილობთ სრულად გავიგოთ გამოკითხულის აზრი რაიმე ობიექტის თუ მოვლენის შესახებ.
3. ინტერვიუ – პორტრეტი
თუკი რომელიმე გამოჩენილ, ან გამორჩეულ ადამიანზე გინდათ წარმოდგენა ინტერვიუთი შეიქმნათ, საჭიროა წინასწარ მოიპოვოთ ინფორმაცია რესპონდენტზე, რომ შეხვედრამდე შეიქმნათ შთაბეჭდილება ობიექტზე, შეძლოთ კითხვების მომზადება და გაუგებარი დეტალების დაზუსტება. ასეთი მოსამზადებელი სამუშაო საბოლოო ჯამში მასალას უფრო მრავალფეროვანს ხდის.
ასევე ჟურნალისტებს უწევთ პრეს-კონფერენციაზე კითხვების დასმა და ინტერვიუ-კონფრონტაციაზე წასვლა, როდესაც ჟურნალისტი წინასწარი განზრახვით მიდის კონფლიქტზე, თუმცა ეს უკანასკნელი სასწავლო მიზნით ალბათ გამოუსადეგარია.
სასწავლო პროცესში ინტერვიუს ჩართვას თავისი ეტაპები გააჩნია:
  1. მოსამზადებელი სამუშაო;
  2. კითხვების ჩამოყალიბება
  3. ინტერვიუ;
  4. მასალის დამუშავება და ანალიზი;
  5. კვლევის შედეგების ნაშრომის სახით ჩამოყალიბება;
  6. პრეზენტაცია;
  7. შეფასება.
1. მოსამზადებელი სამუშაო
ამ ეტაპზე მასწავლებლის როლი მნიშვნელოვანია. იგი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს ინტერვიუს სწორად დაგეგმვაში. რაც უფრო ზედმიწევნით დაიგეგმება სამუშაო, მით უფრო ნაკლები წინაღობები იქნება უშუალოდ მუშაობის პროცესში.
მოსწავლეებს ევალებათ შემდეგი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება:
  • წინასწარ მოიძიონ მათ მიერ არჩეულ თემაზე (საკითხზე) არსებული მასალა და შეისწავლონ იგი;
  • წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია იმ ჯგუფზე, რომელსაც მიეკუთვნებიან არჩეული რესპონდენტები;
  • საჭიროა დადგინდეს თუ რამდენად კომპეტენტურია მოსაუბრე მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
  • სასურველია, მოუსმინონ მსგავსი ტიპის ერთ ან ორ ინტერვიუს;
  • წინასწარ დაიგეგმოს ინტერვიუს აღების დრო თუ ადგილი
იმისათვის რომ ინტერვიუსთან დაკავშირებული სრული ციკლი წარმატებით დასრულდეს მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად წინასწარ უნდა იფიქროს
  • გამოიყენებთ თუ არა დიქტაფონს, თუ რა ფორმით მოხდება ინტერვიუს ჩაწერა;
  • დაჭირდება თუ არა მეწყვილე ინტერვიუს ჩატარებისას;
  • რა ინფორმაციის ცოდნაა საჭირო თითოეული რესპონდენტის შესახებ. მაგ.: რესპონდენტის დაბადების ადგილი და თარიღი, პროფესია, განათლება, საცხოვრებელი ადგილი კონკრეტულ პერიოდში და ა.შ.;
  • კითხვების ფორმულირებაზე: ა) კითხვა რესპონდენტს არ უნდა უბიძგებდეს გარკვეული პასუხისაკენ ბ) კითხვები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული;
  • როგორ დაიწყოს და დაასრულოს ინტერვიუ.
2. კითხვების ჩამოყალიბება
მოსამზადებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი პროექტში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს ავალებს, მოიფიქროს ინტერვიუს ორი ან სამი კითხვა. ამის შემდეგ მასწავლებელი ატარებს გონებრივ იერიშს, რომლის დროსაც უნდა შეჯერდეს მოსწავლეთა მიერ მოფიქრებული საკვლევი კითხვები. ტავდაპირველად ყველა კითხვა აღინუსხება დაფაზე, ხოლო შემდეგ ხდება ამ კითხვების მიზანშეწონილობის გარკვევა, ხო მარ შეიძლება მათი უკეთ ფორმულირება, ხო მარ იმეორებს კითხვები ერთმანეთს. ამ მიზნის მისაღწევად, მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება, თუ რატომ აირჩიეს ესა თუ ის საკვლევი კითხვა და თუ რომელ მათგანს ანიჭებენ პრიორიტეტს. თითოეული არჩეული საკვლევი კითხვა საფუძვლად უნდა დაედოს ინტერვიუს კითხვარს.
  • კითხვების შერჩევა (მათ შორის, ძირითადი, ალტერნატიული, დაუგეგმავ გარემოებაზე გათვლილი) უნდა იყოს მიმართული რესპონდენტის ცოდნის, აზრის თუ ფაქტების გაგებისკენ.
  • ინტერვიუს კითხვათა თანმიმდევრობაზე მიმართული მარტივიდან რთულისკენ. უმეტეს შემთხვევაში ინტერვიუს დაწყება უმჯობესია ისეთი მსუბუქი კითხვებით, რომლებიც რესპონდენტს დაძაბულობას მოუხსნის.
  • ბოლო კითხვა ყველაზე რთულია, ან მთავარი.
  • სასურველია კითხვების ორი ვერსიის მომზადება, სრული და შემოკლებული, რომელთა გამოყენება/არ გამოყენების საკითხს სიტუაციიდან გამომდინარე ადგილზე გადაწყვეტთ.
  • მოსწავლეს უნდა ახსოვდეს რომ არ არის უხერხული თუკი რაიმე ტერმინი ან ცნება არის მისთვის უცნობი და მან თავისუფლად უნდა დასვას დამაზუსტებელი კითხვები.
აკრძალვების ნუსხა
ის თუ რამდენად კარგადაა მომზადებული კითხვები ინტერვიუს მიზნის რეალიზების საშუალებას იძლევა.
თუკი კითხვაში პასუხი იკითხება – ასეთი კითხვა ინტერვიუსთვის უვარგისია.
ასევე დაუშვებელია:
  • მტკიცებითი წინადადების კითხვითით შეცვლა
  • ერთ კითხვაში ორის გაერთიანება
  • გადატვირთული კითხვა/ აღსაქმელად რთული კითხვები
  • სასურველი პასუხის მიღებისკენ მიმართული კითხვების დასმა
  • საკუთარი შეფასების შემცველი კითხვა
  • საკითხის გაბუქვა თუ გაზვიადება
3. ინტერვიუ
  • დიქტაფონის და აუდიო კასეტის წინასწარ შემოწმება. თუ ინტერვიუს ჩაწერა ელექტრონული გზით ვერ ხერხდება, მაშინ, აუცილებელია მოსწავლეებმა წყვილებში იმუშაონ: ერთი სვამს კითხვებს, ხოლო მეორე აკეთებს ჩანიშვნებს (ინტერვიუს დასრულებიდან რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ჩანიშვნების საფუძველზე რესპონდენტის პასუხების წერილობით ჩამოყალიბება);
  • ინტერვიუს ადგილზე დროულად მისვლა;
  • რესპონდენტის წინასწარ გაფრთხილება თუ რამდენ დროს მოითხოვს ეს ინტერვიუ;
  • რესპონდენტთან ზრდილობიანად ქცევა;
  • აუცილებელია, რომ თავდაპირველად დამყარდეს პოზიტიური კონტაქტი იმ პირთან, ვისგანაც ინტერვიუ უნდა იყოს აღებული. ასევე თავდაპირველი კითხვები უნდა იყოს მსუბუქი ხასიათის, რომ მოსაუბრეს გაუქრეს დაძაბულობის გრძნობა;
  • რესპონდენტის საუბრის ყურადღებით მოსმენა;
  • ინტერვიუს მსვლელობისას საჭიროა მოთმინების გამომჟღავნება. რესპონდენტს არ უნდა შევეკამათოთ ან შევუსწოროთ;
  • რესპონდენტებს უნდა დააცადოთ გამოთქვას თავისი აზრი სრულად;
  • თუკი პასუხი ვერ მიიღეთ, ერთი ორი კითხვის შემდეგ ისევ შეიძლება კითხვის გამეორება, მცირედად შეცვლილი ფორმით;
  • თუკი რაიმე გაურკვეველია, ჯობია ადგილზე დამაზუსტებელი კითხვის დასმა, ვიდრე შემდეგ ფაქტების არასწორად ინტერპრეტირება;
  • თუ მოსწავლე თვლის, რომ ინტერვიუს მსვლელობა მოითხოვს ისეთი კითხვის დასმას, რომელიც მას არ ჰქონდა დაგეგმილი, უმჯობესია, მან ეს კითხვა დასვას;
  • ასევე კარგია თუ ამის შემდეგ დასვამთ კითხვას “რამე მნიშვნელოვანი კითხვის დასმა ხომ არ დამავიწყდა?”
  • ინტერვიუს დასრულების შემდეგ, აუცილებლად გადავუხადოთ რესპონდენტს მადლობა და ასევე შევუთანხმდეთ საჭიროების შემთხვევაში დეტალების დაზუსტების საჭიროება თუ იქნება, რომ მას დაუკავშირდებით.
4. აღებული მასალის დამუშავება და ანალიზი
ინტერვიუს დამუშავებისა და ანალიზის დროს მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი საკითხები:
  • რამდენად კარგი იყო რესპონდენტის მეხსიერება? შეიძლება თუ არა მიღებული პასუხები სანდოდ მივიჩნიოთ?
  • რესპონდენტის მიერ გაეცა თუ არა პასუხი შეკითხვებს?
  • საჭიროა თუ არა, გადამოწმდეს რესპონდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.?
  • იყო თუ არა რესპონდენტი აშკარად ტენდენციური, თავის რომელიმე პასუხში?
  • რამდენად ღირებულია კონკრეტული ინტერვიუ?
5. კვლევის შედეგის ნაშრომის სახით ჩამოყალიბება
მოსწავლეებმა ნაშრომში უნდა წარმოაჩინონ, თუ რა არის მათი მთავარი მიგნება. ნაშრომს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემდეგი სტრუქტურა: შესავალი – არჩეული თემის მოკლე მიმოხილვა (რატომ არის თემა მნიშვნელოვანი? რატომ დაინტერესდნენ ისინი ამ თემით?); ძირითადი ნაწილი – როგორ და რატომ მივიდნენ მოსწავლეები ამ მიგნებებამდე; საჭიროა დაერთოს კითხვარის რაოდენობრივი ანალიზი; სასურველია მომზადდეს თვალსაჩინოებები; დასკვნა – თემის ძირითად ნაწილში გამოთქმული არგუმენტებისა და მოსაზრებების შეჯამება;
6. პრეზენტაცია
პრეზენტაციის მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იყოს რა აუდიტორიისთვის მზადდება იგი. მას უნდა დაერთოს მომზადებული თვალსაჩინოებები, ინტერვიუდან საინტერესო პასაჟები, მთავარი მიგნებები.
7. შეფასება
საბოლოო შედეგების შეფასება ხდება წინასწარ მომზადებული კრიტერიუმების გამოყენებით, რომელშიც ასახულია, როგორც მოსწავლის მიერ ჩატარებული ინტერვიუ, ასევე კვლევის შედეგად შექმნილი ნაშრომი და მისი პრეზენტაციაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი