პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

იაპონიის განათლების სისტემა

ღირებულებათა იერარქიაში განათლებას იაპონელებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. სწორედ განათლების მაღალი დონის დამსახურებაა, ამომავალი მზის ქვეყანამ ძალზე მოკლე ხანში რომ მიაღწია უდიდეს წარმატებას და პროგრესს. ამიტომ განათლებისადმი სწრაფვას უფროსი თაობა ბავშვებს მცირე ასაკიდანვე უვითარებს.

 

იაპონიის განათლების სისტემის მთავარი ამოცანა არაორდინარული და აქტიური პიროვნებების აღზრდაა.

იაპონიის თანამედროვე განათლების ისტორია 5 ძირითად პერიოდად იყოფა:

1. დაარსების პერიოდი (1868-1885 წ.წ.);

2. კონსოლიდაციის პერიოდი (1886-1916 წ.წ.) – გამოიცა სკოლის კანონები, მოხდა განათლების სისტემური სტრუქტურირება;

3. ექსპანსიის პერიოდი (1917-1936 წ.წ.) –განათლების სისტემა ეფუძნებოდა განათლების საგანგებო საბჭოს რეკომენდაციებს;

4. სამხედრო პერიოდი (1937-1945 წ.წ.) –მილიტარისტული განათლების პიკი;

5. თანამედროვე პერიოდი (1945 წლიდან დღემდე).

რას წარმოადგენს იაპონური სკოლა

სასკოლო განათლება იაპონიაში თორმეტწლიანია. აქედან ნახევარზე მეტი დრო მშობლიური ენის სწავლებას ეთმობა. იაპონიის განათლების სამინისტროს მოთხოვნით,დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ, მოსწავლემ 1850 იეროგლიფი უნდა იცოდეს. ეს ცოტა როდია _ მაგალითად, ჩვეულებრივი გაზეთის წასაკითხად იაპონელმა 3000 იეროგლიფი მაინც უნდა იცოდეს. ყოველ იეროგლიფს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, იაპონურ ენაში იყენებენ მარცვლოვანანბანს, რომელთაგან თითოეულში 48 ნიშანია, და ლათინურ ანბანს.

თორმეტი წლის განმავლობაში ბავშვები დიდ დროს უთმობენ თავიანთი ქვეყნის ისტორიის შესწავლასაც.

გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები სახლში არ ბრუნდებიან – მათ დამატებითი მეცადინეობა უტარდებათ. იქ მიღებულ ცოდნას საშუალო სკოლაში და უნივერსიტეტში ჩაბარებისას გამოიყენებენ.

ადგილს, სადაც ისინი დამატებით მეცადინეობენ, “ძიუკუ” – “დაოსტატების სკოლა” ეწოდება, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, “რეპეტიტორთა სკოლა”, სადაც სპეციალურად დაქირავებული მასწავლებლები ბავშვებს გაკვეთილებს ამეორებინებენ და გამოცდებზე გამოსაყენებელ ახალ ინფორმაციას აწვდიან (პირველი ძიუკუტოკიოში XVII საუკუნეში გაიხსნა და მისი მესვეურები კალიგრაფიის ოსტატები იყვნენ).

კლასში საშუალოდ 45 მოსწავლეა, რაც ძიუკოსთვისმიუღებელია. რამდენიმე წლის წინ აქ მხოლოდ ის ბავშვები სწავლობდნენ, ვისაც სწავლის გაგრძელება ელიტურ უმაღლეს სასწავლებელში სურდა, ამჟამად კი ძიუკოშიდაწყებითი სკოლის მოსწავლეთა 15%, საშუალო სკოლის მოსწავლეთა 50% და უფროსკლასელთა 99% დადის.ძიუკოში3-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები სწავლობენ.

იაპონელები სწავლისთვის ფულს არასოდეს ზოგავენ. ძიუკუშიგადასახადი 20 ათასი იენია, მოსახლეობის საშუალო ხელფასი კი 300 ათასი იენი. ამდენად, ყოველწლიურად ძიუკურამდენიმე ტრილიონ იენს იღებს (დაახლოებით ამდენივეს ქვეყანა სამხედრო თავდაცვაზე ხარჯავს).

იაპონიაში ყველაზე გრძელი სასწავლო წელია 240 დღე. ბავშვები სკოლაში ძალიან იტვირთებიან. სამეცადინოდ მათ, სულ ცოტა, 6 საათი სჭირდებათ. მშობლები შვილების სწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. იაპონელი დედა ზუსტად გეტყვით, რა დავალება აქვს შესასრულებელი მის შვილს, სწორად არის ამოხსნილი თუ არა ესა თუ ის ამოცანა ფიზიკასა თუ სხვა საგანში. თანამედროვე დედებს ტყუილად კი არ ეძახიან “კეიკუს” _ “განათლებით აღტკინებულებს”. მრავალი მათგანი შვილის ავადმყოფობისას მზადაა, თავად დაესწროს გაკვეთილებს, ოღონდ კი მისი შვილი “არ ჩამორჩეს”.

იაპონიაში კერძო სკოლებიცაა, სადაც გამოცდები საერთოდ არ არის, მაგრამ ამ სკოლების მომსახურებით იშვიათად სარგებლობენ. ზარმაც იაპონელს სამსახურში მინისტრის სატელეფონო ზარის შემდეგაც კი არ დატოვებენ და ეს იაპონელებმა ბავშვობიდან იციან.

უმაღლეს სასწავლებლებში, განსაკუთრებით – ცნობილებში, კონკურსი დიდია, გამოცდები – რთული, ამიტომ უნივერსიტეტებში სკოლადამთავრებულთა მხოლოდ მესამედი აბარებს. კერძო უნივერსიტეტებში გადასახადი მაღალია. ბევრი სკოლადამთავრებული ტექნიკურ კოლეჯში ან პროფესიულ სკოლაში ამჯობინებს სწავლის გაგრძელებას.

აქაური ტრადიციები იმდენად მძლავრია, რომ სკოლის ფორმაც კი საუკუნეზე მეტია არ შეცვლილა: ბიჭებს შავი, გოგონებს კი ცისფერი სამოსი აცვიათ. დაწყებით კლასებში ფორმას არ ატარებენ, პატარებს მხოლოდ ყვითელი ქუდები უნდა ეხუროთ, ისიც უსაფრთხოების მიზნით, რათა მანქანის მძღოლებმა შეამჩნიონ.

იაპონური სკოლები განთქმულია სისუფთავით. ბავშვები სკოლაში ფეხსაცმელს იცვლიან. კლასების დალაგება კი მოსწავლეების პრეროგატივაა.

საგანმანათლებლო პროგრამა

განათლების სისტემა იაპონიაში მოიცავს დაწყებით სკოლას (6-12 წელი) – სეგაკოს, უმცროს საშუალო სკოლას (12-15 წელი) – ტიუგაკოს, უფროს საშუალო სკოლას (15-18 წელი) – კოტოგაკოს, კოლეჯს ან უნივერსიტეტს. კანონით, აუცილებელია ბავშვმა სკოლაში ცხრაწლიანი განათლება 6-დან 15 წლამდე ასაკში მიიღოს. სკოლების დიდი ნაწილი სახელმწიფო დოტაციაზეა.

სასწავლო წელი იაპონიაში 1 აპრილს იწყება და სამი ტრიმესტრისგანშედგება. მოსწავლეებს გაზაფხულზე და ზამთარში ორკვირიანი არდადეგები აქვთ, ზაფხულში _ ექვსკვირიანი. ყოველი სასწავლო დღე სკოლებში სახელმწიფო დროშის აღმართვით და ჰიმნის შესრულებით იწყება.

დაწყებით სკოლაში ბავშვები ექვსი წელი დადიან და სწავლობენ მშობლიურ ენას, არითმეტიკას, ბუნებისმეტყველებას, აქვთ ზნეობის, კალიგრაფიის (სედოს), მუსიკის, ხატვის, მებაღეობის, ეკოლოგიის, ჰიგიენის გაკვეთილები. გადიან სეიკაცუს კურსს (“ცხოვრების შესახებ”), სწავლობენ უცხო ენებსა და კომპიუტერს, ჩართულები არიან სპორტში: ფრენბურთში, კალათბურთში, ფეხბურთში, ჰოკეიში, ცურვაში და ა.შ. ყოველწლიურად, ზაფხულში და გაზაფხულზე, სკოლებს შორის ბეისბოლის ტურნირი იმართება, რომელსაც თვალს მთელი ქვეყანა ადევნებს.

უმცროს საშუალო სკოლაში მოსწავლეები სამი წელი შეისწავლიან მშობლიურ და უცხო ენებს, ისტორიას, მათემატიკას, გეოგრაფიას და სხვა საგნებს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ესთეტიკურ აღზრდას _ მუსიკას, სიმღერას, ხატვას.


დაწყებით და უმცროს სკოლებში ხუთდონიანი შეფასების სისტემაა:S –ძალიან კარგი, A –კარგი, B –დამაკმაყოფილებელი, C – ცუდი და D – ძალიან ცუდი.

სკოლის სავალდებულო პროგრამაში შედის ექსკურსიები, ქვეყნის ისტორიული ღირშესანიშნაობებისა და ნაკრძალების დათვალიერება.

 

15 წლის ასაკისთვის იაპონელი მოსწავლეები ცხრაწლიან განათლებას იღებენ. მათი 97% სწავლას უფროს საშუალო სკოლაში აგრძელებს. სწავლა ფასიანია, მაგრამ ყველა იაპონური ოჯახისთვის ხელმისაწვდომი.

ბავშვებს სკოლაში უქმეებზე და არდადეგების დროსაც უწევთ მისვლა. სკოლაში თამაშობენ, მეცადინეობენ მეცნიერულ, კომპიუტერულ, სპორტულ კლუბებში, აღნიშნავენ დღესასწაულებს, მართავენ ფესტივალებს, კონკურსებს, კონცერტებს, ზრუნავენ თეატრალურ დადგმებზე.

ვინ არიან იაპონელი მასწავლებლები

“უკან დაიხიე სამი ნაბიჯით, მაგრამ მასწავლებლის ჩრდილს ფეხი არასოდეს დაადგა”, _ გვამცნობს იაპონური სიბრძნე. იაპონურ სკოლაში მასწავლებელი ყველაზე საპატიო, პრაქტიკულად საკულტო ფიგურაა. იაპონურად “მასწავლებელი” (“სენსეი”) “ადრე დაბადებულს” ნიშნავს. სკოლის პედაგოგი თავის მოსწავლეს არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს, არამედ მისი აღმზრდელი, დამკვალიანებელი და პირველესი გულშემატკივარია.

 

უფროსკლასელებს უმეტესად მამაკაცი მასწავლებლები ჰყავთ. დაწყებით სკოლაში მამაკაცი მასწავლებლების რაოდენობა 42%-ია, უმცროს სკოლაში 62%, უფროსში 80%-ი.

მასწავლებლის სამუშაო დღე ზოგჯერ 14 საათსაც კი გრძელდება. პროფესიის პრესტიჟულობის შესანარჩუნებლად და სწავლების ხარისხის გასაზრდელად პედაგოგის შრომას გამუდმებით ასტიმულირებენ. კოლეჯში ორ-სამწლიანი სწავლის შემდგომ ახალგაზრდა მასწავლებელს თავდაპირველად ყოველთვიურ ხელფასად 165 ათასი იენი (10 ათასი იენი 75 ამერიკული დოლარია) ენიშნება, უნივერსიტეტდამავრებულს 190 ათასი იენი. გამოცდილების ზრდასთან ერთად ხელფასიც იმატებს.

მასწავლებლის ანაზღაურებას ემატება პრემიები, რომელთა ოდენობა ხშირად ექვსი თვის ხელფასს უტოლდება. გარდა ამისა, მისი ოჯახი ყოველთვიურ შემწეობას იღებს: უშვილო ოჯახი – 15 ათას იენს, 1-2-შვილიანი – 4,5 ათასს, ხოლო ყოველი მომდევნო შვილის მატებისას – 1000 იენით მეტს. თუ მასწავლებელი დაუოჯახებელია, მაგრამ ბავშვს ზრდის, 10 ათას იენს აძლევენ.

რეგიონში მოღვაწე მასწავლებელს ყოველთვიური კომპენსაცია ეძლევა, ქალაქს მოწყვეტილი სკოლის მასწავლებლის ანაზღაურებას კი ყოველდღიური დანამატი ემატება. იმ მასწავლებელს, რომელსაც საკუთარი სახლი აქვს ან იძულებულია, ძვირად ღირებულ ნაქირავებ სახლში იცხოვროს, თვიური ხელფასის 10%-ის შესაბამისი კომპენსაცია ერიცხება.

იაპონურ სკოლაში კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ასევე, ძალზე ფასობს მასწავლებლის თვითგანათლება, თვითგანვითარება. ვინც საკუთარი სურვილით ესწრება საღამოს გაკვეთილებს ან დაუსწრებელზე მეცადინეობს, დამატებით თვიური ხელფასის 1/10 ეძლევა.



მოამზადა ირმა კახურაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი