ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პატარა ქალაქი, სკოლა და ტკბილეული

ახლა, როცა უკვე გავიზარდე, როცა ბევრი მოვლენა შევაფასე თუ გადავაფასე, როცა მასწავლებელიც გავხდი და თავად ვაკვირდები სხვების ზრდას, ხშირად ვფიქრობ პატარა ქალაქზე, სადაც გავატარე ბავშვობა, ადამიანებზე, რომლებმაც ჩამიქროლეს და ჩემს ფიქრებზე კვალი დატოვეს და სკოლაზე – ურთიერთობებისა და კავშირების ამ პირველწყაროზე ნებისმიერი ბავშვისთვის.

პირველი, რაც სკოლასთან მაკავშირებს, ის „კოდური“ სიტყვები თუ მოქნილი ფრაზებია, რომლებსაც მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ ვიყენებდით და შესაბამისად, მათი მნიშვნელობაც მხოლოდ ჩვენ გვესმოდა. მაგალითად, ასე:

– ბავშვებო, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! (ნუ მაიძულებთ, მკაცრად მოგექცეთ, მთელი დასვენების განმავლობაში ისხედით ჩუმად და გაუნძრევლად!)

– აბა, დავალება! (თქვენი დრო მოვიდა, ძვირფასო უკანა მერხებზე მსხდომებო!)

– მარჯვნისაააააკენ! (ეს მარჯვენაა, ეს – მარცხენა, ეს – მარჯვენა, ეს – მარცხენა!)

ან სულაც:

– რას დაყუდებულხართ ცარიელი გაზის ბალონებივით? – ეს ფრაზა კი რთული გასაშიფრია, რადგან ჩემს ბავშვობაში ის გულისხმობდა დიდ სატვირთო მანქანას, რომელსაც ძვირადღირებული გაზის ბალონები დაჰქონდა, გაზის სადენის ჩართვა-გამორთვას ყოველ დილა-საღამოს, რათა ღამით გაზს არ გაეჟონა და ქურის სწრაფად ანთება-ჩაქრობას, რომ საჭმლის მოსამზადებლად, რაც შეიძლება ნაკლები გაზი დახარჯულიყო. და ვაი, თუ შუა თვეში აღმოაჩენდი, რომ ტაფაზე დაკრული მჭადი რატომღაც არ ცხვება. ეს ნიშნავდა ელექრტოენერგიის, ეგრეთ წოდებული „შუქის“ უსასრულო ლოდინს და ნავთის ქურების ყოვლისმომცველი სურნელის ატანას. ამიტომაც ზემოთხსენებული ფრაზა იშიფრებოდა ასე:

– რა უფუნქციოები ხართ, პირდაპირ მზარავს ამის ცქერა!

სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი, წესრიგი და სიმკაცრე ბატონობდა! ნამდვილი სიმკაცრე! მაგალითად, აკრძალული იყო თებერვლის სიცივეში საგაკვეთილო დროს ეზოში პერანგმოღეღილი და სახეალაპლაპებული ბავშვებისთვის ბურთის თამაში და თავგანწირული ყვირილი, რაც ეზოს მხარეს მდებარე ყველა საკლასო ოთახში მიმდინარე გაკვეთილს ჩაშლით ემუქრებოდა. გარდა ამისა, აკრძალული იყო გაკვეთილის გაცდენა მოსწავლის მიერ გამოგონილი მუცლის ტკივილის ან ნაწლავების გადახლართვის მიზეზით, დავალების არქონა ყოველ მეორე კვირას ოჯახის უფროსი თაობის წევრების სიკვდილიანობის მიზეზით, ან სათადარიგო მიზეზებით:

– მას, სახლი ჩამოიქცა და კინაღამ შიგ მომიყოლა. სამწუხაროდ, ჩემი სკოლის ჩანთა ვერ გადავარჩინეთ!

– მას, გუშინდელი თავსხმა წვიმა ხომ გახსოვთ? ჰოდა, ზღვამ წაგვლეკა და დავალების რვეული წაიღო!

– მას, სწორედ ის ფურცელი, რომელზეც დავალება მეწერა, ძაღლმა შეჭამა და, მგონი, მერე გადმოაფურთხა.

აკრძალული იყო დაგვიანებაც სრულიად გასაგები მიზეზებით: ლიფტი შახტაში ჩავარდა, გზად ქუჩაში ხანძარი გაჩნდა, სახლთან ყაჩაღები დამხვდნენ და ყველაფერი წამართვეს, მათ შორის, დავალებით სავსე რვეულიც. თუ არ გჯერათ, „იაპონჩიკას“ (დაბალი ბიჭი წვრილი თვალებით) ან „თავგასას“ (მაღალი ბიჭი ზომაზე ოდნავ დიდი თავით) ჰკითხეთ, მას!

არ მესმის, რატომ, მაგრამ აკრძალული იყო ფანჯრიდან გადახტომაც. ამიტომ ერთხელ, როდესაც ჩემი ძმა და მისი მეგობრები ფანჯრიდან მაინც გადახტნენ, რათა ქუჩაში ძაღლების ჩხუბისთვის უფრო ახლოდან ეცქირათ, დასჯის მიზნით, „დამნაშავეებს“ მთელი დღე საკლასო ოთახები ალაგებინეს. მაგრამ ჩემი ძმა სახლში მაინც კმაყოფილი და ბედნიერი დაბრუნდა. იმის გამო არა, რომ შრომით დაღლილი ბავშვები დირექტორს თავის კაბინეტში შეუყვანია, ყავითა და შოკოლადებით გამასპინძლებია და მათ უსაფრთხოებაზე უსაუბრია, არამედ უფრო იმიტომ, რომ აღმოუჩენია, თურმე, დირექტორები ჩუმ-ჩუმად ყავას სვამენ და ტკბილეულს შეექცევიანო.

ალბათ, სკოლაში არაფერს ექნებოდა ფასი, რომ არ ყოფილიყო ხუთწუთიანი ნეტარი შესვენებები და გაწელილი კარტოფილის ღვეზელები, რომლის მოსაპოვებლადაც ზარის დარეკვისთანავე კარებს ვაწყდებოდით, დერეფანში თავქუდმოგლეჯილები მივრბოდით, კიბის მოპრიალებულ მოაჯირზე წივილ-კივილით ვსრიალებდით და გულამოვარდნილები ვდგებოდით ისეთივე გრძელ რიგში, როგორიც იყო თავად ღვეზელები. ეს თავგანწირული რბოლა, მასწავლებლებს რომ უტაქტობად, უხეშობად ან მოუთმენლობად ეჩვენებოდათ, ჩვენთვის შვება იყო, თავშესაფარი ორ გულისგამაწვრილებელ გაკვეთილს შორის, ამიტომაც, შენიშვნების მიუხედავად, გვიჭირდა მასზე უარის თქმა. მერე ვიდექით სკოლის ეზოში, ფეხებამდე დაგვთრევდა ჩვენი ღვეზელები, თითებზე ჩამოგვდიოდა ზეთი, მაგრამ სუფთა ჰაერსა და ლუკმებს ერდროულად ვყლაპავდით და ბედნიერები ვიყავით. მახსოვს, ნამდვილად ვიყავით ბედნიერები!

თუმცა ეს ყველაფერი არ იყო – მთავარი მოქმედება ეზოს ბოლოს, დაკეტილ ჭიშკართან იწყებოდა, სადაც ჭიშკრის ღრიჭოებიდან არალეგალურად ვყიდულობდით ძვირფას ტკბილეულს. დასვენების ზარის დარეკვისთანავე აქ მოდიოდნენ „გამყიდველი ბებოები“ მუყაოს დიდი ყუთებით და ოჰ, რას არ გვთავაზობდნენ – შოკოლადიან და ჯემიან ფუნთუშებს, ტკბილ ჩხირებს, ზეფირებს, ზოლიან ორცხობილებს… გაფაციცებით ვაჭრობდნენ, ტკბილეულს გვიქებდნენ, ხურდას გვიბრუნებდნენ და ზოგჯერ სურნელოვან ფუნთუშას უფულოდაც აძლევდნენ რომელიმე დიდლოყება ბიჭს, მეორე დღეს ვალის დაბრუნების იმედით. მათი სახეები არასოდეს დამავიწყდება – ტკბილეულის ქვეყნის მოციქულების!

ახლა, როცა უკვე დიდი ვარ, ბევრი მოვლენა შეფასებული თუ გადაფასებული მაქვს, მასწავლებელიც ვარ და სხვების ზრდასაც ვაკვირდები, ქუჩაში შემთხვევით მხვდება „ტკბილეულის ბებო“. მაშინვე ვცნობ და, მგონი, მცნობს კიდეც. ან, უბრალოდ იცის, რომ ყველა უფროსი ოდესღაც ბავშვი იყო, რომელიც მის ზეფირებს ჭამდა. ვუახლოვდები და ვაკვირდები – იგივე ქალაქია, იმგვარივე ყუთი უჭირავს, ისეთივე ტკბილეულით სავსე. სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ ცოტათი ხელები უცახცახებს და აღარც ფუნთუშები გამოიყურება ძველებურად მადისაღმძვრელად. მე ვჩერდები, ვუღიმი, ჩანთაში ხელებს ვაფათურებ და ვყიდულობ რამდენიმე შოკოლადს, ჩხირებს, ორცხობილას, თან ენას არ ვაჩერებ, ვაქებ და ვაქებ ჩემს შენაძენს. ძველებურად ფაციფუცობს, იღიმება, ყველაფერს სათუთად მილაგებს ცელოფანში, მაგრამ, მგონი, ყველაფერს ხვდება. ხვდება, რომ გავიზარდე და ხრაშუნა და ტკბილი ზეფირები ადვილად ვეღარ გამაბედნიერებს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი