შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კლასის მართვის სტრატეგიები დამწყებთათვის

 როგორ ჩავატაროთ კარგი გაკვეთილი?

დამეთანხმებით, რომ დასაწყისი ყოველთვის განსაზღვრავს იმას, თუ როგორ წარიმართება გაკვეთილი.  მნიშვნელოვანია კლასის მართვის ზოგადი სტრატეგიების ცოდნა, რომელიც განაპირობებს მოწესრიგებული სასკოლო გარემოს შექმნას. ასეთ გარემოში:

  • მასწავლებელი ქმნის და განამტკიცებს მოსწავლეთა სოციალურად მისაღებ ქცევას,
  • ეხმარება სწავლის სწავლაში და უმაღლებს სწავლისადმი  მოტივაციას,
  • ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და შესაბამისად – აკადემიური მოსწრების დონეს.
  • ამცირებს ნეგატიურ ქცევებს და ხელს უწყობს მოსწავლის სოციალურ განვითარებას.

და მაინც, რა არის კლასის მართვა?

პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, გთავაზობთ  საყოველთაოდ აღიარებულ, კლასის მართვის უნივერსალურ სტრატეგიებს, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოსწავლეთა სანიმუშო ქცევის, ჩართულობის, აკადემიური მოსწრების ამაღლების,  მოწესრიგებული გარემოს შექმნის პროცესში.

მოდელის იდეალური ქცევა

ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ მოდელირება სწავლების ეფექტური სტრატეგიაა, რომელიც ასწავლის მოსწავლეებს, როგორ მოიქცნენ სხვადასხვა სიტუაციაში. თამაში: ,,ვითომ, ვითომ’’. შეგვიძლია ,,ვითამაშოთ’’ საუბარი კოლეგასთან, დირექტორთან, ან მოსწავლესთან. აუცილებელია:

  • გამოვიყენოთ თავაზიანი მიმართვის ფორმები.
  • ყურადღება გავამახვილოთ თვალით კონტაქტის შენარჩუნებაზე.

ამის შემდეგ, შეგვიძლია დავიწყოთ კლასის დისკუსია. მოსწავლეები საუბრობენ ჩვენ  მიერ გამოვლენილი იდეალური ქცევის შესახებ.

არ მივმართოთ მოსწავლეებს გვარებით

არასდროს დამავიწყდება…

ერთხელ, კლასის ახალმა მოსწავლემ მკითხა:

-ლელა მასწავლებელო, თქვენ მხოლოდ სახელებით მიმართავთ მოსწავლეებს? გაკვირვება ვერ დავფარე და დავუდასტურე. მაშინ მოსწავლემ მითხრა:

-იცით, რა ბედნიერი ვარ, სახელს რომ მეძახით? გული მითბება და მინდა, ბევრჯერ გიპასუხოთ, რომ ჩემი სახელი ხშირად თქვათ.

ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ ბავშვებს ძალიან პატარა, სათუთი გული აქვთ და შესაძლოა, ისინი ხმამაღლა ვერც ბედავენ თქმას, როგორ არ მოსწონთ, როცა გვარით მივმართავთ.

 

მოსწავლეებთან ერთად წესების შემუშავება

უმჯობესია, წლის დასაწყისში, მოსწავლეებთან ერთად შევიმუშაოთ ქცევის წესები. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მოსწავლეები ბევრად უფრო მკაცრი წესების დაწესებას ითხოვენ. სასურველია, იდეების გენერირებისა და განხილვის შემდეგ, ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბებული, მოსწავლეთა ხელმოწერებით დამშვენებული საბოლოო ვერსია  საკლასო ოთახში, თვალსაჩინო ადგილზე განვათავსოთ.

კვირის გეგმის განხილვა

კვირის დასაწყისში მოსწავლეებს ვაცნობთ გეგმას, რომელშიც მკაფიოდ არის გაწერილი კვირის განმავლობაში შესასწავლი საკითხები და განსახორციელებელი აქტივობები. სასურველია, რომ ამ პროცესში მოსწავლეებიც აქტიურად ჩავრთოთ  და მათი სურვილების გათვალისწინებით საინტერესო და სახალისო კვირის გეგმა შევქმნათ. ვკითხოთ მათ, რომელი საკითხის, ან აქტივობის დამატება სურთ. შესაძლებელია, ამ დოკუმენტის თვალსაჩინოების დაფაზე განთავსება.

კვირის ბოლოს ვაკეთებთ ხუთწუთიან რეზიუმე-შეჯამებას, რა განხორციელდა კარგად, რომელი მეტ-ნაკლებად კარგად და თუ ვერ განხორციელდა, რა იყო ამის მიზეზი.

არასდროს დავსაჯოთ

არ არსებობს მასწავლებელი, რომელიც ერთხელ მაინც ისე არ გაუბრაზებიათ მოსწავლეებს, რომ დასჯაზე არ ეფიქროს, მაგრამ ასევე არ არსებობს შედეგი, რომლითაც ამგვარ ქცევას გამართლება ექნება. რადგან დასჯას ყოველთვის მოჰყვება მოსწავლის არასასურველი ქცევის განმტკიცება, რომ აღარაფერი ვთქვათ მორალურ მხარეზე. ამიტომ, უმჯობესია, დასჯის ნაცვლად, მოსწავლეებთან ერთად განვიხილოთ ცალკეული პრობლემები და მათივე თანამონაწილეობით გადავწყვიტოთ, როგორ მოგვარდეს კონკრეტული პრობლემა.

ინტერვიუ მოსწავლეებთან

იმისათვის, რომ უფრო კარგად გავეცნოთ ჩვენი მოსწავლეების ინტერესთა სფეროს, სასწავლო წლის დასაწყისში, (შესაძლებელია წლის განმავლობაშიც) სასურველია, შევთავაზოთ ინტერვიუ-კითხვარი:

  • როგორი ტიპის გაკვეთილები მოსწონთ
  • რა უშლით ხელს დასწავლაში
  • რა ტიპის სავარჯიშოები არის მათთვის უფრო იოლად დასაძლევი და რა-რთული.
  • რა ურჩევნიათ, ინდივიდუალური, წყვილური, თუ ჯგუფური სამუშაო.

და ა.შ. კლასის მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით შეგვიძლია  კითხვების დამატება.

 

პოზიტიური წერილები და სატელეფონო ზარები  მშობლებთან

წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელსაც არ გაუხარდება სასიამოვნო შეტყობინების მიღება? -ალბათ-არა! ამიტომ, ნუ დაველოდებით, როდის დაგვირეკავს მოსწავლის მშობელი შვილის წარმატების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. გავუგზავნოთ პოზიტიური წერილი ან დავურეკოთ, მადლობა გადავუხადოთ თანამშრომლობისთვის, წავახალისოთ მოსწავლის მონდომება.

ცნობილი ფრაზა: ,,-ხვალ მშობელს მოიყვან!’’- სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

რა მოჰყვება მშობლის ვიზიტს სკოლაში, როდესაც უკიდურესად გამწვავებულია ურთიერთობა მოსწავლესთან? ძალიან ხშირად, გამწარებული მშობელი ჯავრს იყრის ,,დამნაშავე’’ შვილზე და ამით კიდევ უფრო მეტი აგრესიის საბაბს აძლევს, ხოლო უარეს შემთხვევაში, შესაძლებელია, მასწავლებელი აღმოჩნდეს ,,დამნაშავის’’ როლში.

დამეთანხმებით, რომ პრობლემური ქცევის მქონე მოსწავლეებსაც აქვთ გარკვეული მიმართულებით წარმატება. მთავარია, ჩვენ აღმოვაჩინოთ და განვითარების საშუალება მივცეთ. სწორედ ამ მიზეზით თუ მოვიხმობთ მშობელს პოზიტიური წერილის, ან სატელეფონო ზარის დახმარებით, ვესაუბრებით მოსწავლის კონკრეტული წარმატების შესახებ, ამავდროულად, გულწრფელად გავუზიარებთ პრობლემას და ერთად დავსახავთ მისი დაძლევის გზებს, შედეგი აუცილებლად სასიკეთო იქნება, როგორც მოსწავლის, ასევე – მშობლისთვის.

 

პორტფოლიო

მრავალი წლის წინ, საკლასო ოთახში, ჩემი მძიმე პორტფოლიოს თანხლებით მომიწია შესვლა, რადგან ვერ მოვასწარი მისი კარადაში შენახვა. თუმცა, მაშინვე გავაანალიზე, შემთხვევით არაფერი ხდება და მომენტალურად მივიღე გადაწყვეტილება, თუ ბავშვები სურვილს გამოთქვამდნენ, აუცილებლად დავათვალიერებინებდი ჩემს საქაღალდეს. მახსოვს, ძალიან ლამაზი, იისფერი გარეკანი ჰქონდა. მაშინვე მიიქცია მოსწავლეთა ყურადღება…

როცა პორტფოლიოს თითქმის ყველა ფურცელი ნახეს, აღფრთოვანება ვერ დაფარეს, რასაც ხანგრძლივი ტაში და ოვაციები მოჰყვა. მაშინ დაიბადა იდეა, ჩემს მოსწავლეებსაც ჰქონოდათ საკუთარი პორტფოლიო. უნდა გენახათ, როგორი სიფრთხილით ათავსებდნენ წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს ე.წ. ფაილებში, უზიარებდნენ ერთმანეთს და ერთ-ერთმა მათგანმა, ძალიან ბედნიერმა, მახარა, როგორ მოეწონათ ოჯახში მისულ სტუმრებს მისი პორტფოლიო.

მასწავლებელმა ყველაფერი იცის

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, როცა პირველად მიწოდეს მასწავლებელი. დღესაც, როდესაც ჩემი მოსწავლეები მეხმიანებიან და მადლიერებას გამოხატავენ იმისათვის, რა აღზრდა-განათლებაც  ჩემი დახმარებით მიიღეს, ყოველთვის ვპასუხობ, რომ პირიქით, მე ვარ მადლობელი, რადგან მათ მასწავლეს მასწავლებლობა. დღესაც ასეა.  ყოველდღიურად ვსწავლობ ჩემი მოსწავლეებისგან, რა სჭირდებათ მათ და როგორი მასწავლებელი უნდა ვიყო მე. მიმაჩნია, დროა, დავამსხვრიოთ სტერეოტიპი ,,მასწავლებელმა ყველაფერი იცის’’ და თანამშრომლობით და სიყვარულით დავამკვიდროთ ურთიერთსწავლების მეთოდები.

 

 

დამისაბუთე და დაგიჯერებ

ძალიან ხშირად, როცა მასწავლებელი კითხვას სვამს, განსაკუთრებით- დაწყებით კლასებში,  ყველა მოსწავლე ცდილობს პასუხი უცებ, ხმამაღლა წამოიყვიროს. ცხადია, ჩემი მოსწავლეებიც არ იყვნენ გამონაკლისნი. ამიტომ დავამკვიდრეთ სტრატეგია:

-არგუმენტირებულად დამისაბუთე შენი პასუხი და დავიჯერებ, რომ ეს პასუხი სწორია.  აღარაფერს ვიტყვი იმის შესახებ, რომ ამ სტრატეგიის გამოყენება კრიტიკული აზროვნების განვითარების საფუძველთა საფუძველია. დროთა განმავლობაში მივიღე შედეგი, როცა სრულიად მოულოდნელად, სკოლის  დერეფანში შევესწარი დიალოგს, როგორ დაბეჯითებით ითხოვდა ჩემი ერთი მოსწავლე მეორისგან არგუმენტით დაესაბუთებინა, რომ მართალი იყო…

 

თანამშრომლობა და არა შეჯიბრი პირველობაში

დაწყებით კლასებში მოსწავლეები განსაკუთრებულად ცდილობენ, მოიპოვონ პირველობა, თუნდაც – დაუმსახურებლად. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი, რომელიც ერთნაირად წაახალისებს ყველა მოსწავლის მცდელობას,  გააკეთოს შესაძლებლობის მაქსიმუმი, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ გამოკვეთს რომელიმე კონკრეტული მოსწავლის მიღწევებს, ამავდროულად, სთავაზობს აქტივობებს თანამშრომლობითი უნარების განსავითარებლად.

 

 

ყველაფერი, სიყვარულის გარეშე, არაფერია

 

მახსენდება ჰუმანისტური პედაგოგიკის ფუძემდებლის, ბ-ნ შალვა ამონაშვილის მიმართვა მშობლებისადმი- ,,სკოლაში მიხვალთ და იკითხავთ: – ჩემს შვილს რა ნიშნები აქვს?  ცუდი და კარგი ნიშნები არ  ქმნიან პიროვნებას…’’

სამწუხაროდ, მასწავლებლებიც ეუბნებიან მოსწავლეებს, თუ კარგად არ ისწავლის, მაღალი ქულით არ შეფასდება და ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს. ამგვარი სტრატეგიით შეიძლება მოსწავლეებს საერთოდ გავუქროთ სწავლის მოტივაცია.

უპირველეს ყოვლისა, ხელი უნდა შევუწყოთ მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებას და შემდეგ – მათი აკადემიური მოსწრების დონის ამაღლებას.

მთავარია,  ყველაფერი ვაკეთოთ სიყვარულით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი