პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის გავლენა მოსწავლეთა თვითშეფასებაზე

ცვლილება, რომელიც ჩვენს განათლებაში შემოდის, სიმძიმის ცენტრის გადაადგილებას ნიშნავს. ეს ცვლილება, რევოლუცია, კოპერნიკისას ჰგავს, როდესაც ასტრონომიულმა ცენტრმა დედამიწიდან მზეზე გადაინაცვლა. ამ შემთხვევაში, ბავშვი ხდება მზე, რომლის გარშემოც განათლების მექანიზმები ბრუნავს.

 

ჯონ დიუი

კვალიფიციური მასწავლებელი, როგორც მოსწავლის ინტერესების დამცველი, ზრუნავს, რომ თითოეულმა მოსწავლემ თავისი წილი ყურადღება მიიღოს, მიუხედავად შეზღუდული უნარებისა, სოციალური, კულტურული, ენობრივი, ეთნიკური, რელიგიური განსხვავებებისა. რასაკვირველია, ასეთი მიდგომა მარტივი არ არის. მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურობა, ნიჭი, შესაძლებლობები და ამის შესაბამისად წარმართოს სასწავლო პროცესი.

თუ მასწავლებელს სურს, პოზიტიური გავლენა მოახდინოს მოსწავლეთა თვითშეფასებაზე, იგი თითოეულ მოსწავლეს კარგად უნდა იცნობდეს და იცოდეს მისი საჭიროებები და ინტერესები. მან უნდა დაარწმუნოს ის საკუთარ შესაძლებლობებსა და უნიკალურობაში. პედაგოგმა თავიდან უნდა აიცილოს ფავორიტიზმი და არ უნდა მიაკეროს იარლიყები მოსწავლეებს. მას მოსწავლეებისAმოსმენა და პრობლემების იმგვარად გადაჭრა უნდა შეეძლოს, რომ ყველას ღირსება და პატივისცემა შეუნარჩუნდეს.

სასწავლო კონტექსტი დიდწილად მოქმედებს მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაზე. მოსწავლესთან ურთიერთობისას მასწავლებელი უნდა გამოხატავდეს მზრუნველობასა და პატივისცემას, რაც ხელს უწყობს მოზარდებში ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა კარგად გაიაზროს საკუთარი სტრატეგია, რათა ზუსტად იცოდეს, რა გავლენას ახდენს იგი მოსწავლეთა თვითშფასებაზე.

მასწავლებლის სწავლების სტილი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც ზემოქმედებს მოსწავლეთა თვითშეფასებაზე. სწავლების სტილზე კი გავლენას ახდენს პედაგოგის ფასეულობები. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მასწავლებელი იზიარებს დემოკრატიულ ფასეულობებს, მისი სწავლების სტილიც შესაბამისია და თუ ამ ფასეულობებს არ იზიარებს, მისი სწავლების სტილი ავტორიტარულია. მასწავლებლის ფასეულობები ყოველდღიურად ვლინდება მის სასწავლო პრაქტიკაში. მას შეუძლია გაზარდოს მოსწავლის დაბალი თვითშეფასება, თუ არასდროს შეულახავს ღირსებას და მოეპყრობა პატივისცემით, ყურადღებითა და მზრუნველობით.

მოუსმინეთ მოსწავლეს, თუ გსურთ, გამოხატოთ მის მიმართ პატივისცემა. მოსმენის კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლება მხოლოდ აზროვნებისა და ლაპარაკის ხელოვნება არ არის. სწავლება მოსმენისა და გაგების ხელოვნებაცაა. მასწავლებლისათვის მოსმენის უნარ-ჩვევა გაცილებით დიდ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როცა განათლების მიზანი არა მარტო მოსწავლეებისთვის ცოდნის გადაცემა, არამედ მათ მიერ ცოდნის აგებაცაა. მოსწავლეები ცოდნას აგებენ საკუთარი გამოცდილების, უკვე არსებული ცოდნისა და რწმენის საფუძველზე. მათ სამყაროს საკუთარი აღქმა აქვთ, რომელსაც შემდგომი განვითარება სჭირდება. თუ მოსწავლეები აქტიურად არ ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში, ვერ შეძლებენ მიწოდებული ინფორმაციისა და შეთავაზებული კონცეფციების სწორად გააზრებას.

თუ გსურთ, გაარკვიოთ, ხართ თუ არა აქტიური მსმენელი, დააკვირდით საკუთარ თავს და გააანალიზეთ თქვენი მოქმედებები:

1. გულისყურით უსმენთ თუ არა მოსწავლეებს?

2. დასმულ შეკითხვებზე ნაწილობრივ თქვენ ხომ არ სცემთ პასუხებს?

3. აცდით თუ არა მოსწავლეებს აზრის ბოლომდე გამოთქმას?

მნიშვნელოვანია, მასწავლებელს ახსოვდეს:

·მოსწავლეებისთვის იარლიყების მიკვრა და სხვადასხვა ნიშნის მიხედვით მათი დაჯგუფება დაბალი თვითშეფასების ხელშემწყობია;

·აუცილებელია ფოკუსირება იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ურთიერთობები თვითშეფასებაზე;

·თითოეული მოსწავლის მიმართ სითბოს და ინტერესის გამოვლენა ქმნის ურთიერთნდობის საფუძველს.

მასწავლებლის უმნიშვნელოვანეს მოვალეობას კლასში თბილი, უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს. ასეთ გარემოში მოსწავლეს ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ მიაღწიოს აკადემიურ წარმატებებს, განვითარდეს სოციალურად და პიროვნულად.

მასწავლებელს უნდა ჰქონდეს გათავისებული ის, რომ ყველა მოსწავლეს სურს:

·ყოველ დილით კეთილგანწყობით ესალმებოდნენ;

·შენიშვნები იყოს პოზიტიური და სასიამოვნო;

·მასწავლებლები აქტიურად უსმენდნენ და პასუხობდნენ;

·ისაუბროს სკოლაში მეგობრებთან;

·შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები;

·იცოდნენ სხვებმა, რომ მას აქვთ ესა თუ ის უნარ-ჩვევა;

·შეეძლოს პრობლემების გადაჭრა;

·ჰქონდეს წინასწარ შეთანხმებული ნორმები და წესები;

·მიიღოს და გასცეს კომპლიმენტები;

·იყოს მიღებული და დაფასებული ჯგუფში;

·შეეძლოს დახმარების გაცემა და მიღება;

·შეეძლოს მეგობრების შეძენა და მათი შენარჩუნება;

·შეეძლოს წვლილის შეტანა საკლასო საზოგადოებაში;

·ჰქონდეს შეცდომების დაშვების და გამოსწორების უფლება.

მასწავლებლების მოლოდინი გავლენას ახდენს მოსწავლეების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, სწავლის მოტივაციასა და მათ განწყობაზე წარმატებისა და მარცხის მიმართ. ისინი მასწავლებელთა მოლოდინის მიხედვით მოქმედებენ.

ნუ განსჯით მოსწავლეებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოსათვის, რადგან ამით გამოხატავთ თქვენს მოლოდინს (მაღალს ან დაბალს). ეცადეთ, გაამხნევოთ მოსწავლეები და მისცეთ სტიმული, საუკეთესო კუთხით წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი და უნარები.

როდესაც მასწავლებლს სწამს, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია სწავლა და ამ რწმენით მოქმედებს, იგი უზრუნველყოფს ცოდნის ხელმისაწვდომობას ყველა მოსწავლისათვის.

ხშირად სკოლაში გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ რომელიმე კლასი სუსტია და ეს იარლიყი ამ კლასს სკოლის დამთავრებამდე მიყვება. ეს მოსწავლეებმაც იციან და ხშირად ამბობენ: ”ჩვენ ხომ სუსტი კლასი ვართ”, ”ჩვენ ამას ვერ შევძლებთ”, ”მაინც ცუდი შედეგები გვექნება”, ”ჩვენ მეტი არ შეგვიძლია”. ამ შემთხვევაში, მოსწავლეები ასრულებენ იმ როლს, რომელიც მათ მასწავლებლებმა მიაკუთვნეს და ზუსტად პასუხობენ სკოლისა და მასწავლებლების მოლოდინს.

როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი იმისათვის, რომ შეაცვლევინოს კლასს ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობების მიმართ? ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც დაგეხმარებათ დაწყებით საფეხურზე ამ პრობლემის დაძლევაში.

პირველი ნაბიჯი: თუ მიხვდით, რომ თქვენს კლასს აქვს უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობების მიმართ, გააგებინეთ მოსწავლეებს, რომ არ ეთანხმებით ამ შეხედულებას.

მეორე ნაბიჯი: გამოიკვლიეთ ორი საკითხი. პირველი: როგორ ურთიერთობენ მოსწავლეები ერთმანეთთან? მეორე: როგორ ურთიერთობენ თქვენთან? დააკვირდით მათ სამუშაო პროცესს. იპოვეთ კლასის თუნდაც ერთი დადებითი საერთო მახასიათებელი და გამოიყენეთ იგი პოზიტიურ შენიშვნად.

მესამე ნაბიჯი: შეაქეთ ამ დადებითი მახასიათებლით ყოველთვის, როდესაც ამის საშუალება მოგეცემათ. თქვენ შეამჩნევთ, რომ მოსწავლეები მიიღებენ ამ შექებას და მას სიმართლედ აღიქვამენ. დროთა განმავლობაში ისინი ამ მახასიათებელის შესაბამისად მოიქცევიან.

თუ თქვენ ერთზე მეტი კლასი გყავთ, მაშინ იფიქრეთ ორ პოზიტიურ იარლიყზე თითოეული კლასისათვის და ხშირად აღნიშნეთ ეს მახასიათებლები. თითოეულმა კლასმა უნდა დაიჯეროს, რომ თქვენს გულში მას განსაკუთრებული ადგილი აქვს. მაგალითად, პოზიტიური იარლიყები შეიძლება იყოს: მზრუნველი, ინტერესიანი, ჭკვიანი, კარგად ორგანიზებული, წარმატებული, მეგობრული, ღრმად მოაზროვნე, ზრდილობიანი, ბეჯითი, ყურადღებიანი და სხვა. მთავარია, იარლიყებში სიმართლის მარცვალი იყოს, რათა მოსწავლის თვალში ის ყალბად არ გამოიყურებოდეს.

მოსწავლეს ყველა ასაკში სჭირდება, იგრძნოს, რომ მასწავლებელს მოსწონს იგიდა მხარს უჭერს მის მცდელობებს. არსებობს ბევრი საშუალება, აჩვენოთ მოსწავლეებს, რომ თქვენ მათზე ზრუნავთ.

რჩევები დაწყებითი კლასის მასწავლებელს

·დაეთანხმეთ მოსწავლეებს იმდენჯერ, რამდენჯერაც შესაძლებლობა გექნებათ;

·დაადგინეთ ყველასთვის სავალდებულო ქცევის ნორმები და იყავით სამართლიანი ამ ნორმების დაცვის დროს;

·ისაუბრეთ მშვიდად მოსწავლესთან;

·მოსუმინეთ ყველა მოსწავლეს. წაახალისეთ ისინი, რათა გაგიზიარონ საკუთარი იდეები და მოსაზრებები;

·როდესაც მოსწავლე გელაპარაკებათ, გაჩერდით და მოუსმინეთ;

·გამოაკარით მოსწავლეების დაბადების დღეების განრიგი და არ დაგავიწყდეთ მილოცვა;

·დაესწარით სკოლის ღონისძიებებს, რომლებშიც თქვენი მოსწავლეები მონაწილეობენ (სპორტული თამაშები, სპექტაკლები და ა.შ.);

·მოეპყარით თქვენს მოსწავლეებს თავაზიანად და იგივე მოითხოვეთ მათგან;

·გამოამჟღავნეთ ყურადღება მოსწავლეების მიმართ და მოისმინეთ მათი პრობლემები;

·აჩვენეთ თქვენს მოსწავლეებს ძალიან ნათლად, რომ გსურთ, დაეხმაროთ მათ. ხშირად ჰკითხეთ: “რით შემიძლია დაგეხმარო?”;

·გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. გაიცინეთ, როდესაც სასაცილო ამბავი ხდება კლასში _ განსაკუთრებით, როდესაც ეს თქვენ გეხებათ;

·დაელაპარაკეთ ყველა მოსწავლეს ყოველ დღე;

·ჩაინიშნეთ კომენტარები მოსწავლეების შესახებ. დაწერეთ პოზიტიური კომენტარები და მიაკარით მათ რვეულებს;

·მიაქციეთ ყურადღება მოსწავლეების ჯანმრთელობას. თუ მოსწავლეები აცდენენ გაკვეთილებს ავადმყოფობის გამო, მოიკითხეთ ისინი _ დაურეკეთ, დაელაპარაკეთ. თუ შესაძლებელია, გაუგზავნეთ დავალებები სახლში;

·დაელაპარაკეთ მოსწავლეს, თუ ამჩნევთ მის ქცევაში უარყოფით ცვლილებას;

·უთხარით თქვენს მოსწავლეებს, რა მოგწონთ მათში;

·გადაუღეთ სურათები თქვენს მოსწავლეებს და გამოაკარით ისინი;

კლასში ბევრ პრობლემას დაურეგულირებელი ურთიერთობები და მოსწავლეთა დაბალი თვითშეფასება წარმოშობს. თითოეული მოსწავლისადმი განსკუთრებული ყურადღება გამოავლინეთ. თითოეულ მოსწავლეს მისი უნიკალურობა გააცნობიერებინეთ და ჩათვალეთ, რომ ამ გზით კლასში ბევრი პრობლემა გადაიჭრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი