პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფრთხილად, ბორნ აუტი! – პროფესიული გადაწვის სინდრომი

ამ დაავადებას სახელი გასულ საუკუნეში დაარქვეს. იგი თანამედროვე აჩქარებული ყოფის თანამდევია, ევროპაში ყველაზე ხშირად მენეჯერებსა და მასწავლებლებს ემართებათ, თუმცა მისი ყველა პროფესიის ადამიანს ეშინია.

ეს პროფესიული გადაწვის სინდრომია – როგორც უცხოურ ლიტერატურაში უწოდებენ, Burn Out სინდრომი, მეოცე საუკუნის მიწურულისა და ოცდამეერთე საუკუნის ინტელექტუალურიშრომით დაკავებული ადამიანის ყველაზე საშიში და, სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, თითქმის გარდაუვალი პერსპექტივა.

ბორნ აუტის ანუ პროფესიული გადაწვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია შესრულებული სამუშაოს სრულყოფილებისკენ ლტოლვა. პერფექციონიზმი, ანუ ყოველგვარი სამუშაოს სრულყოფილად შესრულების სურვილი, შრომისუნარიანობას კლავს. არ მოგიწოდებთ, საქმეს ნაკლები პასუხისმგებლობით მოეკიდოთ, მაგრამ გახსოვდეთ – ნამდვილი პროფესიონალი ის არის, ვისაც შეუძლია, თავის საქმიანობას გონივრულად მიუდგეს, გარკვეული დისტანციიდან, გარეშე თვალით შეძლოს მისი შეფასება და საკუთარი თავი თავის საქმიანობასთან არ გააიგივოს. დღეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ყველაზე მეტად მოქნილობა და სიახლეებისადმი ღიაობა, ადაპტირებისა და სიახლეთა პრაქტიკაში დანერგვის უნარი მოეთხოვება. ამრიგად, ის, ვინც საკუთარ „მეს” თავის პროფესიასთან აიგივებს, იმთავითვე უარყოფს მოქნილობას, რომელიც მას პროფესიულ ასპარეზზე მოეთხოვება. ამ შემთხვევაში პროფესიონალის გზავნილი შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: „ჩემი საქმიანობა არის ის, რასაც მე ცხოვრების განსაზღვრულ ეტაპზე ვასრულებ, მაგრამ ჩემი „მე” გაცილებით მეტია, შეუძლია უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული საქმიანობა მოითხოვს მისგან, მათ შორის -ისიც, გარეშე თვალით შეაფასოს, როგორია, რასაც აკეთებს და მოითხოვს თუ არა იგი გაუმჯობესებას”.

სრულყოფილებისკენ, როგორც წესი, ახალბედა და გამოუცდელი კადრები ისწრაფიან. ისინი თავს არ ზოგავენ, რომ ხელმძღვანელის ქება დაიმსახურონ და, საბოლოოდ, თავი დაიმკვიდრონ ამ სფეროსა თუ კონკრეტულ ორგანიზაციაში. რა გასაკვირია, რომ მათი მონდომება ყოველთვის ვერ იღებს დამსახურებულ შეფასებას. ამასთანავე, ახალგაზრდებსა და გამოუცდელებს, უამრავ სირთულესთან შეჯახება უწევთ, რაც მათი მოტივაციისთვის სერიოზული გამოცდაა. ხშირად ისეც ხდება, რომ ახალგაზრდა სპეციალისტის მიერ დიდი ძალისხმევით მიღწეული შედეგი ორგანიზაციისთვის სულაც არ არის უჩვეულო და განსაკუთრებული. გამოუცდელი ახალგაზრდა გულნატკენი და იმედგაცრუებული რჩება და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს უკეთესი შედეგის მისაღწევად. ასე გრძელდება უსასრულოდ, და ერთ დღესაც გონება „გადაიწვება”. ახალგაზრდა სპეციალისტი აღმოაჩენს, რომ მას სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, გონებასა და სხეულს მეტი აღარ შეუძლიათ, პროტესტს გამოთქვამენ ამგვარი არაადამიანური დატვირთვის მიმართ და ”იფიცებიან”.

ამრიგად, პროფესიული გადაწვის რისკი, პირველ რიგში, ახალბედა პროფესიონალებს ემუქრებათ, თუმცა არც გამოცდილი კადრები არიან დაზღვეულნი, თუ თავიანთი გამოცდილება არასწორად გამოიყენეს.

პროფესიული გამოცდილება ერთ-ერთი მძლავრი და მნიშვნელოვანი იარაღია შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ის შეიძლება პროფესიული გადაწვის წინა პირობად და, ამასთანავე, პროფესიული წარმატების დამაბრკოლებელ ფაქტორადაც იქცეს. ასეა, როდესაც ადამიანს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ერთადერთ და შეუცვლელ ჭეშმარიტებად მიაჩნია და ჰგონია, უკვე ყველაფერი ნახა გამოსცადა და თავის პროფესიაში ახალს ვეღარაფერს ისწავლის. ასე ფიქრი პროფესიული თვითმკვლელობის ტოლფასია, რადგან ცოდნა ნებისმიერ და მათ შორის მასწავლებლის პროფესიაშიც სწრაფად იცვლება. ჩნდება ახალი გამოწვევები, ტექნოლოგიები, რომელთა ფლობა მასწავლებელს მოეთხოვება, რათა აქტუალური ცოდნა ჰქონდეს თავის პროფესიაში, საჭირო ცოდნა გადასცეს მომავალ თაობას და მისი უნარების განვითარებას შეუწყოს ხელი. თუ მასწავლებელი სიახლეებს ძნელად იღებს და უკვე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ებღაუჭება, იგი პროფესიული გადაწვის რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

პროფესიული გადაწვისგან არც ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ადამიანები არიან დაზღვეულნი. როდესაც ხელმძღვანელს აქვს მოთხოვნილება, თავად აკონტროლოს მისდამი დაქვემდებარებული ყველა ადამიანის საქმიანობა, იგი იოლად მოექცევა პროფესიული გადაწვის რისკის ქვეშ. ხელმძღვანელს, რა თქმა უნდა, მთელი ორგანიზაციის მართვა ევალება, მაგრამ კარგი ლიდერი აანალიზებს პერსონალის პროფესიულ შესაძლებლობებს და პასუხისმგებლობას ისე ანაწილებს, რომ ყოველი მოვალეობა ხარისხიანად და წინასწარ განსაზღვრულ დროში შესრულდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელმძღვანელს უნდა შეეძლოს შესაბამისი კადრების არჩევა და დასაქმება. ეს მას საშუალებას მიცემს, საკუთარ თავზე არ აიღოს პასუხისმგებლობა ყველა პირველ- თუ მეორეხარისხოვანი გადაწყვეტილების გამო, დაზოგოს ძალები და საკუთარი რესურსები რაციონალურად გამოიყენოს. რაც მთავარია, ამით იგი შეამცირებს პროფესიული გადაწვის რისკს.


ბორნ აუტის პირველი და მომდევნო სიმპტომები

გადაღლილობა და გამოფიტვა – აი, რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც პროფესიული გადაწვის სინდრომი ემუქრება ან უკვე აქვს. ამ სინდრომს კარგა ხანს არ მიიჩნევდნენ დაავადებად. მეოცე საუკუნის ბოლოდან და ოცდამეერთეს დასაწყისიდან კი ბორნ აუტს განმარტავენ როგორც მდგომარეობას ჯანმრთელობასა და მძიმე დეპრესიას შორის. ბორნ აუტი ადამიანს ერთბაშად არ ემართება; ეს არის პროცესი, რომელიც შესაძლოა წლობით მიმდინარეობდეს და ერთგვარი პაუზებით განახლდებოდეს ადამიანის ფსიქიკაში. ბორნ აუტის საბოლოო ჩამოყალიბებამდე ადამიანმა შესაძლოა რამდენიმე საფეხური გაიაროს. მაგალითად, პირველ ეტაპზე მას აწუხებს თავის, წელის, ხერხემლისა და სხეულის სხვა ნაწილების სისტემატური ტკივილი, დარღვეული აქვს ძილის რიტმი და ჰგონია, რომ ვერაფრით შეცვლის თავის გარშემო არსებულ ვითარებას. მომდევნო საფეხურზე თავს იჩენს გაღიზიანება, აგრესია, რთულდება კონცენტრაცია და ყურადღების მობილიზება, ადამიანი სოციალური ურთიერთობებისთვის ვეღარ იცლის, აღარც საამისო ხალისიი აქვს და ფიქრობს, რომ მთელ დროს სამსახური ართმევს. ყოველივე ამასთან ერთად, ეუფლება დანაშაულის შეგრძნებაც, რომ სათანადოდ ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

პროფესიული გადაწვის უკანასკნელ, გადამწყვეტ ფაზაში ადამიანი კარგავს მოტივაციას და ინტერესს სამსახურის მიმართ, ეუფლება პანიკური შიში, რომ ვერ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ტანჯავს შინაგანი მოუსვენრობა, აპათია და ხასიათის ძლიერი ცვალებადობა, ფიქრობს, რომ თავს ვერ გაართმევს სამუშაოს და დეპრესიული განწყობა მის ყოველდღიურობად იქცევა.

თითოეული ამ ფაზის დადგომისას ადამიანს შეუძლია, მიიღოს ზომებიდა უშველოს საკუთარ თავს, შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება რეალობისადმი ან რეალობა თავის გარშემო.

როდესაც სიტუაცია გამოუვალი გეჩვენება

შესაძლებლობა

აქტივობა

წინააღმდეგობა

შეიყვარე

შეიყვარეთ თქვენი საქმე. ფურცელზე ჩამოწერეთ, რა სარგებლობა მოაქვს თქვენთვის სამსახურს: ხელფასი, საზოგადოებრივი პატივისცემა, სამუშაო გარემო, სამუშაო საათები. გაიხსენეთ უმუშევარი ადამიანები თქვენ გვერდით.

თქვენი მცდელობა, სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ, შეჩერებულია.

შეცვალე

ნათლად გაქვთ წარმოდგენილი, რის მიღწევა გსურთ სამსახურში? თუ ეს მხოლოდ ფარული სურვილია სიტუაციის შესაცვლელად? დაგეგმეთ, რა გსურთ, რომელი პოზიციაა თქვენთვის საინტერესო და მისაღები. დარწმუნებული ხართ, რომ ეს პოზიცია თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის? ნათლად განსაზღვრეთ თქვენი სამომავლო გეგმები, წარმოიდგინეთ, როგორი გინდათ იყოს თქვენი მდგომარეობა ორგანიზაციაში მომავალი სამი წლის განმავლობაში და იმოქმედეთ ამის მისაღწევად.

 

ეს ბევრ შრომასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

მიატოვე

ვერ ხედავთ შანსს თქვენს სამუშაო ადგილზე და არ გინდათ, სიტუაციას შეურიგდეთ. თქვენი მოლოდინი არ ემთხვევა სამსახურში არსებულ ვითარებას. ამ შემთხვევაში ორი გზა გაქვთ: ან სამუშაო უნდა მიატოვოთ, ან პერსპექტივაზე ფიქრი.

მოლოდინებზე მას შემდეგ თქვით უარი, რაც ვითარების უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ფრთხილად იყავით, ახალ პოზიციაზე იგივე სიტუაცია არ დაგხვდეთ. არ არის გამორიცხული, ვაის გაეყაროთ და უის შეეყაროთ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი