შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

დაგეგმილი და განხორციელებული სასკოლო განათლების პოლიტიკა აშშ-ში

2020 წელი ჩემთვის სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყო. 20 დღის მანძილზე საშუალება მომეცა, აშშ-ში სასწავლო ტურის ფარგლებში გავმგზავრებულიყავი. საერთაშორისო ვიზიტორების პროგრამას განათლების ლიდერობაში (IVLP)  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს და ქვეყნების წარმომადგენლებს უნიკალურ საშუალებას აძლევს, ადგილზე გაეცნონ განათლების პოლიტიკასა და პრაქტიკას. მიიღონ ახალი გამოცდილება, თუ როგორ განკარგავს ქვეყანა არსებულ ბიუჯეტს მასწავლებლების მოსაზიდად, შესანარჩუნებლად. როგორ ახერხებს ეფექტიანი და ხარისხიანი განათლების დანერგვას ეთნიკურად, ეკონომიკურად მრავალფეროვან საზოგადოებაში; როგორ უწყობს ხელს მასწავლებლების თუ დირექტორების პროფესიულ განვითარებას; როგორ მუშაობს საუნივერსიტეტო პროგრამები, რომლებიც საგანმანათლებლო კვალიფიკაციებს ანიჭებენ.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი ქვეყნის განათლების პოლიტიკა ჩვენთვისაც ინტერესს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნულ სტატიაში შევეცდები წარმოვაჩინო ხანგრძლივი ისტორიის მქონე აშშ-ს სასკოლო განათლების გარდამტეხი რეფორმები, რომლებსაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ჰქონდათ ადგილი.

სკოლები შტატის ბიუჯეტიდან და ადგილობრივი შემოსავლებიდან ფინანსდებიან, რაც დიდ განსხვავებას იძლევა სკოლების დონეზე. თუკი მდიდარ უბანში მდებარეობს სკოლა, მას სასწავლო პროგრამებზე, სკოლის ინფრასტრუქტურაზე თუ მასწავლებლების დახელოვნებაზე ბევრად უფრო მეტი ფინანსების გამოყოფა შეუძლია. შესაბამისად, მაღალი შემოსავლები პირდაპირ აისახება სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შესაძლებლობებზე. ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად Title 1-ის ფარგლებში გამოყოფილია ფედერალური ფონდებიდან თანხები. ეს არის მაღალი დაფინენსების მქონე პროგრამა განათლებაში, რომელიც სკოლებს საშუალებას აძლევს მიაღწიონ დასახულ მიზნებს.

ხილული ცვლილებები განათლებაზე გამოყოფილი თანხის ზრდით 1964 წელს მშპ-ს 4.4%-დან 1968 წლისთვის 8.8%-მდე გამოყოფით დაიწყო. ასეთმა მატებამ შესაძლებელი გახადა უკეთ დაეფინანსებინათ უკვე არსებული სისტემა და დაემატებინათ ახალი პრიორიტეტები. მაგალითისთვის, ასეთი პრიორიტეტი გახდა დაბალშემოსავლიანი ოჯახების პრობლემების შემსუბუქება, მათი შვილებისთვის უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემით, რითაც თანასწორობისკენ და განათლების ხელმისაწვდომობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის დროს, 1965 წელს ამოქმედდა პროგრამა Head Startდასაწყისი, რომელიც საშუალებას აძლევდა ღარიბი ოჯახებიდან ბავშვებს  მიეღოთ ადრეული განათლება, სრულფასოვანი კვება, რაც მათი ფიზიკური და ემოციური განვითარებისთვის იყო საჭირო. ეს კი სკოლაში უკეთესი აკადემიური მოსწრების წინაპირობა უნდა გამხდარიყო. პროგრამა იმითაც არის გამორჩეული, რომ განათლებაში ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი აღმოჩნდა და დღესაც ფუნქციონირებს. მაგალითისათვის, ბევრ შტატში 8 კვირიანი სასკოლო მზაობის საზაფხულო პროგრამები ეხმარება ღარიბი ოჯახებიდან ბავშვებს, ბევრად უფრო წარმატებულად დაიწყონ სწავლა დაწყებით საფეხურზე.

1975 წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების უფლებების ადვოკატირება სპეციალური აქტით დაიწყო, რომელმაც საშუალება მისცა მათ სკოლებში ინტეგრაციისთვის. ამ აქტის ძალაში შესვლის შემდეგ სპეციალიზებულ სკოლებში მხოლოდ მძიმე დარღვევების მქონე მოსწავლეები ხვდებოდნენ. მსუბუქი დარღვევების მქონე მოსწავლეებს აღარ აშორებდნენ თანატოლებს და მათთან ერთად სწავლის უფლებას აძლევდნენ.

1983 წელს რეიგანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მან ქვეყანის განათლების მდგომარეობის შეფასება მოითხოვა. მომზადდა და გამოქვეყნდა ანგარიში A Nation at Riskერი საფრთხის წინაშე, ანგარიში მწვავე აღმოჩნდა. წლების მანძილზე ამერიკელი მოსწავლეები მაღალ აკადემიურ შედეგებს ვერ აჩვენებდნენ. 17 წლის მოზარდებში 13%-ს სცდებოდა ფუნქციური წიგნიერების არქონის მაჩვენებელი. ეროვნულ დონეზე ჩატარებულმა ტესტირებამ დაბალი შედეგები  გამოავლინა. SAT-ის ქულებში მათემატიკასა და მეცნიერებებში მაჩვენებლები წლების მანძილზე იკლებდა. სამხედროები წუხდნენ, რომ ჯარისკაცები წაკითხულიდან მარტივ ინსტრუქციებსაც ვერ იგებდნენ.

პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებდნენ მიგრანტები, რომლებიც ამერიკაში ახალი ცხოვრების დასაწყებად მიემგზავრებოდნენ. მათი შვილები კი არცთუ იოლად ასიმილირდებოდნენ საზოგადოებაში. გარდა ენის ცოდნის დეფიციტისა, რაც მათთვის აკადემიურ მიღწევებში ბარიერს წარმოადგენდა, პრობლემას ქმნიდა ისიც, რომ მიგრანტთა შვილები მშობლიური ქვეყნებიდან ისე მოდიოდნენ, რომ იქ ხშირად სათანადო განათლებას ვერ იღებდნენ, ან საერთოდ არ დადიოდნენ სკოლებში.

ანგარიში ერთგვარი განგაში იყო, რომ თუკი განათლებაში არაფერი შეიცვლებოდა, ნაკლებად კვალიფიციური, ნაკლებად კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულები შრომის ბაზარზე მოხვედრის შემდეგ, წარმატებულები ვერ იქნებოდნენ და ეკონომიკურ კრიზისსაც კი გამოიწვევდნენ. საბჭოთა კავშირთან დაპირისპირება დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან მათთან შედარებით განათლებაში, ეკონომიკაში თუ ტექნოლოგიური პროგრესის მიმართულებით აშშ-ს უპირატესობა აშკარა იყო. თუმცა გლობალიზაციის ფონზე იმატა კონკურენციამ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპა მომძლავრდა, ამავდროულად,  ბიპოლარულ სამყაროს მესამე ცენტრად აზიის ქვეყნები დაემატა. ამ გლობალური ტენდენციების ფონზე საჭირო გახდა განათლების სისტემის ძირეული რეფორმა.

მეტი კრიტერიუმი გახდა საჭირო მოსწავლეების მაჩვენებლების შესაფასებლად და ასევე შტატების ერთმანეთთან შესადარებლად. ეს კი საშუალებას მისცემდა განათლების სისტემას ფედერალური ფული მიზანმიმართულად, საჭიროებების მიხედვით დახარჯულიყო.

განათლების სისტემის რეფორმირებისას ცვლილებები შეეხო სასწავლო წლის ხანგრძლივობას და დღის მანძილზე სკოლებში გატარებულ საათებს. გაზრდილი დრო კი, რეფორმების მესვეურების აზრით, პირდაპირპროპორციულად უნდა ასახულიყო განათლების ხარისხზე.

დიდი ყურადღება დაეთმო ახალ კომპეტენციებზე დაფუძნებულ სტანდარტებს და სტანდარტიზებულ შეფასებებს. მიუხედავად გაზრდილი დაფინანსებისა ათწლეულების მანძილზე  არ ჩანდა მნიშვნელოვანი პროგრესი.

ამ რეფორმის ძირითადი მიღწევა სკოლებში, საგნების სწავლისას, მოსწავლეებისთვის არჩევანის უფლება იყო მათი ინტერესების გათვალისწინებით.

2002 წელს ბუშის ადმინისტრაციამ კონგრესის მხარდაჭერით ახალი K-12 რეფორმა დაიწყო სახელწოდებით No Child Left Behind – არცერთი ჩამორჩენილი ბავშვი. აღნიშნულმა აქტმა სკოლების ანგარიშვალდებულება გაზარდა. ფასდებოდა, თუ რა ისწავლეს და რას მიაღწიეს მოსწავლეებმა. ფედერალური თანხები კონკრეტულ მიმართულებებში – კითხვასა და მათემატიკურ წიგნიერებაში იხარჯებოდა. წინასწარი გათვლებით, მიზნის ასეთი კონცენტრირება სკოლებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრას და ფინანსების სამართლიან განკარგვას განაპირობებდა.

სტანდარტზე დაფუძნებული ტესტები ყოველწლიურად ტარდებოდა, მათი შედეგები ფასდებოდა შტატების მიხედვით, ასევე მოსწავლეების ეთნიკური, რასობრივი ნიშნით, ოჯახების შემოსავლების მიხედვით. ასევე მასწავლებლების კვალიფიკაციის ჭრილშიც ხდებოდა მოსწავლეთა შედეგების გაანალიზება. დაწესდა მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები მათ განათლებაზე, საჭირო გახდა ბაკალავრის დიპლომის გარდა მათი სერტიფიცირება.

ამავე აქტით მასწავლებლები და სკოლები ანგარიშვალდებულები გახდნენ მშობლების თუ საზოგადოების წინაშე.  სკოლები კითხვისა და მათემატიკის წიგნიერების ტესტებში სკოლის შედეგებს ასაჯაროებდნენ. თუმცა ეს მონაცემები სკოლას მხოლოდ ცალმხრივად ახასიათებდა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებსაც იგივე ტესტების ჩაბარება უწევდათ, რომლებსაც სხვა დანარჩენი მოსწავლეები აბარებდნენ. სწავლება  ნაკლებად იყო ინდივიდუალიზებული.

კონკურენციაზე დაფუძნებულმა შეჯიბრებითობამ, მაღალი რისკის გამოცდებმა სკოლებს მანიპულირებისკენ უბიძგა. შემცირდა საგნები, რომელთაც სკოლის შეფასებისას არავითარი წონა არ ჰქონდათ, მათში ხომ ტესტირება არ ტარდებოდა. ფაქტობრივად, სკოლები მოსწავლეებს  დამოუკიდებელ მსწავლელებად არ ზრდიდნენ, რა დროსაც მათ ინტელექტთან ერთად სოციალურ უნარებს უვითარებდნენ, არამედ კონკურენტუნარიანი შრომის ბაზრისთვის ასწავლიდნენ, ეკონომიკურ აქტივობებში ჩასართავად.

დრომ მაინც მოიტანა აუცილებლობა სასწავლო პროცესში ტექნოლოგიები ჩართულიყო. შესაბამისად, 2002 წლიდან Microsoft-მა, Apple-მა, Cisco-მა და AOL-მა ციფრული წიგნიერების ადვოკატირება დაიწყეს ისეთ საგნებში, როგორებიცაა მათემატიკა, ინგლისური, გეოგრაფია და  მეცნიერებები. ამ საგნებში ბირთვ პროგრამებთან ერთად ახალი 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარების განვითარებაც ხდებოდა.  თუმცა  კითხვა და მათემატიკური წიგნიერება წამყვანი იყო.

მოსწავლეებს კითხვასა და მათემატიკურ წიგნიერებაში ტესტები მესამედან მე-8 კლასის ჩათვლით ყოველწლიურად უტარდებოდათ, საშუალო საფეხურზე კი ერთხელ.  მეცნიერებებში ტესტი ყველა საფეხურზე თითო-თითოჯერ ტარდება. სკოლები ვალდებულები იყვნენ შტატის დონეზე შედგენილი ტესტები გამოეყენებინათ. ალტერნატიული ტესტების შედგენის თუ გამოყენების მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა სტანდარტის შეცვლის შეზღუდვა არ ყოფილა.

ტესტირებებში 2 წლის მანძილზე დაბალი შედეგის შემთხვევაში სკოლას ეძლეოდა საშუალება სასკოლო კურიკულუმისთვის გადაეხედა, გაეზარდა სასწავლო დღის ხანგრძლივობა, მოეხდინა სასკოლო ცხოვრების რეორგანიზაცია. ეს ხდებოდა სკოლის წლიურ პროგრეს-გეგმაზე გადასვლით. აღნიშნული გულისხმობდა, რომ სკოლა საჭიროებდა განვითარებას. მშობელს შეეძლო შვილის გადაყვანა უფრო წარმატებულ სკოლაში. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, თუკი სკოლაში შედეგები არ გაუმჯობესდებოდა,   5 წარუმატებელი წლის შემდეგ მთელი სკოლის რესტრუქტურიზაცია ხდებოდა. ამ შემთხვევაში, სკოლას კერძო ორგანიზაცია იღებდა მართვაში, ან რესურსცენტრის დონეზე მიიღებოდა გადაწყვეტილება მენეჯმენტის ცვლილებაზე. ამის შემდეგ სკოლა ხელახლა იხსნებოდა, ან შესაძლოა გადაკეთებულიყო „ჩარტერ-სკოლად“. ასეთი სადამსჯელო ღონისძიებების გატარების მიუხედავად სკოლებმა პროგრესი ვერ განიცადეს.

ობამას პრეზიდენტობის პერიოდში გადაიხედა არსებული საგანმანათლებლო პოლიტიკა. მომზადდა და 2015 წელს ძალაში შევიდა ახალი რეფორმა Every student succeed – ყველა სტუდენტი წარმატებას აღწევს, რომელიც მოსწავლეებს მეტად შეუწყობდა ხელს წარმატების მიღწევაში მიუხედავად მათი რასის, შემოსავლის, საცხოვრებელი ადგილის, ენის თუ შესაძლებლობებისა.

რეფორმაში, ტესტირების კრიტიკის მიუხედავად, ანგარიშვალდებულების ნაწილში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტად, კვლავ ტესტები შეინარჩუნეს. არ შეცვლილა ტესტების სიხშირეც: ტესტები კითხვასა და მათემატიკაში მესამედან მე-8 კლასის ჩათვლით კვლავ ყოველწლიური დარჩა, საშუალო საფეხურზე – ერთხელ. მეცნიერებებში ტესტი ყველა საფეხურზე თითო-თითოჯერ ტარდება. წინა პერიოდისგან განსხვავებით, სკოლა არაა შეზღუდული გამოიყენოს მხოლოდ შტატის მიერ მოწოდებული ტესტი. მათ ეროვნულ დონეზე აღიარებული ტესტების გამოყენების შესაძლებლობაც ეძლევათ. ამავდროულად, მოსწავლეების 1%-თვის ალტერნატიული ტესტების გამოყენებაც ნებადართულია.  შვიდ შტატს დამატებითი დაფინანსება გამოეყო ინოვაციური, კომპეტენციების შესამოწმებელი და პესონალიზებული ტესტების შესაქმნელად.

რაც შეეხება სტანდარტს, მისი ბირთვი შტატის დონეზე განისაზღვრება. ანგარიშვალდებულების ნაწილში კი, კითხვისა და მათემატიკური წიგნიერების გარდა, ყურადღება ექცევა სკოლის დამთავრების მაჩვენებელს, სასკოლო მზაობას, საკურსოებს, სასკოლო კლიმატს და უსაფრთხოებას, გაცდენებს, თუმცა მეტი წონა აკადემიურ ფაქტორს ენიჭება.

მოსწავლეების მიღწევებისთვის აკადემიური ჩამორჩენილობის დაძლევა მათთვის ინდივიდუალიზებული პროგრამებით ხდება. სკოლებს აღარ აქვთ შიში, რომ დაისჯებიან. მათდამი სადამსჯელო ზომების განხორციელების ნაცვლად, რაც შეიძლება სკოლის დახურვის მიზეზიც კი გამხდარიყო, გაიზარდა ასეთი მოწყვლადი სკოლებისთვის ფონდებზე წვდომა. მათ აღნიშნული ფონდებით სპეციალური პროგამების ამუშავება შეუძლიათ, ან  პრობლემების დასაძლევად რომელიმე აღიარებულ პროგრამაში ჩართვა.

შტატი და სკოლების გაერთიანება ვალდებულია მიაქციოს ყურადღება მოსწავლეთა მიერ სკოლის მიტოვების ხარისხს, მოსწავლეების აკადემიურ ჩამორჩენილობას, პროგრამის ხანგრძლივად დაუძლევლობას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებისადმი არასათანადო მიდგომებს. თუ პრობლემები ადგილზე ვერ დაიძლევა, ამ შემთხვევაში სკოლების მხარდაჭერა გარედან ხდება. შედგენილია სპეციალური პროგრამები კითხვის უნარის, წიგნიერების განსავითარებლად და ამ პროგრამებში მონაწილეობისთვის ფონდებიც ხელმისაწვდომია. განსხვავებული მოსწავლეებისთვის მიდგომები ინდივიდუალიზებულია.

ტესტების შედეგები, ასევე სკოლის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია  საჯაროა. აღნიშნული მონაცემები დამუშავებული უნდა იყოს ეროვნული უმცირესობების, სსსმ და მიგრანტი მოსწავლეების ჭრილში. სწორედ ამ ჯგუფებს მიიჩნევენ საყურადღებოდ, მათთან დამოკიდებლებების შესახებ კი საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს.

რეფორმისთვის მთავარი ფოკუსი გახდა ერთიანი მიდგომა ბავშვზე, მის მრავალმხრივ განვითარებაზე. შესაცვლელი იყო კვლევებიდან მიღებული შედეგები: მხოლოდ მოსწავლეთა 29% მიიჩნევდა, რომ სკოლები მზრუნველ, წამაქეზებელ გარემოს უქმნიდნენ; 50%-ზე ნაკლები აღნიშნავდა, რომ მათ სოციალური კომპეტენციები და პრობლემების გადაჭრის უნარი ჰქონდათ გამომუშავებული; 30% კი აღნიშნავდა, რომ მათზე ხორციელდებოდა სხვადასხვა ფორმის ძალადობა.

აღნიშნული პრობლემები სკოლის  მიტოვების მაღალ ხარისხს განაპირობებდა. განსაკუთრებით საგანგაშო ეს მონაცემები ფერადკანიან მოსწავლეებში იყო.

ბავშვის განვითარების ექვსი ძირითადი მიმართულება მოექცა სკოლების ყურადღების ქვეშ: კოგნიტური, ფსიქოლოგიური, ლინგვისტური, სოციალური, ფიზიკური, და ეთიკური.

კოგნიტური განვითარების გზაზე მოსწავლეებს უვითარებენ უნარებს, იფიქრონ საკუთარი თავისთვის რა არის სარგებლიანი, დაგეგმონ სტრატეგიულად და ეფექტურად გადაჭრან პრობლემები. ცხოვრების მანძილზე მოსწავლეებმა უნდა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება და როცა ეს საკმარისი არ არის, გაიაზრონ, როდის და ვისგან უნდა მოითხოვონ და მიიღონ დახმარება.

ფსიქოლოგიური განვითარების გზაზე ხდება მოსწავლეთა ხელშეწყობა სოციალურად მისაღები ქცევების ჩამოსაყალიბებლად, ემოციების სამართავად. იდენტობის ფორმირების პროცესში საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა, თავდაჯერებულობა  და საკუთარი თავის მიღება ბავშვების და მოზარდების კეთილდღეობას ზრდის. მათ ასწავლიან პასუხისმგებლობის აღებას, რისკის გაწევას, რასაც კეთილგანწყობილი და უსაფრთხო საკლასო გარემოს ფორმირებით აღწევენ.

ლინგვისტური განვითარების გზაზე ენის ცოდნა არის აუცილებელი. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე   კომუნიკაცია სხვადასხვა ჯგუფებთან მნიშვნელოვანია, რისთვისაც წერა, კითხვა, საუბარი გადამწყვეტ როლს თამაშობს. სწორედ ენობრივი კომპეტენცია არის მოსწავლეების წარმატების და პროდუქტიულობის განმსაზღვრელი. საჭიროა იმის გაცნობიერებაც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა, ეთნიკურად მრავალფეროვანი ოჯახებიდან მოდიან, რაც მასწავლებლის მუშაობას ართულებს, რომ მოსწავლეები დაახელოვნოს ენობრივ კომპეტენციებში.

სოციალური განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ხდება მოსწავლეების უნარი დაამყარონ ჯანსაღი ურთიერთობები, შეძლონ ურთიერთობა განსხვავებული წარმოშობის მქონე ინდივიდებთან თუ ჯგუფებთან. განუვითაროს თანაგანცდის უნარი და ასწავლოს მათ თანამშრომლობა საერთო მიზნის მისაღწევად.

ეთიკური განვითარების გზაზე მნიშვნელოვანია მოსწვლეებს ასწავლონ პატივი სცენ და სამართლიანად მოექცნენ გარშემომყოფებს. ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახადონ ქცევის წესების დაცვა. ამაში კი როლურ მოდელებად მათ ზრდასრულები უნდა ჰყავდნენ.

ფიზიკური განვითარების ხელშესაწყობად სკოლები მოსწავლეებს უფასო კვებას სთავაზობენ, თუმცა ესეც არ მიიჩნევა საკმარისად, მოსწავლეებს უვითარებენ პოზიტიურ დამოკიდებულებას ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი, ასევე ზრუნავენ თვითშეფასების ამაღლებაზე. განსაკუთრებით ზრუნავენ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილების მიმღებად ჩამოაყალიბონ, რაც მომავალში მათ სწორ არჩევანს გააკეთებინებს სექსუალურ ქცევაში, ნარკოტიკებთან, ალკოჰოლთან და ნიკოტინთან დამოკიდებულებაში.

მსგავსი ჰოლისტური მიდგომის დანერგვისას გასათვალისწინებელია კურიკულუმი, ინსტრუქციები და საკლასო მენეჯმენტი. მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, თუ  განვითარების რომელ სფეროს უწყობენ ხელს და როგორ, რამდენად ფარავენ ყველა მიმართულებას. ამით ისინი საკუთარი სწავლების ეფექტიანობას საზღვრავენ. სკოლები, სადაც მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ეფექტურადაა დანერგილი, ხელს უწყობენ მოსწავლეთა კეთილდღეობას, მათი სასურველი სოციალური ქცევების განვითარებას.

 

რა თქმა უნდა, განზრახვების დონეზე ბევრ ქვეყანას აქვს კარგად გააზრებული სისტემა. ერთია, რას გაცნობენ და კითხულობ აშშ-ს რეფორმებზე, მეორე კი საკუთარი თვალით დანახული და მოსმენილია. ჩვენი 5 კაციანი ჯგუფისთვის აშშ-ს განათლების სისტემის გაცნობა დაიწყო ვაშინგტონიდან, სადაც ფედერალურ დონეზე განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პრაქტიკას გავეცანით. ვაშინგტონშიც, ბალტიმორში, ტულსაში, პორტლანდში, სიეტლსა და ბოსტონში ჩვენს მრავალრიცხოვან კითხვებზე პასუხი იწყებოდა „გააჩნია“-თი, რაც თავდაპირველად გვაოცებდა, თუმცა შემდგომ მივეჩვიეთ და გავაცნობიერეთ, თუ რამდენი თავისუფლება დევს ამ სიტყვაში. ეს ხომ განათლების პოლიტიკის არაერთგვაროვნებაზე და მრავალფეროვნებაზე მიუთითებს, რაც ადგილზეც კარგად ჩანს. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და პასუხისმგებლობებიც ამ გადაწყვეტილებების მიმღებებზეა გადანაწილებული.

სკოლებს მნიშვნელოვანწილად სოციალური ფუნქცია აქვთ თავის თავზე აღებული, რითიც ცდილობენ საზოგადოებაში უთანასწორობის შერბილებას. კარგად ჩანს, თუ როგორ ითვალისწინებენ სკოლები სამეზობლოს, თემის ინტერესებს, შესაძლებლობებს და საჭიროებებს. მაგალითად, სკოლა, რომლის მოსწავლეების დიდი ნაწილი შეჭირვებული და მიგრანტების ოჯახებიდანაა, გარდა ადგილზე კვებისა,  დასვენების დღეებზეც  იღებს პასუხისმგებლობას. ასეთ დროს მოსწავლეებს ან თან ატანენ საჭმელს, ან ხანგრძლივი არდადეგების დროს, სკოლას არ ხურავენ და მოსწავლეებს სთავაზობენ როგორც სასწავლო პროგრამებს, ისე საკვებს. ერთ სკოლაში სამრეცხაოც კი გვაჩვენეს, რომელსაც სახლში სათანადო პირობების არმქონე მოსწავლეები იყენებენ.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მიგრამტების ოჯახებს, რადგან მათი შვილები ძირითადად ინგლისურს ან არ ფლობენ, ან იმდენად ცუდად იციან, რომ ვერ ახერხებენ აყვნენ სასწავლო ტემპს. ენის შესწავლის სპეციალური კურსების გარდა, მეტ-ნაკლებად ერთნაირი ენის ფობის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საგნები ისწავლება გამარტივებული ტერმინოლოგიით. როდესაც ისინი ჩვეულებრივ კლასებში განაწილდებიან, ისინი საკომუნიკაციო ენობრივი კომპეტენციის გარდა, დარგობრივ ენასაც სათანადოდ ფლობდნენ. რა თქმა უნდა, ამ მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებიც ხელმისაწვდომია.

ქვეყნის ისტორიიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, გამორჩეულად აღსანიშნია მოსწავლეებისთვის ადრეული ასაკიდან ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების სწავლა. ისინი თავდაჯერებულები არიან და ადრევე ეჩვევიან დამოუკიდებელ ცხოვრებას. აშშ-ს საზოგადოება ხომ სწორედ ძლიერი პიროვნული განვითარებით გამოირჩევა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://www.acf.hhs.gov/ohs
  2. https://www2.ed.gov/pubs/NatAtRisk/risk.html
  3. https://www2.ed.gov/nclb/landing.jhtml
  4. https://www.understood.org/en/school-learning/your-childs-rights/basics-about-childs-rights/the-difference-between-the-every-student-succeeds-act-and-no-child-left-behind
  5. Richard Van Heertum, Carlos Alberto Torres, Educational Reform in the U.S. in the Past 30 Years: Great Expectations and the Fading American Dream
  6. Linda Darling-Hammond, Channa M. Cook-Harvey, Lisa Flook, Madelin Gardner, Hanna Melnick, With the Whole Child in Mind

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი