პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

თამბაქო და მოზარდი

აუცილებელია იმის ცოდნა – როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ორგანიზმი, რა შემთხვევაშია ორგანიზმის სისტემა ჯანმრთელი. უნდა ვისწავლოთ სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის შეგროვება და ანალიზის უნარის გამომუშავება. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის განსხვავებული დამოკიდებულება მხოლოდ მაშინ ყალიბდება, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებს თანამოაზრეებად მიიჩნევს.

ჩვენ თუ მოსწავლეებს ლექციის სახით გავესაუბრებით, უნდა მოვიწვიოთ ექიმები, ფსიქოლოგები. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ თვალსაჩინოება. სადემონსტრაციო მასალა წინასწარ უნდა მოვამზადოთ და ჩვენების შემდეგ გავმართოთ დისკუსია და კამათი. მასწავლებელი ამ დროს მაკოორდინებელ ფუნქციას უნდა ასრულებდეს. თვალსაჩინოების მასალად შეიძლება გამოვიყენოთ პლაკატები, ფილმები, ზოგიერთი მათგანი შეიძლება მოსწავლეებსაც დავამზადებინოთ.

თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული მავნე შედეგების შესახებ მშობლების სრულყოფილი ინფორმირება აუცილებელი მომენტია, რომელიც კრავს ოჯახს მოზარდსა და სკოლას.

რატომ იწყებენ მოზარდები სიგარეტის მოწევას? იმიტომ, რომ ეწევიან მათი მეგობრები, მშობლები, უფროსი და-ძმები. ჩვენ მათ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელზეც ისინი არასდროს დაფიქრებულან.

მშობელი ვალდებულია, დააინტერესოს ბავშვი მისი გარეგნობით. უნდა აუხსნას, იფიქროს, როგორი დამოკიდებულება ექნება მის მიმართ მეგობრებს, თუ მისი პირიდან და თმებიდან, ტანსაცმლიდან თამბაქოს კვამლის უსიამოვნო სუნს იგრძნობენ. ადამიანი, რომელიც არჩევანს სიგარეტის სასარგებლოდ გააკეთებს, კონტროლს კარგავს ცხოვრებაზე.

ბიოლოგიის მასწავლებელი კი ვალდებულია პრაქტიკულად თუ თეორიულად დაანახოს ბავშვს თამბაქოს წევის პლიუსები თუ მინუსები. ამისათვის ვიხილავ თემას: ,,თამბაქოს მოწევის გავლენა ორგანიზმზე” თამბაქოს მოხმარების მოკლე და გრძელვადიანი შედეგები.

გაკვეთილის მიზანი:

1.მოსწავლეთა დარწმუნება რომ სიგარეტის წევა მხოლოდ უარყოფით შედეგებს იწვევს.
2.სიგარეტის წევისადმი დადებითი არჩევნის უარყოფითად შეფასება.
შედეგი:

ბიოლ.VIII9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს ადამიანისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.

ბიოლ.VIII.9.5. მოიპოვებს ინფორმაციას და აანალიზებს თამბაქოს წევის და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მავნე გავლენას ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირებაზე.

ბიოლ.VIII.9.6. გეგმავს და მონაწილეობს სასკოლო პროექტებში (მაგ., ,,თამბაქოს მოხმარება თანატოლებში, რისკები და მისი აცილების გზები”) ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად.

გაკვეთილის შინაარსი

გაკვეთილის მსვლელობაში გამოვიყენებ თამაშს ,,პლიუსები და მინუსები”. ბავშვებს ვესაუბრები იმ უარყოფით შედეგებზე, რომელიც ვლინდება სიგარეტის მოწევისთანავე.

1)ხშირდება გულისცემა, იზრდება არტერიული წნევა. ხდება ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ნახშირგაზის სისხლში შეღწევა, ფილტვებში კანცეროგენების მოხვედრა, ჰაერის მოწამვლა, თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. აგრეთვე იწვევს სხვა უარყოფით შედეგებსაც: მშრალი ხველა, არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან, კბილებზე ყვითელი ნადების წარმოქმნა, მეხსიერებისა და მხედველობის დაქვეითება, ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება. თამბაქოს გრძელვადიანი მოხმარების უარყოფითი შედეგებია: ავთვისებიანი სიმსივნე, ფილტვების, ბრონქების, პირის ღრუს, ენის, საყლაპავი მილის დაავადებები. აგრეთვე სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, ინსულტი, არტერიული ჰიპერტენზია, პნევმონია, გრიპი, ტუბერკულიოზი, ჰეპატიტი, კოლიტი და სხვა. იმისთვის რომ მოვაწყო თამაში „პლიუსები და მინუსები” კლასს ვყოფ 4 ჯგუფად. ჯგუფი ირჩევს ლიდერს. იგი წარმართავს მსვლელობას და ქაღალდზე იწერს პასუხებს.

I ჯგუფის ამოცანა
სიგარეტის წევის მოკლევადიანი უარყოფითი შედეგების ჩამოთვლა.
II ჯგუფის ამოცანა
სიგარეტის წევის გრძელვადიანი უარყოფითი შედეგების ჩამოთვლა.
III ჯგუფის ამოცანა
სიგარეტის წევის გრძელვადიანი დადებითი შედეგების ჩამოთვლა.
IV ჯგუფის ამოცანა

სიგარეტის წევის მოკლევადიანი დადებითი შედეგების ჩამოთვლა.

პასუხისთვის გამოყოფილია 3 წუთი. პასუხი ცხადდება ლიდერის მიერ. თითოეულმა ჯგუფმა პასუხი უნდა გასცეს ოთხივე საკითხს. სწორ პასუხზე – 3 ქულა, არასრულყოფილ პასუხზე – 1 ქულა, არასწორ პასუხზე – 0 ქულა.

შემდეგ ვუსვამ კითხვებს:

დაასახელეთ თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობა
პასუხი: – თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობაა ნიკოტინი 1-4%, ნახშირწყლები 2-20%, ორგანული მჟავები 5-17%, ცილები 1-13%, ეთერები 0,1-1,7%.
კითხვა: რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე ნიკოტინი?
პასუხი: ნიკოტინი ჩასუნთქულ კვამლთან ერთად ჩადის ფილტვებში, სწრაფად გადადის ფილტვებში და თავის ტვინს 8 წამში აღწევს.
კითხვა: რამდენი ღერი სიგარეტი უნდა მოწიოს ადამიანმა, რომ მის ფილტვებში 1ლ. ფისი დაილექოს?
პასუხი: თუ ადამიანი დღეში 20 ღერ სიგარეტს ეწევა, 1 წელში მის ფილტვებში 1ლ. ფისი დაილექება.
კითხვა: რა გავლენას ახდენს 1 ღერი მწეველზე?

პასუხი: მწეველის სიცოცხლე 7 წუთით მცირდება.

კლასს ვუხსნი, რომ ვინც სიგარეტის მოწევას გადაწყვეტს, სულ სხვა ადამიანად ყალიბდება. ამისთვის ვაჩვენებ წინასწარ მომზადებულ ნახატს, რომელზეც ნაჩვენებია ჩაყვითლებული კბილები, ან კოჭლობით მიმავალი ადამიანი და სხვა.

ვუხსნი, რომ უნდა ჩავატაროთ სიგარეტის წევასთან დაკავშირებული ანკეტირება. ბავშვებმა პასუხი უნდა მიიღონ. მათ კითხვები უნდა დაუსვან ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს, შემდეგ მიღებული პასუხები გავარჩიოთ და გავმართოთ დისკუსია. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობამ სიგარეტის წევა თანატოლების ძალდატანებით, სხვას რომ არ დაეცინა, იმის გამო დაიწყო. ახლა ძალიან წუხს, რომ სიგარეტს ეწევა.

შემდეგ კლასს ვუსვამ შეკითხვას: როგორი ბავშვი ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ?

პასუხი: რომელსაც არა აქვს მტკიცე ხასიათი, რომელსაც აკლია თვითდაჯერება. იმისთვის რომ, თვალნათლივ დავანახო რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე სიგარეტის მოწევა, ვატარებ ცდას. ცდის ჩატარებისთვის საჭიროა:

1.პლასტმასის გამჭირვალე ბოთლი;
2.პლასტილინი;
3.რეზინის მილი 5-7სმ;
4.ბამბა;
5.სიგარეტი (უფილტრო);

6.ასანთი.

სამუშაოს მიმდინარეობა

ბოთლის საცობზე უნდა ამოიჭრას რეზინის მილის დიამეტრის ხვრელი, რეზინის მილი მოთავსდება ხვრელში. გარშემო შემოვავლოთ პლასტილინი. მანამდე ბოთლის ფსკერზე მოვათავსოთ ბამბის მცირე ბურთულები ისე, რომ ფსკერი დაიფაროს. ხელის მოჭერით გამოვდევნოთ ბოთლიდან ჰაერი, მოვუკიდოთ სიგარეტს ცეცხლი და მოვათავსოთ იგი რეზინის მილში მოკიდებული ხელით გარეთ, რასაც ბოთლში ჰაერთან ერთად თამბაქოს კვამლის მოხვედრაც მოჰყვება (ბოთლზე ხელის გაშვება უნდა მოხდეს ნელა და თანაბრად) შევხედავთ ბოთლს და გავაკეთებთ დასკვნას

1.როგორ გამოიყურება ბამბის ბურთულები?

2.რას ფიქრობთ როგორ გამოიყურება მწეველის ზემო სასუნთქი გზები და ფილტვები თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას? რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამან?

შემდეგ ამოვიღოთ ბამბა ბოთლიდან და წავუსვათ იგი ცოცხალი მცენარის ფოთოლს. დავაკვირდეთ რა მოუვა მცენარეს. შემდეგ ბავშვებს მივცემ დავალებას, მოიფიქრონ და დაახასიათონ სიგარეტისგან გამოწვეული თითო დაავადება.

შემდეგ კი ბავშვებს ავუხსნი, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში სულ უფრო ძლიერდება თამბაქოს წევის საწინააღმდეგო გამოსვლები. დასავლეთის ქვეყნებში თამბაქოს წევა გუშინდელი დღის მოდად ითვლება, ხოლო ცხოვრების ჯანსაღი წესი დღევანდელ და ხვალინდელ მოდად. ამერიკაში სიგარეტის წევა ცოდვად ითვლება და ასეთ ადამიანს გაუნათლებელს უწოდებენ. მან არ იცის, რომ ის მარტო საკუთარ ჯანმრთელობას კი არ სპობს, არამედ საკუთარი ოჯახის წევრების და გარს მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასაც აზიანებს.

დღეს საქართველოს როგორც არასდროს ისე უჭირს. ამიტომ ყოველმა ახალგაზრდამ ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა იცხოვროს. მხოლოდ უძლური ვერ გაუმკლავდება იმ ცდუნებას, რასაც სიგარეტის წევა ჰქვია.
გამოყენებული ლიტერატურა

1.ნ.ზაალიშვილი , ნ.იოსებაშვილი ბიოლოგიაVIII-X კლასი

2.თერაპიული ცნობარი -ავტორი ვ.ალადაშვილი, გ.ბახტაძე, ო,ბათიაშვილი…….

3.ჟურნალი მკურნალი N-20 -2013წ

ლიანა ოქრომჭედლიშვილი
საგარეჯოს რაიონის კაკაბეთის საჯარო
სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი