შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სიცოცხლის სიყვარული ჯეკ ლონდონის მოთხრობის სამყაროდან

გლობალური პანდემიის საფრთხემ თითქოს ყველას აგვიხილა „მესამე თვალი“, გვაიძულა ახლებურად შევხედოთ მოვლენებს და იმგვარი შეფასებები გავაკეთოთ, როგორსაც ადრე ვერ ვახერხებდით. ამ ჩაკეტილობის ჟამს მეტი დროა თვითძიებისა და ფილოსოფიური ჩხრეკისთვის. როგორც კი საფრთხე ახლოვდება, ადამიანი ინსტინქტურად იწყებს ფიქრს თვითგადარჩენაზე. დისტანციური სწავლების პროცესში მე და ჩემმა მოსწავლეებმა დავიწყეთ ახალი ტექსტების ძიება. თუ ადრე არაპროგრამული ტექსტების საკითხავად ათასგვარი აქტივობებით დატვირთულ მოსწავლეებს დრო არ რჩებოდათ, ახლა დრო გამოუთავისუფლდათ და საკუთარი სურვილით დაიწყეს წასაკითხი ტექსტების მოძიება. ინტერესი გაიზარდა უცხოური მწერლობისადმი, რათა ახალი და ახალი ლიტერატურული პარალელებით გაიმდიდრონ ცოდნა.

მსოფლიო მწერლობიდან ჩემთვის ყველაზე საყვარელ ავტორებს შორის ყოველთვის რჩება ჯეკ ლონდონი. და აი, როცა მორიგ საინტერესო ტექსტს ვეძებდი, წამომიტივტივდა მისი არაჩვეულებრივი მოთხრობა „სიცოცხლის სიყვარული“. თანაც თემატურად და აქტუალობით თანამედროვე რეალობას რომ ეხმიანება, ეს იყო გადამწყვეტი.  უფროსკლასელები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ამ ნაწარმოებით. ეს არის ლონდონისეული ხელწერით აღბეჭდილი დაუვიწყარი თავგადასავალი ორი კაცისა, რომლებიც ოქროს ფუთებით დატვირთულნი, გზას მიიკვლევდნენ ოკეანისკენ, სადღაც კანადის მიმართულებით, ჰუძონის (თანამედროვე ტრანსკრიფციით – ჰუდსონის) ყურიდან სან-ფრანცისკოსკენ. აშკარაა, რომ მოთხრობაში აღწერილია ისტორიაში „ოქროს ციებ-ცხელების“ სახელით ცნობილი პერიოდი, ე.წ. California Gold Rush,  რომელიც 1848 წელს დაიწყო და 1855 წლამდე გრძელდებოდა. ცნობილია, რომ ჯეიმს ვილსონ მარშალმა 1848 წლის 24 იანვარს სატერის დასახლებაში, მდინარე ამერიკან-რივერის კალაპოტში ოქრო აღმოაჩინა, რის გამოც ამ ტერიტორიას ათი ათასობით ამერიკელი და ევროპელი მიაწყდა. ზოგი მათგანი არნახულად გამდიდრდა, ზოგმა კი სიღარიბეს მაინც ვერ დააღწია თავი, რადგან იმ ჯუნგლების რეალობასა და ქაოსში ოქროს მოპოვება, შენარჩუნება და მისი გონივრულად გამოყენება არ ყოფილა იოლი ამოცანა ამ ადამიანებისთვის. ფორტუნა ყველას არ სწყალობდა. ოქროს ციებ-ცხელების შედეგი იყო ისიც, რომ ქალაქი სან ფრანცსკო მომთაბარეთა პატარა დასახლებიდან დიდ ქალაქად იქცა და კალიფორნია აშშ-ს შტატად გამოცხადდა. ოქროს ციებ-ცხელების უარყოფითი მხარე კი ის გახლდათ, რომ ოქროსმაძიებლები  აბორიგენ ინდიელებს ავიწროებდნენ და მშობლიური მიწებიდან ასახლებდნენ. გარდა ამისა, ოქროს მოპოვება მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ცვლილებებს იწვევდა რეგიონში.

ჯეკ ლონდონი თავად გახლდათ ამ ამბების მონაწილე, ოღონდ მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს. ის ისედაც ხელმოკლე ოჯახიდან იყო და ქუჩის მაწანწალის ცხოვრებაც კი გამოუცდია, ასევე უწევდა კონსერვის ქარხანაში მუშაობა, მეზღვაურობა ხამანწკების დამჭერ გემზე, ხოლო 1894 წელს დაწყებულმა საყოველთაო ეკონომიკურმა კრიზისმა 18 წლის ჯეკი უმუშევრად აქცია. მან ციხესაც ვერ დააღწია თავი და სოციალისტად იქცა. ოცნებობდა მწერლობაზე, მაგრამ თავი ნიჭიერ შემოქმედად არ მიაჩნდა, რის გამოც ერთი წლით ალასკაზე წავიდა ოქროსმაძიებლად. ჯეკმა იქიდან განძი ვერა, მაგრამ მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება კი ჩამოიტანა. “კლონდაიკში მე ვპოვე ჩემი თავი. იქ ყველა დუმს. ყველა ფიქრობს. იქ თქვენ გიმუშავდებათ სწორი თვალსაზრისი ცხოვრებაზე. იქ გაფორმდა ჩემი მსოფლმხედველობაც,” – ასე იხსენებდა მწერალი ალასკურ ოდისეას და სწორედ ეს გამოცდილება გახდა მისი მოთხრობა „სიცოცხლის სიყვარულის“ შთამაგონებელი. მოგეხსენებათ, სათავგადასავლო ჟანრის ნაწარმოებებში მოგზაურობის თემა ყველაზე დამაინტრიგებელი და მიმზიდველია.

მოთხრობის მთავარ გმირს სახელი არ ქვია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის იმ ეპოქის ოქროსმაძიებლის ანუ საკუთარი თავის მაძიებლის განზოგადებული სახეა და თავად მწერლის ორეულიც არის. ცნობილია, რომ ჯეკ ლონდონი თავისი ტექსტების მთავარ გმირებში ხშირად აცოცხლებს საკუთარ „ალტერ ეგოს“. გავიხსენოთ თუნდაც მის Magnum Opus-ად მიჩნეული რომანი „მარტინ იდენი“, რომელშიც მთავარი გმირი საოცრად ენათესავება ავტორს და მისი ცხოვრების ფინალიც – თვითმკვლელის ბედისწერა – მწერლის ბიოგრაფიულ მომენტებს ემთხვევა. 40 წლის ჯეკ ლონდონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თითქოს „მარტინ იდენით“ საკუთარი აღსასრული იწინასწარმეტყველა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავდა ოჯახი, თავს მაინც მარტოსულად გრძნობდა და დეპრესიული ფსიქიკის პიროვნება იყო. ზოგადად ეს დამახასიათებელია მეოცე საუკუნის დასაწყისის მწერლებისთვის. ამის შესახებ ვწერდი ერთ-ერთ წერილში, სადაც ესპანური მწერლობის კლასიკოსის, ხუან რამონ ხიმენესის ცხოვრებასა და შემოქმედებას ვეხებოდი. მართალია, ერთი წმინდად პოეტი-ლირიკოსია, ხოლო მეორე – პროზის ოსტატი, მაგრამ ეს ორი დიდი მწერალი რთული ფსიქოემოციური განწყობებით ახლოს არის ერთმანეთთან.

ჩემს ერთ მოსწავლეს ყველაზე მეტად ის მოეწონა, რომ მოთხრობაში გასაოცარი სიცხადითა და ოსტატობით არის აღწერილი ის რთული გეოგრაფიული მოცემულობა, რომლის გადალახვაც მთავარ გმირს უწევს. დაუსრულებელი ტრამალები, ხრიოკი, ხან ჭაობი, უნაყოფო სივრცე, მტაცებელი ცხოველების თარეში, არა საკვები, არა სანადირო, არა ხეხილი, არა სიმწვანე, არა სუფთა წყალი, არა თავშესაფარი და ეს ყველაფერი გრძელდება უთვალავი დღის, უსასრულო მილების მანძილზე.

„ზურგზე თასმებით შემოეკრათ დიდი ფუთები, ფუთებს შუბლზე მოჭერილი ღვედებითაც იმაგრებდნენ“… ეს, რასაკვირველია, ოქროთი გატენილი ტომსიკები იყო. ჯეკ ლონდონი ხატავს 2 განსხვავებულ ადამიანს, რომელთაც კრიტიკულ სიტუაციაში მკვეთრად განსხვავებული სახეები აჩვენეს. ისინი ერთად დაადგნენ რთულ გზას, მაგრამ როცა მთავარმა გმირმა ფეხი იტკინა, ბილმა, „მეგობარმა“ ის სიტყვის უთქმელად მიატოვა. ჩვენმა გმირმა კი საოცრებები აკეთა თვითგადარჩენისთვის, მან მიხვედრილობის, სიმამაცის, ნათელი გონების, შეუდრეკლობის საოცარი მაგალითი აჩვენა მკითხველს. მოთხრობა საკმაოდ ვრცელია, 20 გვერდამდე და დაწვრილებით არის აღწერილი დასუსტებული და ბედისგან განწირული კაცის ბრძოლა სიცოცხლისთვის, დაუოკებელი ჟინი, წყურვილი სიცოცხლისა, რომლის ჩაკვლა ადამიანში წარმოუდგენელია. ის სწორად ანაწილებდა დროს, საკუთარ რესურსებს, ძალას, ფსიქოლოგიურ მდგრადობასაც აკონტროლებდა. იკვებებოდა ყველაფრით: ძირხვენებით, ფესვებით, ცოცხალი ჭიჭყინებით, მგლების გამოხრული ძვლებით, რომელთაც როგორღაც ფქვავდა, დაუძლურებული, ინახავდა ასანთის ღერებს, გათვლილი ჰქონდა ყველა ვარიანტი საკუთარი მომავლისა, დაანგარიშებული ჰქონდა ყოველგვარი სირთულე, გამოუვალ სიტუაციაში მოქმედების გეგმა. როცა მიხვდა, რომ ოქროს ტომსიკის თრევა უჭირდა, ძვირფასი ტვირთი გაყო და კლდეზე დატოვა, შემდეგ დარჩენილი ნახევარიც გაყო და ბოლოს მთლიანად მოისროლა ოქრო, რომელიც ახლა, ამ მოცემულობაში სასაცილოდ გამოიყურებოდა, სრულიად არანაირ ღირებულებას არ წამოადგენდა, მხოლოდ ტვირთი და ხელის შემშლელი იყო.

უაღრესად ექსპრესიულია ფინალური სცენები, სადაც უკვე სრულიად გამოფიტულ, მომაკვდავ კაცს ასევე მომაკვდავი, სნეული მგელი აეკიდება. მგელს კაცის დაგლეჯის ძალა არ აქვს, მაგრამ ელოდება, როდის დაეცემა და მოკვდება ის. თუ მგელი უფრო ადრე მოკვდებოდა, რასაკვირველია, კაცი შეჭამდა მას. ეს ორი მომაკვდავი არსება ცხოვრებისეული თვითგადარჩენის მარათონის ალეგორიული სახეა. კაცს არ ჰქონდა საიმისო, ძალა, რომ ეს აქსუტუნებული მგელი დაეხრჩო, მაგრამ ბოლოს ის მაინც მოახერხა, რომ ზედ გადააწვა მას და მოგუდა.

როცა გადარჩენისთვის ბრძოლის უკანასკნელი ქანციც კი გამოელია კაცს და აპათიაში ჩავარდა, როცა უკვე აღარაფრის შეგრძნება აღარ შეეძლო, აღარც ტკიოდა, აღარც შიოდა და მისთვის სულერთ იყო, გადარჩებოდა თუ ვერა, ამ დროსაც კი მის ქვეცნობიერში სიცოცხლის სიყვარული არ კვდებოდა და აიძულებდა, რომ უკვე სიარულის უნარს მოკლებულს მატლივით ეხოხა, რომ ზღვისკენ, გემისკენ, გადარჩენისკენ ეზიდა ცოცხალ ლეშად ქცეული სხეული.

მან ბილის გვამი მგლებისგან დაგლეჯილი იპოვა გზაზე. იქვე ეგდო ოქროთი სავსე ტომსიკაც. კაცს გაეცინა იმის გაფიქრებაზე, რომ ბილმა ბოლომდე არ დათმო ოქრო და ამას შეეწირა კიდეც. ბილს რომ მისი ცხედარი ენახა, უსათუოდ დაიწყებდა მისი ძვლების გამოხრას, მაგრამ მას არ შეეძლო მეგობრის ძვლების ჭამა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო.

აქ იდეური ქვეტექსტი ისაა, რომ მიუხედავად თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში ადამიანის ცხოველური ბუნებისა, ადამიანში მაინც ბოლომდე ცოცხლობს მორალი. ყველაში, რასაკვირველია, არა, მაგრამ ზოგადად ადამიანი მორალური არსებაა და მას ეს განასხვავებს მტაცებელი ცხოველებისგან.

შიმშილი! სიკვდილის შიში! – ეს ორი შემზარავი დემონი ყველაფერს კლავს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა სულსა და გონებაშიც ეს დემონები მაინც ვერ ამოშანთავენ ღირებულებებს.

კაცი ვეშაპმჭერ „ბედფორდის“ სამეცნიერო ექსპედიციის წევრებმა გადაარჩინეს და რამდენიმე კვირაში ის უკვე ფეხზე მყარად იდგა, თუმცა შიმშილის შიშმა მისი ფსიქიკა საგრძნობლად შეცვალა. აი, რას გვამცნობს მოთხრობის ფინალი: „საუზმის შემდეგ კაცი გაძვრებ-გამოძვრებოდა, რომელიმე მეზღვაურს მიადგებოდა და მათხოვარივით გაუწვდიდა ხელს. ისიც ჩაიცინებდა და მეზღვაურული ბისკვიტის ნატეხს გაუწვდიდა. კაცი დასტაცებდა ხელს, ხარბად დააცქერდებოდა, როგორც ძუნწი ოქროს და ხალათის უბისაკენ გააქანებდა. იღიმებოდნენ და ასე იქცეოდნენ სხვა მეზღვაურებიც. მეცნიერები გონივრულად მოიქცნენ და კაცი ნებაზე მიუშვეს. მისი საწოლი ჩუმად შეამოწმეს. საწოლი ორცხობილით იყო სავსე, ორცხობილით იყო გამოტენილი ლეიბი, ორცხობილით იყო გაჩურჩული ყველა კუთხე და ხვრელი. თვითონ საღ გონებაზე იყო. მომავალი შიმშილობისთვის საჭმელს იმარაგებდა მხოლოდ – ეს იყო და ეს. ამისაგან განიკურნებაო, თქვეს მეცნიერებმა, და ასეც მოხდა, სანამ „ბედფორდის“ ღუზა სან-ფრანცისკოს ყურეში ჩაგრუხუნდებოდა“…

სიცოცხლის სიყვარულმა მაინც გაიმარჯვა.

ამასწინათ მეგობარს ვეუბნებოდი, რომ კორონავირუსის ინფექციის იმდენად არ მეშინია, რამდენადაც მოსალოდნელი ეკონომიკური კოლაფსისა, რომელსაც ყოველგვარი ადამიანური ღირებულების სრული ნიველირება შეუძლია. ჩემმა თაობამ გამოიარა XX საუკუნის 90-იანი წლები, შიმშილი, სიღატაკე, კრიმინალი, აპათია, სიკვდილი, საპატიმროები, ომი, უსამართლობა, ქაოსი… მაგრამ მგონია, რომ იმავეს გადატანა ახლა გამიჭირდება. მაშინ ახალგაზრდები ვიყავით და ისე ტრაგიკულად არ განგვიცდია ის რეალობა.

როცა მეთორმეტე კლასში ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“ ვისწავლეთ და ეპოქალურ კრიზისებზე ვსაუბრობდით, უნებურად ბავშვებთან მოვყევი 90-იან წლებში, ჩემი სტუდენტობის პერიოდში, შევარდნაძის რეჟიმის დროს საქართველოში არსებული რეალობა. ბავშვები საოცრად დაინტერესდნენ. ჩვენი მშობლებიც ამ თაობის ადამიანები არიან და ამის შესახებ კი მოგვისმენია, მაგრამ ასე გვგონია, რომ ისინი აჭარბებენ, უტრირებენ და მართლა გვაინტერესებს, სინამდვილე შეულამაზებლად როგორი იყოო. მოვყევი რეალური ამბები ჩემი ცხოვრებიდან, ჩემი თვალით ნანახი, ზოგი ჩემს თავს გადახდენილი და ზოგი – სხვისას… და ვთქვი, რომ იმდროინდელი ფსიქოლოგიური ტრავმებისა და იარების მოშორება ძალიან გამიჭირდა. ერთმა გენიალურმა ადამიანმა, ჩემმა საოცარმა მოსწავლემ ემოციურად თქვა:

  • აუუუუ, როგორ მინდა მსგავსი რამეები მეც გამოვცადო… რა იქნებოდა, იმ ეპოქაში დავბადებულიყავი!
  • – რას ამბობ, სამაგისოდ ან მე როგორ გაგიმეტებ, ან შენ როგორ იმეტებ თავს? – ვკითხე გაოცებულმა…
  • მასწავლებელო, მე ახლა ჩემს ოთახში ყველაფერი მაქვს, რაზეც კი მიოცნებია და საკმარისია, რამე მომინდეს, ჩემი მშობლები ყველაფერს მისრულებენ. რეალურად, ცხოვრება რა არის, მე არ ვიცი. დიდი სიამოვნებით გავივლიდი იმ გზას, რომელიც თქვენ გაიარეთ, გამოვცდიდი იმ ყველაფერს, რომ ცხოვრება შემეცნო, საკუთარი თავი მეპოვა. თქვენ იმიტომაც ხართ ძლიერი ადამიანი, რომ ეს ყველაფერი გამოვლილი გაქვთო…

გამაოცა ამ ბავშვის პოზიციამ, თუმცა დავეთანხმე… მე რომ თბილისიდან სამეგრელოში მიმავალს, დათოვლილ ხაშურთან 3 დღით გაჩერებულ მატარებელში შიმშილი არ გამომეცადა და თოვლის ჭამით არ გადამერჩინა თავი… ან სოფელში დედასთან ჩასულს მისთვის არ მომეყოლა, რომ რამდენიმე დღე სახლში საერთოდ არაფერი მქონდა საჭმელი, თვით ერთ მუჭა ბრინჯიც კი და დედას, ნაცვლად შეცოდებისა, არ ეთქვა:

  • დიდი ამბავი, თუ რამდენიმე დღე მშიერი იყავი, ერთხელ შიმშილი ხომ უნდა გამოგეცადა? შენ ლენინგრადის ბლოკადის ამბები ხომ გაქვს წაკითხული და იმ რეალობაში რომ მოხვედრილიყავი, რას იტყოდიო?..

დახეული ფეხსაცმლით სიარული რომ არ გამომეცადა… როცა ბიჭთან ერთად  ერთად ქუჩაში სეირნობისას იმაზე ფიქრი მიბურღავდა ტვინს, რომ ბიჭს ჩემი კარგა გემრიელად დახეული ფეხსაცმელი არ შეენიშნა და ფეხს შებრუნებულად ვადგამდი… სავარაუდოდ, კი შენიშნავდა, ისე იყო დახეული და ბიჭები ხომ ყოველ დეტალს აკვირდებიან, როცა გოგო აინტერესებთ, მაგრამ არ შეიმჩნია იმანაც… ის რომ არ ყოფილიყო, ეს რომ არ ყოფილიყო… აღარ გავაგრძელებ… მე მე არ ვიქნებოდი, სიცოცხლის სიყვარული ასეთი დაულეველი დოზებით არ მექნებოდა…

და ახლა, როცა სამყაროს პანდემია არნახული მასშტაბებით უტევს, რომლის მსგავსს მე არ მოვსწრებივარ, სიცოცხლის სიყვარული უფრო და უფრო ღრმად და ძალუმად იღვიძებს და მაიძულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო ჩემი და სხვათა სიცოცხლეების გადასარჩენად… ჯეკ ლონდონის მოთხრობამაც ხომ ეს მასწავლა? ტექსტებში ჩვენი მეორე, მესამე და მეასე ცხოვრება აღიწერება… დიახ, ასეთი ჯადოქრობაა მწერლის კალამი!

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი